შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 125-აპ 8 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა ადვოკატ ნ.ქ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 თებერვლის განაჩენზე ა. წ-ას მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 დეკემბრის განაჩენით ა. წ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 6 წლით, 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 3 წლით. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 თებერვლის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს განაჩენი ა.წულაიას მიმართ შეიცვალა იმ მიმართებით, რომ განაჩენიდან ამოირიცხა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება და დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 6 თვით. საბოლოოდ ა. წ-ას მოსახდელად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენით ა.წ-ას მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, ასევე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2003წ. აპრილში ა. წ-ამ სამტრედიის რაიონის სოფ. ხუნჯულაურში მდებარე საკარმიდამო ნაკვეთში დათესა, მოიყვანა და კულტივაცია გაუკეთა ნარკოტიკული საშუალების შემცველ მცენარე “---”, რომლის მოყვანის შემდეგ მან დაამზადა 120,2 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება _ ნედლი “---” და 5,3 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება “---”, რომელიც შეინახა თავის საკარმიდამო ნაკვეთში არსებულ მსხვილფეხა პირუტყვის სადგომის სხვენში, საიდანაც 2003წ. 25 სექტემბერს ამოღებულ იქნა სამტრედიის შს რაიგანყოფილების პოლიციის მუშაკების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ.ქ-ვა საკასაციო საჩივრით ითხოვს ა.წ-ას მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირებას სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით და მის მიმართ პირობითი მსჯავრის შეფარდებას იმ მოტივებით, რომ მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული სასჯელის ზომა მეტისმეტად მკაცრია; ა.წ-ამ პირველად ჩაიდინა დანაშაული; ხასიათდება დადებითად; გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი; კმაყოფაზე ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი და უმუშევარი მეუღლე; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია; ამდენად, მისი გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე.
მსჯავრდებული ა.წ-ია ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
პროკურორი ბ.გ-ძე ნაწილობრივ უჭერს მხარს საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს, რომ ა.წ-ას მიმართ გამოყენებულ იქნეს სსკ-ის 55-ე მუხლი და სასჯელის ზომად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ა.წ-მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, ასევე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება და შენახვა. შერაცხულ ბრალდებას არც კასატორი ხდის სადავოდ და განაჩენს მხოლოდ სასჯელის ნაწილში ასაჩივრებს.
საკასაციო პალატა, ითვალისწინებს რა მსჯავრდებულ ა.წ-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იმას, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლევი არ არის, ხასიათდება დადებითად, მისი ოჯახი იმყოფება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, კმაყოფაზე ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი და უმუშევარი მეუღლე, მიზანშეწონილად მიაჩნია, ა.წ-ას მიმართ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის ზომის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნეს სსკ-ის 55-ე მუხლი და დაენიშნოს ამ მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი _ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის შეეფარდოს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის გამოსწორება შეიძლება სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდის გარეშე, რის გამოც ა.წ-ას დანიშნული სასჯელი, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 წელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 თებერვლის განაჩენი ა. წ-ს მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, შეეფარდოს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ა. წ-ას საბოლოოდ განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა. წ-ას დანიშნული სასჯელი, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 წელი.
მსჯავრდებულ ა.წ-ას დაევალოს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.