განსჯადობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-281(გ-20) 27 იანვარი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა შპს „...ის“ საჩივრის განსჯადობის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მა“ 2020 წლის 14 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის №107/17 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 თებერვლის განჩინებით შპს „...ის“ სარჩელი მიჩნეულ იქნა საჩივრად, ხოლო იმავე სასამართლოს 2020 წლის 20 თებერვლის დადგენილებით საქმე, განსჯადობის წესით, განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე, 276-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები განიხილება მათი ჩადენის ადგილის მიხედვით, შპს „...ის“ საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს რუსთავის საქალაქო სასამართლო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 მარტის განჩინებით შპს „...ის“ საჩივარი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის №107/17 სადავო გადაწყვეტილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც უნდა შემოწმდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მოთხოვნების მიხედვით. სასამართლოს მოსაზრებით, დავა განხილულ უნდა იქნეს სასარჩელო წესით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვის ნაწილში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის №107/17 გადაწყვეტილების კანონიერება სასარჩელო წარმოების გზით უნდა განიხილოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, ხოლო იმავე აქტის კანონიერება 2018 წლის 21 ნოემბრის №209 და 2019 წლის 22 აპრილის №212 დადგენილებების მართლზომიერების შესწავლის ნაწილში განხილულ უნდა იქნეს როგორც საჩივარი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ პირი არაგანსჯად სასამართლოში წარადგენს სარჩელს, სასამართლომ სარჩელი განსჯად სასამართლოს უნდა გადაუგზავნოს და აცნობოს ამის შესახებ მოსარჩელეს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებისადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი კონკრეტული სასამართლოს განსაზღვრა ხდება განსჯადობის წესების საფუძველზე. ამასთან, განსჯადი სასამართლო უნდა დადგინდეს განსჯადობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, დავის თავისებურებების გათვალისწინებით, რაც მხარის მოთხოვნის დეტალურ შესწავლასა და გამოსაყენებელი კანონმდებლობის ზუსტ დადგენას მოითხოვს.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „...მა“ 2018 წლის 19 ნოემბერს, რუსთავში, ...ის ქ. №11-ში მდებარე ობიექტში სასმელი წყლის მრიცხველის თვითნებურად მოხსნის საფუძვლით, შპს „რ...ის“ მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ას№000214 ოქმი და აღურიცხავი წყლის მოხმარების №... აქტი. შედეგად, 2018 წლის 21 ნოემბრის №209 დადგენილებით საწარმოს გამოეცხადა გაფრთხილება. გარდა ამისა, შპს „რ...ს“ გადასახდელად დაერიცხა აღურიცხავი წყლის საფასური 1013,97 ლარის ოდენობით.
ასევე, დადგენილია, რომ შპს „...მა“ 2019 წლის 17 აპრილს შეამოწმა რუსთავში, მე--ში, №10-ში არსებული ობიექტი და სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტზე მითითებით, შპს „რ...ის“ მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ას№000221 ოქმი და აღურიცხავი წყლის მოხმარების №... აქტი. შედეგად, 2019 წლის 22 აპრილის №212 დადგენილებით შპს „...ს“ შეეფარდა ჯარიმა 15000 ლარის ოდენობით, გარდა ამისა, საწარმოს დაერიცხა აღურიცხავი წყლის საფასური - 950,6 ლარი.
საქმეზე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და წყლის საფასურის დარიცხვა შპს „რ...მა“ სადავოდ გახადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში საჩივრის წარდგენის გზით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის №107/17 გადაწყვეტილებით შპს „რ...ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ შპს „...ის“ 2018 წლის 21 ნოემბრის №209 დადგენილება, ხოლო 2018 წლის 19 ნოემბრის №... აქტით სასმელი წყლის საფასურად 1013,97 ლარის დარიცხვის ნაწილში შპს „რ...ის“ მოთხოვნა განუხილველი დარჩა; ასევე, გაუქმდა „დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ შპს „...ის“ 2019 წლის 22 აპრილის №212 დადგენილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა კომპანიას; 2019 წლის 17 აპრილის №... აქტით უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად 950,6 ლარის დარიცხვა კი მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ და შპს „...ს“ დაევალა, დარიცხვა განეხორციელებინა კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დაცვით.
საკასაციო სასამართლო, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის №107/17 სადავო გადაწყვეტილება შეეხება შპს „რ...ის“ მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და წყლის უკანონოდ მოხმარებისთვის საფასურის დარიცხვის კანონიერებას. ამრიგად, გასაჩივრებული აქტის კანონიერების შემოწმებისას სასამართლომ: 1. უნდა დაადგინოს შპს „რ...ის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის (სასმელი წყლის უკანონო მოხმარების) ჩადენის ფაქტი და განიხილოს სანქციის დაკისრების კანონიერება; 2. წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კი, უნდა შეფასდეს აღურიცხავი წყლის მოხმარებისთვის აბონენტისთვის საფასურის განსაზღვრის, გაანგარიშებისა და დაკისრების კანონიერება და სისწორე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული საკითხები სხვადასხვა საკანონმდებლო აქტით არის მოწესრიგებული და განსხვავებულია მათი განხილვისა და გადაწყვეტის წესები. კერძოდ, შპს „რ...ის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის ჩადენა და მისთვის სანქციის დაკისრების კანონიერება მიეკუთვნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კატეგორიას, შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკითხი განხილულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. ამრიგად, უშუალოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი შპს „...ის“ პრეტენზია მიჩნეულ უნდა იქნეს საჩივრად.
საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლოს დადგენისას კი, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლი ითვალისწინებს განსჯადობის სპეციალურ წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე-125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით განსაზღვრული განსჯადობის წესის გამოყენებისთვის, სახელდობრ, დარღვევის ჩადენის ადგილას საქმის განსახილველად, მნიშვნელოვანია, რომ სადავო იყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული ოქმებისა თუ დადგენილებების კანონიერება და ამ საქმისწარმოება არ იყოს დაწყებული ამავე კოდექსის 116-ე-125-ე, 1595–1599 მუხლების საფუძველზე. ამრიგად, სადავო შემთხვევაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის საკითხის შეფასებისას, უნდა გავრცელდეს სწორედ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლი. ვინაიდან დარღვევის სავარაუდო ჩადენის ადგილი რუსთავია, „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილების მე-16 მუხლიდან გამომდინარე, საჩივარი უნდა განიხილოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ.
რაც შეეხება წყლის საფასურის დარიცხვის საკითხის განხილვას, დარიცხვის საფუძველი გახდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესი“, დარიცხვის აქტი კი არ არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე გამოცემული. ამრიგად, დარიცხვის აქტის კანონიერებისა და წყლის საფასურის გაანაგრიშების სისწორის საკითხთა განხილვა უნდა მოხდეს სასარჩელო წარმოების ფარგლებში, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნულ შეფასებას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 12.08.10წ. №14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგელობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებითი აღსრულების წესების“ 11.12 მუხლი დასშვებად თვლის დარიცხული თანხის საფუძვლიანობაზე მსჯელობას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მიუხედავად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის განჩინება საქმეზე №ბს-182-179(კს-15)). სასარჩელო წარმოებისას განსჯადობის წესები კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით არის მოწესრიგებული. დასახელებული კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ვინაიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის იურიდიული მისამართი, ამავე კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, არის თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №19, სასარჩელო მოთხოვნები უნდა განიხილოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის №107/17 გადაწყვეტილების კანონიერება, აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვის ნაწილში, სასარჩელო წარმოების გზით უნდა განიხილოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, ხოლო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის №107/17 გადაწყვეტილების კანონიერება 2018 წლის 21 ნოემბრის №209 და 2019 წლის 22 აპრილის №212 დადგენილებების მართლზომიერების შესწავლის ნაწილში განხილულ უნდა იქნეს როგორც საჩივარი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“ სარჩელი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის №107/17 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვის ნაწილში, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. შპს „...ის“ საჩივარი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის №107/17 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, 2018 წლის 21 ნოემბრის №209 და 2019 წლის 22 აპრილის №212 დადგენილებების კანონიერების შემოწმების ნაწილში, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
3. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე