საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 8I 30 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. ისაევი
განიხილა პროკურორ თ. შ-სა და ბრალდებულ ნ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ტ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 22 იანვრის განჩინებაზე, რომლითაც ნ. გ-ის სისხლის სამართლის საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა თბილისის პროკურატურას.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ნ. გ-ლს ბრალი დაედო დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით.
საბრალდებო დასკვნით ნ. გ-ლს ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ნ. გ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება “---”, რასაც უკანონოდ ინახავდა თავის დროებით საცხოვრებელ სახლში _ თბილისში, --- ¹17-ში 2002წ. 4 დეკემბერს, ზემოაღნიშნულ მისამართზე, თბილისის შს მთავარი სამმართველოს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს ნ. გ-ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც დამსწრეების თანდასწრებით საძინებელ ოთახში არსებული მაგიდიდან ამოღებულ იქნა ცელოფნის ნაჭერში მოთავსებული მოთეთრო-მოყავისფრო ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება, რომელიც იქვე დაილუქა ¹-- ბეჭდით. ექსპერტის მიერ გაცემული დასკვნით აღნიშნული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება “---”, წონით 21,37 გრამს.
პროკურორი თ. შ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 22 იანვრის განჩინების გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ბ. გ-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
ბრალდებულ ნ. გ-ის ადვოკატი ლ. ტ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, მის გამართლებასა და უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას.
პალატის სხდომაზე ბრალდებული ნ. გ-ლი დაეთანხმა ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ მათი მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო გამოძიებისას მოწმის სახით დაკითხულმა ი. ბარამაშვილმა არსებითად შეცვალა წინასწარ გამოძიებაში ქ. თბილისში, --- მდებარე ნ. გ-ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების მიკუთვნების საკითხზე მიცემული ჩვენება, რასაც, ძირითადად, ეყრდნობოდა საბრალდებო დასკვნა და მტკიცებულების ძალა ჰქონდა. კერძოდ, წინასწარ გამოძიებაში მოწმის სახით დაკითხული ი. ბ-ლი უთითებდა, რომ შემთხვევამდე წინა დღით მას დაურეკა ნ. გ-მა და სთხოვა ნარკოტიკების გასაღებაში დახმარება; ხოლო სასამართლო განხილვისას მან უარყო ეს ჩვენება და თქვა, რომ შემთხვევის დღეს იგი იმყოფებოდა ნ. გ-თან და მათ არანაირ ნარკოტიკებზე საუბარი არ ჰქონიათ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო განხილვის სტადიაზე რთულია იმის დადგენა, სინამდვილეში ვის ეკუთვნოდა ნ. გ-ის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება, რადგანაც გარდა მოწმე ი. ბ-ის წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებისა, საქმეში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა ბრალდებულ ნ. გ-ის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისა და შესაბამისად _ მისდამი კუთვნილების ფაქტზე.
მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ სასამართლო განხილვის სტადიაზე მიცემულ ჩვენებაში ი. ბ-მა უარყო ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სხვა საქმეში მოწმის სახით მონაწილეობა, მაშინ, როცა დაცვის მხარემ წარმოადგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც 2003 წელს თბილისის საოლქო სასამართლოში იხილებოდა სს საქმე ა. პ-ის მიმართ, სადაც ერთ-ერთ ძირითად მოწმედ გამოდიოდა ი. ბ-ლი.
აქედან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია მიზანშეწონილად მიიჩნევს დადგინდეს ი. ბ-ის პიროვნება, რამდენად არის იგი ობიექტური მოწმე, ხომ არ გააჩნია რაიმე ინტერესი აღნიშნულ საქმეში, ხომ არ არის იგი აყვანილი ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე, უნდა შემოწმდეს დაცვის მხარის ვერსია იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ჰქონდა ადგილი ი. ბ-ის მხრიდან დანაშაულის პროვოკაციას, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ წინასწარი გამოძიების დროს არ დაკითხულან ნ. გ-ის დროებითი საცხოვრებელი ბინის მეპატრონე და იქ მცხოვრები სხვა პირები, იქნებ მათი მეშვეობითაც გარკვეულიყო ნარკოტიკული ნივთიერების ამოღებასთან დაკავშირებული გარემოებები.
წინასწარი გამოძიების დროს არ დაკითხულა ყველა ის პიროვნება, რომელთაც შესაძლებელია, რაიმე სცოდნოდათ საქმის ფაქტობრივი გარემოების ირგვლივ. კერძოდ, საკასაციო პალატა ეთანხმება სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კიდევ ერთხელ დეტალურად უნდა დაიკითხოს მოწმე თეა გუმაშვილი, რომელმაც აჩვენა, რომ სახლის ჩხრეკამდე ცოტა ხნით ადრე მათთან იმყოფებოდა თ. გ-ის მეგობარი მ. მ-ლი, რომელიც არ დაკითხულა. ასევე უნდა გაირკვეს, ჰქონდა თუ არა ნ. გ-ლს იმ პერიოდში სატელეფონო საუბრები ვინმესთან და გაირკვეს მათი ვინაობა.
განსასჯელი ნ. გ-ლი როგორც წინასწარი, ისე სასამართლო განხილვისას უთითებდა, რომ იგი თბილისში ჩამოვიდა ექიმთან, რადგანაც აწუხებდა მუხლი. საავადმყოფოში მას ი. ბ-ლი გაჰყვა, რასაც წინასწარი გამოძიებისას ეს უკანასკნელი კატეგორიულად უარყოფდა, სასამართლოში საქმის განხილვისას კი მოწმე ი. ბ-მა ეს ფაქტი დაადასტურა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ უნდა დადგინდეს ექიმის ვინაობა და გაირკვეს, მართლა იმყოფებოდნენ თუ არა მასთან საავადმყოფოში ნ. გ-ლი და ი. ბ-ლი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატა თვლის, რომ განსასჯელ ნ. გ-ის ბრალეულობის დასაბუთებისას საბრალდებო დასკვნა არ ემყარება საკმარის უტყუარ მტკიცებულებებს, რის გამოც საქმე უნდა დაბრუნდეს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, საჭიროა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური, სრული გამოკვლევა და საკმარისი მტკიცებულებების მოგროვება ნ. გ-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 22 იანვრის განჩინება ნ. გ-ის საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად თბილისის პროკურატურისათვის დაბრუნების შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.