საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 127-დად 18 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა დ. პ-ას კერძო და დამატებითი საკასაციო საჩივრები ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 15 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა ბათუმის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის 2004 წლის 27 იანვრის დადგენილება დ. პ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ და საქმე გამოძიების განსაახლებლად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო პროკურორს.
აღწერილობითი ნაწილი:
2003 წლის 15 აპრილს აჭარის არ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. ბათუმის საგამოძიებო განყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეშვიდე ნაწილებით. სისხლის სამართლის საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო 2003 წლის 15 აპრილს ქ. ბათუმში, ხის გადამამუშავებელი კომბინატის წინ, გადმოსასვლელ ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც ერთმანეთს შეეჯახნენ დ. პ-ას მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა “ფორდ-ტრანზიტი” და მიკროავტობუსი “ფორდ-ტრანზიტი”, რომელსაც მართავდა გ. დ-ძე. შეჯახების შედეგად დ. პ-ას ავტომანქანაში მჯდომი ორი მგზავრი _ ი. და ს. მ-ები გარდაიცვლნენ, სამმა კი მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
მოცემულ საქმეზე ქ. ბათუმის საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილის 2003 წლის 30 აპრილის დადგენილებით დაინიშნა სასამართლო კომისიური სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს.
აღნიშნული საექსპერტო დაწესებულების 2003 წლის 24 ივნისის დასკვნის მიხედვით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ავარიული მდგომარეობა შექმნა ავტომობილ “ზორ-102-ის” მძღოლმა ვ. დ-ემ, რომლის მოქმედება არ შეესაბამებოდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნებს. მათი დაცვის შემთხვევაში ვ. დ-ს შეეძლო მომხდარი შემთხვევის თავიდან აცილება. რაც შეეხება მძღოლ დ. პ-ას, მის მოქმედებაში არ აღინიშნებოდა მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 2003 წლის 9 ივლისს ვ. დ-ძე მიცემულ იქნა პასუხისგებაში ბრალდებულის სახით სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეშვიდე ნაწილებით.
გამომძიებელმა ა. ნ-ემ 2003 წლის 17 ოქტომბრის დადგენილებით დანიშნა დამატებითი კომისიური სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზა, თუმცა დადგენილება საქმის მასალებთან ერთად საექსპერტო დაწესებულებას არ გადაგზავნია.
იმავე გამომძიებლის 2003 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით კვლავ დაინიშნა ანალოგიური, დამატებითი კომპლექსური სასამართლო სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის აჭარის ფილიალს.
აღნიშნული საექსპერტო დაწესებულების 2003 წლის 29 დეკემბრის დასკვნის მიხედვით (ექსპერტი პ. ნ-ლი) მოცემულ კონკრეტულ ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში მძღოლმა დიასამიძემ არ შეასრულა მოძრაობის წესების 14.1 და 29.1 მუხლების, ხოლო მძღოლმა დ. პ-ამ 29.1 და მეორე ნაწილის მოთხოვნები. ამ მოთხოვნათა შესრულების შემთხვევაში დიასამიძესა და პ-ას შეეძლოთ _ ტექნიკური თვალსაზრისით შეჯახების თავიდან აცილება.
მოცემული დასკვნის საფუძველზე 2004 წლის 16 იანვარს დ. პ-ია ბრალდებულის სახით მიცემულ იქნა პასუხისგებაში სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 188-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით და წარედგინა ბრალი. რაც შეეხება ვ. დ-ეს, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, იგი ცნობილ იქნა შეურაცხადად და გამომძიებლის 2004 წლის 23 იანვრის დადგენილებით საქმე მის მიმართ გაიგზავნა სასამართლოში სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შესაფარდებლად.
გამოძიების პროცესში ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დგინდება დ. პ-ს ბრალეულობა ავტოსაგზაო შემთხვევაში, გამომძიებლმა ცნო დაუშვებელ მტკიცებულებად. დ. პ-ს ბრალის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები კი ვერ იქნა მოპოვებული. ამდენად, 2004 წლის 27 იანვრის დადგენილებით გამოძიებამ დ. პ-ას ქმედება არ მიიჩნია მართლსაწინააღმდეგოდ და მის მიმართ შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2004 წლის 15 მარტის დადგენილებით დააკმაყოფილა დაზარალებულების რ. ს-სა და თ. ს-ას ადვოკატ ა. ქ-ის, ვ. დ-ის ადვოკატ გ. წ-ის კერძო საკასაციო საჩივრები, გააუქმა ქ. ბათუმის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის 2004 წლის 27 იანვრის დადგენილება და საქმე გამოძიების განსაახლებლად გადაუგზავნა ქ. ბათუმის პროკურორს.
კერძო საკასაციო საჩივრით დ. პ-ია ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზემოთ აღნიშნული დადგენილების გაუქმებას და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გამომძიებლის დადგენილების უცვლელად დატოვებას.
საკასაციო პალატის სხდომაზე დ. პ-ამ და მისმა ადვოკატმა ი. ზ-ემ მხარი დაუჭირეს კერძო საკასაციო საჩივარს.
დაზარალებულმა თ. ს-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ქ-ემ, დაზარალებულ რ. ს-ის რწმუნებულმა ე. მ-მა, ვ. დ-ის ადვოკატმა გ. წ-ემ მოითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 15 მარტის დადგენილების უცვლელად დატოვება.
პროკურორმა თ. ხ-ამ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 15 მარტის დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 15 მარტის დადგენილება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სასამართლო კომისიური სატრანსპორტო ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის 2003 წლის 4 ივნისის დასკვნის მიხედვით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ავარიული მდგომარეობა შექმნა ავტომობილ “ზორ-102-ის” მძღოლმა ვ. დ-ემ, რომლის მოქმედება არ შეესაბამებოდა საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების შესახებ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნებს. მათი დაცვის შემთხვევაში ვ. დ-ეს შეეძლო მომხდარი შემთხვევის თავიდან აცილება. რაც შეეხება მძღოლ დ. პ-ას, მის მოქმედებაში არ აღინიშნებოდა მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობა.
ამის შემდეგ გამომძიებელმა ა. ნ-ემ საჭიროდ მიიჩნია საქმეზე დამატებითი სასამართლო კომისიური სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება და ამის თაობაზე მიიღო ორი დადგენილება: პირველად – 2003 წლის 17 ოქტომბერს (აღნიშნული დადგენილება საქმესთან ერთად საექსპერტო დაწესებულებას არ გაგზავნია) და მეორედ – 2003 წლის 1 დეკემბერს (ანალოგიური დადგენილება კომპლექსური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ), რომლის ჩატარება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის აჭარის ფილიალს დაევალა.
საქმის მასალებში არ ჩანს და გაუგებარია, რამ განაპირობა გამომძიებლის მიერ, ერთი მხრივ, კომპლექსური ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობა და ამ დასკვნის საფუძველზე დ. პ-ას ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემა სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეშვიდე ნაწილებით, მეორე მხრივ კი _ 2004 წლის 27 იანვრის დადგენილებით მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა და იმავე დადგენილებითვე კომპლექსიური ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობა.
პალატა თვლის, რომ ასეთ ვითარებაში საქმეზე უნდა ჩატარდეს სრულყოფილი დამატებითი გამოძიება, საჭიროების შემთხვევაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად დაინიშნოს ექსპერტიზა საქართველოს სსსკ-ის 356-374-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით (მით უფრო, რომ გამომძიებელი მოცემულ საქმეზე თავად მიიჩნევდა აუცილებლად ექსპერტიზის ჩატარებას) და მხოლოდ ამის შემდეგ, მოპოვებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, გადაწყდეს მითითებულ ავტოსაგზაო შემთხვევაში დ. პ-ას ბრალეულობის საკითხი. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ სისხლის სამართლის საქმე ვ. დ-ის მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 26 თებერვლის დადგენილებით დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო პროკურორს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 15 მარტის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა ბათუმის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის 2004 წლის 27 იანვრის დადგენილება დ. პ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.