საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 141-დად 20 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,დ. სულაქველიძე
განიხილა ზ. ა-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 5 აპრილის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ზ. ა-ის საჩივრის მოთხოვნა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული პროკურატურის 2003წ. 28 ნოემბრის სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილების გაუქმების შესახებ. სასამართლომ მხოლოდ ცვლილება შეიტანა აღნიშნულ დადგენილებაში იმ მიმართებით, რომ დადგენილების სარეზოლუციო ნაწილიდან ამორიცხა მითითება: “ცილისწამების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ”, სხვა ნაწილში კი პროკურატურის მიერ მიღებული დადგენილება დარჩა უცვლელად.
განიხილება ასევე ზ. ა-ის კერძო საკასაციო საჩივარი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 აპრილის დადგენილებაზე, რომლითაც უარყოფილ იქნა მის მიერ სასამართლო სხდომის ოქმზე შეტანილი შენიშვნები.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 6 აგვისტოს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ პროკურორს განცხადებით მიმართა ზ. ა-მა, რომელიც მიუთითებდა მოქალაქეების: ვ. ლ-სა და მ. შ-ას მიერ მის მიმართ ცილისწამებისა და სახელგამტეხი ცნობების გახმაურების ფაქტზე. ზ. ა-რი ასევე მოითხოვდა ქონების გამოძალვის მცდელობის, სახელგამტეხი ცნობების გახმაურების, ცილისწამების დანაშაულის დაბრალებისა და ცრუ დასმენისათვის მოქალაქეების _ ვ. ლ-სა და მ. შ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და მათ პასუხისგებაში მიცემას.
საქმეზე კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა პროკურატურამ ჩაატარა მოკვლევა და 2003წ. 28 ნოემბერს გამომძიებელმა გ. ჯ-ემ გამოიტანა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება ვ. ლ-სა და მ. შ-ას მიმართ ზ. ა-ის ცილისწამებისა და მისთვის თანხის გამოძალვის ფაქტებზე, რადგან არ არსებობდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
პროკურატურის მიერ მიღებულ დადგენილებას არ დაეთანხმა მოქალაქე ზ. ა-რი, რომელმაც საჩივრით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა პროკურატურის გამომძიებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება.
პალატის სხდომაზე ზ. ა-მა ვრცლად მიმოიხილა მასალები, მან მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
პროკურორმა დ. დ-ამ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნას, მან აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ სრულყოფილად იქნა შემოწმებული ზ. ა-ის განცხადებაში მითითებული საკითხები და მიიღო სავსებით კანონიერი გადაწყვეტილება, რაც სასამართლომაც მცირე შესწორების შეტანით დატოვა უცვლელად. პროკურორმა იშუამდგომლა სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
მოქალაქე ზ. ა-ის განცხადებაში მოყვანილი საკითხები შეამოწმა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა პროკურატურამ და მიიჩნია, რომ ვ. ლ-სა და მ. შ-ს ქმედებაში არ მოიპოვებოდა გამოძალვის დანაშაულის შემადგენლობა. მხოლოდ ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული პირები სისტემატურად საჩივრებით მიმართავდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სასამართლო ორგანოებს, არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც გამოძალვა. კერძოდ, გამოძალვის დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების, ან მათი ნივთის განადგურების, ან ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რასაც შეეძლო არსებითად დაეზიანებინა მათი უფლებები.
აქედან გამომდინარე, არ არსებობდა გამოძალვის დანაშაულის შემადგენლობა, რის გამოც სავსებით კანონიერად იქნა მიღებული დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რაც სასამართლომ ცვლილებით დატოვა ძალაში.
პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ თითქოს განცხადებაში მითითებული საკითხები ზერელედ შემოწმდა, რადგან თვით განცხადების შინაარსიდანაც ნათლად ჩანს, რომ საკითხი ეხება არა რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, არამედ _ მეზობლურ დავას, რომელიც არაერთხელ იყო სასამართლოს მსჯელობის საგანი და მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილებები.
რაც შეეხება საკითხს, რომელიც ეხება ყალბი დოკუმენტის შედგენასა და გამოყენებას, ამის თაობაზე გლდანი-ნაძალადევის პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ზ. ა-ის კერძო საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ თითქოს საკითხის განხილვის თაობაზე სხდომის ოქმში ზოგიერთი გარემოება არასწორადაა ფიქსირებული. პალატა აღნიშნავს, რომ შენიშვნები სასამართლო სხდომის ოქმზე სასამართლომ განიხილა და მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი პალატას არ გააჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. ა-ის კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 5 აპრილის და იმავე წლის 23 აპრილის დადგენილებები ზ. ა-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.