განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 20.04.2004
საქმის ნომერი
2კ-121აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.04.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 121-აპ 20 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,დ. სულაქველიძე

განიხილა დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ზ. ჯ-სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს პროკურორ კ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 27 მარტის გამამართლებელი განაჩენი დ. ე-ის მიმართ. დ. ე-ეს წინასწარმა გამოძიებამ წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება და აღკვეთის ღონისძიებად შეუფარდა დაპატიმრება. გორის რაიონულმა სასამართლომ დ. ე-ძე გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნით დ. ე-ეს ბრალი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში: 2001წ. 17 მარტს, დაახლოებით 21 საათზე, ქ. გორში, ---სა და ---ის ქუჩების გადაკვეთაზე, არასრულწლოვანი დ. ე-ძე და მისი მეგობარი, სრულწლოვანი გ. ჯ-ძე ხუმრობით მიმართავდნენ ერთმანეთს უცენზურო სიტყვებით, რაც გადაიზარდა ურთიერთშელაპარაკებაში და შემდეგ _ ჩხუბში.

ჩხუბის დროს მათ ერთმანეთს მიაყენეს დაზიანებები, კერძოდ: დ. ე-ემ გ. ჯ-ეს მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით, ე.წ. “ბაბოჩკა” დანით, მეშვიდე, მერვე ნეკნთა შუა, ბეჭის ხაზზე მიაყენა ორი 0,5X0,3 სმ-ის; ნიკაპზე, მარცხნივ, ორი 1X0,3 სმ-ის, მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის მოუშლელად. გ. ჯ-ემ კი დ. ე-ეს ბასრი ზედაპირის მქონე საგნით საფეთქლის მიდამოში, მარჯვნივ, მიაყენა 1 X5 სმ-ის ზომის; მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედში, წინა და შიგნითა ზედაპირის საზღვარზე _ მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, შესაბამისად _ ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლითა და ჯანმრთელობის მოუშლელად.

ჩხუბის დროს მათთან მივიდა მათივე მეგობარი, ასევე არასრულწლოვანი გ. ყ-ლი, რომელმაც მოჩხუბრები ერთმანეთს დააშორა. მიუხედავად მათი დაშორებისა, მიღებული დაზიანებების გამო განაწყენებულმა დ. ე-მ შურისძიების მოტივით განიზრახა გ. ჯ-ის განზრახ მკვლელობა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი მივიდა გ. ჯ-სთან და ე.წ. ”ბაბოჩკა” დანით, რომელიც ხელში ეკავა, ჯ-ეს ქვევიდან ზევით დარტყმით, გულმკერდის მარცხენა ნახევარში, მერვე-მეცხრე ნეკნთა შუა, გულის მარცხენა პარკუჭის დაზიანებით მიაყენა სიცოცხლისათვის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელმაც გამოიწვია მწვავე სისხლნაკლებობა და იგი გარდაიცვალა.

დ. ე-ძე დარწმუნდა რა, რომ განზრახვა მოიყვანა სისრულეში, დანაშაულის ჩადენის იარაღი _ დანა დამალა შემთხვევის ადგილთან ახლოს მცხოვრებ კ. ქ-ის საცხოვრებელ ბინაში და მიიმალა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაზარალებულის უფლებამონაცვლე ზ. ჯ-ე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას. იგი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.

პროკურორი კახა მაჭავარიანი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის 2004წ. 2 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და საქმის სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას. იგი მიუთითებს, რომ გ. ჯ-ძე დ. ე-ეს თავს არ დასხმია და, აქედან გამომდინარე, ეს უკანასკნელი არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. საკასაციო საჩივარში პროკურორი მიუთითებს, რომ დ. ე-ის ქმედება წინასწარმა გამოძიებამ სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.

პალატის სხდომაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ზ. ჯ-ის ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა ი. ს-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს, არ იქნა დაკითხული შემთხვევის უშუალო მოწმე და გამამართლებელი განაჩენი, ყოვლად დაუსაბუთებლად, დატოვა ძალაში.

ადვოკატ ი. ს-ის მოსაზრებას დაეთანხმა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ზ. ჯ-ძე. მან იშუამდგომლა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემის შესახებ.

პროკურორმა ე. ქ-ამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა პროკურატურის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

ადვოკატმა დ. დ-მა აღნიშნა, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებმა დეტალურად გამოიკვლიეს საქმის მასალები, შეამოწმეს ყველა ვერსია და მიიღეს სავსებით კანონიერი გადაწყვეტილება. ადვოკატმა დ. დ-მა იშუამდგომლა დ. ე-ის მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი დ. ე-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ, მართალია, დ. ე-ემ მოკლა გ. ჯ-ძე, მაგრამ იგი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. ამიტომ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ე.ი. ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან.

პალატა თვლის, რომ კანონის ეს სავალდებულო მოთხოვნა საქმის განმხილველმა სასამართლომ სრულყოფილად არ გაითვალისწინა და სათანადოდ არ შეაფასა. თვით დ. ე-ძე ჯერ კიდევ ეჭვმიტანილის სახით დაკითხვისას აღნიშნავდა, რომ: “ჩვენ დავიწყეთ ერთმანეთში ხუმრობით საუბარი, რა დროსაც ცუდი სიტყვებით მივმართავდით, თუ რა სიტყვებით, არ მახსოვს, ისე ერთმანეთისათვის არ შეგვიგინებია. ჩვენი ხუმრობა თანდათან სერიოზულ საუბარში გადაიზარდა, რა დროსაც ერთმანეთს დავუწყეთ ჭიდაობა და ჩხუბი, თუმცა ხელი არ დაგვირტყამს და არც წავქცეულვართ. ამ ჭიდაობა-ჩხუბში უცებ თავში, მარცხენა მხარეს, შუბლში, რაღაც მაგარი საგანი მომხვდა და მეტკინა. თუ რა საგანი იყო, ვერ შევამჩნიე, იგი გ. ჯ-ემ დამარტყა, თუმცა მე დარტყმის მომენტი არ დამინახავს, რადგან ბნელოდა. სხვა კი ჩვენს გარდა იქ არავინ იყო. აქვე ადვოკატის კითხვაზე გიპასუხებთ, რომ სისხლი წამომივიდა თუ არა, მაშინვე არ შემიმჩნევია. ამ დროს მე ჯიბეში მქონდა ე.წ. ”ბაბოჩკა” დანა, რომელიც ამოვიღე, გავხსენი და გავიქნიე გ. ჯ-საკენ. მოხვდა თუ არა დანა, ვერ ვიგრძენი. გ. ჯ-ემ ამ გაქნევის შემდეგ დაიწყო ყვირილი _ ვაიმეო, თან ჩაიკეცა. მივხვდი, რომ იგი დავჭერი”. ანალოგიური ჩვენება მისცა დ. ე-ემ ბრალდებულის სახით დაკითხვის დროსაც. მართალია, შემდგომ მან აღნიშნული ჩვენებები გარკვეულწილად შეცვალა. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს დეტალურად უნდა გამოეკვლია აღნიშნული მტკიცებულებები და შეეფასებინა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. კერძოდ, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ აუცილებელი მოგერიების დროს, ერთი მხრივ, ხორციელდება თავდასხმა, ხოლო, მეორე მხრივ, თავდაცვა და თავდაცვა შესაბამისობაშია თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აწ გარდაცვლილ გ. ჯ-სა და დ. ე-ეს ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, რასაც თვით დ. ე-ეც არ უარყოფს. აღსანიშნავია შემდეგი გარემოებაც: არ არსებობდა არავითარი საფუძველი, რომ გ. ჯ-ძე თავს დასხმოდა დ. ე-ეს. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, ისინი ერთმანეთს ჯერ ეხუმრებოდნენ, შემდეგ აღნიშნული გადაიზარდა სერიოზულ საუბარში, შემდეგ _ ჩხუბსა და ჭიდაობაში, რა დროსაც ჩადენილ იქნა გ. ჯ-ს მკვლელობა.

პალატა თვლის, რომ საქმის ხელახალი განხილვისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზემოთ მითითებული გარემოებები, უნდა აიხსნას საქმეში არსებული ყველა წინააღმდეგობა, გამოკვლეულ იქნეს, რეალურად დაესხა თუ არა თავს გ. ჯ-ძე დ. ე-ეს, მიღებულ იქნეს ყველა ზომა მოწმე გ. ყ-ის დასაკითხად და ამის შემდეგ მიღებულ მასალებს მიეცეს სათანადო სამართლებრივი შეფასება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის Q“ა” ქვეპუნქტით, 502-ე მუხლის Q“ბ” პუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 თებერვლის განაჩენი დ. ე-ის მიმართ გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.