დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 21.01.2021
საქმის ნომერი
ბს-918(კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.01.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #ბს-918(კ-20) 21 იანვარი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 13 დეკემბერს ჯ. შ-ემ, ხ. ა-მა და ნ. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით, 2013 წლის 18 ნოემბერს, ბმა ამხანაგობა „...-ის“ #11 კრების ოქმით (ამხანაგობის წევრთა 2/3-ის თანხმობით) ჯ. შ-ეს, 2013 წლის 27 ნოემბრის #12 კრების ოქმით ხ. ა-ს და 2013 წლის 19 დეკემბრის #13 კრების ოქმით ნ. დ-ეს მიეცა შენობაზე დაშენების უფლება შეთანხმებული პროექტების მიხედვით ბმა ამხანაგობის 2/3-ზე მეტი წილობრივი მონაწილის (39 წევრი) მიერ. აღნიშნული ოქმები სხვა დოკუმენტებთან ერთად წარმოადგენენ პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის შესახებ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 10 იანვრის #1065491 ბრძანების, 2014 წლის 26 მარტის #1188121 ბრძანებისა და 2014 წლის 4 აპრილის #1206125 ბრძანების გაცემის საფუძველს.

მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული ბრძანებები ქალაქ თბილისის მერიაში გაასაჩივრეს მეზობლებმა. ქალაქ თბილისის მერიის 2016 წლის 14 ნოემბრის #1-2170 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 10 იანვრის #1065491, 2014 წლის 26 მარტის #1188121 და 2014 წლის 4 აპრილის #1206125 ბრძანებები, იმ მოტივით, რომ ბმა-ის 2/3-ის მიერ არ იყო თანხმობა გაცემული დაშენებაზე, რომელიც ჯ. შ-ის მიერ უკვე რეალურადაა განხორციელებული.

მოსარჩელეები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ იმავე მეზობლების სარჩელზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დასრულდა სასამართლოში საქმის განხილვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით და შედეგად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2/3-ზე მეტი თანხმობას აცხადებს ჯ. შ-ის კუთვნილი სხვენის რეკონსტრუქციისა და სართულის მოწყობის თაობაზე. იმავე მეზობლების მიერ ზუსტად ანალოგიური სამოქალაქო სარჩელი აღძრულია ნ. დ-ისა და ხ. ა-ისთვის სართულის დაშენების შესახებ #12 და #13 კრების ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნითაც. სარჩელში ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებულია ზუსტად ის გარემოებები, რაც მითითებული აქვთ ადმინისტრაციულ საჩივარში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არც აღნიშნული სარჩელი დაკმაყოფილდა და სადავო კრების ოქმები დარჩა ძალაში.

ამასთან, მოსარჩელეთა განმარტებით, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ შედგება 93 ხმის უფლების მქონე მესაკუთრისაგან. 2013 წლის 18 ნოემბრის, 2013 წლის 26 მარტის და 2013 წლის 4 აპრილის კრების ოქმებზე ხელმომწერთა რაოდენობა აღემატება კანონით დადგენილ ოდენობას. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ მიერ 2013 წლის 18 ნოემბრის, 26 მარტისა და 4 აპრილის კრების ოქმები, რომელთა საფუძველზეც ჯ. შ-ეს, ნ. დ-ესა და ხ. ა-ს ნება დაერთოთ კუთვნილი სხვენების რეკონსტრუქციისა და სართულის მოწყობის თაობაზე, მიღებულია ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტი წევრი მესაკუთრის მიერ.

ამდენად, მოსარჩელეებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 14 ნოემბრის #1-2170 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმული იქნენ ამხანაგობა „...“ და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ი. ბ-ი, რ. ა-ე, ნ. გ-ი, ა. მ-ი და კ. ქ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ. შ-ის, ხ. ა-ისა და ნ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 14 ნოემბრის #1-2170 ბრძანება და მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ როგორც საქმის განხილვისას იქნა დადგენილი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ 2013 წლის 18 ნოემბრის #11, 2013 წლის 27 ნოემბრის #12 და 2013 წლის 19 დეკემბრის #13 კრების ოქმების კანონიერების შესახებ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები სადავო აქტის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 14 ნოემბრის #1-2170 ბრძანების გამოცემისას შესული იყო კანონიერ ძალაში. შესაბამისად, სადავო ბრძანების გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა აღნიშნული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით, რაც, განსახილველ შემთხვევაში, არ განხორციელებულა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ქ. თბილისში, ...ის ქ. #72-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სხვენზე დაინტერესებულ პირთა საკუთრებაში არსებულ ფართებზე ნებართვების გაცემის საფუძვლად წარდგენილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ 2013 წლის 18 ნოემბრის #11, 2013 წლის 27 ნოემბრის #12 და 2013 წლის 19 დეკემბრის #13 კრების ოქმებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა სახელობით სიაში არ იყო გამოხატული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3-ის თანხმობა, რაც წარმოადგენდა ზემოხსენებული ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძველს.

ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია სადავო ბრძანება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე გამოცემულად, რომ კონკრეტულად არ მიუთითა, რომელი გარემოებები უნდა გამოეკვლია მერიას. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას და გადაწყვეტილება მიიღო როგორც საპროცესო, ასევე მატერიალური ნორმების დარღვევით, მაშინ, როდესაც საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეოდა საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 14 ნოემბრის #1-2170 ბრძანების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც საქმის განხილვისას იქნა დადგენილი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ 2013 წლის 18 ნოემბრის #11, 2013 წლის 27 ნოემბრის #12 და 2013 წლის 19 დეკემბრის #13 კრების ოქმები კანონიერად იქნა მიჩნეული. ამასთან, საგულისხმოა, რომ სადავო აქტის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 14 ნოემბრის #1-2170 ბრძანების გამოცემისას ზემოხსენებული გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაში იყო შესული. შესაბამისად, სადავო ბრძანების გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა აღნიშნული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით, რაც, განსახილველ შემთხვევაში, არ განხორციელებულა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას და მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან დასახელებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების შინაარსის გათვალისწინებას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, რამდენადაც აღნიშნული გადაწყვეტილებებით დადგენილ იქნა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ წევრებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოხატული აქვთ ნება შენობის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ 2013 წლის 18 ნოემბრის #11, 2013 წლის 27 ნოემბრის #12 და 2013 წლის 19 დეკემბრის #13 კრების ოქმები სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე