საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 151-აპ 8 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 ნოემბრის განაჩენი მ. ზ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 ნოემბრის განაჩენით მ. ზ-ლს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
განაჩენით მ. ზ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2003წ. 9 ივლისს, დღის საათებში, მ. ზ-მა, იმყოფებოდა რა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში მდებარე სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, განიზრახა ამ ბიბლიოთეკის დირექტორ ვ. პ-ის კაბინეტისა და სხვა ოთახების გაქურდვა, რა მიზნითაც დაიმალა ბიბლიოთეკის ერთ-ერთ ოთახში და მოსამსახურე პერსონალის წასვლის შემდეგ გამოვიდა დამალული ადგილიდან. იქვე, ბიბლიოთეკაში ნანახი გასაღებებით მოახერხა ვ. პ-სა და სხვა ოთახების კარებების გახსნა, საიდანაც შემდგომ ფარულად გაიტაცა დაზარალებულ ვ. პ-ის კუთვნილი შემდეგი დასახელების ნივთები, კერძოდ: ,,ჯვს” მარკის ვიდეომაგნიტოფონი, ღირებული 200 ლარად; ,,ჰუნდაის” მარკის კომპიუტერის მონიტორი, ღირებული 80 ლარად; შავ-თეთრი ტელევიზორი ,,ელექტრონიკა-404”, ღირებული 50 ლარად; ,,სიმენსის” მარკის აუდიომაგნიტოფონი, ღირებული 200 ლარად; ,,კანზაის” მარკის აუდიომაგნიტოფონი, ღირებული 100 ლარად; ,,კენვოდისა” და ,,ფიასტის” მარკის ორი წყლის მადუღარა, ორივე ღირებული 80 ლარად; მაგნიტოფონის ორი ცალი დინამიკი, ღირებული 40 ლარად; ქალის ოქროს საათი სამაჯურით, ღირებული 400 ლარად; 4 ცალი ოქროს შესაკრავი, ღირებული 40 ლარად; ვერცხლის გულსაბამი, ღირებული 10 ლარად; ბეჭედი მოყავისფრო თვლით, ღირებული 10 ლარად; ალმასის 4 პატარა ნამსხვრევი, სულ ღირებული 100 ლარად; ქართულ-ინგლისური ლექსიკონის 6 ტომი, ღირებული 60 ლარად; რელიგიური წიგნი ,,კრიშნა”, ღირებული 10 ლარად; ბრტყელტუჩა, ორი ცალი სახრახნისი, ,,სფერლოები” და გასაღებები, სულ ღირებული 15 ლარად, რითაც დაზარალებულს საერთო ჯამში 1395 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. გატაცებული ნივთები მან მოათავსა წინასწარ მომარჯვებულ ჩანთაში და 10 ივლისს, დაახლოებით 5 საათზე, ამ ბიბლიოთეკის საცავის გავლით სავენტილაციო კარებით გამოვიდა შენობიდან. როცა ნაქურდალის გადასატანად აპირებდა ტაქსის გაჩერებას, დააკავეს თბილისის ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს I განყოფილების მუშაკებმა. ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს მისგან უკლებლივ იქნა ამოღებული ზემოაღნიშნული ნაქურდალი ნივთები.
მსჯავრდებული მ. ზ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ისეთი სახის სასჯელის დანიშვნას, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ნ. ც-მა მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა პროკურორს და მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით მ. ზ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სრულად არის დადასტურებული ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმით, ნივთმტკიცების ამოღების ოქმით, დაზარალებულ ვ. პ-ის ჩვენებით, მოწმეების _ ლ. უ-ის, ლ. ა-ის, ვ. ბ-ისა და სხვათა ჩვენებებით.
მსჯავრდებულმა მ. ზ-მა წინასწარი გამოძიებისა და რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მთლიანად აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხოლო სააპელაციო წესით საქმის განხილვისას კი ნაწილობრივ შეცვალა ადრე მიცემული ჩვენება.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და თვლის, რომ მსჯავრდებული ამ გზით ცდილობს, თავიდან აიცილოს მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
მ. ზ-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მის მიერ ჩადენილ ქმედებას მიცემული აქვს არასწორი კვალიფიკაცია, მას ბრალიდან უნდა ამოერიცხოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, რადგან საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ. ზ-ის მიერ ჩადენილი ქმედებით ვ. პ-რს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი და ის, რომ დაზარალებულს უკლებლივ ყველა ნივთი დაუბრუნდა, არ წარმოადგენს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში მ. ზ-ის გამართლების საფუძველს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, სასამართლო პროცესზე მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლევითა და შეფასებით დამტკიცებულად მიიჩნია მსჯავრდებულ მ. ზ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება.
განაჩენის დადგენის დროს სასამართლომ გაითვალისწინა მ. ზ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ყველა გარემოება და შეუფარდა კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი, რომლის შემსუბუქების ან პირობითი მსჯავრის გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 თებერვლის განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 თებერვლის განაჩენი მ. ზ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.