საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 193-აპ 15 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ მ. ა-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 აპრილის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 დეკემბრის განაჩენი მ. ა-ას მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 დეკემბრის განაჩენით მ. ა-ას 1 წლით, 8 თვითა და 10 დღით ადრე), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის III ნაწილის “გ” ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 თვე და საბოლოოდ მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ამავე განაჩენით ა. შ-ლს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, მისჯილი აქვს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. იგი განაჩენს არ ასაჩივრებს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 აპრილის განაჩენით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი მ. ა-სა და ა. შ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
განაჩენით მ. ა-ას მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით.
2003წ. 18 თებერვალს მ. ა-ამ და ა. შ-მა შეაღწიეს მ. გ-სა და ზ. მ-ის საცხოვრებელ ბინებში, საიდანაც ფარულად გაიტაცეს 1100 ლარის ღირებულების ნივთები, რითაც დაზარალებულებს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.
საკასაციო საჩივრით მ. ა-ვა ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას. საჩივარში იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, აღნიშნავს, რომ აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, კმაყოფაზე ჰყავს ცოლ-შვილი და ა.შ.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა მ. ა-ამ მოინანია ჩადენილი დანაშაული. მან აღნიშნა, რომ აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, ჰყავს ასთმით დაავადებული მცირეწლოვანი შვილი, ავადმყოფი დედა, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა მ. კ-ემ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა, განაჩენი მ. ა-ას მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებებით მ. ა-ას მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული. პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქების შესახებ.
საქართველოს სსკ-ის 565-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა. საქმიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებული მ. ა-ვა წარსულში ნასამართლევია ყაჩაღობისათვის და მას ნასამართლობა გაქარწყლებული არა აქვს. უფრო მეტიც, მან ბრალად შერაცხული დანაშაული ჩაიდინა ვადამდე პირობით განთავისუფლების პერიოდში. ასეთ პირობებში პალატას მიაჩნია, რომ მისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება ჩაითვალოს მეტისმეტად მკაცრ და აშკარად უსამართლო სასჯელად.
ამდენად, მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი სასჯელის შემსუბუქების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 აპრილის განაჩენი მ. ა-ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 აპრილის განაჩენი მ. ა-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.