დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 12.03.2020
საქმის ნომერი
ბს-725(კ-19)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე Nბს-725 (კ-19) 12 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ძ-ემ 16.02.2018წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 04.01.2018წ. N04-00-ვ/285 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 05.02.2018წ. N04/6323 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისათვის საერთო სასამართლოს მოსამართლეებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის თ. ძ-ისათვის დანიშვნის თაობაზე 1 თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.04.2018წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე ჩაბმულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.06.2018წ. გადაწყვეტილებით თ. ძ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 04.01.2018წ. N04-00-ვ/285 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 05.02.2018წ. N04/6323 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს დაევალა საერთო სასამართლოს მოსამართლეებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის თ. ძ-ისათვის დანიშვნის თაობაზე 1 თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.06.2018წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა "საქართველოს რესპუბლიკაში საარბიტრაჟო სასამართლოს შესახებ" 23.04.1991წ. კანონზე, რომლის მიხედვითაც საარბიტრაჟო სასამართლო ახორციელებდა სამართალგამოყენებით საქმიანობას, განიხილავდა ეკონომიკური საქმიანობის დავას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. "საერთო სასამართლოების შესახებ" 13.06.1997წ. კანონის 90.2 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე ამ კანონის ამოქმედებიდან ძალადაკარგულეად ჩაითვალა "საქართველოს რესპუბლიკაში საარბიტრაჟო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონი და დადგინდა საქართველოს საარბიტრაჟო და სამხედრო სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების საერთო სასამართლოებისათვის გადაცემის წესი. ამდენად, საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლეები იგივე ფუნქციებს ასრულებდნენ, რაც შემდგომში დაევალათ "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის შესაბამისად საერთო სასამართლოთა მოსამართლეებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონის 12.1 მუხლის თანახმად "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია, თუ დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა ან უფლებამოსილება შეუწყდა ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო. ამასთანავე, "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 77.2 მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლეს (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ "საერთო სასამართლოების შესახებ" 13.06.1997წ. ორგანული კანონის 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "მ, "ო", ან "ჟ" ქვეპუნქტების, ასევე 861 .4 მუხლის საფუძველზე ... წლის ... ...დან შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი. "საერთო სასამართლოების შესახებ" 13.06.1997წ. ორგანული კანონის 54.1 მუხლის "მ" ქვეპუნქტი წარმოადგენდა მოსამართლის საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობის გამო მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს, ხოლო ამავე კანონის 861.4 მუხლი ითვალისწინებდა საკვალიფიკაციო ატესტაციის დადგენილ ვადაში გაუვლელობის გამო მოსამართლის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლებას. მოცემულ შემთხვევაში სააგენტოში წარმოდგენილი მასალების მიხედვით თ. ძ-ის სამოსამართლო ისტორია ... წლის ... ...დან იწყება, რომელიც ... წლის ... ...ს სრულდება, ხოლო შემდგომში გრძელდება ... წლის ... ...დან ... წლის ... ...მდე, რა დროიდანაც იგი გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის 54.1 მუხლის "მ" ქვეპუნქტისა და 861.4 მუხლის საფუძველზე. აღნიშნული პერიოდისთვის თ. ძ-ეს არ გააჩნდა მოსამართლედ მუშაობის 10 წლიანი სტაჟი. კასატორი აღნიშნავს, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის 77.2 მუხლის "გ" ქვეპუნქტით კომპენსაციის დასანიშნად აუცილებელია 2 პირობის ერთდროულად არსებობა, კერძოდ 10 წლიანი სამოსამართლო სტაჟი და კონკრეტული თარიღიდან (... წლის ... ...დან) სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. შესაბამისად, არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის 01.06.199წ. N632 განკარგულებით, "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) 54.1 მუხლის "მ" ქვეპუნქტისა და 861.4 მუხლის საფუძველზე, გარდაბნის რაიონის სასამართლოს მოსამართლე თ. ძ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რაც "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 77.2 მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველია მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი სტაჟის არსებობის პირობებში. სააგენტოს სადავო აქტებით თ. ძ-ეს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარი ეთქვა 10 წლიანი სტაჟის არარსებობის საფუძვლით. ადმინისტრაციულმა ორგანომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხის განხილვისას არ გაითვალისწინა თ. ძ-ის ...ი ...ო სასამართლოს ...დ მუშაობის პერიოდი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. ძ-ე საქართველოს რესპუბლიკის ...ი ...ო სასამართლოს ...დ მუშაობდა ... წლის ... ...დან ... წლის ... ...მდე.

საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ "საქართველოს რესპუბლიკაში საარბიტრაჟო სასამართლოების შესახებ" კანონის თანახმად, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა "საერთო სასამართლოების შესახებ" 13.06.1997წ. ორგანული კანონის ამოქმედების მომენტიდან, საარბიტრაჟო სასამართლო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იხილავდა ეკონომიკური ხასიათის დავებს, ამასთანავე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს კოლეგიები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავდნენ საქმეებს პირველი ინსტანციით, ზედამხედველობის წესით და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. ამდენად, საარბიტრაჟო სასამართლო ახორციელებდა სასამართლო ფუნქციებს თავისი სპეციფიკური კომპეტენციის - განსჯადობის (განსხილველ საქმეთა კატეგორიის) მიხედვით. ამასთანავე, "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის ამოქმედებასთან ერთად უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები განსახილველად გადაეცა საერთო სასამართლოებს. საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. ძ-ის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოში მუშაობის პერიოდის მოსამართლედ მუშაობის სტაჟში ჩაუთვლელობა წარმოადგენს გასაჩივრებული სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი