საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 15.04.2004
საქმის ნომერი
2კ-116აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.04.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 116-აპ 15 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ნ. გაბრიჩიძე

განიხილა მსჯავრდებულ ი. ყ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 იანვრის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 12 სექტემბრის განაჩენში ი. ყ-ის მიმართ, კერძოდ, ი. ყ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “გ”, “დ”, “ე” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და ერთობლივად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილითა და მე-60 მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სასჯელის მოხდა ი. ყ-ლს დაეწყო 2002წ. 18 სექტემბრიდან.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით ი. ყ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ იყო რა იგი ადრე სამჯერ ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ჯგუფურად, სადგომში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, არაერთგზის ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც თან ერთვოდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარა.

მანვე მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს.

ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ი. ყ-ლი 2002წ. 21 მაისს დანაშაულებრივად დაუკავშირდა არასრულწლოვან გ. ხ-ლს და შესთავაზა, მოეძებნა მეორე პირი, რომელთან ერთადაც დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით მოახდენდა ყაჩაღურ თავდასხმას ქ. რუსთავში, --- მდებარე კომანდიტურ საზოგადოება “---ის” კუთვნილ აფთიაქზე, თანაც შეჰპირდა ამისათვის ცეცხლსასროლი იარაღით მომარაგებას.

აღნიშნულ წინადადებაზე გ. ხ-მა თანხმობა განაცხადა და თავის მხრივ დანაშაულის ჩადენაზე დაიყოლია ასევე არასრულწლოვანი ა. ბ-რი.

წინასწარი შეთანხმების შემდეგ ი. ყ-მა ქ. რუსთავში, --- მდებარე კორპუსის სადარბაზოში, მიიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილლულიანი სანადირო თოფი, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ი. ყ-ლი თანამზრახველებთან ერთად 2002წ. 22 მაისს, 14 საათსა და 30 წუთზე, მივიდა ხსენებულ აფთიაქთან, გ. ხ-ლი შეიყვანა --- კორპუსის სადარბაზოში და გადასცა მის მიერ წინასწარ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი. გარდა ამისა, ი. ყ-ლმა ა. ბ-რს და გ. ხ-ს მისცა თვალებამოჭრილი ქუდები ნიღბებად გამოყენების მიზნით, გაამხნევა ისინი და დაჰპირდა, რომ თვითონ გარეთ დაელოდებოდა.

ამის შემდეგ, წინასწარ განაწილებული როლების მიხედვით, ი. ყ-ლი გარეთ დარჩა, რათა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ შეეტყობინებინა თავდამსხმელებისათვის, გ. ხ-მა და ა. ბ-მა კი უკანონოდ შეაღწიეს კომანდიტურ საზოგადოება “---ის” კუთვნილ აფთიაქში, სადაც დიდი ოდენობით თანხის დასაუფლებლად ყაჩაღურად თავს დაესხნენ იქ მომუშავე ნ. და ი. მ-ებს, რომლებსაც ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცეს კომანდიტური საზოგადოების კუთვნილი თანხა _ 56 ლარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ი. ყ-ლი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ საქმის შეწყვეტას. იგი მიუთითებს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და უკანონოდაა მსჯავრდებული.

საქართველოს გენერალური პროკურატურიდან შემოსულია მსჯავრდებულ ი. ყ-ის განცხადება, სადაც იგი არ უარყოფს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს; ამასთან, მიუთითებს, რომ დანაშაული ჩაიდინა რუსთავის შინაგან საქმეთა განყოფილების მუშაკების წაქეზებით, რისთვისაც ითხოვს სათანადო რეაგირებას.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ე. ქ-ამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია ი. ყ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე ი. ყ-ის მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულ ი. ყ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია მოწმეების _ გ. ხ-ისა და ა. ბ-ის ჩვენებებით. ისინი ამავე საქმეზე იყვნენ მსჯავრდებულნი და ორივენი დანაშაულის ჩადენაში ამხელდნენ ი. ყ-ლს. ფაქტი იმისა, რომ აფთიაქზე მოხდა ყაჩაღური თავდასხმა, დადგენილია დაზარალებულების _ ი. და ნ. მ-ის ჩვენებებით, ასევე მოწმე ს. ნ-ას ჩვენებით.

ი. ყ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია აგრეთვე ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვით, გამოსაკვლევად წარმოდგენილი ¹-- იარაღი წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ, სანადირო დანიშნულების “ბ” მოდელის 16-კალიბრიანი თოფის გადანაჭერს, რომელიც ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით განეკუთვნება კრიმინალურ ცეცხლსასროლ იარაღთა ჯგუფს და ვარგისია სროლისათვის.

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული ი. ყ-ლი საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელზე გაგზავნილ განცხადებაში დეტალურად მიუთითებს მის მიერ ყაჩაღობის ჩადენაში მონაწილეობას, იქვე აღნიშნავს, რომ ყველაფერი ეს მოწყობილი იყო პოლიციის მუშაკების მიერ და აფთიაქზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა მათი წაქეზებით.

პალატა თვლის, რომ საქმის მასალებით მსჯავრდებულ ი. ყ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, მისი ქმედება სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა და სასჯელიც ჩანადენის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების მიხედვით განუსაზღვრა, რის გამოც არ არსებობს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის კანონიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ი. ყ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 იანვრის განაჩენი ი. ყ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.