დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 21.01.2021
საქმის ნომერი
ბს-869(2კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.01.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #ბს-869(2კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 21 დეკემბერს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 10 მაისს საქართველოს მთავრობის #1056 განკარგულებისა და 2018 წლის 28 მაისს გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, შპს „...ს“ გაუფორმდა საგადასახადო შეთანხმება. 2018 წლის 28 მაისს გაფორმებული შეთანხმების 3.1. მუხლის თანახმად, შპს „...ის“ დავალიანების ოდენობა განისაზღვრა 55 561.77 ლარით, რომლის გადახდის ვალდებულებად განისაზღვრა საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 50 კალენდარული დღე.

მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ პირნათლად იქნა შესრულებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, შეთანხმებით განსაზღრულ ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილ იქნა შესაბამისი თანხები, უფრო კონკრეტულად, ნაწილი თანხა გადახდილ იქნა ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო მეორე ნაწილი მოგროვებულ იქნა მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ზედმეტობის ხარჯზე.

მოსარჩელის მითითებით, შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა გათვალისწინებული შპს „...ის“ ბარათზე არსებული ზედმეტობა და მიუხედავად მხარის მოთხოვნისა, მოპასუხემ არ განახორციელა ბიუჯეტში შპს „...ის“ მიერ ზედმეტად გადახდილი თანხების ხარჯის საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხების ჩათვლა და შეთანხმების შესრულებულად აღიარება. საგადასახადოს თანამშრომლების მიერ განიმარტა, რომ საგადასახადო შეთანხმების ფარგლებში შპს „...ის“ მიერ უნდა მომხდარიყო ნაღდი ფულის სახით თანხის შეტანა სახელმწიფო ბიუჯეტში, რის გამოც მოსარჩელის მიერ შეტანილ იქნა განცხადება ბიუჯეტში არსებული ზედმეტობის უკან დაბრუნებისა და საგადასახადო შეთანხმების დასაფარავად კვლავ ბიუჯეტში გადახდა, რაზეც ეთქვა უარი.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 23 ივლისის შესაგებლის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 ივლისის #20171 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 სექტემბრის #24171 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 21 ნოემბრის #24715 გადაწყვეტილების (რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „...ის“ #6818/2/2018 ადმინისტრაციული საჩივარი) ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინებით შპს „...ის“ სარჩელი, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ, განსჯადობით გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 23 ივლისის შესაგებელი და სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს „...ის“ 2018 წლის 13 ივლისის განცხადებასთან (მოთხოვნასთან) დაკავშირებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 ივლისის #20171 და 2018 წლის 6 სექტემბრის #24171 ბრძანებები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 21 ნოემბრის #24715 გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „...ის“ #6818/2/2018 ადმინისტრაციული საჩივარი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები და აღნიშნა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2018 წლის 23 ივლისს ისე მიიღო შესაგებელი, რომ სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმის მასალები, კერძოდ 2018 წლის 16 ივლისიდან - 2018 წლის 17 ივლისამდე პერიოდის ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს, შპს „...ს“ პირადი აღრიცხვის ბარათზე აღიარებული საგადასახადო დავალიანება არ ერიცხებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, გადამხდელთან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების აქტის (Nა154-21) საფუძველზე, 2018 წლის 28 მაისს გადამხდელს ძირითად ბარათზე შეუმცირდა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა: გადასახადის ძირითადი ნაწილი 52 953.77 ლარი და საურავი 29 555.91 ლარი, რომელიც ამავე თარიღით გადატანილ იქნა დროებით (არ აღიარებულ) ბარათზე.

კასატორის მითითებით, 2018 წლის 16 ივლისს გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა 2018 წლის ივნისის თვის დღგ-ს დეკლარაცია, რომლითაც გადამხდელმა მიიღო 48250 ლარის ჩათვლა. მიღებული ჩათვლის გამო, სანამ შეთანხმებთ გათვალისწინებული თანხები იყო დროებით ბარათზე, გადამხდელს დაუფიქსირდა ზედმეტობა. ზედმეტად რიცხული თანხების დაბრუნებისა და მისი შეთანხმებით განსაზღვრული თანხების დაფარვის მოთხოვნით, გადამხდელმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს 13 ივლისს.

კასატორის განმარტებით, დროებით (არ აღიარებულ) ბარათზე არსებული თანხები აღდგა ძირითად ბარათზე შესაბამისი სავადოებით საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის გამო, რამაც გამოიწვია ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციით წარმოშობილი ზედმეტობის განაშთვა, რის შემდგომაც, სადავო შესაგებლის გამოცემამდე გადამხდელის ბარათზე ზედმეტობა აღარ ფიქსირდებოდა. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ გადამხდელს მართლზომიერად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რადგანაც მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ, როგორც გადამხდელის საჩივრის განხილვის ეტაპზე, ასევე, სარჩელის განხილვისას, წარდგენილ იქნა მყარი არგუმენტები პოზიციის დასასაბუთებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 23 ივლისის შესაგებლის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 30 ივლისის #20171 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 სექტემბრის #24171 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 21 ნოემბრის #24715 გადაწყვეტილების (რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „...ის“ #6818/2/2018 ადმინისტრაციული საჩივარი) ბათილად ცნობა.

საქმეში არსებული 2018 წლის 13 ივლისის განცხადებით დადგენილია, რომ შპს შპს „...ს“ 2018 წლის 13 ივლისის მდგომარეობით ერიცხებოდა სალდირებული ზედმეტობა 55 724.99 ლარის ოდენობით, ამდენად, მან არსებული ზედმეტად გადახდილი თანხებიდან 50 561.77 ლარის დაბრუნება და ნაცვლად მისი ანგარიშისა, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 მაისის #1056 განკარგულების საფუძველზე 2018 წლის 28 მაისის #ა154-21 საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების დაფარვის მიზნით, ზემოაღნიშნული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა მოითხოვა. 2018 წლის 23 ივლისის შესაგებლით კი ირკვევა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა განიხილა შპს „...ის“ მოთხოვნა და მოსარჩელეს აცნობა, რომ სახეზე იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 16 იანვრის #12 ბრძანების მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უარის თქმის საფუძველი, რადგან მოთხოვნილი თანხის ოდენობა აღემატებოდა დასკვნის შედგენის დღისთვის შედარების აქტის მიხედვით სალდირებულ ზედმეტად რიცხულ თანხას.

საგულისხმოა, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 მაისის #1056 განკარგულების საფუძველზე, იმავე წლის 28 მაისს, შპს „...სა“ და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, რომლითაც შპს „...ის“ მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრა 55 561.77 ლარით. გადახდის ვადად განისაზღვრა 50 კალენდარული დღე. შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში შპს „...ის“ მიერ გადახდილი იქნა 5 000 ლარი, ხოლო შეთანხმებით დადგენილი დარჩენილი თანხა 50 562 ლარის ოდენობით შეგროვდა საგადასახადო ზედმეტობის ხარჯზე. კერძოდ, აღნიშნული თანხის უმეტესი ნაწილი წარმოადგენდა მიღებული მომსახურების შედეგად დაგროვილ დღგ-ს. შეთანხმებით დადგენილ ვადაში შპს „...მა“ მიმართა საგადასახადო ორგანოს, რათა საგადასახადო ორგანოს შპს „...ის“ ბარათზე არსებული ზედმეტობის ხარჯზე დაგროვილი თანხა, საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე ჩამოეჭრა, საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული თანხის გადახდის სანაცვლოდ. შპს „...ს“ სიტყვიერად განემარტა, რომ აღნიშნული ფორმით თანხის დაკორექტირება არ იყო შესაძლებელი და უნდა მომხდარიყო არსებული ზედმეტობის გადამხდელისათვის დაბრუნება და შემდგომში მისი თავიდან გადახდა. შპს „...ის“ მიერ შეთანხმების მოქმედების ვადაში ელექტრონული ფორმით შევსებულ იქნა განცხადება ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის უკან დაბრუნებისა და სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო შეთანხმებისათვის გადარიცხვის თაობაზე, რაზედაც კომპანიას ეთქვა უარი მოთხოვნილი თანხის ზედმეტობის არარსებობის მოტივით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ შეესაბამებოდა რეალობას, რადგან განცხადების წარდგენის დღისათვის სალდირებული ზედმეტობა აღემატებოდა შპს „...ის“ ბარათზე არსებული დავალიანების თანხებს, რაც დასტურდებოდა შედარების აქტით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს დაიბრუნოს ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა. ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელს დაუბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელისთვის მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო აქტების გამოცემის დროისათვის მოქმედი „ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურების და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ დასართავი საბუთების ნუსხის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 16 იანვრის #12 ბრძანების მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადამხდელის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია თუ მოთხოვნილი თანხის ოდენობა აღემატება დასკვნის შედგენის დღისათვის შედარების აქტის მიხედვით სალდირებულ ზედმეტად რიცხულ თანხას.

კასატორის განმარტებით, 2018 წლის 13 ივლისს შპს „...ს“ არ ჰქონდა ბარათზე ასახული ზედმეტობა 50 561 ლარის ოდენობით, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც მოიცავს პერიოდს 2018 წლის 16 ივლისიდან - 2018 წლის 17 ივლისამდე, (სალდო 16.07.2018წ. მდგომარეობით) ჩანს, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე აღიარებული საგადასახადო დავალიანება არ ერიცხება. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სსიპ შემოსავლების სამასახურმა 2018 წლის 23 ივლისს ისე მიიღო შესაგებელი, რომ სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმის მასალები, კერძოდ, 2018 წლის 16 ივლისიდან - 2018 წლის 17 ივლისამდე პერიოდის ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც სალდო საანგარიშო პერიოდის დასასრულისთვის (16.07.2018 წლის მდგომარეობით), შპს „...ს“ უფიქსირდებოდა ზედმეტობა - 55 724.99 ლარის ოდენობით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე