დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#ბს-986(კ-19) 5 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. მ-ისა და ლ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 4 მაისს ს. მ-მა და ლ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეებმა „ს. მ-ის და ლ. კ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით ან ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 19 მარტის #01-02/08/8071 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ს. მ-ის და ლ. კ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის დავალება მოითხოვეს.
მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილები. 2008 წლამდე ცხოვრობდნენ ცალკე ოჯახად ...ის რაიონის სოფ. ...ში. დღემდე არ არიან დაკმაყოფილებულნი არც საცხოვრებელი ფართით და არც კომპენსაციით. სარჩელის მიხედვით, 2009 წელს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით მოსარჩელეებს ხელი მოაწერინეს თანხმობას, რომ მათ შვილს ნ. კ-ს, რომელიც ცალკე ოჯახად ცხოვრობდა, აეღო კუთვნილი კომპენსაცია - 10 000 აშშ დოლარის ოდენობით. ამ ფაქტის შემდეგ მოსარჩელეებმა არაერთხელ მოითხოვეს ფართით დაკმაყოფილება, თუმცა უარს ეუბნებიან იმ მოტივით, რომ ნ. კ-ს უკვე აღებული აქვს კუთვნილი კომპენსაცია. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მათი შვილი წარმოადგენს ცალკე ოჯახს და თანხმობის წერილითაც ნათლად ჩანს, რომ მას უნდა აეღო მხოლოდ მისი კუთნილი კომპენსაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხე და მიეთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. მ-ის და ლ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს. მ-მა და ლ. კ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით ს. მ-ის და ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილ ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობებთან მიმართებით მოცემულ შემთხვევაში, განმსაზღვრელ მნიშვნელობას მის დანიშნულებას ანიჭებს და გამოხატულ ნებასაც სწორედ ამ მნიშვნელობით განმარტავს, რამდენადაც მოსარჩელეთა შვილის ნ. კ-ის მიერ ფულადი კომპენსაციის მიღება, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეთა, როგორც ოჯახის სხვა წევრთა თანხმობას დაუკავშირა და მის საფუძველზე გასცა საკომპენსაციო თანხა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელეების შვილმა ნ. კ-მა, როგორც ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა 2009 წლის 10 მარტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღო საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის საკომპენსაციო ფულადი თანხა.
სააპელაციო პალატის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც მესამე პირის - ქურთის მუნიციპალიტეტის წერილობითი მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, თვით მოსარჩელეთა მიერ გამოხატული ნებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელეებმა ს. მ-მა, ლ. კ-მა და ნ. კ-მა, როგორც ერთმა ოჯახმა უკვე მიიღო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკომპენსაციო თანხა, სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს იმავე ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობას და საქმეში წარმოდგენილ ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობებს იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეები ს. მ-ი და ლ. კ-ი ცალკე ოჯახად ცხოვრობდნენ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს. მ-მა და ლ. კ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორების განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პოზიცია, რომ ს. მ-ი და ლ. კ-ი წარმოადგენენ ცალკე ორსულიან ოჯახს, ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე და ისინი არ არიან დაკმაყოფილებულნი საცხოვრებელი ფართით ან კომპენსაციით. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო არასწორად დაეყრდნო სამოქალაქო რეესტრის მონაცემებს. ამასთან, კასატორების მითითებით, მათ ნოტარულად დამოწმებულ დოკუმენტებში დააფიქსირეს პოზიცია, რომ ისინი თანახმანი იყვნენ მათ შვილს აეღო მხოლოდ მისი წილი კომპენსაცია და არა მათი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. მ-ისა და ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. მ-ისა და ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 19 მარტის #01-02/08/8071 წერილობითი მიმართვა, რომლითაც ს. მ-ს და ლ. კ-ს უარი ეთქვათ ოჯახის საცხოვრებელი ფართით ან ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ მათ ოჯახს უკვე მიღებული ჰქონდა შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი #1) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეების - ს. მ-ის და ლ. კ-ის შვილმა - ნ. კ-მა, როგორც ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა 2009 წლის 10 მარტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღო საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის საკომპენსაციო ფულადი თანხა, რასაც ადასტურებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრისადმი ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 24 თებერვლის წერილობითი მიმართვა, რომელსაც თან ერთვოდა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სახელობითი სია, რომელთა შორის, ერთ ოჯახად იყო მითითებული ნ. კ-ის, ს. მ-ის და ლ. კ-ის ოჯახი. ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თავდაპირველი, 2009 წლის 24 თებერვლის დოკუმენტით ერთ ოჯახად იყო მითითებული ნ. კ-ის, ს. მ-ის და ლ. კ-ის ოჯახი, ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზაში ნ. კ-ი, მოსარჩელეები - ს. მ-ი და ლ. კ-ი საკომპენსაციო თანხის მიმღებ ერთ ოჯახად არიან რეგისტრირებულნი. ამასთან, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, 2009 წლის 24 თებერვლის წერილობით მიმართვამდე, იმავე გამგეობის მოთხოვნით, ოჯახის შემადგენლობისა და ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის მიზნით, მოსარჩელეებმა - ს. მ-მა და ლ. კ-მა წარადგინეს ნოტარიულად დამოწმებული მათი თანხმობა, სადაც აღინიშნა, რომ ისინი თანახმა იყვნენ მათ შვილს - ნ. კ-ს მიეღო მისი კუთვნილი საკომპენსაციო თანხა, რაც თავად ს. მ-ისა და ლ. კ-ის მიერ მათი და ნ. კ-ის ერთ ოჯახად ყოფნის დასტურია, ვინაიდან სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობები მათთვის სწორედ იმ მიზნით იყო მოთხოვნილი, რომ მოსარჩელეები - ს. მ-ი, ლ. კ-ი და ნ. კ-ი ერთ ოჯახად იქნენ მიჩნეულნი და უნდა განხორციელებულიყო უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრა. შესაბამისად, მოსარჩელეებმა თავადვე გამოხატეს ნება და დაადასტურეს მათი ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც ქურთის მუნიციპალიტეტის წერილობითი მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, თვით მოსარჩელეთა მიერ გამოხატული ნებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელეებმა და ნ. კ-მა, როგორც ერთმა ოჯახმა უკვე მიიღო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკომპენსაციო თანხა, სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს იმავე ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 18 თებერვლის ცნობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. მ-ისა და ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი