დატოვებულია უცვლელად

ადმინისტრაციული 05.03.2020
საქმის ნომერი
ბს-84(კ-19)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#ბს-84(კ-19) 5 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ი. ხ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო

მესამე პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრტაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 5 სექტემბერს ი. ხ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2015 წლის 25 ივნისს განცხადებით და შესაბამისი დოკუმენტაციით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. საქმის წარმოების პერიოდში, აღმოჩნდა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა განახორციელა 2466.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რომელზეც მოქცეული იყო ი. ხ-ის მიწის ნაკვეთი, რომლის აღიარებასაც იგი მოითხოვდა. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდგომ, საკრებულომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს მოსთხოვა მიწის ნაკვეთის საკადასტრო ერთეულის ტერიტორიიდან გამოთავისუფლება, რის პასუხადაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა საკრებულოს აცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხის განსახილველად აუცილებელი იყო დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ყოფილიყო განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია, რის შემდეგაც, ი. ხ-ემ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს და მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლების მიზნით შესაბამისი რეაგირების მოხდენა მოითხოვა.

მოსარჩელის მითითებით, მან 2016 წლის 16 აგვისტოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოდან მიიღო პასუხი, რომ „მის განცხადებაში დასმული საკითხი განხილულ იქნა შესაბამისი კომისიის მიერ და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირება განაცხადის საფუძველზე მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.“ მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული უარით ილახება მისი კონსტიტუციით დაცული უფლება, რამდენადაც ი. ხ-ეს, რომელიც არის სოციალურად დაუცველი, ორი არასრუწლოვანი შვილის დედა, ხელი ეშლება მის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთების უფლების მოპოვებაში.

ამდენად, მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 22 ივნისის #...ბრძანებისა და 2016 წლის 6 აპრილის #...ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 1 ივლისის ამონაწერის თანახმად, (განცხადების რეგისტრაცია 27.06.2015 წ. #...) უძრავი ნივთის, მდებარე - ქ..., ..., მე-... მ/რაიონი, კორპუსი #...-ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი #..., დაზუსტებული ფართობი 2466,00 კვ.მ, მესაკუთრეს წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, ხოლო უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 22 ივნისის #...ბრძანება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 25 ივნისს ი. ხ-ემ #14/11935 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ქ. თბილისში, ...ის გასასვლელი #...-ს მიმდებარედ არსებული ფართის (რომლითაც სარგებლობს და ფლობს 1990 წლიდან) 827.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზედ არსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა.

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას თბილისის არქიტექტურის მიმართვით ეცნობა, რომ სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განმეორებით განიხილა ქ. ...ში, ...ის გასასვლელი #...-ს მიმდებარედ 827 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და დაადგინა, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ ზონაში (სზ). მიწის ნაკვეთი მოქცეულია #... საკადასტრო ერთეულის საზღვრებში.

სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ი. ხ-ეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 ივლისის #14/11/935 მიმართვით ეცნობა ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 4 ივლისის წერილის თაობაზე, რომელიც გაცემულ იქნა მათი #01/5250-08 მიმართვის პასუხად. სსიპ ქონების მართვის სააგენტომ განმარტა, რომ იმისათვის, რომ მას უფლებამოსილებას მიკუთნებულ საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო, აუცილებელი იყო დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ყოფილიყო განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია. იმავე წლის 20 ივლისს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განცხადებით მიმართა ი. ხ-ემ და მოითხოვა ტერიტორიის გამოთავისუფლება მისი შემდგომი ლეგალიზაციის მიზნით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის 2016 წლის 29 ივლისის სხდომაზე (სხდომის ოქმი #17) განხილულ იქნა ი. ხ-ის განცხადება მის დაინტერესებაში მყოფი უძრავი ქონების თბილისის მუნიციპალიტეტის რეგისტრაციიდან გათავისუფლების შესახებ შემდგომში მისი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მიზნით. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით კომისიამ აღნიშნული საკითხის დაკმაყოფილება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

ქ. თბილისის მუნიციაპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ, 2016 წლის 16 აგვისტოს მიღებული QN1424762 გადაწყვეტილებით, ი. ხ-ის მიერ წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ საკითხი განხილულ იქნა შესაბამისი კომისიის მიერ და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირება განაცხადის საფუძველზე მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ, 2015 წლის 22 ივლისს, გამოცემულ იქნა #...ბრძანება საჯარო რეესტრში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად ქ. თბილისში, ...ის დასახლება, მე-...მ/რ, კორპუსი #...-ის მიმდებარედ არსებული 2466 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების თაობაზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 1 ივლისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება #...სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ივნისის #... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილ იყო თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპუსი #...-ის მიმდებარედ 2466 კვ.მ. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. ამავე დღეს მომზადებულ იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვით, უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ..., მე-...მ/რ, კორპუსი #...-ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი #..., დაზუსტებული ფართობი 2466 კვ.მ., საკუთრების უფლება აღირიცხა სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (ID ნომერი ...) სახელზე, რომლის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიეთითა 2015 წლის 22 ივნისის #...ბრძანება.

სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ, 2016 წლის 6 აპრილს, გამოცემულ იქნა ბრძანება #...საჯარო რეესტრში ქ. თბილისში, ...ის დასახლება, მე-... მ/რ, კორპუსი #...-ის მიმდებარედ არსებული 2466 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი #...) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად ფართობის უცვლელად, კორექტირებული საზღვრებით დარეგისტრირების თაობაზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 11 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება #...სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 07.04.2016წ. სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილ იყო თვითმმართველი ერთეულის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპუსი #...-ის მიმდებარედ 2466 კვ.მ. ამავე დღეს მომზადებულ იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვით უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ..., მე-.... მ/რ, კორპუსი #...-ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი #..., დაზუსტებული ფართობი 2466 კვ.მ საკუთრების უფლება აღირიცხა სსიპ თვითმმართველი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (ID ნომერი ...) სახელზე, რომლის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიეთითა 2015 წლის 22 ივნისის #...და 2016 წლის 6 აპრილის #...ბრძანებები.

სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2016 წლის 6 ოქტომბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცემული იქნა ბრძანება #...ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული განსაზღვრული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ. ბრძანების მე-2 პუნქტით ქ. თბილისში, ..., მე-... მ/რ, კორპუსი #...-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების, საკადასტრო კოდები #...(5550 კვ.მ.) და #...(2466 კვ.მ.) აუქციონის დაწყების დროდ განისაზღვრა ... წლის 6 ოქტომბერი, ხოლო დასრულების დროდ ... წლის 17 ოქტომბრის 17:00 სთ, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით დადგინდა, რომ თუკი არ მოხდებოდა ამ ბრძანების დანართით განსაზღვრული ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, აუქციონი იმავე პირობებითა და ფასით, გამოცხადდებოდა ვადაგაგრძელებულად 45 კალენდარული დღით.

სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ მის ოფიციალურ ვებსაიტზე iauction.ge, ელექტრონულ აუქციონზე გატანილ იქნა ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპუსი ...-ის მიმდებარედ მდებარე საკადასტრო კოდი #..., 5550 კვ.მ დაზუსტებული ფართისა და საკადასტრო კოდი #..., 2466 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთები, მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (შენობა-ნაგებობა #1, #2 საერთო ფართით 1306 კვ.მ. აგრეთვე #6, #8, #3, #4, #5, #7 ნაგებობები; ...თან მისასვლელი გზა ფართობით - 445 კვ.მ. დატვირთული სერვიტუტით). ...აქუციონის #... ლოტად გატანილი აღნიშნული უძრავი ქონების საწყის (საწყისი სრული) ფასად განისაზღვრა ...ლარი, მინიმალური ბიჯის ოდენობად - ... ლარი, წინასწარ გადახდად (ბე) - ... ლარი, ხოლო გამოქვეყნების თარიღად ... წლის 6 ოქტომბრის 15:00 სთ. და დასრულების თარიღი - ...წლის 17 ოქტომბრის 17:00 სთ. (http://iauction.ge/Pages/Auqctions/Lot.aspx?id=20331).

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ, 2016 წლის 1 დეკემბერს, მიღებულ იქნა ბრძანება #... ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 6 ოქტომბრის #...ბრძანებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტით ნაწილობრივ შეწყვეტილად ჩაითვალა თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 6 ოქტომბრის #...ბრძანებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი ... ლოტის ნაწილში. აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნებულ იქნა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებსაიტზე - iauction.ge და auction.tbilisi.gov.ge და ასევე საიტზე eauction.ge.

სასამართლომ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 107-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ხსენებული მუხლი ადგენს მუნიციპალიტეტისათვის ამ კანონით მიკუთვნებული ქონების ვრცელ ჩამონათვალს, კერძოდ, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტს მის ტერიტორიაზე არსებულ დაურეგისტრირებელ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება წარმოეშობა შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოსათვის დადგენილი წესით მიმართვისა და რეგისტრაციის საფუძველზე, რაც სახელმწიფოს არ ართმევს უფლებას, სახელმწიფო საკუთრებად დაარეგისტრიროს დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამავე კანონის 109-ე მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ორგანოები ქონებრივი უფლებების განხორციელებისას ვალდებული არიან, დაიცვან მუნიციპალიტეტის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები.

სასამართლომ ასევე მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის #19-73 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების)“ მე-2 მუხლზე, რომელიც სასამართლოს აღნიშვნით, ადგენს სააგენტოს მიზნებსა და ფუქნციებს. მასში ჩამოთვლილი ვრცელი უფლებამოსილებებიდან კი ერთ-ერთ მნიშვნელოვანს წარმოადგენს თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა, მასვე ენიჭება უფლებამოსილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირებისა (როგორც ფართობის შემცირებით, ასევე ფართობის უცვლელად), თუ დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით წარმოდგენილი იქნება სარეგისტრაციო წარმოებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული გადაფარვის (ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი და გადაფარვაში მოხვედრილ უძრავ ქონებაზე არსებული ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტაციის ასლი.

ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებსა და მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია მითითებული ნორმის მოთხოვნათა დარღვევას. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე მხარე ვერ ასაბუთებდა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას რა წესი იქნა დარღვეული, მიღებული გადაწყვეტილებები ცდებოდა თუ არა მის კომპეტენციის ფარგლებს და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლების გადამეტებით იქნა თუ არა მიღებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, სადავო აქტები მიღებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია იყო ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ხ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ი. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.

პალატამ განმარტა, რომ სარეგისტრაციო სამსახურის როგორც მარეგისტრირებელი ორგანოს როლი და ფუნქცია გამოიხატება იმაში, რომ სათანადო სარეგისტრაციო დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, კანონშესაბამისად მოახდინოს შესაბამისი პირის საკუთრების უფლების რეგისტრირება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში და პირიქით, სარეგისტრაციო დოკუმენტის ბათილად ცნობის შემთხვევაში, უზრუნველყოს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება კანონით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპუსი ...-ის მიმდებარედ 2466 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო თავის მხრივ კი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, უფლებამოსილი იყო 2015 წლის 27 ივნისს მიეღო #... გადაწყვეტილება და სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღერიცხა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც რეგისტრაციის დროისთვის მასზე კერძო პირთა საკუთრების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ფიქსირდებოდა, ხოლო სამომავლოდ მესამე პირების მხრიდან უფლების შესაძლო წარმოშობა ვერ გახდებოდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ საკუთრების უფლების მოპოვების დამაბრკოლებელი გარემოება. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოებაც, რომ 2005 წლის, 2007 წლის, 2010 წლისა და 2014 წლის ორთოფოტოებზე არ დასტურდებოდა #...საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ (ძალადაკარგულია 22.02.2018) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის #19-73 დადგენილებაზე, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციაა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (როგორც ფართობის შემცირებით, ასევე ფართობის უცვლელად), თუ დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით წარმოდგენილი იქნება სარეგისტრაციო წარმოებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული გადაფარვის (ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი და გადაფარვაში მოხვედრილ უძრავ ქონებაზე არსებული ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტაციის ასლი: ბ.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ბ.ბ) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა. ბ.გ) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი. ბ.დ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული დადგენილების მე-7 მუხლით დადგენილია სააგენტოს სამსახურის უფლება-მოვალეობები. კერძოდ, უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხვა–რეგისტრაცია, გამიჯვნა-გაერთიანება, კანონმდებლობით დადგენილი წესით სერვიტუტის დადგენა, უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება–კორექტირება (ფართობის უცვლელად), ასევე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით).

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კომპეტენციას მიეკუთვნება. მხოლოდ საკითხზე განცხადების წარდგენა კი არ განაპირობებს დაინტერესებული პირის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას. დაინტერესებული პირის ვალდებულებას წარმოადგენს საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა. თავის მხრივ, სააგენტოს ვალდებულებაა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღება.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას ამ მიწაზე მუნიციპალიტეტის უფლების დარეგისტრირება არ აბრკოლებს. უფრო მეტიც, თუ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია სახელმწიფო და/ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად, საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციის გათვალისწინებით, აღნიშნული ფაქტით კიდევ უფრო მტკიცდება დასახელებულ მიწაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების შესაძლებლობა და უტყუარობა. ამ მხრივ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლების აღიარებით ხორციელდება იმ კერძო პირების უფლების რეალიზება, რომელთაც კანონმა თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლება მიანიჭა, ანუ ადგილი აქვს მუნიციპალიტეტის მიერ არა ქონების განკარგვას, არამედ კერძო პირთათვის კანონით მოპოვებული საკუთრების უფლების რეალიზების უზრუნველყოფას. ამდენად, კანონით გარანტირებული უფლების დადგენისას - კერძო პირის საკუთრების უფლების აღიარებისას, მუნიციპალიტეტს წარმოეშობა ვალდებულება, მასთან შესაბამისობაში მოიყვანოს თავისი ქონება ან დაასაბუთოს ამის დაუშვებლობა კომპეტენტური ორგანოების, კომისიებისა თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს მეშვეობით. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიხედვით, სსიპ ქონების მართვის სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე, ქ.თბილისის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის #19-73 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დებულების თანახმად, ახორციელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებას და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირებას.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტრირების საკითხების განმხილველი კომისიის მიერ განხილულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წერილი #...საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების კორექტირების შესახებ და 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კორექტრირება, ვინაიდან განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებდა ქ. თბილისის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის #19-73 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დებულებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კორექტირებისათვის დადგენილ წინაპირობებს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 22 ივნისის #...ბრძანებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 6 აპრილის #...ბრძანების ბათილად ცნობასთან მიმართებით, არ იკვეთებოდა მოსარჩელის რეალური, იურიდიული ინტერესის არსებობა, რამეთუ მოსარჩელე მხარე უთითებდა, რომ მიწის ნაკვეთი მას თვითნებურად ჰქონდა დაკავებული და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლება ჰქონდა მიემართა კომისიისათვის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მოთხოვნით.

ამ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის კანონით დაცული უფლება და ინტერესი, რაც მას გააჩნდა სადავო მიწის ნაკვეთთან მიმართებით იმ კუთხით, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე თვითნებური დაკავების საფუძვლით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მეშვეობით მომხდარიყო მისი საკუთრების უფლების აღიარება, არ შეზღუდულა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემით.

ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ გასაჩივრებულ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 22 ივნისის #...ბრძანებასა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 6 აპრილის #...ბრძანებაში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, სადავო აქტები მიღებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცული იყო ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ხ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სახელმწიფოში თვითნებურად წარმოქმნილმა გარემოებებმა შექმნა გარკვეულად კვაზი საკუთრების სუბიექტები, რომლებმაც თვითნებურად შეიქმნეს საკუთრების სიცრცე მისი ორი კომპონენტის მიღებით, ხოლო სახელმწიფომ დაუშვა ის, რომ მსგავს პირებს შეუქმნა შესაძლებლობა, მიეღოთ სრული საკუთრების სტატუსი. შესაბამისად, მისივე ქმედებით სახელმწიფომ თავის თავს შეუქმნა ბარიერი, საკუთრებაში ჰქონდეს ქონება, რომელიც სხვის მფლობელობაშია. კასატორის განმარტებით, მოცემულ საქმეზე თვითმმართველის და აღიარების კომისიის ქმედებით დაირღვა სახელმწიფოს მიერ საკუთარი კომპეტენციის შეზღუდვა, რაც გადმოცემულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში.

კასატორის აღნიშვნით, აუცილებელია მსჯელობა თვითმმართველი ერთეულის სამართლებრივ სტატუსზე, გაიგივებულია თუ არა მისი საკუთრება სახელმწიფო საკუთრებასთან აღნიშნული კანონის მიზნებისათვის და ზოგადად, რა სამართლებრივი სტატუსის მატარებელია თვითმმართველი ერთეული.

კასატორი მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-2 მუხლზე, აგრეთვე, 107-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ თვითმმართველ ერთეულს გააჩნია შესაძლებლობა, დაირეგისტრიროს ქონება, რომელიც მის ტერიტორიაზე ექცევა. აღნიშნული ქონება კი არ წარმოადგენს თავისთავად მის საკუთრებას, შესაბამისად, მას აქვს ვალდებულება, დაიცვას კანონის დებულებები, მათ შორის, თვითნებურად დაკავებულ მიწასთან მიმართებით. კასატორი მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 110-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კასატორის მითითებით, ზემოხსენებული ნორმები ცხადყოფს, რომ საკუთრება, მიუხედავად იმისა, სახელმწიფოს ბალანსზე არის იგი თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულისა, ემსახურება ერთ მიზანს - სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებას. შესაბამისად, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნისათვის, კონკრეტულად კი, კერძო საკუთრებაში არმყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და განუკარგავი მიწის ნაკვეთის პირისათვის საკუთრებაში გადაცემისა და ამ გზით მიწის ფონდის ათვისებისათვის, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ერთ სამართლებრივ წინაპირობას. კანონმდებლისათვის ვერ იარსებებს შინაარსობრივი განსხვავება იმაში, უძრავი ქონება არის სახელმწიფოს თუ თვითმმართველი ერთეულის ბალანსზე, რადგანაც მიწის რეგისტრაციის მიზანი არის ერთი და იგივე. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სწორედ მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრაციის ფაქტი განაპირობებს კონკრეტულ შემთხვევაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების შესაძლებლობას. კასატორის მითითებით, აღნიშნულ მიდგომას იზიარებს, აგრეთვე, საქართველოს უზენაესი სასამართლო #ბს-319-319(კ-18) გადაწყვეტილებაში.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ცალსახად ზიანის მომტანია საკასაციო საჩივრის ავტორისათვის, რადგან სწორედ აღნიშნულმა აქტებმა შეუზღუდა შესაძლებლობა, რომ მომხდარიყო მის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. აღნიშნული გარემოება კი დასტურდება აღიარების კომისიის წერილით, შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც განიმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები არ შეიძლება ზიანის მომტანი იყოს მოსარჩელისათვის, არის დაუსაბუთებელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 1 ივლისის ამონაწერის თანახმად, (განცხადების რეგისტრაცია 27.06.2015 წ. #...) უძრავი ნივთის, მდებარე - ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპუსი N...-ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი #..., დაზუსტებული ფართობი 2466,00 კვ.მ. მესაკუთრეს წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, ხოლო უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 22 ივნისის #...ბრძანება.

დადგენილია, რომ 2015 წლის 25 ივნისს ი. ხ-ემ #14/11935 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ქ. თბილისში, ...ის ... N...-ის მიმდებარედ არსებული ფართის (რომლითაც სარგებლობს და ფლობს 1990 წლიდან) 827.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზედ არსებული შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა.

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას თბილისის არქიტექტურის მიმართვით ეცნობა, რომ სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განმეორებით განიხილა ქ. თბილისში, ...ის ... N...-ს მიმდებარედ 827 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და დაადგინა, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ ზონაში (სზ). მიწის ნაკვეთი მოქცეულია #...საკადასტრო ერთეულის საზღვრებში.

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ი. ხ-ეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 ივლისის #14/11/935 მიმართვით ეცნობა ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 4 ივლისის წერილის თაობაზე, რომლიც გაცემულ იქნა მათი #01/5250-08 მიმართვის პასუხად. სსიპ ქონების მართვის სააგენტომ განმარტა, რომ იმისათვის, რომ მას უფლებამოსილებას მიკუთნებულ საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო, აუცილებელი იყო დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ყოფილიყო განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია. იმავე წლის 20 ივლისს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განცხადებით მიმართა ი. ხ-ემ და მოითხოვა ტერიტორიის გამოთავისუფლება მისი შემდგომი ლეგალიზაციის მიზნით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის 2016 წლის 29 ივლისის სხდომაზე (სხდომის ოქმი #17) განხილულ იქნა ი. ხ-ის განცხადება მის დაინტერესებაში მყოფი უძრავი ქონების თბილისის მუნიციპალიტეტის რეგისტრაციიდან გათავისუფლების შესახებ შემდგომში მისი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მიზნით. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით კომისიამ აღნიშნული საკითხის დაკმაყოფილება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

ქ. თბილისის მუნიციაპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ, 2016 წლის 16 აგვისტოს მიღებული QN1424762 გადაწყვეტილებით, ი. ხ-ის მიერ წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ საკითხი განხილულ იქნა შესაბამისი კომისიის მიერ და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების კორექტირება განაცხადის საფუძველზე მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.

დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ, 2015 წლის 22 ივლისს, გამოცემულ იქნა #...ბრძანება საჯარო რეესტრში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად ქ. თბილისში, ...ის დასახლება, მე-... მ/რ, კორპუსი ...-ის მიმდებარედ არსებული 2466 კვ.მ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების თაობაზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 1 ივლისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება #...სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 27 ივნისის #... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილ იყო თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპუსი ...-ის მიმდებარედ 2466 კვ.მ. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. ამავე დღეს მომზადებულ იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვით, უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპუსი ...-ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი #..., დაზუსტებული ფართობი 2466 კვ.მ., საკუთრების უფლება აღირიცხა სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (ID ნომერი ...) სახელზე, რომლის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიეთითა 2015 წლის 22 ივნისის #...ბრძანება.

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ, 2016 წლის 6 აპრილს, გამოცემულ იქნა ბრძანება #...საჯარო რეესტრში ქ. თბილისში, ...ის დასახლება, მე-... მ/რ, კორპუსი ...-ის მიმდებარედ არსებული 2466 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი #...) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად ფართობის უცვლელად, კორექტირებული საზღვრებით დარეგისტრირების თაობაზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 11 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება #...სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 07.04.2016წ. სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილ იყო თვითმმართველი ერთეულის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპუსი ...-ის მიმდებარედ 2466 კვ.მ. ამავე დღეს მომზადებულ იქნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვით უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპუსი ...-ის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი #..., დაზუსტებული ფართობი 2466 კვ.მ. საკუთრების უფლება აღირიცხა სსიპ თვითმმართველი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (ID ნომერი ...) სახელზე, რომლის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიეთითა 2015 წლის 22 ივნისის #...და 2016 წლის 6 აპრილის #...ბრძანებები.

საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ 2016 წლის 6 ოქტომბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცემული იქნა ბრძანება #...ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული განსაზღვრული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ. ბრძანების მე-2 პუნქტით ქ. თბილისში, ..., მე-... მ/რ, კორპუსი ...-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების, საკადასტრო კოდები #...(5550 კვ.მ.) და #...(2466 კვ.მ.) აუქციონის დაწყების დროდ განისაზღვრა 2016 წლის 6 ოქტომბერი, ხოლო დასრულების დროდ 2016 წლის 17 ოქტომბრის 17:00 სთ, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით დადგინდა, რომ თუკი არ მოხდებოდა ამ ბრძანების დანართით განსაზღვრული ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, აუქციონი იმავე პირობებითა და ფასით, გამოცხადდებოდა ვადაგაგრძელებულად 45 კალენდარული დღით.

სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ მის ოფიციალურ ვებსაიტზე iauction.ge, ელექტრონულ აუქციონზე გატანილ იქნა ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპუსი ...-ის მიმდებარედ მდებარე საკადასტრო კოდი #..., 5550 კვ.მ დაზუსტებული ფართისა და საკადასტრო კოდი #..., 2466 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთები, მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (შენობა-ნაგებობა #1, #2 საერთო ფართით 1306 კვ.მ. აგრეთვე #6, #8, #3, #4, #5, #7 ნაგებობები; ..თან მისასვლელი გზა ფართობით - 445 კვ.მ. დატვირთული სერვიტუტით). აქუციონის #... ლოტად გატანილი აღნიშნული უძრავი ქონების საწყის (საწყისი სრული) ფასად განისაზღვრა ...ლარი, მინიმალური ბიჯის ოდენობად - ... ლარი, წინასწარ გადახდად (ბე) - ... ლარი, ხოლო გამოქვეყნების თარიღად ...წლის 6 ოქტომბრის 15:00 სთ. და დასრულების თარიღი - ... წლის 17 ოქტომბრის 17:00 სთ. (http://iauction.ge/Pages/Auqctions/Lot.aspx?id=20331).

დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ, 2016 წლის 1 დეკემბერს, მიღებულ იქნა ბრძანება #... ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 6 ოქტომბრის #...ბრძანებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტით ნაწილობრივ შეწყვეტილად ჩაითვალა თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 6 ოქტომბრის #...ბრძანებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი ... ლოტის ნაწილში. აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნებულ იქნა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებსაიტზე - iauction.ge და auction.tbilisi.gov.ge და ასევე საიტზე eauction.ge.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 22 ივნისის #...ბრძანებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 6 აპრილის #...ბრძანების ბათილად ცნობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის #19-73 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდებაზე“ (დებულებაზე) (ძალადაკარგულია 22.02.2018წ.), რომელიც ადგენს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლი განსაზღვრავს სააგენტოს მიზნებს და აკეთებს მის უფლებამოსილებას მინიჭებულ ფუნქციათა ვრცელ ჩამონათვალს, რომელთაგან ერთ-ერთია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა. აღნიშნული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს უფროსი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს. ამავე წესდების მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტოს უფლება მოვალეობას განეკუთვნება უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციისთვის უძრავი ქონების აზომვითი, საკადასტრო და სხვა სამუშაოების წარმოება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 107-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტს მის ტერიტორიაზე არსებულ დაურეგისტრირებელ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება წარმოეშობა შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოსათვის დადგენილი წესით მიმართვისა და რეგისტრაციის საფუძველზე, რაც სახელმწიფოს არ ართმევს უფლებას, სახელმწიფო საკუთრებად დაარეგისტრიროს დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამავე კანონის 109-ე მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ორგანოები ქონებრივი უფლებების განხორციელებისას ვალდებული არიან დაიცვან მუნიციპალიტეტის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის #233 დადგენილებით დამტკიცებულ „თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესზე“, რომლის 61 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვისა და საკუთრების უფლების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე წერილობითი მოთხოვნით მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველი.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 1 ივლისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება #...სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 27.06.2015 წ. #... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქ. თბილისში, ...ზე, მე-... მ/რ, კორპუსი ...-ის მიმდებარედ მდებარე 2466 კვ.მ უძრავ ნივთზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. იმავე დღეს მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვით, ქ. თბილისში, ...ზე, მე-... მ/რ, კორპუსი ...-ის მიმდებარედ მდებარე დაზუსტებული ფართობის მქონე 2466 კვ.მ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდი #..., საკუთრების უფლება აღირიცხა სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (ID ნომერი ...) სახელზე, რომლის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიეთითა 22.06.2015 წ. #...ბრძანება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტომ „უძრავი ქონების რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2016 წლის 6 აპრილის #...ბრძანებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და ითხოვა #...საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში ცვლილების შეტანა და დარეგისტრირება კორექტირებული საზღვრებით ფართობის უცვლელად, თანდართული ნახაზის მიხედვით, რაც დაკმაყოფილდა მარეგისტრირებელი ორგანოს 2016 წლის 11 აპრილის #...გადაწყვეტილებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ლ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამავე მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნის მოტივით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრემ) და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი იყო მიეღო 2015 წლის 27 ივნისის #... გადაწყვეტილება და ქ. თბილისში, ...ზე, მე-... მ/რ, კორპუსი ...-ის მიმდებარედ მდებარე სადავო 2466 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღერიცხა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად. საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ რეგისტრაციის დროისთვის მასზე კერძო პირთა საკუთრების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ფიქსირდებოდა, ხოლო სამომავლოდ მესამე პირების მხრიდან უფლების შესაძლო წარმოშობა ვერ გახდებოდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ საკუთრების უფლების მოპოვების დამაბრკოლებელი გარემოება.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ (ძალადაკარგულია 22.02.2018) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის #19-73 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების)“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტოს ფუნქციაა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (როგორც ფართობის შემცირებით, ასევე ფართობის უცვლელად), თუ დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით წარმოდგენილი იქნება სარეგისტრაციო წარმოებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული გადაფარვის (ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი და გადაფარვაში მოხვედრილ უძრავ ქონებაზე არსებული ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტაციის ასლი: ბ.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ბ.ბ) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა. ბ.გ) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი. ბ.დ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა.

აღნიშნული დადგენილების მე-7 მუხლით დადგენილია სააგენტოს სამსახურის უფლება-მოვალეობები. კერძოდ, უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხვა-რეგისტრაცია, გამიჯვნა-გაერთიანება, კანონმდებლობით დადგენილი წესით სერვიტუტის დადგენა, უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის უცვლელად), ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით).

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კომპეტენციას მიეკუთვნება. მხოლოდ საკითხზე განცხადების წარდგენა კი არ განაპირობებს დაინტერესებული პირის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას. დაინტერესებული პირის ვალდებულებას წარმოადგენს საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა. თავის მხრივ სააგენტოს ვალდებულებაა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას მასზედ, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას ამ მიწაზე მუნიციპალიტეტის უფლების დარეგისტრირება არ აბრკოლებს. უფრო მეტიც, თუ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია სახელმწიფო და/ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად, საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციის გათვალისწინებით, აღნიშნული ფაქტით კიდევ უფრო მტკიცდება დასახელებულ მიწაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების შესაძლებლობა და უტყუარობა. ამ მხრივ საგულისხმოა აღინიშნოს, რომ საკუთრების უფლების აღიარებით ხორციელდება იმ კერძო პირების უფლების რეალიზება, რომელთაც კანონმა თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლება მიანიჭა, ანუ ადგილი აქვს მუნიციპალიტეტის მიერ არა ქონების განკარგვას, არამედ კერძო პირთათვის კანონით მოპოვებული საკუთრების უფლების რეალიზების უზრუნველყოფას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის #ბს-504-501(კ-17) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ დეტალურად მიმოიხილა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებობის ფარგლები და განმარტა, რომ „„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული დეფინიციის თანახმად თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ნორმის შინაარსით სახელმწიფო საკუთრების მიწა პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე უნდა იყოს თვითნებურად დაკავებული. კანონის გამოყენების მიზნებისათვის მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, რომ პირის მიერ მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის დაკავება. აღნიშნულ კონტექსტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის მოხსენიება არ ნიშნავს, რომ განცხადების განხილვის მომენტში მიწა უცილობლად მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იმყოფებოდეს. ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებიდან ადგილობრივ საკუთრებაში გადაცემით არ გაუქმებულა ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა, ვინაიდან აღნიშნულით არ მომხდარა ნაკვეთის პრივატიზება, მისი განკერძოება.“

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ საქმეში საკასაციო სასამართლომ სახელმწიფო ქონების სტატუსის, მისი მნიშვნელობისა და საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის ისტორიული განვითარების მიმოხილვისა და სახელმწიფო საკუთრების ცნების სრულყოფილი განმარტების საფუძველზე, ცალსახად განსაზღვრა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თვითნებურად დაკავებული მიწა, მათ შორის, მოიცავდა მუნიციპალურ საკუთრებასაც, შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ საკუთრების უფლების აღიარება ამგვარ მიწის ნაკვეთებზე აბსოლუტურად დასაშვებად მიიჩნია. ზემოხსენებულ საქმეში განიმარტა, რომ „მუნიციპალური საკუთრება არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების ნაირსახეობას, თუმცა წარმოადგენს საჯარო საკუთრების დამოუკიდებელ ნაირსახეობას. მოსახლეობის ინტერესებს შეესაბამება მათ მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწებზე მათივე საკუთრების უფლების აღიარება, ამ უფლების რეალიზაცია არ ადასტურებს ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრების უფლების შეზღუდვას.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის #ბს-504-501(კ-17) გადაწყვეტილებით, საკასაციო სასამართლომ, აგრეთვე, განმარტა, რომ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 16.02.2018წ. #13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს დებულების" 2.2 მუხლის „ბ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქ. თბილისის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება, აღნიშნულის განხორცილების ერთ-ერთი საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა. ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომისია რეალურად ახორციელებს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას. შესაბამისად, სადავო აქტი ეწინააღმდეგება კომისიის მიერ დადგენილ პრაქტიკას.“

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს მსგავსი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების მქონე საქმეებთან დაკავშირებით მიღებულ განჩინებებზე (იხ. სუსგ 02.10.2014წ. #ბს-354-350(კ-14), 29.10.2015წ. #ბს-392-386(2კ-15), 11.07.2018წ. #ბს-319-319(კ-18)), რომლებითაც დაუშვებლად იქნა მიჩნეული ადმინისტრაციული ორგანოს საკასაციო საჩივრები და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 08.04.2014წ., 13.03.2015წ. და 25.01.2018წ. განჩინებები.

ამდენად, კანონით გარანტირებული უფლების დადგენისას - კერძო პირის საკუთრების უფლების აღიარებისას, მუნიციპალიტეტს წარმოეშობა ვალდებულება, მასთან შესაბამისობაში მოიყვანოს თავისი ქონება ან დაასაბუთოს ამის დაუშვებლობა კომპეტენტური ორგანოების, კომისიებისა თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს მეშვეობით. ქ.თბილისის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის #19-73 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დებულების თანახმად, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიხედვით, სსიპ ქონების მართვის სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე, ახორციელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებას და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირებას.

განსახილველ შემთხვევაში, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტრირების საკითხების განმხილველი კომისიის მიერ განხილულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წერილი #...საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების კორექტირების შესახებ და 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კორექტირება, ვინაიდან განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებდა ქ. თბილისის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის #19-73 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დებულებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კორექტირებისათვის დადგენილ წინაპირობებს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ განსახილველი დავის ფარგლებში არ იკვეთება მოსარჩელის რეალური, იურიდიული ინტერესის არსებობა, რამდენადაც მოსარჩელის არააბსტრაქტული, კანონით მინიჭებული ლეგიტიმური ინტერესი სწორედ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას უკავშირდება. თუმცა საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად ამგვარი ინტერესის არსებობის დადასტურებისა, სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მიმართ არსებული მოსარჩელის მიზანი წინამდებარე დავის ფარგლებში ვერ მიიღწევა. კერძოდ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ი. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისკენ, რომლითაც უფლებააღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მუნიციპალურ საკუთრებად იქნა რეგისტრირებული, ხოლო განსახილველი სასარჩელო მოთხოვნები კი ეფუძნება კასატორის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, ამგვარი რეგისტრაცია აბრკოლებს სადავო უძრავი ქონებაზე ი. ხ-ის საკუთრების უფლების აღიარებას. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ზემოაღნიშნულ არგუმენტს და განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაცია არა თუ წინააღმდეგობას ქმნის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, არამედ, პირიქით, მოქმედი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებითა და მისი მხედველობაში მიღებით, განამტკიცებს მითითებული კანონის ფარგლებში მოქმედი განმცხადებლების სამართლებრივ მდგომარეობას, ქმნის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ფაქტობრივ-სამართლებრივ წინაპირობას. ამასთან, რამდენადაც მოსარჩელის მიზანი თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას უკავშირდება, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება არა თუ შექმნის მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გარანტიებს, არამედ პირიქით, შეაფერხებს და გაართულებს ზემოხსენებული მიზნით ი. ხ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ი. ხ-ის მიერ აღძრული სარჩელი ვერ განაპირობებს მოსარჩელის კანონით დაცული არააბსტრაქტული, რეალური და ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე უფლებამოსილია, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების საფუძვლით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიმართოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მუნიციპალური ქონების გამოცალკევების მოთხოვნისაგან დამოუკიდებლად, მოითხოვოს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრირებულ თვითნებურად დაკავებულ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 22 ივნისის #...ბრძანებასა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 6 აპრილის #...ბრძანებაში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, სადავო აქტები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი