დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 15.10.2020
საქმის ნომერი
ბს-530(2კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.10.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #ბს-530(2კ-20) 15 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 6 მარტს შპს „...“-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 27 ივნისის #001265 დადგენილებით შპს „...“ სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმდა 10 000 ლარით. აღნიშნული დადგენილება გასაჩივრდა კანონით დადგენილი წესით, თუმცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 16 თებერვლის #1-377 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის რეალურად არსებობის შემთხვევაშიც კი, ჯარიმის ოდენობა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარი, გამომდინარე იქიდან, რომ ავტოგასამართი სადგური და კაფე-სასადილო წარმოადგენს შპს „...“-ის კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

მოსარჩელის განმარტებით, შპს „...“-ის ავტოგასამართ სადგურსა და კაფე-სასადილოზე არავითარი რეკონსტრუქცია არ განხორციელებულა. ყველა გამოვლენილი თითქოსდა დარღვევა არსებობდა ამ ობიექტების ექსპლოატაციაში მიღების დროს - 2005 წელს, რასაც ადასტურებს თუნდაც ის გარემოება, რომ 2005 წლის ე.წ. „გადაფრენის“ სურათზე ნათლად ჩანს, რომ #1 და #2 შენობები ჯერ კიდევ მაშინ ერთი სახურავის ქვეშ იყო მოქცეული. აღნიშნულ „გადაფრენაზევე“ ჩანს, რომ 2005 წლიდან ადგილი არ ჰქონია არავითარი კონფიგურაციისა და გაბარიტების ცვლილებას. რაც შეეხება 11-11 ღერძთან მოწყობილ ღობეს, მოსარჩელის მითითებით, იგი წარმოადგენს ღობის ნიმუშს - ბუტაფორიას, რომელიც მოწყობილია ღობის ასაშენებელი სამშენებლო მასალების თვალსაჩინოებისათვის და არავითარი ღობის ან სხვა რაიმე ფუნქცია არ აკისრია, რაც ასევე კარგად ჩანს სურათზეც.

ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შენობის ირგვლივ ფილის კონფიგურაცია შეცვლილია მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის მიერ, რომელიც შეჭრილია შპს „...“-ის საზღვრებში.

ამდენად, მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 27 ივნისის #001265 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 16 თებერვლის #1-377 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ბიჭიკო ქართლოსიშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „...“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „...“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 27 ივნისის #001265 დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 16 თებერვლის #1-377 ბრძანება.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელისათვის 27.06.2016წ. #001265 სადავო აქტით დაკისრებული ჯარიმის ოდენობაზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის პირველ ინსტანციაში განხილვის დროს მოსარჩელემ წარადგინა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 12.02.2018წ. #3818596 გადაწყვეტილება, რომლითაც დგინდება, რომ არქიტექტურის სამსახურმა, შპს „...“-ის მოთხოვნის შესაბამისად, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შესაძლებლად მიიჩნია თბილისში, ...ის რაიონში, ...ზე, ...ის მიმდებარედ (ნაკვეთი ...) არსებული მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდები: ... და ...) საზღვრების კორექტირება. ამასთანავე, აპელანტმა საქმის სააპელაციო პალატაში განხილვის ეტაპზე წარადგინა შპს „რ...“-ის მიერ შპს „...“-ის დაკვეთით შედგენილი დაკვალვის აქტი, რომლითაც დგინდება, რომ შპს „რ...“-მა დაკვალა მისამართი: თბილისი, ...ი, ...ის დასაწყისი (ს.კ. ...). მიწის ნაკვეთის წერტილები დამაგრებულია ადგილზე, ფაქტობრივი მდგომარეობით. არსებული ნაგებობა მთლიანად არის მოქცეული საკადასტრო საზღვრებში და არ კვეთს წითელ ხაზებს. დაკვალვის მონაცემები აღებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული მონაცემების საფუძველზე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა გამოიკვლიოს: არსებული მდგომარეობით სცდება თუ არა მოსარჩელის მიერ უნებართვოდ განხორციელებული რეკონსტრუქცია მის კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო საზღვრებს და გადადის თუ არა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, უნებართვო რეკონსტრუქციის განხორციელება კერძო საკუთრებაში არსებული ქონების ფარგლებში, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ გამოიწვევს ჯარიმის სახით 8000 ლარის დაკისრებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორთა განმარტებით, გაბარიტების ცვლილების ფაქტის დადგენას არსებითი მნიშვნელობა აქვს სამშენებლო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებისას, რადგან მოქმედი კანონმდებლობა შენობა-ნაგებობის ისეთი რეკონსტრუქციისას, რომელიც იწვევს გაბარიტების ცვლილებას და ობიექტის სახელმწიფო ტერიტორიაზე გადასვლას, ითვალისწინებს პასუხისმგებლობას 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების სახით.

კასატორები განმარტავენ, რომ მოცემულ შემთხვევაში, კიბის საფეხურები გაცდენილია საკადასტრო საზღვრებს, რაც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტის ცვლილებას, ვინაიდან იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის/გარე შემომზღუდავი კონსტრუქციის პარამეტრი, ხოლო მიმატებული ფართი ქმნის შენობა-ნაგებობის არსებით შემადგენელ ნაწილს, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია შენობა-ნაგებობის ამ ნაწილის განადგურების გარეშე. კასატორთა აღნიშვნით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ უნებართვოდ მიჩნეული სამშენებლო სამუშაო სცდება ს.კ. ... საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ამდენად, კასატორები მიიჩნევენ, რომ არსებობდა შპს „...“-ის 10 000 ლარით დაჯარიმების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 27 ივნისის #001265 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 16 თებერვლის #1-377 ბრძანების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შპს „...“-ის მიმართ 21.03.2016წ. შედგენილ #001265 მითითებაზე, რომლის თანახმად, შპს „...“-მა დაარღვია ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 27.01.2005წ. #20/15 ბრძანებით შეთანხმებული არქიტეტურული პროექტი: ქ. თბილისში, ...ზე, ...ის დასაწყისში (ს.კ. ...) შპს „...“-მა განახორციელა არსებული ავტოგასამართი სადგურისა და კაფე-სასადილოს რეკონსტრუქცია, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე: შენობა #1 და #2 გაერთიანებულია, ასევე შენობას შეცვლილი აქვს კონფიგურაცია და გაბარიტი, დამატებულია ფანჯრები, ჟალუზები, გისოსები, კიბის საფეხურები, კონდიციონერები, წყალშემკრები მილები, სარეკლამო აბრები. 11-11 ღერძთან მოწყობილია კაპიტალური ღობე, შეცვლილია სახურავის კონფიგურაცია. შენობის ირგვლივ შეცვლილია ფილის კონფიგურაცია. შენობასთან განთავსებულია გენერატორი. შეცვლილია სვეტების გაბარიტები და ფორმა, ასევე შეცვლილია აღნიშნული სვეტების თავზე მოწყობილი გადახურვის კონფიგურაცია. საწვავის აპარატებთან დამატებულია ლითონის კონსტრუქციები და დანადგარი. დ-დ ღერძთან, 2-1 მონაკვეთში მოწყობილია სადროშეები. საკადასტრო საზღვრებს გარეთ, გზატკეცილის მიმდებარედ, გამწვანების ზოლში მოწყობილია სარეკლამო კონსტრუქცია. ნაწილობრივ შეცვლილია ვიტრაჟების ნახატი და ფასადებზე შეცვლილია დეკორატიული ელემენტები. შენობის ნაწილი, კიბეები და კაპიტალური მოაჯირები გაცდენილია საკადასტრო საზღვარს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „...“-მა, თბილისში, ...ზე, ...ის დასაწყისში (ს.კ. ...) განახორციელა ავტოგასამართი სადგურის და კაფე-სასადილოს რეკონსტრუქცია, რაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. #57 დადგენილების 36-ე მუხლის შესაბამისად, საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ შესაბამისი წესით გაცემული სანებართვო დოკუმენტაცია შპს „...“-ს არ გააჩნდა. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილი იყო, რეკონსტრუქცია განეხილა, როგორც უნებართვო მშენებლობა და შესაბამისი პროცედურის დაცვით, გამოეტანა დადგენილება მოსარჩელის სანქცირების შესახებ.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელისათვის სადავო აქტით დაკისრებული ჯარიმის ოდენობაზე. დადგენილია, რომ 2016 წლის 27 ივნისის #001265 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლით გათვალისწინებული უნებართვო მშენებლობა ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე იწვევდა პირის დაჯარიმებას 10 000 ლარით, ხოლო იგივე ქმედება კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, იწვევდა დაჯარიმებას 8 000 ლარით. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უნებართვოდ განხორციელებული რეკონსტრუქცია სცდებოდა მოსარჩელის საკადასტრო საზღვრებს და გადადიოდა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ შპს „...“ დააჯარიმა 10 000 ლარით.

საკასაციო პალატას მნიშვნელოვნად მიაჩნია, მიუთითოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის #ბს-360-357(2კ-17) განჩინებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „..სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არამხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. ზემოაღნიშნულის გარდა, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო აქტების გასაჩივრება აჩერებს საჯარიმო თანხის გადახდის ვალდებულებას, ამასთანავე სადავო აქტების გასაჩივრების შემთხვევაში პირისათვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლო გადაწყვეტილება და არა სადავო აქტები..“. მითითებულ საქმეზე საკასაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ „..სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს სადავო სამართალურთიერთობების მიმართ უნებართვო მშენებლობის განხორციელების შემდგომ, ნაკვეთის კერძო საკუთრებაში მოქცევის გამო, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული შეღავათიანი რეჟიმის გამოყენების შესაძლებლობაზე, კერძოდ, დამრღვევის - მ. გ-ის მიმართ ჯარიმის სახით - 8 000 ლარის გამოყენებაზე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით ქ. თბილისში, ..., ... ქ. #... ...ის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთი წარმოადგენს კერძო საკუთრების ობიექტს..“.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საქმის პირველ ინსტანციაში განხილვის დროს მოსარჩელემ წარადგინა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 12.02.2018წ. #3818596 გადაწყვეტილება, რომლითაც დგინდება, რომ არქიტექტურის სამსახურმა, შპს „...“-ის მოთხოვნის შესაბამისად, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შესაძლებლად მიიჩნია თბილისში, ...ის რაიონში, ...ზე, ...ის მიმდებარედ (ნაკვეთი ...) არსებული მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდები: ... და ...) საზღვრების კორექტირება. ამასთან, მოსარჩელემ საქმის სააპელაციო პალატაში განხილვის ეტაპზე წარადგინა შპს „რ...“-ის მიერ შპს „...“-ის დაკვეთით შედგენილი დაკვალვის აქტი, რომლითაც დგინდება, რომ შპს „რ...“-მა დაკვალა მისამართი: თბილისი, ...ი, ...ის დასაწყისი (ს.კ. ...). მიწის ნაკვეთის წერტილები დამაგრებულია ადგილზე, ფაქტობრივი მდგომარეობით. არსებული ნაგებობა მთლიანად არის მოქცეული საკადასტრო საზღვრებში და არ კვეთს წითელ ხაზებს. დაკვალვის მონაცემები აღებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული მონაცემების საფუძველზე.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინებით, არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დამატებით გამოკვლევის საჭიროება, კერძოდ, მოპასუხემ უნდა დაადგინოს, არსებული მდგომარეობით სცდება თუ არა მოსარჩელის მიერ უნებართვოდ განხორციელებული რეკონსტრუქცია მის კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო საზღვრებს და გადადის თუ არა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, უნებართვო რეკონსტრუქციის განხორციელება კერძო საკუთრებაში არსებული ქონების ფარგლებში, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ გამოიწვევს ჯარიმის სახით არა 10 000 ლარის, არამედ 8000 ლარის დაკისრებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე