დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 21.01.2021
საქმის ნომერი
ბს-811(კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.01.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #ბს-811(კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 26 თებერვალს მ. ფ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 24 დეკემბრის #409 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქ. წყალტუბოში, ...ს ქ. #24-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე მ. ფ-ის მფლობელობაში არსებული 122.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, მ. ფ-ე ათეული წელია ფლობს ქ. წყალტუბოში, ...ს ქ. #24-ის მიმდებარედ არსებულ 122.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს საჭირო დოკუმენტებთან ერთად ასევე წარუდგინა მოქალაქეების - ო. ხ-ასა და ს. ქ-ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები, რომ ამხანაგობა „...ისა“ და ამხანაგობა „მ...ის“ თავმჯდომარეები და წევრები თანახმანი არიან მ. ფ-ემ დაირეგისტრიროს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. მოსარჩელის მითითებით, ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი უთხრა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტად, გამოცემის მომენტიდან, ბათილად იქნა ცნობილი ქ. წყალტუბოში, ...ს ქ. #24-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე მოსარჩელე მ. ფ-ის მფლობელობაში არსებული 122 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 24 დეკემბრის #409 განკარგულება; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ქ. წყალტუბოში, ...ს ქ. #24-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე, მოსარჩელე მ. ფ-ის მფლობელობაში არსებული 122 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ადგილზე დათვალიერების აქტით დასტურდება, რომ დაინტერესებული პირი ითხოვს მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობაზე საკუთრების უფლების აღიარებას. კასატორის მითითებით, სისტემური რეგისტრაციის პირობებში, დაინტერესებული პირის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია, როგორც კორპუსის ტერიტორია. დღეის მდგომარეობით ნაკვეთი არ არის მოქცეული მყარ საზღვრებში და არ არის გამიჯნული მიმდებარე უძრავი ქონებიდან. ამასთან, დაინტერესებული პირის წარმომადგენლის განმარტებით, მ. ფ-ეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი გადასცა ბიძამ, რომელიც ფლობდა და სარგებლობდა უძრავი ქონებით.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების, ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რაც გამოიხატება იმაში, რომ მიწის ნაკვეთი არ არის მოქცეული მყარ საზღვრებში და გამიჯნული მიმდებარედ სხვისი უძრავი ქონებიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 24 დეკემბრის #409 განკარგულება, რომლითაც საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სხვის (კორპუსის) რეგისტრირებულ საკუთრებას და უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ არის მოქცეული მყარ საზღვრებში.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს, ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) ვერ წარმოადგინა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, მოპასუხეს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, ვინაიდან მოწმეთა ჩვენებებით, საქმეზე წარმოდგენილი ფოტოსურათებითა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის - მ. კ-ის 2018 წლის 14 აგვისტოს ადგილზე დათვალიერების აქტით დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთის შემოღობისა და მ. ფ-ის მიერ მისი ფლობის ფაქტი. რაც შეეხება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცებას იმის თაობაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მოქცეულია კერძო საკუთრების საზღვრებში, აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად საქმეზე არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის მიხედვით, ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის საპირისპიროდ საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ს. ქ-ის, როგორც ამხანაგობა „მ...ის“ თავმჯდომარისა და ო. ხ-ას, როგორც ამხანაგობა „...ის“ თავმჯდომარის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით დადგენილია, რომ მ. ფ-ე 1970 წლიდან ფლობს და სარგებლობს სადავო 122 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, მდებარე: წყალტუბო, ...ის ქ. #24-ის მიმდებარედ; საქმეში წარმოდგენილი ხ. ნ-ისა და შ. კ-ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დადგენილია, რომ მ. ფ-ე 2007 წლამდე და მას შემდეგ, მოყოლებული დღემდე თვითნებურად ფლობდა და ფლობს სადავო 122 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 35 კვ.მ შენობა-ნაგებობას, მდებარე: წყალტუბო, ...ის ქ. #24-ის მიმდებარედ. კ. ვ-ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დადგენილია, რომ მ. ფ-ე 1970 წლიდან მოყოლებული დღემდე თვითნებურად ფლობდა და ფლობს სადავო 122 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მდებარე: წყალტუბო, ...ის ქ. #24-ის მიმდებარედ. აღნიშნული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გამიჯნულია კობა ვარშანიძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობისაგან; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის - მ. კ-ის 2018 წლის 14 აგვისტოს ადგილზე დათვალიერების აქტით დადგენილია, რომ მ. ფ-ე 2007 წლამდე და მას შემდეგ, მოყოლებული დღემდე თვითნებურად ფლობდა და ფლობს სადავო 122 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 35 კვ.მ შენობა-ნაგებობას, მდებარე: წყალტუბო, ...ის ქ. #24-ის მიმდებარედ, ნაკვეთი შემორაგულია, გაშენებულია ნარგავები. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი ფოტოსურათებით დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი შემოღობილია, სადაც გაშენებულია ნარგავები. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოკვლეული მასალებით დადგენილ იქნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არ არის საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტები, საჰაერო თუ მიწისქვეშა კომუნიკაციები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც მოცემულ შემთხვევაში, ადასტურებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე