დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 21.01.2021
საქმის ნომერი
ბს-540(კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.01.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #ბს-540(კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 10 აგვისტოს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული კაპიტალური ღობის გასწვრივ განთავსებულია კერძო პირთა საკუთრებაში არსებული ...ები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომზადდა პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა, რაც ითვალისწინებს აღნიშნული კერძო პირების საკუთრებაში არსებულ ...ებზე, ...ის დანიშნულებით, შენობა-ნაგებობის დაშენებას, რომელსაც წინა ფასადი ექნება ...ის წინ არსებული ღობის მხარეს. მშენებლობის ფარგლებში იგეგმება შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული კაპიტალური ღობის დემონტაჟი.

მოსარჩელის მტკიცებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების გამოცემისას დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. კერძოდ, იგი, როგორც დაინტერესებული პირი არ იყო მიწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაში, რადგან მშენებლობა, რომელიც ითვალისწინებს ღობის დემონტაჟს, მოსარჩელის საკუთრებაა და ამით მას მიადგება ზიანი.

ამდენად, მოსარჩელემ დ. ს-ას, ა. ბ-ას, ქ. დ-ას, თ. ა-ის, თ. ვ-ას, ნ. ჯ-ას, მ. კ-ას, ნ. კ-ას, ნ. ბ-ას, ზ. ბ-ის და ნ. რ-ას კოლექტიური განცხადების დაკმაყოფილების ნაწილში მათ საკუთრებაში არსებულ ერსართულიან ...ებზე მეორე სართულის დაშენება–რეკონსტრუქციის ნებართვის გაცემის თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 28 ნოემბრის #288 ბრძანებით შექმნილი „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, განაშენიანების რეგულირებისა და სამშენებლო სამართალდარღვევის საკითხთა კომისიის“ 2018 წლის 28 მაისის #37 ოქმისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 12 ივნისის #2645 მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, 2018 წლის 27 აგვისტოს მოსარჩელემ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე, დავის დასრულებამდე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 ივნისის #2645 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; წინამდებარე ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 ივნისის #2645 აქტის მოქმედება იმ ნაწილში, რაც ეხება მთავარი ფასადის მხარეს არსებული ღობის დემონტაჟს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ დ. ს-ა, ნ. ჯ-ა, ნ. ბ-ა, ნ. რ-ა, თ. ვ-ა, ნ. კ-ა, ქ. დ-ა, ა. ბ-ა, მ. კ-ა, თ. ა-ე და ზ. ბ-ე.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განჩინებით ჯ. ჟ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; მესამე პირის - თ. ა-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შვილი - მ. ა-ე.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მხოლოდ სამკვიდრო მოწმობა არ არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ მესამე პირს თ. ა-ეს არ ჰყავს სხვა მემკვიდრე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მაისის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო და კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება და 2019 წლის 19 ივნისის განჩინება.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალსიწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებდა მოსარჩელე მხარის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ასევე არ დასტურდებოდა აღნიშნული აქტებით მისი უფლების შეზღუდვის ფაქტი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მაისის განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში დისტანციურ სხდომაზე მოპასუხემ დააფიქსირა ზეპირი პოზიცია, რომ სადავო ღობის დემონტაჟი გასაჩივრებული მშენებლობის ნებართვის შესაბამისად, გათვალისწინებული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე არ არის იურიდიული ინტერესი და სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და მიუთითებს, რომ მშენებლობის ნებართვების გაცემის მიზნებისათვის განმცხადებლებმა წარადგინეს იდენტური არქიტექტურული პროექტები, რომელთა განმარტებით ბარათებში განმარტებულია: საერთო სამშენებლო ნაწილი: 1. მთავარი ფასადის მხარეს არსებული ღობის დემონტაჟი (მათ შორის, შემოკავების მეტალის ელემენტები გადაეცეს ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს). აღნიშნული ღობის დემონტაჟის სამუშაოები არქიტექტურულ პროექტებზე დართული მშენებლობის კალენდარული გრაფიკის შესაბამისად, წარმოადგენს პირველ რიგში შესასრულებელ სამუშაოს და უნდა განხორციელდეს 20 კალენდარული დღის ვადაში.

კასატორის განმარტებით, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცემა მშენებლობის ნებართვა. ანალოგიური პროცედურა იქნა გავლილი მოცემულ შემთხვევაშიც და შესაბამისად, კასატორისათვის გაუგებარია, რა სამართლებრივი საფუძვლით მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, რომ მშენებლობის ნებართვა არ ითვალისწინებდა ღობის დემონტაჟს. ამასთან, კასატორი ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის წარმომადგენლის ანალოგიურ ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე და აღნიშნავს, რომ ხსენებული განმარტება შეუძლებელია მისაღები იქნეს მითითებული ფაქტის დასადასტურებლად. მოპასუხის წარმომადგენელს არ გააჩნია უფლებამოსილება, შეიტანოს ცვლილება არქიტექტურულ პროექტში. აღნიშნული ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და შესაბამისი ბრძანების გამოცემის გზით, რასაც, კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს დ. ს-ას, ა. ბ-ას, ქ. დ-ას, თ. ა-ის, თ. ვ-ას, ნ. ჯ-ას, მ. კ-ას, ნ. კ-ას, ნ. ბ-ას, ზ. ბ-ის და ნ. რ-ას კოლექტიური განცხადების დაკმაყოფილების ნაწილში მათ საკუთრებაში არსებულ ერსართულიან ...ებზე მეორე სართულის დაშენება–რეკონსტრუქციის ნებართვის გაცემის თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 28 ნოემბრის #288 ბრძანებით შექმნილი „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, განაშენიანების რეგულირებისა და სამშენებლო სამართალდარღვევის საკითხთა კომისიის“ 2018 წლის 28 მაისის #37 ოქმისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 12 ივნისის #2645 მშენებლობის ნებართვის კანონიერება.

დადგენილია, რომ მშენებლობის სანებართვო მოწმობები არ შეიცავს დათქმას სადავო ღობის დემონტაჟის თაობაზე. არც მშენებლობის პროექტი არ შეიცავს მითითებას სადავო ღობის დემონტაჟის თაობაზე. ერთადერთი დოკუმენტი, სადაც ღობის დემონტაჟის თაობაზე არის მითითება - ე.წ. განმარტებითი ბარათია, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი არ არის საკმარისი ღობის დემონტაჟისთვის. აღნიშნული საკითხის განხორციელება (ღობის დემონტაჟი) დამოკიდებულია მომავალში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე.

ამასთან, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მესამე პირების მიერ მშენებლობის განხორციელება გამოიწვევს ღობის დემონტაჟს. დადგენილია, რომ მშენებლობა დასრულებულია თუმცა ღობის დემონტაჟი არ მომხდარა.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ სადავო ღობის რეგისტრაცია არ მომხდარა, ღობეზე მოსარჩელის საკუთრების უფლება არ დასტურდება. საქმის მასალებით არ დადასტურდა, რომ ღობის პრივატიზება მოხდა მოსარჩელის მიერ.

დადგენილია, რომ სადავო ღობე განთავსებულია მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით ..., რომელიც წარმოადგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებას და უშუალოდ მის მომიჯნავედ მდებარეობს საქმეში მოწვეული მესამე პირების საკუთრება.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს მოსარჩელე მხარის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ასევე, არ დასტურდება აღნიშნული აქტებით მისი უფლების შეზღუდვის ფაქტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გ. ფ-ს შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე 02.10.2020წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. ფ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მაისის განჩინება;

3. გ. ფ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე 02.10.2020წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე