დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 24.11.2011
საქმის ნომერი
54აგ.-2011
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
24.11.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე ¹54აგ-11 თბილისი

24 ნოემბერი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 22 აგვისტოს განაჩენით დ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, იმავე მუხლის მე-4 ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, იმავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეოთხე ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით; სსკ-ის მე-17 მუხლისა და 104-ე მუხლის მე-6, მე-7 ქვეპუნქტებით (1960 წლის რედაქცია) – სიკვდილით დასჯა და საბოლოოდ დ. გ-ეს სასჯელის სახედ განესაზღვრა სიკვდილით დასჯა.

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹387-ე ბრძანებულების თანახმად, მსჯავრდებული დ. გ-ე შეწყალებულ იქნა და განაჩენით დანიშნული სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა შეეცვალა 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 25 მაისის განაჩენით დ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რასაც სსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 მარტის განჩინებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 22 აგვისტოს განაჩენსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 25 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: დ. გ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 და მე-7 ქვეპუნქტებით (1960 წლის რედაქცია), გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით, ხოლო სსკ-ის 17,104-ე მუხლის მე-4 ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით დარჩა უცვლელად. საბოლოოდ დ. გ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.

2011 წლის 23 ივნისს დ. გ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 22 აგვისტოს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 25 მაისის განაჩენებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 10 მარტის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივლისის განჩინებით დ. გ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2011 წლის 14 ივლისს დ. გ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 22 აგვისტოს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 25 მაისის განაჩენებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 10 მარტის განჩინების გადასინჯვა იმავე მოტივებით, რაზეც მითითებული ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევის ფაქტი ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა რა მოცემული საქმე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ დ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ დ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.