შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 119-დად 8 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ნ. გვენეტაძე
განიხილა მსჯავრდებულ გ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ს-ის საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 თებერვლის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ გ. ქ-ის შუამდგომლობა ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998წ. 29 ივნისის განაჩენით გ. ქ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და სხვა მძიმე დანაშაულთა ჩადენისათვის. გ. ქ-ლს საბოლოოდ შეეფარდა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, გაძლიერებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით.
გ. ქ-ლი სასჯელს იხდის 1997წ. 27 ივნისიდან.
მსჯავრდებულ გ. ქ-ის დედამ _ ც. ქ-მა 2002წ. თებერვალში შუამდგომლობით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და მსჯავრდებულის მძიმე ავადმყოფობის მოტივით, საქართველოს სსსკ-ის 607-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, ითხოვა განაჩენის აღსრულების გადავადება მის გამოჯანმრთელებამდე.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ განიხილა ც. ქ-ის შუამდგომლობა და 2002წ. 18 ნოემბრის დადგენილებით არ დააკმაყოფილა იგი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2003წ. 14 თებერვლის განჩინებით გააუქმა რა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს აღნიშნული დადგენილება, მიუთითა შემდეგზე: საქართველოს სსსკ-ის 608-ე მუხლით დადგენილი წესის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების მოთხოვნის სუბიექტი შეიძლება იყოს თავად მსჯავრდებული ან სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი; ამდენად, მსჯავრდებულის შუამდგომლობა მოცემულ შემთხვევაში არ უნდა გამხდარიყო სასამართლო განხილვის საგანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ განუხილველად დატოვა ც. ქ-ის შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ. ქ-ის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადების შესახებ. ამასთან, მსჯავრდებულ გ. ქ-ლს განემარტა, რომ მას, საქართველოს სსსკ-ის 608-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების შესახებ მიმართოს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.
2003წ. 30 მაისს მსჯავრდებულმა გ. ქ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მძიმე ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება. რაიონულმა სასამართლომ განიხილა მსჯავრდებულ გ. ქ-ის შუამდგომლობა და 2004წ. 12 თებერვლის დადგენილებით არ დააკმაყოფილა იგი.
საჩივრით მსჯავრდებულ გ. ქ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ს-ძე ითხოვს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 თებერვლის დადგენილების გაუქმებას და მსჯავრდებულ გ. ქ-ის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას სსსკ-ის 608-ე და სსკ-ის 74-ე მუხლების საფუძველზე.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ლ. ს-ემ წარმოადგინა სამედიცინო დასკვნა მსჯავრდებულ გ. ქ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს.
პროკურორმა ო. რ-ამ მხარი არ დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმება და მასალების გადაცემა სასამართლოსათვის გ. ქ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის განმეორებით გადამოწმების მიზნით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის მოტივები და მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 თებერვლის დადგენილებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ გ. ქ-ის შუამდგომლობა ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების შესახებ, ძირითადად, საფუძვლად დაედო სამედიცინო დასკვნა და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა.
სამედიცინო დასკვნის მიხედვით, არსებული სამედიცინო საბუთებისა და გ. ქ-ის ამჟამინდელი განმეორებითი ნევროლოგიური გამოკვლევის მონაცემების შეჯერებით ქიტიაშვილს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების ნიშნები არა აქვს. ქვედა პარაპლეგია (მოძრაობის მოსპობა ქვედა კიდურებში) ატარებს ფუნქციურ ხასიათს პროფილით. გ. ქ-ლი მძიმე ავადმყოფი არ არის. ამავე დასკვნით, გ. ქ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის შეფასება და, შესაბამისად, მკურნალობის ხასიათისა და სამკურნალო დაწესებულების შერჩევის საკითხების გადაწყვეტა კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის პრეროგატივაა. დასკვნას ხელს აწერს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ო. ო-ლი.
სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, გ. ქ-ლი ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით, ჭკუასუსტობით დაავადებული არ არის. მას აღენიშნება პერსონოლოგიური ფსიქოპათიური აშლილობა. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ. ქ-ლი სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენებას არ საჭიროებს.
საკასაციო პალატის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის _ რ. ღ-ის, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის _ ნ. მ-ის, სამედიცინო დეპარტამენტის მრჩევლის _ გ. ფ-ის მიერ 2004წ. 21 მაისს გაცემული სამედიცინო დასკვნა.
ამ დასკვნის მიხედვით, გ. ქ-ლი იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹-- დაწესებულებიდან 1999წ. 16 მარტს გადაყვანილ იქნა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც დღემდე იმყოფება. ამ პერიოდში ავადმყოფს ჩაუტარდა კომპლექსური გამოკვლევა: კლინიკო-ლაბორატორიული, რენტგენოლოგიური, თავისა და ზურგის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა; მას მრავალჯერ გაუწიეს კონსულტაცია ნევროპათოლოგებმა; ჩატარებული აქვს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზული გამოკვლევა, რის შედეგადაც დაუდგინდა დიაგნოზი: დისოციაციური მოტორული მოშლილობა, F.44.4 ფუნქციური (ისტერიული) ქვედა პარაპლეგია. ავადმყოფს მინიჭებული აქვს I ჯგუფის ინვალიდობა.
იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული სამედიცინო დასკვნის მიხედვით, სამკურნალო დაწესებულებაში მთელი ამ დროის მანძილზე ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, მსჯავრდებულ გ. ქ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება. იგი მძიმე ავადმყოფია, დამოუკიდებლად ვერ უვლის თავს, გადაადგილებას პერიოდულად ახერხებს მხოლოდ ინვალიდის ეტლის მეშვეობით. ამავე დასკვნის მიხედვით, მსჯავრდებულის მდგომარეობა ხელს უშლის მის მიერ სასჯელის მოხდას.
ასევე პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესზე გ. ქ-ის მკურნალი ექიმის _ გ. ჭ-ის განმარტებით, გ. ქ-ის მდგომარეობა მძიმეა, იმისდა მიუხედავად ფუნქციური არის მისი დაავადება, თუ _ ორგანული. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად თავის მოვლა (უვლის დედა), იგი გადაადგილდება მხოლოდ ინვალიდის ეტლით, მუდმივი ჯდომისგან თავი იჩინა სხვა დაავადებებმაც. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც გ. ქ-ლი სამკურნალო დაწესებულებაშია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
პალატამ, სსსკ-ის 128-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, შეისწავლა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის _ საკასაციო წარმოების სტადიაზე წარმოდგენილი სამედიცინო დასკვნა, მიაჩნია, რომ აღნიშნული დასკვნა თავისთავად და ამ საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთად წარმოადგენს რაიონული სასამართლოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის საფუძველს, სახელდობრ: გ. ქ-ლი მძიმე ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისაგან უნდა გათავისუფლდეს, საქართველოს სსსკ-ის 608-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ, საქართველოს სსკ-ის 74-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, მძიმე ავადმყოფობით დაავადებულმა პირმა _ გ. ქ-მა გამოჯანმრთელების შემთხვევაში შეიძლება გააგრძელოს სასჯელის მოხდა, თუ არ იქნება გასული სსკ-ის 76-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე, 608-ე და სსკ-ის 74-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 თებერვლის დადგენილება, რომლითაც მძიმე ავადმყოფობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან განთავისუფლებაზე მსჯავრდებულ გ. ქ-ლს უარი ეთქვა, შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
გ. ქ-ლი მძიმე ავადმყოფობის გამო გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.