საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 140-დად 2 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი
განიხილა ბრალდებულ თ. ს-ას დამცველის, ადვოკატ რ. ხ-ას საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 26 აპრილის ბრძანებაზე, რომლითაც ბრალდებულ თ. ს-ას აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა დაპატიმრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ბრალდებულ თ. ს-ას საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ შ. ც-ის მიერ შეტანილი შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ 2004წ. 26 აპრილს გაცემული ბრძანებით აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა დაპატიმრება 3 თვის ვადით.
საბრალდებო დოკუმენტების მიხედვით თ. ს-ს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, სახელდობრ, საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, არაერთგზის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რამაც იურიდიული პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ბრალდებულ თ. ს-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
პოლიციის ---მა თ. ს-ამ, რომელიც მუშაობდა შსს-ის საკუთრების დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, სამსახურებრივი ინტერესების საწინააღმდეგოდ, 2003წ. 8 მაისს აღნიშნული დეპარტამენტის სათბობენერგეტიკული კომპლექსის სამმართველოს უფროსს ფ. ბ-ეს შპს “---” გააფორმებინა წამგებიანი ხელშეკრულება სააქციო საზოგადოება “---” ობიექტების დაცვაზე. ამის შემდეგ, 2003წ. 1 აგვისტოს, თვითონ კვლავ გააფორმა წამგებიანი ხელშეკრულება შპს “---” --- ბანკის ობიექტების დაცვაზე, რითაც მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის კუთვნილი 461000 ლარის შპს “---” ანგარიშზე გადატანა, რომელიც მისმა დირექტორმა გაწერა თითქოს სხვადასხვა მატერიალური ფასეულობის შესაძენად, რაც ფაქტობრივად მას არ განუხორციელებია.
სასამართლო კოლეგიის ბრძანების თაობაზე, რომლითაც ბრალდებულ თ. ს-ას აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა დაპატიმრება 3 თვის ვადით, მისმა დამცველმა ადვოკატმა რ. ხ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრის ავტორი ითხოვს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულის _ თ. ს-ას დაპატიმრების შესახებ გაცემული ბრძანების გაუქმებასა და პატიმრობიდან მის განთავისუფლებას, რადგან მიაჩნია, რომ თ. ს-ვა უდანაშაულოა, ხოლო აღნიშნული ბრძანება არის უკანონო.
პალატის დახურულ სხდომაზე საჩივრის განხილვისას ბრალდებულ თ. ს-ას დამცველებმა, ადვოკატებმა რ. ხ-ამ და ა. ა-მა დაცვის მხარის მოთხოვნის საფუძვლად წარმოადგინეს შემდეგი არგუმენტები:
1. სასამართლო კოლეგიამ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას არ დაიცვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე, 154-ე და სხვა მუხლების მოთხოვნები. თ. ს-ას არასოდეს აურიდებია თავი გამოძიებისათვის, იძლეოდა ჩვენებებს და თავისუფლებაში ყოფნისას მას არ ჰქონია მცდელობა, რაიმე გზით ხელი შეეშალა გამოძიებისათვის.
2. ასევე დარღვეული იყო სსსკ-ის 140-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, საქმეში არ მოიპოვებოდა თ. ს-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის საჭირო ფაქტობრივი საფუძველი (კონკრეტული მამხილებელი მტკიცებულებები) და ფორმალური საფუძველი.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004წ. 26 აპრილის ბრძანებით პოლიციის გენერალ-მაიორი თ. ს-ვა დათხოვნილია თადარიგში 2004წ. 14 აპრილიდან, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, თანახმად “შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-12 მუხლისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულ თ. ს-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობა უნდა განეხილა სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით და არა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლეს, რადგან 2004წ. 14 აპრილიდან თ. ს-ვა აღარ მიეკუთვნება შსს-ის უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობას, ხოლო ბრძანება მისი დაპატიმრების შესახებ გაცემულია 2004წ. 26 აპრილს. მაშასადამე, დამცველთა აზრით, გამოძიების მიერ შეტანილი შუამდგომლობა განხილულია და მის თაობაზე გადაწყვეტილება სასამართლო ბრძანების სახით გამოტანილია სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის მიერ, რაც მისი გაუქმების საფუძველია.
4. დამცველთა მიერ წარმოდგენილი იყო აგრეთვე სხვა მოსაზრებებიც, რომლებიც შეეხებოდა ბრალდებულ თ. ს-ს უდანაშაულობას, რის გამოც მათ პალატა საჩივრის გადაწყვეტისას ვერ გაითვალისწინებს.
საბოლოოდ ბრალდებულ თ. ს-ას ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ა. ა-მა, რ. ხ-ამ და თ. ა-ემ მხარი დაუჭირეს საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
პროცესში მონაწილე ბრალდების მხარის წარმომადგენლებმა, პროკურორებმა _ ი. ლ-ემ და შ. ც-ემ არ გაიზიარეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და აღნიშნეს, რომ ადვოკატთა მოსაზრებები არ ეფუძნება საქმის ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალას და არ გამომდინარეობს საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობიდან. საქმეში მოიპოვება საპროცესო კანონით დადგენილი წესების შესაბამისად მოპოვებული საკმარისი რაოდენობის მტკიცებულებები, რომლებიც მოცემულ ეტაპზე შეიძლება საფუძვლად დაედოს თ. ს-ას მიმართ წარდგენილ ბრალდებას, ასევე, სასამართლოს მიერ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების, კერძოდ, დაპატიმრების გამოყენებას, ამიტომ ადვოკატთა არგუმენტები პალატის მიერ არ უნდა იქნეს მიღებული მათი უსაფუძვლობის გამო.
საბოლოოდ პროკურორებმა _ ი. ლ-ემ და შ. ც-ემ ითხოვეს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 26 აპრილის ბრძანება ბრალდებულ თ. ს-ას 3 თვის ვადით დაპატიმრების შესახებ დარჩეს უცვლელად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის მოტივები და მოუსმინა მხარეებს, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის იმ მოსაზრებას, რომლის მიხედვით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ ბრალდებულ თ. ს-ას დაპატიმრების თაობაზე ბრძანების გაცემისას დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 151-ე და 154-ე მუხლების მოთხოვნები, რადგან მოცემულ შემთხვევაში მას ბრალად ედება მძიმე დანაშაულის ჩადენა, რომლის დროსაც, საპროცესო კანონის თანახმად, როგორც წესი, აღკვეთის ღონისძიებად გამოიყენება დაპატიმრება.
საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის განცხადება იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თ. ს-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 140-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნა. თ. ს-ს ბრალდების საქმეში წარმოდგენილია საკმაო რაოდენობის მტკიცებულებები (ფაქტობრივი საფუძველი), რომლებსაც ეყრდნობა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ხოლო ეს მტკიცებულებები მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების სრული დაცვით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სახეზეა ფორმალური საფუძველიც აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რამდენად სარწმუნოა ესა თუ ის მტკიცებულება თ. ს-ას ბრალეულობის დადასტურების თვალსაზრისით, მის თაობაზე სასამართლო კოლეგია ვერ იმსჯელებდა, რადგან სსსკ-ის იმავე 140-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლოს არ აქვს უფლება განიხილოს პირის ბრალეულობის საკითხი.
რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ იმ არგუმენტს, რომ რადგან 2004წ. 26 აპრილისათვის პოლიციის გენერალ-მაიორი თ. ს-ვა დათხოვილი იყო თადარიგში, ამიტომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხის განხილვა არ შედიოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის კომპეტენციაში, არ უნდა იყოს მიღებული, ვინაიდან უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის რანგს განსაზღვრავს არა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დაკავებული თანამდებობა, არამედ მისთვის მინიჭებული პოლიციის გენერლის წოდება, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ თ. ს-ს გააჩნია და რომლის ჩამორთმევის უფლება მხოლოდ სასამართლოს აქვს. ამრიგად სასამართლო კოლეგია უფლებამოსილი იყო, განეხილა და გადაეწყვიტა მის მიმართ შეტანილი შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდებულ თ. ს-ას მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ 2004წ. 26 აპრილს მისი დაპატიმრების თაობაზე გაცემული ბრძანება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებულ თ. ს-ას დამცველის, ადვოკატ რ. ხ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 26 აპრილის ბრძანება, რომლითაც ბრალდებულ თ. ს-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება 3 თვის ვადით, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.