დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-683(კ-20) 21 ოქტომბერი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ტ-ე; მესამე პირები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 19 თებერვალს ნ. ტ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 22 სექტემბრის N... ბრძანების ბათილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამიინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 22 სექტემბრის N... ბრძანება; მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ნ. ტ-ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკამყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის ჩამორთმევის ფაქტობრივ საფუძვლად მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ნ. ტ-ის 1993 წლის 27 სექტემბრამდე ...ის რაიონის, სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი არ დასტურდებოდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე: ერთის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 18 აგვისტოს №39400/01 წერილის მიხედვით, ნ. ტ-ე და მისი მეუღლე - გ. ტ-ე 1993 წლამდე ცხოვრობდნენ ქ. თბილისი, ...ის ქ. N..., კორპ N..., ბინა N...-ში. და მეორეს მხრივ, აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობის მიერ გაცემული ცნობების მიხედვით, ნ. ტ-ე (პ/ნ: ...) 1993 წლის 27 სექტემბრამდე ცხოვრობდა ...ის რაიონში.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მეზობლების განმარტებით, რომლის საფუძველზეც იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 18 აგვისტოს №39400/01 წერილი გამოცემული, დასტურდება, რომ გ. ტ-ემ 1989 წელს მიიღო სამსახურიდან ბინა განაწილებით და იგი იქ საცხოვრებლად გადავიდა 1991 წელს.
აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობის მიერ გაცემული 2017 წლის 27 ივნისის №0000489 ცნობის საფუძველი გახდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №47-01 დასკვნა, რომლის მიხედვითაც ნ. ტ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნეული იქნა ...ის რაიონი, სოფ. ... - 1993 წლის 27 სექტემბრამდე. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აღნიშნული დასკვნა კვლავ დადასტურებული იქნა იმავე ორგანოს 2018 წლის 5 მაისის წერილით, რომელიც თავის მხრივ დაეყრდნო კომისიის 2018 წლის 13 თებერვლის N...2 ოქმში მითითებულ დასკვნას, რომ ,,2013 წლის 21 მაისის დადგენილება იმის თაობაზე, რომ ნ. ტ-ე ცხოვრობდა ...ის რაიონის, სოფ. ...ში - 1993 წლის 27 სექტემბრამდე, ძალაში რჩება“.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უდავოდ ვერ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ნ. ტ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, 1993 წლამდე, იყო ქ. თბილისი. მაშინ, როცა აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობის მიერ გაცემული ცნობებით, რომელიც თავის მხრივ კომისიის დასკვნებს ეყრდნობოდა, დასტურდებოდა ნ. ტ-ის 1993 წლის 27 სექტემბრამდე ...ის რაიონის, სოფ. ...ში მუდმივი ცხოვრების ფაქტი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მეუღლეს შესაძლოა ჰქონოდა საცხოვრებელი ბინა თბილისში, რაც არ მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ ნ. ტ-ე 1993 წლამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ...ის რაიონის, სოფ. ...ში. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პირს, ან მის ოჯახის წევრს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი, საიდანაც თავად ირჩევს პირი ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. მოსარჩელის - ნ. ტ-ის განმარტებით, რადგან მისი მეუღლე იყო ... და ხშირად არ იყო სახლში, მას კი ჰყავდა პატარა შვილი, ცხოვრობდა დედასთან სოფელ ...ში, რომელიც ეხმარებოდა ბავშვის გაზრდაში.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნ. ტ-ის 1993 წლის 27 სექტემბრამდე ...ის რაიონის, სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომელიც მითითებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა, არ წარმოუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ძირითადი არგუმენტები და ფაქტობრივი გარემოებები, რასაც სააგენტო (სამინისტრო) ეყრდნობოდა იყო მოსარჩელის ბიოგრაფიული მონაცემები, რომელიც, თავისუფალი თხრობით იქნა გადმოცემული მოსარჩელისვე მიერ მასთან მიმართებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. კერძოდ, მან განმარტა, რომ დაიბადა ... წელს ...ეში. ... წელს დაამთავრა ...ის რაიონის სოფ. ...ს საშუალო სკოლა. ...-... წლებში. სწავლობდა სოხუმის ...ის სახელობის უნივერსიტეტში დაუსწრებელ განყოფილებაზე. ... წელს დაოჯახდა თბილისში. 1987 წელს შვილი შეეძინა ...ეში. მეუღლე მუშაობდა ქ. თბილისში ...დ. მეუღლეს დაახლოებით 1994 წელს თბილისში გადასცეს ბინა. ბინის გადაცემამდე ცხოვრობდა საერთო საცხოვრებელში. თავად ბავშვის გაზრდაში ეხმარებოდნენ მშობლები და ამის გამო ცხოვრობდა სოფ. ...ში. მეუღლე იყო წარმოშობით ...დან. თავად არსად არ უმუშავია. ...ში ცხოვრობდა დედასთან და შვილთან ერთად. სოფ. ... დატოვა 1993 წლის სექტემბერში. აფხაზეთის დატოვების შემდეგ ცხოვრობს თბილისში. ამჟამად ქვრივია.
კასატორის მითითებით, ნ. ტ-ე კითხვარში შეტანილი ინფორმაციის ნამდვილობას ადასტურებდა კითხვარის ყველა ფურცელზე ხელმოწერით, რაც მიჩნეული უნდა იქნას, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოძიებული ეს ინფორმაცია ხასიათდება სანდოობის მეტად მაღალი ხარისხით, რამდენადაც ის მომდინარეობს უშუალოდ სტატუსის მაძიებელი პირისაგან, პირველწყაროსაგან, თავისი ავტობიოგრაფიული მონაცემების გადმოცემის გზით.
კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიგზავნა წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 18 აგვისტოს №39400/01 საპასუხო წერილის მიხედვით, ნ. ტ-ე და მისი მეუღლე - გ. ტ-ე 1993 წლამდე ცხოვრობდნენ ქ. თბილისი, ...ის ქ. N... კორპ. ..., ბინა N...-ში. მითითებული უძრავი ქონება 1988 წლიდან წარმოადგენდა მოსარჩელის და მისი შვილების საკუთრებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოძიებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ გამოიკითხნენ ტ-ის მეზობლები გ. ნ-ე და ტ. კ-ი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ პირადად იცნობდნენ ამ ოჯახს, ტ-ეებმა აღნიშნული ბინა სახელმწიფოსაგან მიიღეს სამსახურიდან და აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდნენ 1991 წლიდან.
კასატორის აღნიშვნით, როგორც მოსარჩელის მიერ გადმოცემული საკუთარი ბიოგრაფიიდან ნათლად, ცხადად და უტყუარად დგინდება, ის თავისი ყოფელდღიური ყოფითი ცხოვრებით - ოჯახის წევრებთან ეთად ცხოვრებით დაკავშირებული იყო თბილისთან და შესაბამისად, მისი მუდმივი საცხოვრებელი სოფელი ... ვერ იქნებოდა. მოსარჩელის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემების ნამდვილობა უტყუარად დასტურდებოდა გასაუბრების დოკუმენტის თითეულ გვერდზე თავად მოსარჩელისვე მიერ გაკეთებული ხელმოწერით.
კასატორი აღნიშნავს, რომ რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პოზიციას და მათ მიერ გაცემულ ცნობებს და დასკვნებს, მათი სარწმუნოობა თავადვე ამ ორგანოების მიერ გაცემული აქტებით ქარწყლდება, სადაც ისინი უთითებდნენ, რომ მოსარჩელე სოფელ ...ში ცხოვრობდა 1993 წლის 27 სექტემბრამდე. ამ გარემოებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს და ცალკე, კრიტიკული შეფასების ობიექტი უნდა გახდეს, ის გარემოება, რომ აფხაზეთში კონფლიქტის დაწყების მომენტისათვის მისი შვილი იყო მცირეწლოვანი (დაბადებული ... წელს). ეს გარემოება მით უფრო არადამაჯერებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოჯახს მუდმივი საკუთარი საცხოვრებელი ბინა ჰქონდა ქ. თბილისში და მოსარჩელეს, აფხაზეთში წარმოებული კონფლიქტის პერიოდში მაინც, უსაფრთხოდ შეეძლო ესარგებლა საკუთარი საცხოვრებლით და ეცხოვრათ მთელ ოჯახს ერთად. ასევე, კასატორის მითითებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მეუღლე იმ პერიოდისათვის მუშაობდა თბილისში ...დ და ამ ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო სამუშაოზე მხოლოდ პერიოდულად და დროგამოშვებით გამოცხადება. აღნიშნულის ფონზე, არც მოსარჩელის და არც სასამართლოს მიერ ახსნილი და დასაბუთებული არ არის, თუ რა საჭიროების გამო ცხოვრობდა მოსარჩელე საკუთარი ოჯახიდან განცალკევებით სოფელ ...ში და რატომ არ ცხოვრობდა ოჯახთან ერთად ქ. თბილისში - საკუთარ საცხოვრებელში.
კასატორს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის სრული დაცვით და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებების, გამოკვლეული გარემოებების და ფაქტების შესწავლის, ანალიზის, ურთიერთშეჯერების და შეფასების შედეგად, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად პირად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება დადგენილიყო მოსარჩელის - ც. მ-ის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ნ. ტ-ე დაიბადა ... წლის ... ...ს ...ეში. 1988 წლის 16 აგვისტოს №... ქორწინების მოწმობის თანახმად, მოქალაქე - გ. ტ-ე და მოქალაქე - ნ. ძ-ე დაქორწინდნენ და დაქორწინების შემდგომ მიეკუთვნათ გვარები ქმარს - ტ-ე, ცოლს - ტ-ე.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის 2017 წლის 27 ივნისის №0000489 ცნობის თანახმად, ნ. ტ-ე, 1993 წლის 27 სექტემბრამდე ცხოვრობდა ...ის რაიონში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №47-01 დასკვნა/ცნობის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის საფუძველზე, წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოპოვებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად: ნ. ტ-ის (დაბ. ... წლის ... ...ს), მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნეული იქნა ...ის რაიონი, სოფ. ... - დაბადებიდან, ანუ ... წლიდან - 1993 წლის 27 სექტემბრამდე.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2018 წლის 13 თებერვლის N...2 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ განიხილა ნ. ტ-ის განცხადება მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე და დაადგინა, რომ 2013 წლის 21 მაისს მიღებული დადგენილება, მასზედ, რომ ნ. ტ-ე ცხოვრობდა ...ის რაიონი სოფელი ...ში 1993 წლის 27 სექტემბრამდე, ძალაში დარჩა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი ირმა ზარქუას 2018 წლის 2 თებერვლის ხელწერილით დასტურდება, რომ ნ. ტ-ე ნამდვილად არის ...ის რაიონის სოფელ ...დან და ის 1993 წლის 27 სექტემბრამდე შვილთან ერთად იმყოფებოდა ...ეში.
საკასაციო სასამართლო ასევე, მიუთითებს საქმეზე დადასტურებულად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, 2017 წლის 8 აგვისტოს №01-01/07/20176 განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება - ცხოვრობდნენ თუ არა ნ. ტ-ე (პ/ნ: ...) და მისი მეუღლე - გ. ტ-ე (პ/ნ: ...) 1993 წლამდე ქ. თბილისში, ...ის ქ. N..., კორპ N..., ბ. №65.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსის 2017 წლის 17 აგვისტოს MIA 9 17 01978975 მიმართვის, 2017 წლის 15 აგვისტოს ბინაზე შემოწმების ოქმებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 16 აგვისტოს №MIA 2 17 0...816 წერილის თანახმად, ნ. ტ-ე (პ/ნ: ...) და მისი მეუღლე - გ. ტ-ე (პ/ნ: ...) 1993 წლამდე ცხოვრობდნენ მისამართზე: ქ. თბილისში, ბ. ...ის ქ. N..., კორპ N..., ბ. №65. ამჟამად, ტ-ეების ოჯახი აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობს, რასაც ადასტურებს მისივე კორპუსში მცხოვრები მეზობელი - გ. ნ-ე, რომელმაც ასევე განმარტა, რომ გ. ტ-ემ აღნიშნული ბინა მიიღო სამსახურიდან 1989 წელს და საცხოვრებლად გადმოვიდა 1991 წელს, ხოლო ამავე კორპუსში მცხოვრები ტ. კ-ის განმარტებით, იგი პირადად იცნობდა გ. ტ-ეს, რომელმაც ბინა განაწილებით მიიღო სამსახურიდან და საცხოვრებლად გადმოვიდა 1991 წელს.
2017 წლის 27 ივნისს, ნ. ტ-ემ №30644/01 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა.
დევნილთა საკითხების დეპარტამენტში, 2017 წლის 27 ივნისს გასაუბრება ჩაუტარდა ნ. ტ-ეს. გასაუბრებისას განმცხადებელმა აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს ...ეში. ... წელს დაამთავრა ...ის რაიონის სოფ. ...ს საშუალო სკოლა. 1985-1989 წლებში სწავლობდა სოხუმის ...ის სახელობის უნივერსიტეტში დაუსწრებელ განყოფილებაზე. 1988 წელს დაოჯახდა თბილისში. 1987 წელს შვილი შეეძინა ...ეში. მეუღლე მუშაობდა ქალაქ თბილისში ...დ. მეუღლეს დაახლოებით 1994 წელს თბილისში გადასცეს ბინა. ბინის გადაცემამდე ცხოვრობდა საერთო საცხოვრებელში. ბავშვის გაზრდაში ეხმარებოდნენ მშობლები და ამის გამო ცხოვრობდა სოფელ ...ში. მეუღლე იყო წარმოშობით ...იდან. თავად არსად არ უმუშავია. ...ში ცხოვრობდა დედასთან და შვილთან ერთად. სოფელი ... დატოვა 1993 წლის სექტემბერში. აფხაზეთის დატოვების შემდეგ ცხოვრობს ქ. თბილისში. ამჟამად ქვრივია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან წარდგენილი ინფორმაციით დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელის მეუღლემ სამსახურიდან, 1989 წელს მიიღო საცხოვრებელი ბინა განაწილებით და იგი იქ საცხოვრებლად გადავიდა 1991 წელს. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უდავოდ ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ნ. ტ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, 1993 წლამდე, იყო ქ. თბილისი, მაშინ როდესაც აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობის მიერ გაცემული ცნობებით, რომელიც თავის მხრივ კომისიის დასკვნებს ეყრდნობა, დასტურდება ნ. ტ-ის 1993 წლის 27 სექტემბრამდე ...ის რაიონის, სოფელ ...ში მუდმივი ცხოვრების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო ასევე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოსარჩელის მეუღლეს შესაძლოა ჰქონოდა საცხოვრებელი ბინა თბილისში, რაც ავტომატურად არ გულისხმობდა, რომ ნ. ტ-ე 1993 წლამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ...ის რაიონის, სოფ. ...ში. იმ პირობებში როდესაც პირს, ან მის ოჯახის წევრს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი, საიდანაც თავად ირჩევს პირი ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. საქმეში მოსარჩელის ნ. ტ-ის განმარტების თანახმად, ვინაიდან მისი მეუღლე იყო ... და ხშირად არ იყო სახლში, მას კი ჰყავდა პატარა შვილი და უწევდა შვილის მარტო გაზრდა, ცხოვრობდა დედასთან ...ის რაიონის, სოფელ ...ში, რომელიც ეხმარებოდა ბავშვის გაზრდაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს ...ის რაიონის, სოფელ ...ში მოსარჩელე ნ. ტ-ის 1993 წლის 27 სექტემბრამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტს.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავიც მხრივ არსებითად ეყრდნობა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე