დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #ბს-572(კ-20) 15 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 5 აპრილს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - შპს „...ის“ მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11 დეკემბრის #1366 ბრძანების საფუძველზე შპს „...ზე“ 10 წლის ვადით გაიცა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზია. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2016 წლის 23 ივნისს #996/ს ბრძანების საფუძველზე, შპს „...ზე“ გაცემული #100011 ლიცენზიის მოქმედების ვადა გაგრძელდა 10 წლით.
მოსარჩელის მითითებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 ოქტომბრის #1/3/611 გადაწყვეტილებით, შპს „მ...სა“ და შპს „პ...-ის“ საკონსტიტუციო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს #1 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. მოპასუხე შპს „...მ“ არ გადაიხადა 2015-2016 წლის თევზჭერის სეზონისათვის განსაზღვრული რეგულირების საფასურის ნაწილი, კერძოდ 2016 წლის 31 იანვრიდან 2016 წლის 31 ივლისამდე გადასახდელი თანხა - 122 217.25 ლარი.
მოსარჩელის აღნიშვნით, 2016 წლის 24 აგვისტოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შპს „...ს“ მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის #027144 ოქმი. შემდგომში, მოპასუხე ფოთის საქალაქო სასამართლომაც ცნო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირად და ადმინისტრაციული სახდელის სახით დააჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით. მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმიდან და ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოპასუხე დაეთანხმა ოქმში მითითებულ გარემოებებს. მოპასუხე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული დავალიანების დაფარვის შესახებ და განემარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა რეგულირების საფასურით დაბეგვრის არსებული პრინციპის (კვოტითა და არა ფაქტობრივი მოპოვებით) კონსტიტუციურობა. დავის საგანი არ ყოფილა რეგულირების საფასურის, როგორც გადასახადის არაკონსტიტუციურად მიჩნევა და მისი საერთოდ გაუქმების საკითხი, შესაბამისად გადაწყვეტილება მისი გაუქმების თაობაზე ვერ იქნებოდა მიღებული. ასევე, 2016 წლის 30 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მოხდა არა რეგულირების საფასურის გაუქმება, არამედ არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი რეგულირების საფასურის ანგარიშსწორების წესის განმსაზღვრელი ნორმა (ვინაიდან, გადასახადების დაწესება შესაძლებელია კანონით და არა კანონქმემდებარე აქტებით. აქტი არაკონსტიტუციურია იმიტომ, რომ სადავო რეგულირება განსაზღვრული იყო არა კანონით, არამედ კანონქვემდებარე აქტით, რის შემდგომაც შემუშავებულ და შეტანილ იქნა ცვლილებები „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში).
მოსარჩელის განმარტებით, სარჩელით მოთხოვნილი თანხა, როგორც დავალიანება, წარმოშობილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. მიუხედავად იმისა, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან მოპასუხეს არაერთხელ განემარტა, რომ რეგულირების საფასურის, როგორც გადასახადის გადახდის აუცილებლობა, საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია, შპს „...იმ“ სააგენტოს მიმართ არსებული დავალიანება - რეგულირების საფასურის სახით 122 217.25 ლარი არ გადაიხადა.
ამდენად, მოსარჩელემ მოპასუხე შპს „...ისათვის“ 2016 წლის 31 იანვრიდან 2016 წლის 31 ივლისამდე გადასახდელი რეგულირების საფასურის 122 217.25 ლარის ოდენობით დაკისრება მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „...ის“ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ 2016 წლის 31 იანვრიდან 2016 წლის 31 ივლისამდე გადასახდელი რეგულირების საფასურის - 122 217.25 ლარის გადახდა დაეკისრა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...იმ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლეოდა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი შეფასებები.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილი იყო და მხარეებიც სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტის მიერ მოპასუხეზე გაცემულ იქნა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზია, შესაბამისად, იგი ექვემდებარებოდა „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეგულაციას და წარმოადგენდა რეგულირების საფასურის გადამხდელს.
„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ ამ საფასურის დადგენილი ოდენობით და დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამასთანავე, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაჩეროს დამრღვევის მიმართ მარეგულირებელი ფუნქციების შესრულება.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე #1/3/611) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი არა თავად რეგულირების საფასური, არამედ მისი გადახდის წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს #1 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რადგანაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რეგულირების საფასურის ოდენობა და მისი გადახდის წესი უნდა განსაზღვრულიყო კანონით და არა კანონქვემდებარე აქტით. ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია რეგულირების საფასურის გადახდის ვალდებულების არარსებობის შესახებ, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესი არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას უკავშირებს არა მისი ამოქმედების, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტს, რაც გამორიცხავს მხარეთა შორის ძალადაკარგულად ცნობილი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე წარმოშობილი და დასრულებული ურთიერთობის გადახედვის შესაძლებლობას, თუ ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ახალი ნორმატიული აქტით სხვა რამ არ იქნება დადგენილი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...იმ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატა უსაფუძვლოდ მიუთითებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველ პუნქტზე. კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმები არ არის რელევანტური მოცემულ საკითხთან მიმართებით. უფრო კონკრეტულად, არსებობდა ვალდებულება საფასურის გადახდის თაობაზე, რომელიც გაუქმდა, შესაბამისად ამ ვალდებულების/ნორმის გაუქმების დღიდან არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი თანხის გადახდისა. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლო სადავო ურთიერთობას უსაფუძვლოდ მიიჩნევს „წარმოშობილად და დასრულებულად“, რამდენადაც, თუკი ურთიერთობა დასრულებული იყო (სამართლებრივი ურთიერთობა სრულდება ურთიერთვალდებულების შესრულებით ან არარსებობით), მაშინ სადავო საკითხი არც არსებობს. ამის საპირისპიროდ კი, შპს „...ის“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მავალდებულებელი ნორმის გაუქმებამდე გააჩნდა რეგულირების საფასურის გადახდის დენადი ვალდებულება, ე.ი. წარსულში უკვე წარმოშობილი ურთიერთობა არ იყო დასრულებული წარსულშივე და მიმდინარეობდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აქტის გაუქმებამდე. კასატორი მიიჩნევს, რომ ნორმის გაუქმების დღიდან უკვე აღარ არსებობს ვალდებულება თანხის გადახდის თაობაზე.
კასატორის მოსაზრებით, მცდარია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „...ის“ გაუქმებული აქტისა და სალიცენზიო პირობების საფუძველზე გააჩნდა რეგულირების საფასურის გადახდის ვალდებულება, თუმცა გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის მოხმობილი სალიცენზიო პირობა, რომელიც განსაზღვრავდა საფასურის გადახდის ვალდებულებას. ამის საპირისპიროდ კი, ერთ-ერთ სალიცენზიო პირობად საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის #696 განკარგულების დანართი #1-ის „ი“ ქვეპუნქტში მითითებულია: „დაიცვას ლიცენზიის მოქმედების პერიოდში მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნები, მათში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით.“ კასატორი მიიჩნევს, რომ შპს „...იმ“ ნამდვილად დაიცვა აღნიშნული მოთხოვნები და ვალდებულების განსაზღვრელი ნორმის გაუქმების შემდგომ, გაითვალისწინა ნორმატიულ აქტში განხორციელებული ცვლილება - რეგულირების საფასურის გადახდის ვალდებულების განმსაზღვრელი ნორმის გაუქმება და შესაბამისად, არ მიიჩნია თავი ვალდებულად, დაეფარა არარსებული დავალიანება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხე შპს „...ისათვის“ მოსარჩელის - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის 2016 წლის 31 იანვრიდან 2016 წლის 31 ივლისამდე გადასახდელი რეგულირების საფასურის 122 217.25 ლარის ოდენობით დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობა.
საკასაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია და მხარეებიც სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტის მიერ მოპასუხეზე გაცემულ იქნა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზია, შესაბამისად, იგი ექვემდებარებოდა „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირობებს და წარმოადგენდა რეგულირების საფასურის გადამხდელს.
„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ ამ საფასურის დადგენილი ოდენობით და დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამასთანავე, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაჩეროს დამრღვევის მიმართ მარეგულირებელი ფუნქციების შესრულება.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე #1/3/611) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი არა თავად რეგულირების საფასურის დადგენა, არამედ მისი გადახდის წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს #1 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რადგანაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რეგულირების საფასურის ოდენობა და მისი გადახდის წესი უნდა განსაზღვრულიყო კანონით და არა კანონქვემდებარე აქტით. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია რეგულირების საფასურის გადახდის ვალდებულების არარსებობის შესახებ, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესი არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას უკავშირებს არა მისი ამოქმედების, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტს, რაც გამორიცხავს მხარეთა შორის ძალადაკარგულად ცნობილი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების გადახედვის შესაძლებლობას, თუ ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ახალი ნორმატიული აქტით სხვა რამ არ იქნება დადგენილი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე 06.07.2020წ. #1594028145 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 6 110.87 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...ის“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 4 277.61 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინება;
3. შპს „...ის“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.07.2020წ. #1594028145 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6 110.87 ლარის 70 პროცენტი - 4 277.61 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე