დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-1042(კ-19) 27 იანვარი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსე ნებელი),მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბმა „კ...-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს...ი“; თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირები - შპს „ბ...ი“, შპს „...ი“; სს „ბ...ი“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 25 ივლისს სს „ს...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირის - ბმა „კ...-ის“ მიმართ.
მოსარჩელემ, სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, საბოლოოდ, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2016 წლის 1 აპრილის №... და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2016 წლის 5 მაისის №... გადაწყვეტილებების გაუქმების ნაწილში ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 ივნისის №... გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 1 აპრილის №... გადაწყვეტილების და სარეგისტრაციო წარმოების შეწეყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 5 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის შპს „ს...ის“ ფართის (რომელიც ამჟამად ინტეგრირებულია ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ დერეფნის ნაწილში) №... რეგისტრაციის შედეგად არსებული ჩანაწერის აღდგენის თაობაზე, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ბმა „კ...“, შპს „ბ...ი“, შპს „...ი“ და სს „ბ...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით სს „ს...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 ივნისის №... გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 1 აპრილის №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და 2016 წლის 5 მაისის №... სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა სადავო 52 კვ.მ. დერეფნის გათვალისწინებით ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ფარგლებში 2013 წლის 11 ოქტომბრის N... განცხადებით მოთხოვნილი უფლების მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბმა „კ...-მა“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინებით ბმა „კ...-ის“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 1 აპრილის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გამოცემული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეფასებინა დაინტერესებული პირების მოთხოვნა შეეხებოდა თუ არა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ისეთ ქონებას, რომელიც არ იმყოფებოდა ინდივიდუალურ საკუთრებაში და შესაბამისად, არ მოითხოვდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობას. ამავდროულად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო გადაწყვეტილებების მიღებით გაიზარდა შპს ,,რ...ა” და შპს ,,ბ...ის” თბილისში, ...ის ქუჩა №19-ში მდებარე ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართები, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დადგენილი უნდა ყოფილიყო მოცემული შემთხვევის შესაბამისობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-101 მუხლის პირველ პუნქტთან.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ფართი არ წარმოადგენდა კიბის უჯრედს, არ მოიცავდა ლიფტის ტერიტორიას და არ იყო საერთო სარგებლობაში, არამედ ფართი წარმოადგენდა ლიფტის მიმდებარე ტერიტორიას, დერეფნის ნაწილს. პალატის მითითებით, მეორე სართულზე არსებული ქონება სრულად ეკუთვნოდა მოსარჩელეს, შესაბამისად, სწორედ ის იყენებდა და სარგებლობდა სადავო ფართს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ქონება არ იყო საერთო გამოყენებისა და სარგებლობის, მისი კონკრეტული პირის სახელზე აღრიცხვა ხელს არ შეუშლიდა საერთო სარგებლობის ქონების დანიშნულებისამებრ გამოყენებას. ამასთანავე, სააპელაციო პალატის მითითებით, თბილისში, ...ის ქუჩა №19-ში, მეორე სართულზე მდებარე კომერციული ოფისის (საკადასტრო კოდი - ...) 653 კვ.მ. ფართი კერძო საკუთრების უფლებით მოიცავდა მშენებლობის პროექტში ასახულ 52 კვ.მ დერეფანს. აღნიშნული კერძო საკუთრების უფლებით დარეგისტირებული იყო 2013 წლის 03 ოქტომბერს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ფართის ინდივიდუალური საკუთრების უფლებით რეგისტრაცია განხორციელდა არა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 27 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, არამედ მანამდე არსებული რეგისტრაციით და სწორედ ამგვარი უძრავი ნივთი გადავიდა შპს „რ...“ საკუთრებად. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 27 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობას არ შეუცვლია ის ფაქტი, რომ დერეფანი (ლიფტის გარშემო არსებული სივრცე) კერძო საკუთრების უფლებით უკვე აღრიცხული იყო სს „ს...ის“ წინა მესაკუთრის საკუთრებად და ფართის ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობა აღადგენდა იმ სამართლებრივ მდგომარეობას, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 27 დეკემბრის №... გადაწყვეტილებამდე არსებობდა, მით უფრო, იმ პირობებში, რომ შპს „...ის“ დირეტორის 2013 წლის 13 სექტემბრის №6 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც განხორციელდა პირველადი რეგისტრაცია, სადავო არ იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ბმა „კ...-ის“ მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და ბუნდოვანია. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები. კასატორის მოსაზრებით, პალატამ ერთმანეთისაგან ვერ განასხვავა სს „ს...ის“ ინდივიდულური საკუთრების საგანი და საერთო საკუთრებაში არსებული ფართი. კასატორის განმარტებით, სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს ლიფტის მიმდებარე ტერიტორიას, ლიფტთან მისასვლელი დერეფნის ნაწილს და აღნიშნული ფართობი, შენობის პროექტის მიხედვით, მოქცეულია საერთო სარგებლობის ფართობში. ამდენად, სადავო ფართზე ინდივიდუალური საკუთრების უფლების დადგენა საჭიროებდა შენობის ყველა მესაკუთრის ნების გამოვლენას ან/და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებას. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ შეაფასა მოსარჩელის მიერ 52 კვ.მ. ფართობის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ გააჩნდა უფლების დამდგენი დოკუმენტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით (მოსამართლე - ვასილ როინიშვილი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბმა „კ...-ის“ საკასაციო საჩივარი.
ამასთან, მოსამართლე - ვასილ როინიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო, ზემოაღნიშნული ადინისტრაციული საქმე, 2020 წლის 24 ივნისს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით განაწილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ქეთევან ცინცაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბმა „კ...-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2013 წლის 13 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა შპს „...ის” №... განცხადება, უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე უფლების რეგისტრაციის შესახებ. განაცხადს ერთვოდა შპს-ს დირექტორის 2013 წლის 13 სექტემბრის №6 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, შპს „...ის“ საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, ...ის ქ.№19-ში, მე-2 სართული, კომერციული ფართი 1168 კვ.მ. ს.კ. ... უნდა გამიჯნულიყო თანდართული ნახაზის მიხედვით და დარეგისტრირებულიყო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ცალ-ცალკე უძრავ ნივთად, საერთო ფართებით: 515 კვ.მ-ი და 653 კვ.მ-ი, შპს „...ის“ დირეტორის 2013 წლის 13 სექტემბრის №6 გადაწყვეტილებაზე თანდართული ტექნიკური ნახაზის მიხედვით. აღნიშნული ნახაზის თანახმად, მეორე სართულზე ფართი დაყოფილი იყო ცალ-ცალკე უძრავ ნივთებად, საერთო ფართებით, თითოეული: 515 კვ.მ. და 653 კვ.მ.
საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ნახაზზე ასახული ლიფტის წინ არსებული სივრცე საწყის ეტაპზევე შედიოდა 653 კვ.მ ფართით აზომილი უძრავი ნივთის ფარგლებში (ტ. 2, ს.ფ. 81). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 3 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, შპს „...ის“ საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული 653 კვ. მ ფართობის სივრცე მოიცავდა სადავო 52 კვ.მ ფართსაც. საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 27 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა შპს „რ...“ მიერ მოთხოვნილი რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და თბილისში, ...ის ქუჩა №19-ში, მეორე სართულზე მდებარე კომერციულ ოფისის (საკადასტრო კოდი - ...) რეგისტრირებულმა ფართმა შეადგინა 707 კვ.მ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილი ტექნიკური ნახაზი კვლავ იგივე ფართს მოიცავდა, რასაც 653 კვ.მ ფართობით დარეგისტრირებული ტერიტორია. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ შპს „რ...“ საკუთრებაში, შემდგომში კი შპს „ს...ის“ საკუთრებაში გადასული უძრავი ქონება მოიცავდა სადავო ფართსაც და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 27 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით განხორციელდა მხოლოდ ფართობის დაზუსტება და არა დამატებით ახალი ფართის რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის ფართობი სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტი ან ნაკლებია, თანამესაკუთრეთა/ბინამესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობის შემთხვევაში რეგისტრაცია წარმოებს საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დადგენილი ფართობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენს ერთ სისტემაში გაერთიანებულ, ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართს, რეგისტრაციის განსახორციელებლად ბინამესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობა არ მოითხოვება. აღნიშნულ მოწესრიგებას ითვალისწინებს დღეს მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციაც.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი აზომვითი ნახაზებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ სადავო 52 კვ.მ ფართი წარმოადგენს ერთიან სისტემაში გაერთიანებული ფართის განუყოფელ და ურთიერთდაკავშირებულ ნაწილს, რაც შესაბამისი ინსტრუქციიდან გამომდინარე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობის აუცილებლობას გამორიცხავდა. ამასთანავე, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ „ბინათესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას. განსახილველ შემთხვევაში რეგისტრაციის საფუძველზე ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფაქტობრივი ფართობის გაზრდა ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობა არ განხორციელებულა, რაც „ბინათესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარეც, ამხანაგობის წევრთა თანხმობის არ საჭიროებდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ვინაიდან, ა/ა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „კ...-ის“ საკასაციო საჩივარზე 10.10.19წ. №1 საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბმა „კ...-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინება;
3. ა/ა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „კ...-ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 10.10.19წ. №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე