განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 08.06.2004
საქმის ნომერი
2კ-179დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.06.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 179-დად 8 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. გოგელია

განიხილა ბრალდებულ ლ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 მაისის დადგენილებაზე, რომლითაც მას უარი ეთქვა ლ. კ-ის მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ შეტანილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ბრალდებულ ლ. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-ემ შუამდგომლობით მიმართა ბორჯომის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც იგი ითხოვდა ბორჯომის საგამოძიებო ქვეგანყოფილების გამომძიებლის 2004წ. 17 აპრილის დადგენილების გაუქმებას, ვინაიდან მას აღნიშნული დადგენილებით უარი ეთქვა ბრალდებულ ლ. კ-ის მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნაზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 მაისის დადგენილებით ბრალდებულ ლ. კ-ის ინტერესების დამცველს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ადვოკატს არავითარი საფუძველი არ გააჩნდა, მოეთხოვა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა ლ. კ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად.

რაიონული სასამართლოს აღნიშნული დადგენილების თაობაზე ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს ამ დადგენილების გაუქმებასა და ბრალდებულ ლ. კ-ის მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნას.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა გ. გ-ემ მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

პროცესში მონაწილე პროკურორმა გ. მ-ემ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა, რომ 2004წ. 19 მაისს ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 მაისის დადგენილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ ბრალდებულ ლ. კ-ის ინტერესების დამცველ ადვოკატს უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ, საქართველოს სსსკ-ის 356-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ექსპერტიზა ტარდება მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად საჭიროა მეცნიერთა დასკვნა. ამ შემთხვევაში, სასამართლოს აზრით, გამომძიებელს არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულება, რაც მისცემდა საფუძველს, ჩაეტარებინათ ბრალდებულ ლ. კ-ის ჯანმრთელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული დადგენილების გაუქმების საფუძველი.

პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ ბრალდებულ ლ. კ-ის ინტერესების დამცველ ადვოკატს უსაფუძვლოდ უთხრა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულს აქვს ეჭვმიტანილის ყველა საპროცესო უფლება, მათ შორის _ ბრალდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს სამედიცინო შემოწმება და შესაბამისი წერილობითი დასკვნა, აგრეთვე _ სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად, რაც, კანონის მიხედვით, აუცილებლად უნდა შესრულდეს.

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ლ. კ-ეს აღენიშნება გულის პარკუჭთაშუა ძგიდის ჰიპერტროფია, მიტრალური სარქვლის სეპტალური კარედი მცირედ გამკვრივებულია, მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქცია დაქვეითებული აქვს და აღენიშნება სხვა მრავალი დაავადებაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ლ. კ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევის მიზნით, დაინიშნოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რის გამოც ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 მაისის დადგენილება უნდა გაუქმდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 243-ე და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბრალდებულ ლ. კ-ის დამცველის, ადვოკატ გ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ბორჯომის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს საგამოძიებო ქვეგანყოფილების გამომძიებლის 2004წ. 17 აპრილისა და ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 მაისის დადგენილებები, როგორც უკანონო, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალები დაუბრუნდეს აღნიშნულ საგამოძიებო ორგანოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე ბრალდებულ ლ. კ-ის დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს მიერ შეტანილი შუამდგომლობის ხელახალი განხილვისა და მის თაობაზე კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.