დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-465(2კ-20) 23 დეკემბერი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ჯ. რ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 20 ივნისს ჯ. რ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 22 მაისის MOD 4 18 00500736 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ჯ. რ-ის წელთა ნამსახურობაში 1987 წლის დეკემბრიდან 1989 წლის ოქტომბრამდე სსრკ-ის შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურობის, 1992 წლის იანვრიდან 1993 წლის სექტემბრამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ნამსახურობის (აქედან, 1992 წლის 15 აგვისტოდან 1993 წლის სექტემბრამდე იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთში), 2012 წლის 26 ივლისიდან 2012 წლის 8 ოქტომბრამდე პერიოდის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნამსახურობად ჩათვლის დავალება და, ამასთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 23 ოქტომბრის MIA 2 18 02596376 ცნობა-გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ჯ. რ-ის წელთა ნამსახურობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2004 წლის 14 ივლისიდან 2005 წლის 23 მარტამდე და 2006 წლის 27 მაისიდან 2006 წლის 16 ოქტომბრამდე წოდებით ნამსახურობის პერიოდი ჩათვლის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 22 მაისის MOD 4 18 00500736 გადაწყვეტილება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯ. რ-ს წელთა ნამსახურობაში 1987 წლის დეკემბრიდან 1989 წლის ოქტომბრამდე სსრკ-ის შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურობის, 1992 წლის იანვრიდან 1993 წლის სექტემბრამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ნამსახურობის (აქედან, 1993 წლის 9 ივლისიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში) და 2012 წლის 26 ივლისიდან 2012 წლის 8 ოქტომბრამდე პერიოდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნამსახურობად ჩათვლა დაევალა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 23 ოქტომბრის MIA 2 18 02596376 გადაწყვეტილება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯ. რ-ის წელთა ნამსახურობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2004 წლის 14 ივლისიდან 2005 წლის 23 მარტამდე და 2006 წლის 27 მაისიდან 2006 წლის 16 ოქტომბრამდე წოდებით ნამსახურობის პერიოდის ჩათვლა დაევალა; დანარჩენ ნაწილში (1992 წლის 15 აგვისტოდან 1993 წლის 9 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ოკუპირებული თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შნაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. რ-ს უარი ეთქვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით ნამსახურობის ანგარიშის შედგენაზე, იმ საფუძვლით, რომ პირადი საქმის მიხედვით მისი ნამსახურობა შეადგენდა 20 წელზე ნაკლებს (16 წელს, 5 თვეს და 5 დღეს), მათ შორის, 2005 წლის 10 სექტემბრიდან 21 დეკემბრამდე, 2010 წლის 6 იანვრიდან 2012 წლის 26 ივლისამდე და 2012 წლის 8 ოქტომბრიდან 2015 წლის 25 იანვრამდე შეირაღებული ძალებში ნამსახურობა შეადგენდა 10 წელზე ნაკლებს (5 წელს, 01 თვეს და 18 დღეს). პალატამ აღნიშნა, რომ ...ის სამხედრო კომისარის პოლკოვნიკ ვ. ვ-ას მიერ სამხედრო ბილეთის მაგიერ გაცემული ცნობითა და სანოტარო წესით დამოწმებული შრომის წიგნაკით დადგენილია, რომ ჯ. რ-ი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული იქნა 1987 წლის 16 დეკემბრიდან და მსახურობდა1989 წლის ოქტომბრამდე. ამასთან, ჯ. რ-ი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობდა ს/ნ 23-ე ბრიგადის ... ბატალიონში, 1992 წლის იანვრიდან 1993 წლის სექტემბრამდე და სამხედრო აღრიცხვაზე იმყოფებოდა ...ის გაერთიანებულ სამხედრო კომისარიატში.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. რ-ი 1993 წლის 9 ივლისიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, გათანაბრებული იყო დიდი სამამულო ომის მონაწილეებთან და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იყო 2005 წლის 28 მარტიდან, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, სარგებლობდა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული შეღავათებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 2004 წლის 6 სექტემბრის №370 პ/შ ბრძანებით ჯ. რ-ი 2004 წლის 14 ივლისიდან მიღებულ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებში, კერძოდ, იგი დაინიშნა შინაგანი ჯარების მე-2 სამმართველოს (ს/ნ ...) მე-3 ბატალიონის ...ის თანამდებობაზე, კონტრაქტით. ჯ. რ-ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2005 წლის 23 მარტიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სამხედრო ძალებში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, იგი გადავიდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 6 მაისის №969524 ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №1464პ/შ ბრძანებაში, რომლითაც ჯ. რ-ი ამოირიცხა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებიდან, 2004 წლის 27 დეკემბრიდან; განხორციელებული ცვლილების თანახმად, იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილად ჩაითვალა 2005 წლის 23 მარტიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 9 თებერვლის MIA 4 18 00323895 ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №1464 პ/შ ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე გაცემული შინაგანი ჯარების ქვედანაყოფებში მოსამსახურე სამხედრო მოსამსახურეები თანდართული სიის შესაბამისად დათხოვნილი იქნენ (სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით) შინაგან საქმეთა სამინისტროდან, 2005 წლის 01 იანვრიდან.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შინაგანი ჯარების მე-2 სამმართველოს (ს/ნ ...) მე-3 ბატალიონის ...ის თანამდებობაზე ჯ. რ-ის დანიშვნისა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის ბრძანებაში არ ფიქსირდება სადავო პერიოდში შინაგან საქმეთა ორგანოებში მისი სამოქალაქო პირად დასაქმების ფაქტი. უფრო მეტიც, გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ შინაგანი ჯარების ქვედანაყოფებში მოსამსახურე სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, უფროსი ლეიტენანტი ჯ. რ-ი ამოირიცხა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებიდან. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით საფუძველს იყო მოკლებული მოპასუხე მხარის აპელირება 2004 წლის 14 ივლისიდან 2005 წლის 23 მარტამდე მოსარჩელის სამხედრო წოდების გარეშე მსახურობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამავე პერიოდში ჯ. რ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თარიღს, პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №1464პ/შ ბრძანებაში 2018 წლის 9 თებერვალს შეტანილი ცვლილების თანახმად, მითითებული ბრძანება ამოქმედდა 2005 წლის 1 იანვრიდან, რაც გულისხმობს სამხედრო მოსამსახურეების მითითებული თარიღიდან დათხოვნას, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის 12 მარტს გაცემული MIA 8 18 00575025 ცნობით დაადასტურა მოსარჩელის ამავე სამინისტროში 2004 წლის 14 ივლისიდან 2005 წლის 23 მარტამდე მსახურობის ფაქტი. გარდა ამისა, 2005 წლის 28 მარტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირი სამსახურიდან გათავისუფლდა რამდენიმე თვით ადრე, 2004 წლის 27 დეკემბრიდან ან 2005 წლის 01 იანვრიდან, ამდენად, წარმოდგენილი მასალებით უტყუარად არ დგინდებოდა, რეალურად თუ რომელ თარიღამდე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მოსარჩელე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხის პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მოსარჩელის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელებას შესაბამისი სამართლებრივი საფუძველის გარეშე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. რ-ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული იყო 2004 წლის 14 ივლისიდან 2005 წლის 23 მარტამდე, შესაბამისი წოდებით.
პალატამ აღნიშნა, რომ 2006 წლის 27 მაისიდან 2008 წლის 28 დეკემბრამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს - ჯ. რ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ერიცხებოდა 9 მმ პისტოლეტი „მაკაროვი“ №...წ. (27.05.2006წ.- 28.12.2008წ.), რომელიც საჩუქრად გადაეცა შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 დეკემბრის №1413 ბრძანებით. აღნიშნული გარემოების არსებობის პირობებში, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირს სამსახურებრივი იარაღი ვერ გადაეცემოდა, თუ იგი არ იყოს შესაბამის უწყებაში/სამსახურში დასაქმებული. აქედან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მითითებულ პერიოდში, მათ შორის, 2006 წლის 27 მაისიდან 2006 წლის 16 ოქტომბრამდე ჯ. რ-ი წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულ პირს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2006 წლის 11 სექტემბრის №6161 პ/შ ბრძანებით, ჯ. რ-ი დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის დეპარტამენტის აფხაზეთის ა.რ. მთავარი სამმართველოს ...ი სამმართველოს ... განყოფილებაში, ...ის - ...ის თანამდებობაზე, 2006 წლის 7 სექტემბრიდან, 3 (სამი) თვის გამოსაცდელი ვადით. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 16 ოქტომბრის №6985 პ/შ ბრძანებით, სამხედრო ძალების რეზერვის ლეიტენანტი ჯ. რ-ი ჩაირიცხა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო სამსახურში და დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს ...ი სამმართველოს ... განყოფილების ...ი თანამშრომელი-...ის თანამდებობაზე. ამავე ბრძანების თანახმად, 2006 წლის 16 ოქტომბრისთვის მისი წელთა ნამსახურობა შეადგენდა 09 წელს, 05 თვეს და 04 დღეს. იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული იყო 2010 წლის 6 იანვრამდე, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 28 იანვრის №727 პ/შ ბრძანებით შსს ...ის დეპარტამენტის ...ის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს ...ი, ...ი, კაპიტანი ჯ. რ-ი, პირადი განცხადების საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო სამსახურიდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში, 2010 წლის 6 იანვრიდან. შესაბამისად, ამ თარიღისათვის მისი ნამსახურება შეადგენდა 12 წელს 7 თვესა და 24 დღეს.
პალატამ აღნიშნა, რომ 2010 წლის 6 იანვრიდან 2010 წლის აგვისტომდე ჯ. რ-ი მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის ძალების მოიერიშე ბატალიონში „...ი“ (7 თვე და 10 დღე). 2010 წლის 16 აგვისტოდან მსახურობდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოში, ...ა ჯგუფში, ...ის თანამდებობაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №2202 ბრძანებით, რომელიც პირადი საქმის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 1 ოქტომბრის №2704 ბრძანებით, ჯ. რ-ი დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალებიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 8 ოქტომბრის №3018 ბრძანებით, რომელშიც ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 1 ოქტომბრის №2704 ბრძანებით, დანიშნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოში, ...ა ჯგუფში, ...ის თანამდებობაზე. ჯ. რ-ის პირად საქმის თანახმად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 1 ოქტომბრის №2704 ბრძანებით, ერთის მხრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №2202 ბრძანება, რომლითაც ჯ. რ-ი დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალებიდან და მეორეს მხრივ, ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 8 ოქტომბრის №3018 ბრძანებაში, რომლითაც მოსარჩელე დანიშნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოში, ...ა ჯგუფში, ...ის თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა გულისხმობს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ჯ. რ-ის სამსახურიდან დათხოვნის შედეგების გაუქმებას და დანიშვნის შესახებ ბრძანებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას, რაც გულისხმობდა მის მიერ სადავო პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნამსახურებას. ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 30 იანვარს გაცემული MOD1 19 00095157 ცნობა, რომლის მიხედვითაც, ჯ. რ-ი მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში და 2012 წელს მის მიმართ გაცემული ხელფასი იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით სულ შეადგენდა 11145,60 ლარს (ხელზე გაცემული).
ჯ. რ-ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 14 დეკემბრის №3455 ბრძანებით გაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში. ამასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 26 თებერვლის №357 ბრძანებით იგი დაინიშნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს (...) მე-3 განყოფილებაში (პატრული), უფროსი პატრულის თანამდებობაზე და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 26 იანვრის №226 ბრძანებით დათხოვნილი იყო შეიარაღებული ძალებიდან, ზღვრული ასაკის გამო. პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული გარემოებები ცხადყოფდა 2010 წლის 6 იანვრიდან 2015 წლის 26 იანვრამდე, მათ შორის, 2012 წლის 26 ივლისიდან 2012 წლის 8 ოქტომბრამდე პერიოდში (5 წელი და 20 დღე) ჯ. რ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმების ფაქტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა საქმეში არსებულიმასალების გათვალისწინებით მიუთითებს, რომ ჯ. რ-ი 1987 წლის დეკემბრიდან 1989 წლის ოქტომბრამდე გადიოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს სსრკ-ისშეიარაღებულ ძალებში (1 წელი და 10 თვე); 1992 წლის იანვრიდან 1993 წლის სექტემბრამდე იგი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში (1 წელი და 9 თვე); 2004 წლის 14 ივლისიდან 2005 წლის 23 მარტამდე (8 თვე და 10 დღე) და 2006 წლის 27 მაისიდან 2006 წლის 16 ოქტომბრამდე (4 თვე და 20 დღე), შესაბამისი წოდებით - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და 2012 წლის 26 ივლისიდან 2012 წლის 8 ოქტომბრამდე (2 თვე და 12 დღე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სიღრმისეული ანალიზის შედეგად პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას 1992 წლის 15 აგვისტოდან 1993 წლის 9 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების პირობებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებანი ცალსახად არ დგინდებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორმა - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიუთითა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე, „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წესის" დანართი N2-ის მე-15 მუხლზე და აღნიშნა, რომ ჯ. რ-ის წელთა ნამსახურობა შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო/სპეციალური წოდებით შეადგენს 11 წელს 2 თვეს და 17 დღეს. ხოლო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში - 5 წელს 1 თვეს და 18 დღეს. საბოლოო ჯამში მოსარჩელის ნამსახურობა თავდაცვის სამინისტროში შეადგენს 16 წელს 4 თვეს და 5 დღეს. განმცხადებლის მიერ განცხადებაზე თანდართული შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №1464 პ/შ ბრძანების თანახმად, ჯ. რ-ი ამორიცხული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებიდან 2004 4 წლის 27 დეკემბრიდან, შესაბამისად თავდაცვის სამინისტრო, აღნიშნულ პერიოდს ვერ ჩაუთვლილდა ნამსახურობის წლებში.
კასატორის მითითებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, უსაფუძვლო იყო ჯ. რ-ს წელთა ნამსახურობაში 1987 წლის დეკემბრიდან 1989 წლის ოქტომბრამდე სასკ-ის ძალების რიგებში ნამსახურობის ჩათვლა. კასატორის მოსაზრებით, აგრეთვე დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის 1992 წლის იანვრიდან 1993 წლის დეკემბრამდე პერიოდის თავდაცვის სამინისტროს ძალებში ნამსახურებოდ და 2012 წლის 26 ივლისიდან 2012 წლის 8 ოქტომბრამდე პერიოდის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობად ჩათვლა.
კასატორმა - მიუთითა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 და მე-16 მუხლებზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას მოიპოვებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მოსამსახურე რიგითი და უფროსი შემადგენლობის წოდების მქონე პირი. ამასთან, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება კადრში ჩარიცხვის დღიდან თადარიგში დათხოვნამდე. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს სამინისტროში წოდებით ნამსახურებად 2004 წლის 14 ივლისიდან 2005 წლის 23 მარტამდე პერიოდის და 2006 წლის 27 მაისიდან 2010 წლის 6 იანვრამდე პერიოდის ჩათვლას საერთო სტაჟში. კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ჯ. რ-ი სამინისტროს წოდებით მსახურობდა 16/12/1994 - 13/12/2002წწ. პერიოდში, რაც შეადგენს: 07 წელს, 11 თვეს და 27 დღეს. ასევე 16/10/2006 - 06/01/2010წწ. პერიოდში, რაც შეადგენს: 03 წელს, 02 თვეს და 20 დღეს, ხოლო სამოქალაქო პირად (კონტრქატით) ნამსახურები: 14/07/2004 - 01/01/2005წწ. შეადგენს: 00 წელს, 05 თვეს და 17 დღეს. მოსარჩელეს სამინისტროს სისტემაში წოდებით ნამსახურები აქვს სულ 11 წელი - 2 თვე - 21 დღე. კასატორის მოსაზრებით, 14/07/2004 - 01/01/2005წწ სამოქალაქო პირად (კონტრქატით) ნამსახურები პერიოდი არ უნდა იქნას ჩათვლილი საერთო სტაჟში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, ჯ. რ-ს არ უნდა ჩაეთვალოს წელთა ნამსახურობის სტაჟში სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებული პერიოდი, რადგან არ არსებობს ხსენებულის სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება 2006 წლის 27 მაისიდან 2006წლის 16 ოქტომბრამდე სტაჟის დადასტურებას იმ საფუძვლით, რომ ამ პერიოდში ჯ-ს მინისტრმა აჩუქა ცეცხლსასროლი იარაღი, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან გამორიცხულია ამ კონკრეტული გარემოებით დადასტურდეს სამინისტროში მუშაობის ფაქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 09 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 09 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ჯ. რ-ისათვის მსახურების საერთო სტაჟში 1987 წლის დეკემბრიდან 1989 წლის ოქტომბრამდე სსრკ-ის შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში, 1992 წლის იანვრიდან 1993 წლის სექტემბრამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში (აქედან, 1992 წლის 15 აგვისტოდან 1993 წლის სექტემბრამდე იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთში), 2012 წლის 26 ივლისიდან 2012 წლის 8 ოქტომბრამდე პერიოდის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და 2004 წლის 14 ივლისიდან 2005 წლის 23 მარტამდე და 2006 წლის 27 მაისიდან 2006 წლის 16 ოქტომბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში წოდებით ნამსახურები პერიოდის ჩათვლა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ და „დ“ პუნქტებზე, რომელთა შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში; რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).
აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია დაკმაყოფილებულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდასტურებელი მტკიცებულებები.
1987 წლის 16 დეკემბრიდან 1989 წლის ოქტომბრამდე ჯ. რ-ის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ფაქტს ადასტურებს ...ის სამხედრო კომისარის პოლკოვნიკ ვ. ვ-ას მიერ სამხედრო ბილეთის მაგიერ გაცემული ცნობა და სანოტარო წესით დამოწმებული შრომის წიგნაკი, რომელიც აგრეთვე ადასტურებს, 1992 წლის იანვრიდან 1993 წლის სექტემბრამდე ჯ. რ-ი საქართველოს შეიარაღებული ძალების ს/ნ 23-ე ბრიგადის ... ბატალიონში მსახურობის ფაქტს.
2004 წლის 14 ივლისიდან 2005 წლის 23 მარტამდე ჯ. რ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურების ფაქტს ადასტურებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის 2004 წლის 6 სექტემბრის №370 პ/შ ბრძანება, რომლითაც ჯ. რ-ი 2004 წლის 14 ივლისიდან მიღებულ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებში, კერძოდ, იგი დაინიშნა შინაგანი ჯარების მე-2 სამმართველოს (ს/ნ ...) მე-3 ბატალიონის ...ის თანამდებობაზე, კონტრაქტით. რაც შეეხება მოსარჩელის გათავისუფლებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 6 მაისის №969524 ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №1464პ/შ ბრძანების თანახმად, ჯ. რ-ი შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგებიდან ამოირიცხა 2004 წლის 27 დეკემბრიდან, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 6 მაისის №969524 ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №1464პ/შ ბრძანებაში და განისაზღვრა, რომ მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილად ჩაითვალა 2005 წლის 23 მარტიდან.
საკასაციო სასამართლო აგრეთვე იზიარებს ქვედა ინსტანციის დასკვნას 2006 წლის 27 მაისიდან 2006 წლის 16 ოქტომბრამდე მოსარჩელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ხსენებულ პერიოდში მოსარჩელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მასალების ერთობლიობა (მათ შორის, 2006 წლის 27 მაისიდან 2008 წლის 28 დეკემბრამდე პერიოდში ჯ. რ-ის სახელზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პისტოლეტის აღრიცხვის საკითხი).
რაც შეეხება მოსარჩელისათვის 2012 წლის 26 ივლისიდან 2012 წლის 8 ოქტომბრამდე პერიოდის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნამსახურობად ჩათვლას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №2202 ბრძანებით ჯ. რ-ი დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალებიდან, თუმცა ხსენებული ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის2013 წლის 1 ოქტომბრის №2704 ბრძანებით. ამდენად, აღარ არსებობს 2012 წლის 26 ივლისიდან ჯ. რ-ის შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის საფუძველი. ამასთან, საგულისხმოა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 30 იანვარის MOD1 19 00095157 ცნობის მიხედვით, ჯ. რ-ი მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში და 2012 წელს მის მიმართ გაცემული ხელფასი იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით სულ შეადგენდა 11145,60 ლარს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე