გაუქმდა განაჩენი სამოქალაქო ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცა სასამართლოს
გადაწყვეტილების ტექსტი
¹303აპ-11 ქ. თბილისი 2 ნოემბერი, 2011 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. პ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 6 ივნისის განაჩენით ი. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტითა და 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე _ დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო დაზიანება, ჩადენილი ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2007 წლის მაისში ი. გ-ემ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი კუთვნილი თანხის დაუფლება. თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი მივიდა მეგობართან, რუსთავში, მეგობრობის ქ. ¹---ში მცხოვრებ გ. გ-თან. ი. გ-ემ იცოდა, რომ გ. გ-ი ეძებდა ადამიანს, რომელიც გარკვეული თანხის საფასურად თავის ნათესავ ნ. თ-ს დაეხმარებოდა საბერძნეთის ვიზის მიღებაში. ი. გ-ემ დაარწმუნა გ. გ-ი, რომ თავისი სამეგობრო წრის გამოყენებით 3000 აშშ დოლარად „გაუკეთებდა» საბერძნეთის ვიზას, თუმცა ამისათვის წინასწარ საჭირო იყო 600 აშშ დოლარი და საქართველოს პასპორტი, ხოლო დარჩენილ 2400 დოლარს აიღებდა მას შემდეგ, რაც ნ. თ-ი ჩავიდოდა საბერძნეთში. რადგან გ. გ-ს ხელზე არ ჰქონდა აღნიშნული თანხა, ი. გ-ე შეჰპირდა, რომ დაეხმარებოდა ბინის დაგირავებაში, რათა თანხა სრულად დებულიყო საბანკო ანგარიშზე. უფრო მეტად რომ მოეპოვებინა ნდობა, ი. გ-ემ ნ. თ-ს გამოართვა ახლად აღებული საქართველოს პასპორტი, ვითომდა საბერძნეთის ვიზის მისაღებად, ხოლო გ. გ-ს დააგირავებინა ბინა და გამოართვა 600 აშშ დოლარი. დაზარალებულთა დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ი. გ-ემ მათ დაუბრუნა დაზიანებული პასპორტი, რომელშიც ამოხეული იყო მე-9 ფურცელი და რომელიც, მისი თქმით, «გაფუჭდა» ბეჭდის არასწორი ჩარტყმის დროს. ამის შემდეგ ი. გ-ე მიიმალა, რითიც დაზარალებულ გ. გ-ს მიაყენა 600 აშშ დოლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
აღნიშნული ქმედებისათვის ი. გ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 3000 ლარის ოდენობით, ხოლო 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ ჯარიმა _ 2000 ლარის ოდენობით, რაც „ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად გაუნახევრდა და განესაზღვრა ჯარიმა _ 1000 ლარი. სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ი. გ-ეს საბოლოოდ მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე _ ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით. დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და მსჯავრდებულს სამოქალაქო მოსარჩელე გ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4000 ლარის გადახდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა ა. გ-მა, რომელმაც ითხოვა განაჩენის გაუქმება და ი. გ-ის გამართლება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით არ დაკმაყოფილდა; ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით: მსჯავრდებულ ი. გ-ეს სამოქალაქო მოსარჩელე გ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 აშშ დოლარის გადახდა. ი. გ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 12 ოქტომბრიდან.
კასატორი _ მსჯავრდებულის ადვოკატი კ. პ-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონო, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი; იგი დადგინდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, თუ იგი არ დადასტურდა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, უნდა გადაწყდეს განსასჯელის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რაც ი. გ-ისათვის წარდგენილ რომელიმე ბრალდებას დაადასტურებს.
კასატორის აზრით, თაღლითობის ბრალდება ემყარება მხოლოდ დაზარალებულ გ. გ-ის ურთიერთსაწინააღმდეგო და წინააღმდეგობრივ ჩვენებებს, რომელთა თანახმად, დ. მ-ემ, ი. გ-ისაგან დამოუკიდებლად, გ. გ-ი და მისი ოჯახის წევრები მიიყვანა სარეგისტრაციო სამსახურში ვითომდა ახალი პასპორტის ასაღებად, რაც არ შეასრულა და დაზარალებულები მოატყუა. თუკი ი. გ-ის ქმედება შეფასდა თაღლითობად, მაშინ დ. მ-ე, რომელმაც უფრო „მეტი ხარისხის» დანაშაული ჩაიდინა, რატომ გადის ამ საქმეში მხოლოდ და მხოლოდ მოწმედ?! თუკი მას, საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, ბრალი არ წარედგინა, მაშინ გაუგებარია, ი. გ-ის მსჯავრდებისათვის რატომ არის მტკიცებულებები საკმარისი. ი. გ-ის ერთადერთი „დანაშაული» არის ის, რომ მან გააცნო გ. გ-ს დ. მ-ე, რომლებიც შემდეგ თვითონ შეუთანხმდნენ ერთმანეთს და ამ შეთანხმებაში ი. გ-ეს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. მას არც ნ. თ-ის პასპორტი სჭერია ხელში და არც თანხა აუღია. სასამართლომ კი უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ი. გ-ის ჩვენება და სარწმუნოდ მიიჩნია დ. მ-ის ცრუ ჩვენებები.
გარდა ამისა, თვით დაზარალებულებიც ვერ ამბობენ, თუ ვინ დააზიანა პასპორტი, რადგან ასეთი რამ მათ არ უნახავთ. დღემდე არ არის დადგენილი, თუ ვინ ამოხია ფურცელი პასპორტიდან, ამიტომ ბრალდება ამ ნაწილში, მტკიცებულებების არარსებობის გამო, მხოლოდ ვარაუდს ეყრდნობა. ასევე გაუგებარია, რატომ დააკისრა სასამართლომ მსჯავრდებულს სამოქალაქო მოსარჩელის სასარგებლოდ 2000 აშშ დოლარის გადახდა. ეს ციფრი არაფრით არ დასტურდება. გ. გ-ის ჩვენებით, მან ი. გ-ეს მისცა 500 აშშ დოლარი. იგი ასახელებს სანოტარო აქტში მითითებული თანხისაგან განსხვავებულ საპროცენტო თანხას. გამოდის, რომ მოსამართლე თვითონ არ იზიარებს და არ ენდობა სანოტარო აქტში მითითებულ თანხას, ხოლო საპროცენტო გათვლა და ანგარიში საიდან დაადგინა, გაუგებარია. ამის გამო განაჩენი სამოქალაქო სარჩელის ნაწილშიც უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი კ. პ-ა ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენის გაუქმებას, ი. გ-ისათვის წარდგენილი ბრალდების სრულად მოხსნასა და მის განთავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ, კერძოდ:
დაზარალებულ გ. გ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ი. გ-ემ საბერძნეთის ვიზის «გასაკეთებლად» მოსთხოვა 3000 აშშ დოლარი. ამ უკანასკნელს წინასწარ გადასცეს ჯერ 500, შემდეგ კი _ 100 აშშ დოლარი და პასპორტი. დარჩენილი თანხის გადასახდელად გ. გ-მა იპოთეკით დატვირთა საცხოვრებელი ბინა და თანხა შეინახა ბანკში, თუმცა ამ თანხასაც ითხოვდა ი. გ-ე. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, საბოლოოდ, ი. გ-ემ დაზარალებულს დაუბრუნა პასპორტი და უთხრა, რომ იგი «ბეჭედის ჩარტყმისას» დაზიანდა და ამის ხარჯებს აანაზღაურებდა.
ანალოგიური ჩვენებები მისცეს მოწმეებმა _ ც. კ-ემ და ნ. თ-მა. ამ უკანასკნელმა ასევე განმარტა, რომ დაზარალებულს დაუბრუნეს დაზიანებული პასპორტი, რაზეც ი. გ-ემ უთხრა: «ვიზის ბეჭედი ჩავარტყით ცუდად და გაფუჭდაო».
პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი არ ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულის ან რომელიმე მოწმის ჩვენებას, იგი გამოტანილია საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით, რის საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ობიექტურია.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უნდა გაუქმდეს სამოქალაქო სარჩელის ნაწილში, კერძოდ:
გ. გ-ის განმარტებით, მან ბინა იპოთეკით დატვირთა და მიიღო 4500 აშშ დოლარი 6 თვის ვადით, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 2%-ის დარიცხვით. ამასთან, დაზარალებულმა წინასწარ გადაიხადა სესხად აღებული თანხის 6 თვის სარგებელი _ 540 აშშ დოლარი და ძირითადი თანხა დაფარა 2 თვეში. ამავე ჩვენებით, დაზარალებულმა ერთხელ გადაიხადა სესხად აღებული თანხის სარგებელი _ 540 აშშ დოლარი, მაგრამ გ. გ-ი იქვე აღნიშნავს, რომ გადაიხადა 1080 აშშ დოლარი. საბოლოოდ, დაზარალებულმა განმარტა, რომ გადაიხადა სესხად აღებული 4500 აშშ დოლარი და ამ თანხის პროცენტი _ 1080 აშშ დოლარი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ნაწილობრივ იზიარებდა დაცვის მხარის მოსაზრებას ზიანის ოდენობის დაუზუსტებლობასთან დაკავშირებით და მსჯავრდებულს დაზარალებულის სასარგებლოდ დააკისრა 2000 აშშ დოლარის გადახდა, მაგრამ თანხის არც აღნიშნული ოდენობაა დასაბუთებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენით ზიანის ოდენობა სათანადოდ არ დადგენილა და სამოქალაქო სარჩელის ნაწილში მისი კანონიერების შემოწმება შეუძლებელია. ამის გამო, საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენი უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად გადაეცეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან კანონიერი და დასაბუთებულია, ხოლო სასჯელის დანიშვნის ნაწილში _ სამართლიანი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი. გ-ის ადვოკატ კ. პ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განაჩენი ი. გ-ის მიმართ გაუქმდეს სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად გადაეცეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.