დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 21.10.2020
საქმის ნომერი
ბს-1293(კ-19)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.10.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ბს-1293(კ-19) 21 ოქტომბერი, 2020 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 02 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ქ-მა 2018 წლის 24 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ, სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, საბოლოოდ მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 ივნისის №... გადაწყვეტილების, მე-13 საკითხის ნაწილში ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 18 ოქტომბრის №191 სხდომის ოქმის, მე-8 საკითხის ნაწილში ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 19 ნოემბრის №195 სხდომის ოქმისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 ნოემბრის №900 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ნ. გ-ი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 02 მაისის განჩინებით ლ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 14 აგვისტოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა ნ. გ-მა და თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავე 247 კვ.მ ფართობის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. ბორჯომის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების კომისიის 2012 წლის 18 ოქტომბრის №191 სხდომის ოქმით დადგენილი იყო, რომ კომისიამ შეისწავლა წარდგენილი საბუთები, ასევე ადგილზე მოახდინა მიწის ნაკვეთის დათვალიერება და განმცხადებლის მიერ შესაბამისი საფასურის გადახდის შემდგომ, 2012 წლის 19 ნოემბრის №195 სხდომის ოქმით მიიღო გადაწყვეტილება ნ. გ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. 2012 წლის 16 ნოემბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №900, რომლის თანახმად, ნ. გ-ს საკუთრებაში გადაეცა 247 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ... ...ში ...ის ქუჩის მიმდებარედ.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 22 იანვარს ლ. ქ-ის საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ... ...ში მდებარე 250 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

2015 წლის 6 მაისს ნ. გ-მა განცხადებთ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ბორჯომის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების კომისიის მიერ მის საკუთრებად აღიარებული 247 კვ. მ. ფართობის მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2015 წლის 13 მაისს სარეგისტრაციო ორგანოს მიერ შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება განცხადებაზე თანდართულ ნახაზსა და ლ. ქ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზთან ზედდების გამო. გამცხადებელს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. 2015 წლის 15 ივნისს სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან არ იქნა აღმოფხვრილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი. აღნიშნულის გამო, ნ. გ-მა საკუთარი უფლების დასაცავად მიმართა სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის №3ბ/1847-15 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ლ. ქ-ის საკუთრების უფლებით 250 კვ. მ. უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაევალა. ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2015 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სადავო ფართზე გაუქმდა ლ. ქ-ის საკუთრების უფლება.

2018 წლის 17 მაისს მარეგისტრირებელ ორგანოს განცხადებით მიმართა ნ. გ-მა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქ. ბორჯომიში, ... ...ში ...ის ქუჩის მიმდებარედ არსებულ 247კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. მარეგისტრირებელი ორგანოს 2018 წლის 11 ივნისის №... გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 247 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დარეგისტრირდა ნ. გ-ის საკუთრებად.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2015 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა ლ. ქ-ის მიერ, რომელიც აღნიშნავდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის №3ბ/1847-15 გადაწყვეტილება არ იყო სრულყოფილად აღსრულებული, რადგან მარეგისტრირებლმა ორგანომ გააუქმა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, თუმცა საკითხზე ხელახლა არ უმსჯელია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. ქ-ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის №3ბ/1847-15 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მართლზომიერად იქნა გაუქმებული სადავო ფართზე გაუქმდა ლ. ქ-ის საკუთრების უფლება, თუმცა ორაგნოს ევალებოდა საკითხის ხელახალი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად, ახალი აქტის მიღება დაევალა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აღიარების კომისიის 2012 წლის 18 ოქტომბრის №191 სხდომის ოქმის, ამავე კომისიის 2012 წლის 19 ნოემბრის №195 სხდომის ოქმის მე-8 საკითხის ნაწილისა და 2012 წლის 16 ნოემბრის №900 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონსა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებაზე და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით, კერძოდ, კომისიის 2012 წლის 18 ოქტომბრის №191 სხდომის ოქმით დასტურდებოდა, რომ კომისიამ 247 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ნ. გ-ის საკუთრების უფლების აღიარებამდე მიწის ნაკვეთი დაათვალიერა, დაადგინა მისი ფუნქციური დანიშნულება და მოპოვებული ინფორმაციის ურთიერთშეჯერების შედეგად მიიღო განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა მითითებული ვერცერთ გარემოებასა და მტკიცებულებაზე, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აღიარების კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტსა და კომისიის მიერ მიღებული აქტების უკანონობაზე მიუთითებდა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ლ. ქ-ის უფლების დამდგენ დოკუმენტში, ... ...ის საკრებულოს 2004 წლის საგადასახადო სიაში არ იყო არანაირი მითითება ლ. ქ-ისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთთა მდებარეობის შესახებ. ხსნებულ დოკუმენტში მითითებული იყო მხოლოდ მიწის ნაკვეთის დანიშნულება და ფართობი - საკარმიდამო 100კვ.მ, სახნავი - 900 კვ.მ, სათიბი - 3000 კვ.მ, მიწის ფართი. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ნ. გ-ისათვის მიკუთვნებული და ლ. ქ-ისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთების დანიშნულება ერთმანეთს არ ემთხვეოდა და სადავო 247კვ.მ მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ლ. ქ-ის საკუთრების უფლება არ იყო რეგისტრირებული, პალატის მოსაზრებით, გაუგებარი იყო რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიჩნევდა აპელანტი, რომ მისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი სწორედ ნ. გ-ის საკუთრებაში არსებული 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობდა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ლ. ქ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც ნ. გ-ის წარმომადგენლის მიერ მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წარდგენილი იყო რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი, მათ შორის იურიდიული ძალის მქონე №900 საკუთრების უფლების მოწმობა, არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 02 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ქ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 ივნისის №... გადაწყვეტილების ნაწილში სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ, ლ. ქ-მა 2015 წლის 22 იანვარს საკუთრებად დაირეგისტირა 250 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი (ს/კ ...). აღნიშნული რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნით ნ. გ-მა მიმართა სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის N3ბ/1847-15 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 22 იანვრის №... გადაწყვეტილება და ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემა. კასატორის მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გააუქმა ლ. ქ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და სადავო მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) ისე დაარეგისტრირა ნ. გ-ის საკუთრებად, რომ არ გამოიკვლია სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული არც ერთი გარემოება, ხელახლა არ იმსჯელა ლ. ქ-ის განცხადებაზე.

კასატორმა აღნიშნა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მხრიდან ნ. გ-ისათვის მიწის დაკანონების პროცესში უხეშად დაირღვა ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც საკუთრების უფლების აღიარების კომისია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით დადგენილი ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების და ამ კანონით დადგენილი წესით. კასატორის მითითებით, როგორც წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა კომისიამ ჩაატარა მხოლოდ ერთი სხდომა, არ შესწავლილა ნ. გ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, არ მომხდარა მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება და არ შემდგარა შესაბამისი ოქმი, ასევე კომისიას არ გამოუკვლევია ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის დანიშნულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 06 მარტის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი.

ამასთან, 2020 წლის 24 ივნისს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განაწილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ქეთევან ცინცაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ნ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 ივნისის №... გადაწყვეტილების, მე-13 საკითხის ნაწილში ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 18 ოქტომბრის №191 სხდომის ოქმის, მე-8 საკითხის ნაწილში ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 19 ნოემბრის №195 სხდომის ოქმისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 ნოემბრის №900 საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერების შეფასება.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2012 წლის 19 ნოემბრის №195 სხდომის ოქმით მიიღო გადაწყვეტილება ნ. გ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. 2012 წლის 16 ნოემბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №900, რომლის თანახმად, ნ. გ-ს საკუთრებაში გადაეცა 247 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ... ...ში ...ის ქუჩის მიმდებარედ. ხსენებული მიწის ნაკვეთი 2015 წლის 22 იანვარს დარეგისტრირდა ლ. ქ-ის საკუთრების უფლებით. 2015 წლის 6 მაისს ნ. გ-მა განცხადებთ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ბორჯომის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების კომისიის მიერ მის საკუთრებად აღიარებული 247 კვ. მ. ფართობის მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2015 წლის 13 მაისს სარეგისტრაციო ორგანოს მიერ შეჩერდა, შემდგომ კი შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება განცხადებაზე თანდართულ ნახაზსა და ლ. ქ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზთან ზედდების გამო, რაც ნ. გ-მა სასამართლო წესით გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის №3ბ/1847-15 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ლ. ქ-ის საკუთრების უფლებით 250 კვ. მ. უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაევალა. ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2015 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სადავო ფართზე გაუქმდა ლ. ქ-ის საკუთრების უფლება. 2018 წლის 11 ივნისის №... სადავო გადაწყვეტილებით კი 247 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ნ. გ-ის საკუთრებად.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას გასაჩივრებული აქტების კანონიერებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სადავო ოქმები და მათი საფუძველი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. კომისიის 2012 წლის 18 ოქტომბრის №191 სხდომის ოქმით დასტურდება, რომ კომისიამ 247 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ნ. გ-ის საკუთრების უფლების აღიარებამდე მიწის ნაკვეთი დაათვალიერა, დაადგინა მისი ფუნქციური დანიშნულება და მხოლოდ აღნიშნულის შედეგად მიიღო განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება. ამასთანავე, საქმის მასალებით დგინდება, რომ ნ. გ-ის საკუთრების უფლების აღიარების დროისათვის სადავო ნაკვეთზე რეგისტრირებული არ ყოფილა რაიმე უფლება. უძრავ ქონებაზე ლ. ქ-ის საკუთრების უფლება მხოლოდ 2015 წელს დარეგისტირდა, რაც სადავოდ გახადა ნ. გ-მა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის №3ბ/1847-15 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ლ. ქ-ის საკუთრების უფლებით 250 კვ.მ უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ლ. ქ-ის განცხადებასთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემა დაევალა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საქმეზე დადგენილი არც ერთი გარემოება არ ადასტურებს სადავო ნაკვეთზე ლ. ქ-ის რაიმე სახის უფლებას. საქმეში დაცული ... ...ის საკრებულოს 2004 წლის საგადასახადო სიის მიხედვით მოსარჩელეს გადაეცა საკარმიდამო ნაკვეთი - 100 კვ.მ, სახნავი - 900 კვ.მ და სათიბი - 3000 კვ.მ. ხსენებული საგადასახადო სია არ შეიცავს მითითებას გადაცემული ნაკვეთების მდებარეობის თაობაზე. ამასთანავე, სადავო ნაკვეთი არასასოფლო დანიშნულების კატეგორიას განეკუთვნება. აღნიშნული კატეგორიის მიწის ნაკვეთი ლ. ქ-ს არ გადასცემია. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სადავო ოქმების საფუძველზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 ივნისის №... გადაწყვეტილებით სადავო ტერიტორია მართებულად იქნა დარეგისტრირებული ნ. გ-ის საკუთრებად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ლ. შ-ის მიერ ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარზე 2.10.2019წ. №21698436 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 02 მაისის განჩინება;

3. ლ. შ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარზე 2.10.2019წ. №21698436 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე