დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#ბს-1071(კ-19) 30 ნოემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს „...ში“-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 7 მარტს სს „...ში“-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის #000531 დადგენილების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 17 თებერვლის #218 ბრძანების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 9 სექტემბრის #000531 მითითებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 21 სექტემბრის #000531 შემოწმების აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მის მიმართ მიღებული დადგენილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 9 სექტემბრის #000531 მითითება, 2015 წლის 21 სექტემბრის #000531 შემოწმების აქტი, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე, 26-ე მუხლები და 44-ე მუხლის მე-2 ნაწილი, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილება. სარჩელის თანახმად, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი იყო სამშენებლო სამართალდარღვევა - ქ. თბილისში, ...ის ქ. #19-ში კონდიციონერის განთავსება შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. შესაბამისად, მოსარჩელე დაჯარიმდა 4 000 ლარით და მასვე დაევალა კონდიციონერის დემონტაჟი. მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა აღნიშნული დადგენილება, თუმცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო აქტების გამოცემამდე სსიპ არქიტექტურის სამსახური წერილობით ინფორმირებული იყო მოსარჩელის მიერ კონდიციონერის კუთვნილ აივანზე განთავსების თაობაზე. არქიტექტურის სამსახურის მიერ 5 დღის ვადაში არ იქნა მიღებული წერილობით დასტური, რის საფუძველზეც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, განეთავსებინა ჩილერის ტიპის კონდიციონერი საკუთარ აივანზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „...ში“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...ში“-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით სს „...ში“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...ში“-მ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს უნდა დაედგინა და შეეფასებინა აივანზე კონდიციონერის განთავსება წარმოადგენდა თუ არა სამშენებლო სამართალდარღვევას და ესაჭიროებოდა თუ არა მას სამშენებლო ნებართვა. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის რაიმე შენობა-ნაგებობის მშენებლობა ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება, ვინაიდან კონდიციონერი, თავისი ბუნებით, არ წარმოადგენს არც დროებით შენობა-ნაგებობას, არც შენობას და არც ნაგებობას. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სახეზე არ არის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.2 მუხლით გათვალისწინებული უნებართვო მშენებლობა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია, კანონი კონდიციონერს მიაკუთვნებს პირველი კლასის შენობა-ნაგებობას, თუმცა „ჩილერის“ ტიპის კონდიციონერს არ ესაჭიროება სავენტილაციო მილი, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს გაიგივებული ჩვეულებრივი ტიპის კონდიციონერთან. ისეთი კონდიციონერის აივანზე განთავსება კი, რომელსაც არ გააჩნია სავენტილაციო მილები, სასამართლოს არ უნდა მიეჩნია პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობად და მასზე არ უნდა გავრცელებულიყო არც სპეციალური კანონისა და არც დადგენილების მოქმედება. ამასთან, კასატორის მითითებით, სასამართლოს სწორად უნდა შეეფასებინა მისი 2015 წლის 17 სექტემბრის განცხადებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ში“-ს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 24 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ში“-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, ერთ-ერთი სადავო აქტია „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 20 ნოემბრის #000531 დადგენილება, რომლითაც სს „...ში“ დაჯარიმდა 4 000 ლარით ქ. თბილისში, ...ის ქუჩა #19-ში კონდიციონერის უნებართვოდ განთავსებისთვის. ამავე დადგენილებით მოსარჩელეს დაევალა უნებართვოდ განთავსებული კონდიციონერის დემონტაჟი.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით.
სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ამავე პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, I კლასს განეკუთვნება კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობა. მითითებული დადგენილების 66.1 მუხლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტით, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას; ამავე მუხლის მე-10 პუნქტი კი იმპერატიულად მიუთითებს, რომ ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ განხორციელებულ საქმიანობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა, თუმცა საჭიროა კანონით დადგენილი პროცედურების დაცვა, კერძოდ, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსაგან წერილობითი დასტურის მოპოვება. ამ წესის დარღვევა, სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით, გათანაბრებულია უნებართვო მშენებლობასთან. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს, თუმცა არქიტექტურის სამსახურს არ გაუცია შესაბამისი დადასტურება ქ. თბილისში ...ის ქ. #19-ში კონდიციონერის განთავსებასთან დაკავშირებით. მოცემულ პირობებში კი, მოსარჩელემ ქ. თბილისში, ...ის ქ. #19-ში განახორციელა კონდიციონერის განთავსება შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, რის გამოც ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მოსარჩელის დაჯარიმებისა და ობიექტის (შენობის) პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე.
რაც შეეხება კასატორის მითითებას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისთვის 2015 წლის 17 სექტემბრის განცხადებით მიმართვასთან დაკავშირებით (#00531 მითითების შესრულების თაობაზე), საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ განცხადებაში დასმული საკითხები არ ცვლის საქმის სამართლებრივ შედეგს, ვინაიდან ქ. თბილისში ...ის ქ. #19-ში კონდიციონერის განთავსებასთან დაკავშირებით საჭირო იყო შესაბამისი დადასტურება არქიტექტურის სამსახურის მხრიდან და არა - ქ. თბილისში, ...ის ქ. #19-ში მდებარე ოფისის ფართის მესაკუთრის თანხმობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სს „...ში“-ს საკასაციო საჩივარზე საადვოკატო ბიურო „...ის“ მიერ 15.10.2019წ. #5465 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სს „...ში“-ს (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „...ში“-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება;
3. სს „...ში“-ს (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე საადვოკატო ბიურო „...ის“ მიერ 15.10.2019წ. #5465 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე