განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 368-აპ 25 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი (მომხსენებელი),ნ. გაბრიჩიძე
განიხილა ადვოკატ გ. წ-ს საკასაციო საჩივარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 სექტემბრის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 ივლისის განაჩენი ტ. ლ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 ივლისის განაჩენით ტ. ლ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, სამი წლის გამოსაცდელი ვადის დანიშვნით.
პროკურორის საჩივრის საფუძველზე, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 13 სექტემბერს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენი შეცვალა იმ მიმართებით, რომ ტ. ლ-ს სასჯელის ზომად განუსაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯლაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით ტ. ლ-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების _ 12,12 გრამი “მარიხუანას” უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის, რომელიც მას აღმოაჩნდა 2004წ. 2 ივნისს ავტომანქანის ჩხრეკის დროს.
საკასაციო საჩივრით ადვოკატი გ. წ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას. ადვოკატი თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მსჯავრდებულს ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა არ უდასტურდება. მას მიაჩნია, რომ ჩხრეკის ოქმი და მოწმე ა. დ-ს ჩვენება სასამართლოს უნდა ეცნო დაუშვებელ მტკიცებულებად. აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ საჩივარი განიხილა პროცესუალური ნორმების დარღვევით, პალატამ უგულებელყო სსსკ-ის მე-15 მუხლის მოთხოვნა _ სასამართლო პროცესის მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე ჩატარების შესახებ მისი აზრით, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოწმეთა დაკითხვაზე, მოწმე გ. ხ. კი დაკითხა იმ დროს, როცა პროცესს არ ესწრებოდა მსჯავრდებულის ადვოკატი.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ტ. ლ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ტ-მა მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, წინააღმდეგ შემთხვევაში _ განაჩენის გაუქმება და საქმის ხელმეორედ განხილვისათვის სააპელაციო პალატაში დაბრუნება.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ბ. მ-მ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან განაჩენი ტ. ლ-ს მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 სექტემბრის განაჩენი ტ. ლ-ძის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულმა ტ. ლ-მ პალატის სხდომაზე აღნიშნა და საკასაციო საჩივარშიც მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ საპროცესო კანონმდებლობის დაცვით არ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მის უდანაშაულობას, არ დაკითხა მოწმეები და ექსპერტები, არ იმსჯელა კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ, მოწმე გ. ხ. დაკითხა მისი ადვოკატის დასწრების გარეშე და ა. შ.. პალატამ საკასაციო საჩივრის მოტივები შეაჯერა რა საქმის მასალებთან, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულის საჩივრის მოტივები საფუძველს მოკლებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მსაჯავრდებული ტ. ლ. თავს არ ცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვდა სასამართლო გამოძიების სრული მოცულობით ჩატარებას, მოწმეებისა და ექსპერტების დაკითხვას, სააპელაციო პალატამ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საფუძველს მოკლებული არ არის მსჯავრდებულის განცხადება მოწმე გ. ხ-ს ადვოკატის დასწრების გარეშე დაკითხვის შესახებაც. როგორც სასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა, გ. ხ-სათვის, რომელიც ბრალდების მოწმეა, ადვოკატს შეკითხვა არ დაუსვამს. საყურადღებოა ისიც, რომ სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით, იგი დაკითხულია 2004წ. 25 აგვისტოს, საქმეს ერთვის მისი გაფრთხილების ხელწერილი, რომლის თარიღი _ 25 აგვისტო გადასწორებულია. თვით მსჯავრდებულის მიერ პალატის სხდომაზე წარმოდგენილი ამ ხელწერილის ქსეროასლი კი 1 სექტემბრით არის დათარიღებული.
პალატა თვლის, რომ საქმის ხელმეორედ განხილვისას სააპელაციო პალატამ სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი ტ. ლ-ს როგორც მამხილებელი, ისე _ გამამართლებელი, აგრეთვე, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები, რის შემდეგ მოპოვებულ მტკიცებულებებს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება და საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 სექტემბრის განაჩენი ტ. ლ-ს მიმართ გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.