დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბს-735-735(კ-18) 12 მარტი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სს „...ას“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2018წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „...ამ“ 12.07.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ კომისიის 19.05.2016წ. N34/26 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.07.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ე. ნ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.2016წ. გადაწყვეტილებით სს „...ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008წ. N20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესის“ 11.2 მუხლის მიხედვით, თუ მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს ელექტროენერგიის მოხმარებას ან ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული რის გამოც ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში. 11.13 მუხლის თანახმად, თუ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა (ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე მომხმარებლის მიეერ მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია (ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), მომხმარებელს ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით), ამ მეთოდით დარიხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. პალატამ მიიჩნია, რომ ე. ნიკოლაიშვლისათვის დასარიცხი თანხის ოდენობის განსაზღვრისას უნდა გამოყენებულიყო სწორედ ზემოაღნიშნული მეთოდი, რადგან მრიცხველის გაუმართაობის გამო შეუძლებელი იყო მოხმარებული ელექტროენერგიის ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა, ამასთანავე, უტყუარად არ დგინდებოდა გაუმართაობის წარმოშობის კონკრეტული დრო და მრიცხველის ჩვენების არასწორად წაკითხვის ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს „...ას“ მიერ. კასატორი თვლის, რომ საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება ე. ნ-ის მიერ წლების განმავლობაში დარიცხულ საფასურთან შედარებით ბევრად მეტი ელექტროენერგიის მოხმარება, რაც განპირობებული იყო ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენების არასწორად წაკითხვით. 2015 წლის მაისში შემოწმდა მრიცხველი და დადგინდა, რომ ერთი მხრივ მრიცხველი იყო დაზიანებული, ხოლო მეორე მხრივ მრიცხველი იყო შვიდთანრიგიანი, თუმცა ხდებოდა მხოლოდ 6 თანრიგის წაკითხვა. კასატორი მიიჩნევს, რომ კომისიის აქტი დაუსაბუთებელია და გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე. არასწორია თითქოს 2011 წლის 16 სექტემბრიდან 2015 წლის 11 მაისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან 11.05.2015წ. მრიცხველზე დაფიქსირებული იყო კონკრეტული ჩვენება, რომელიც გარკვევით იკითხებოდა. ამდენად, ზუსტად დგინდება მრიცხველის დამონტაჟებიდან მის შემოწმებამდე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა. ე. ნ-ის სახლში არსებული ელექტროდანადგარები შემოწმდა მხოლოდ სადავო დარიცხვიდან 10 თვის შემდეგ, ამიტომ შემოწმების შედეგები არ უნდა იქნეს გათვალისწინებული. კასატორმა აღნიშნა, რომ 2016წ. ძველი მრიცხველი ჩანაცვლდა ახალი, გამართული მრიცხველით, რომლის ჩვენებების მიხედვით ზაფხულში ყოველთვიური მოხმარება 600-900 კვტ/სთ-ია, მაშინ როდესაც ძველი მრიცხველის არსებობის პირობებში თვეში დაახლოებით 80 კვტ/სთ-ის ღირებულების დარიცხვა ხდებოდა აბონენტისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 8).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის თანახმად, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები მტკიცდება კომისიის დადგენილებით (5.1 მუხ., „ვ“ ქვ.პ.) და არის დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს ერთი მხრივ განაწილების ლიცენზიანტებს და მეორე მხრივ, საცალო მომხმარებელს შორის განაწილების ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს (მე-2 მუხ., ჰ3 ქვ.პ.). კომისიის 18.09.2008წ. N20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მიხედვით, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება აღრიცხოს ინდივიდუალურად, ამ მიზნით მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი (6.1 მუხ.), მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით, ყოველთვიურად (9.1, 9.2 მუხ.). ამასთანავე, არის შემთხვევები, როდესაც ელექტროენერგიის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს მოხმარებულ ელექტროენერგიას ან მრიცხველის ჩვენების წაკითხვა ხორციელდება არასწორად. ასეთ დროს განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში („წესების“ 11.2 მუხ.). ანგარიშის ჩასწორება უნდა განხორციელდეს რეალურად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის შესაბამისად, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც შეუძლებელია რეალურად მოხმარებული ელექტროენერგიის ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა. უკეთუ მრიცხველის საშუალებით მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში ამ პერიოდზე მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია, მომხმარებელს ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით), ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს („წესების 11.13 მუხ.). აღნიშნული ნორმა აწესრიგებს ისეთ შემთხვევას, როდესაც დაუდგენელია ხარვეზის წარმოშობის კონკრეტული თარიღი. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოებისა და კომისიის მოსაზრებას, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში ე. ნ-ისათვის დასარიცხი თანხის ოდენობა სწორედ „წესების“ 11.13 მუხლში ასახული მეთოდოლოგიით უნდა განსაზღვრულიყო, რადგან შეუძლებელია მრიცხველის გაუმართაობის ან/და მრიცხველის არასწორად წაკითხვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ზუსტი პერიოდის განსაზღვრა, რაც ელექტროენერგიის აღურიცხავი ოდენობის ზუსტად დადგენის შესაძლებლობას გამორიცხავს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 16.09.2011წ. სს „...ამ“ ე. ნ-ის მოთხოვნის საფუძველზე მცხეთაში, სოფ. მუხათწყაროში დააყენა სამფაზა ელექტროენერგიის მრიცხველი და შეადგინა აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი, აქტის მიხედვით მრიცხველი მუშაობდა დასაშვები ცდომილებით. 11.05.2015წ. სს „...ამ“ კვლავ შეამოწმა მრიცხველი და დაადგინა, რომ მრიცხველი იყო დაზიანებული და არ აღრიცხავდა მოხმარებულ ელექტროენერგიას, ასევე არ ხდებოდა მრიცხველის ჩვენების სწორად წაკითხვა. მართალია 11.05.2015წ. შემოწმებისას მრიცხველზე მითითებული იყო კონკრეტული ჩვენება, თუმცა მრიცხველის გაუმართაობის პირობებში არასარწმუნოა მოსაზრება მომხმარებლის მიერ კონკრეტული ოდენობის ელექტროენერგიის მოხმარების ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის შესახებ, რადგან შესაძლოა მრიცხველმა დროის გარკვეულ პერიოდში აღრიცხა რეალურად მომხარებულზე მეტი ოდენობის ელექტროენერგია. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ აბონენტი ახდენდა მრიცხველის წაკითხვის შედეგად დარიცხული თანხის ანაზღაურებას. მრიცხველის არასწორად წაკითხვის შესახებ კასატორის მოსაზრების გაზიარების შემთხვევაშიც გაურკვეველია ზუსტად რაში გამოიხატებოდა მრიცხველის არასწორად წაკითხვა და კონკრეტულად ჩვენების რომელი თანრიგის დაფიქსირება არ ხდებოდა, ასევე დაუდგენელია ჩვენების არასწორად წაკითხვის კონკრეტული პერიოდი. ის, რომ მრიცხველის დამონტაჟებიდან მის შემოწმებამდე მრიცხველის წაკითხვა ყოველთვის ცდომილებით ხდებოდა, საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, რადგან შეუძლებელია მრიცხველის გაუმართაობის მომენტის, ჩვენების არასწორად წაკითხვის დაწყების პერიოდის ზუსტი დადგენა, ხოლო გაუმართავ მრიცხველზე დაფიქსირებული ჩვენება, მისი გაუმარტაობის გამო სარწმუნოდ ვერ იქნება მიჩნეული. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სს „...ას“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სს „...ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2018წ. განჩინება;
3.სს „...ას“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.05.2018წ. N41956002 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი თღEშGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი