დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 25.03.2021
საქმის ნომერი
ბს-747(კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.03.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ბს-747(კ-20) 25 მარტი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე; ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.02.2020წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ჯ-მა და ა. ფ-მა 11.09.2018წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს მათი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკაგულებაში აყვანის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის 10.04.2018წ. N826727 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მათი შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის 08.08.2018წ. N1918467 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ... სამმართველოს ... განყოფილების ... ქვეგანყოფილების ...ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე ა. ფ-ის აღდგენის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ... სამმართველოს ... განყოფილების ... ქვეგანყოფილების ...ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე ვ. ჯ-ის აღდგენს შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისა და მათ სასარგებლოდ, გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, მიუღებელი იძლებითი განაცდურის, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით, ანაზღაურების სამინისტროსთვის დავალება.

ვ. ჯ-მა და ა. ფ-მა აღნიშნეს, რომ მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის დეპარტამენტში, 06.04.2018წ. პირადი პატაკების საფუძველზე გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან და აყვანილ იქნენ კადრების განკარგულებაში, რასაც მოგვიანებით შედეგად მოყვა მათი სამინისტროდან დათხოვნა. მოსარჩელეების განმარტებით, მათ ნებას არ წარმოადგენდა სამსახურიდან დათხოვნა, პირადი პატაკები დაწერეს, რადგან მიმდინარე საშტატო ცვლილებების გათვალისწინებით, სხვა თანამშრომლების მსგავსად, გააფრთხილეს პატაკის დაწერის თაობაზე. მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ გადაადგილების ფონზე, დააბრუნებდნენ შესაბამის თანამდებობებზე. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მათთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა განხორციელდა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე და მათი ნების საწინააღმდეგოდ.

ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიმდინარეობისას დაკითხულმა მოწმეებმა - შინაგან საქმეთა სამინისტროდან ასევე გათავისუფლებულმა პირებმა, დაადასტურეს, რომ განყოფილების უფროსის მითითებით დაწერეს პირადი პატაკები კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე, ხელმძღვანელის განმარტებით აღნიშნული არ ეხებოდა სამსახურიდან წასვლას. მოწმეთა ჩვენების მიხედვით, სამსახურში არაერთხელ დაუწერიათ თანამშრომლებს პატაკები, აღნიშნული წარმოადგენდა ფორმალურ მხარეს. სასამართლოში გამართულ სხდომაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სამინისტროში, კონკრეტულად კი ...ის დეპარტამენტში ხშირი იყო მსგავსი შემთხვევები, თანამშრომლები წერდნენ პირად პატაკებს და მიდიოდნენ სამსახურიდან, გარდა ამისა ასევე ხშირად ხდებოდა როტაცია, მიმდინარეობდა ცვლილებები.

განხორციელებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.04.2019წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ჯ-ისა და ა. ფ-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელეების თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკაგულებაში აყვანის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის 10.04.2018წ. N826727 ბრძანება, ასევე მათი შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის 08.08.2018წ. N1918467 ბრძანება, სამინისტროს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა ვ. ჯ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ... სამმართველოს ... განყოფილების ... ქვეგანყოფილების ...ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენს შესახებ და ა. ფ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის დეპარტამენტის ... სამმართველოს ... განყოფილების ... ქვეგანყოფილების ...ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენს შესახებ, ასევე მოსარჩელეების სასარგებლოდ, გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, მიუღებელი იძულებითი განაცდურის, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით, ანაზღაურება.

პირადი პატაკის საფუძველზე მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ მათი მხრიდან არ ყოფილა გამოხატული ნება სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე და სახეზე იყო სამინისტროში დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე ფაქტობრივად რეორგანიზაცია, რომლის დროსაც ხელმძღვანელ პირს, კადრების განკარგულებაში გადაყვანის გზით საშუალება ეძლეოდა განეხორციელებინა ე.წ. როტაცია, ანუ გადაეყვანა თანამშრომელი ერთი თანამდებობიდან მეორეზე. სასამართლომ მიუთითა, რომ 2018 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ პირადი პატაკი დაწერა ...ის დეპარტამენტის ... სამმართველოს ...-მა თანამშრომელმა და ყველა მათგანის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. აღნიშნული გარემოებიდან და სასამართლოში გამართულ სხდომაზე გაკეთებული განმარტებებიდან, მათ შორის მოწმის ჩვენებებიდან გამომდინარე სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეთა ნებას არ წარმოადგენდა სამსახურიდან დათხოვნა. ამდენად, პირადი პატაკის საფუძველზე მათთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას, რის გამოც სარჩელი დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.02.2020წ. განჩინებით სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებებს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის თაობაზე. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მითითებული დროის მონაკვეთში დაწერილ კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ პირადი პატაკების სიმრავლეზე, მოწმეთა ჩვენებაზე, ასევე სამინისტროს წარმომადგენლის ახსნა-განმარტებაზე და დამატებით მიუთითა, რომ მოსარჩელეები მოქმედებდნენ დაპირების საფუძველზე, ისინი ენდობოდნენ დამსაქმებელს, კერძოდ, სამინისტროში დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით, მათ ჰქონდათ მოლოდინი კადრების განკარგულებაში გადაყვანის შემდგომ სამუშაო პოზიციებზე კვლავ დაბრუნების თაობაზე. აპელანტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლითაც გამორიცხავდა მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და არგუმენტებს. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა სამინისტროს პოზიცია ვ. ჯ-ისა და ა. ფ-ის სამსახურიდან საკუთარი სურვილით წასვლის შესახებ და სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.02.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებით დაარღვია მატერიალური და საპროცესო ნორმები. ვ. ჯ-ი და ა. ფ-ი გათავისუფლდნენ მათი პირადი პატაკის საფუძველზე, საკუთარი სურვილით, რის საწინააღმდეგო მტკიცებულებაც სასამართლოში არ წარმოუდგენით. სამინისტრომ მიუთითა სამართლებრივ ნორმებზე, რომელთა მიხედვითაც შრომა თავისუფალია, პირს გააჩნია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის უფლება და ამ მიზნით შეუძლია გამოავლინოს ნება. ნების გამოვლენის აუცილებელი ელემენტია სამართლებრივი შედეგის დადგომისკენ მიმართული სურვილის გარეგნული გამოხატვა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.01.2016წ. განჩინებაზე (საქმე Nას-1117-1051-2015) მითითებით, სამინისტრომ აღნიშნა, რომ მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი. ამასთან, კასატორის განმარტებით, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება ნების ისეთ პირობებში გამოვლენა, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. სამინისტროს მითითებით, მოსარჩელეებმა პირადი პატაკით, საკუთარი ნებით მოითხოვეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენიათ.

კასატორმა ასევე მიუთითა და დაეთანხმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2014წ. განჩინებას Nბს-463-451(კ-13) საქმეზე, რომლის მიხედვით, სასამართლო ორგანოების ამოცანას წარმოადგენს გამიჯნონ შემთხვევები, როცა პირის ნება ფორმირებულია მისი განწყობებით, დამოკიდებულებებით, პერსპექტიული გეგმებით, თვითშეფასების ხარისხით და სხვა, და როცა ნების ფორმირება განპირობებულია, ერთი მხრივ: ა) საჯარო სამსახურებრივი ვალდებულებების დაბალი შეგნებით, ადმინისტრაციის მიმართ უპირობო მორჩილების გამოხატვის, ბ) ანგარების (დაწინაურება, ხელფასის მომატება, პრემიის გადაცემა და სხვა) და მეორე მხრივ, საჯარო მოსამსახურის იძულებით, მუქარით, მისი განსაკუთრებული მდგომარეობის (ჯანმრთელობა, მძიმე სოციალური მდგომარეობა, ოჯახური სტატუსი და სხვა ამგვარი) სარგებლობით.“

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს 25.02.2020წ. განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს მისი განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავა გადაწყვიტა არსებითად სწორად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურში საკუთარი სურვილით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საკითხს სასამართლო აფასებს არა რომელიმე განცალკევებულ, ინდივიდუალურ ფაქტზე დაყრდნობით, არამედ საქმის გარემოებების ერთობლიობის გათვალისწინებით.

საქმის მასალების მიხედვით, ვ. ჯ-ი და ა. ფ-ი, პირადი პატაკების საფუძველზე, გათავისუფლდნენ ...ის დეპარტამენტში დაკავებული თანამდებობებიდან და აყვანილ იქნენ კადრების განკარგულებაში მინისტრის 10.04.2018წ. N826727 ბრძანებით, ხოლო 4 თვის შემდგომ, ისინი დაითხოვეს სამინისტროდან მინისტრის 08.08.2018წ. N1918467 ბრძანებით. ამასთან, 2018 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ პირადი პატაკი დაწერა ...ის დეპარტამენტის ... სამმართველოს ...-მა თანამშრომელმა და ყველა მათგანის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 2018 წლის 6 აპრილს ვ. ჯ-ისა და ა. ფ-ის გარდა, პირადი პატაკი დაწერა იმავე სამმართველოს კიდევ ორმა მოსამსახურემ - ს. ბეროშვილმა და ა. ფალაშვილმა. მათ მიერ, ერთ დღეს, შედგენილი ოთხივე პირადი პატაკის შინაარსი იდენტურია და არცერთი მათგანი არ შეიცავს მითითებას თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე მოთხოვნით მიმართვის მოტივებზე.

საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას მოსარჩელეების მიერ სამინისტროსთან საკუთარი სურვილით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მოსარჩელეებმა პირადი პატაკებით მოითხოვეს არა სამინისტროდან დათხოვნა, არამედ თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა. ამასთან, სამინისტროში დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე, რაზედაც მიუთითებენ მოწმეები და რაც სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ უარყო კასატორმა, კადრების განკარგულებაში აყვანის გზით ხორციელდებოდა თანამშრომელთა ერთი თანამდებობიდან მეორეზე გადაყვანა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ პირადი პატაკით მიმართვისას, მოსარჩელეებს გააჩნდათ, კადრების განკარგულებაში გადაყვანის შემდგომ, თანამდებობებზე კვლავ დაბრუნების მოლოდინი და არა სამინისტროსთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სურვილი.

კასატორის მოსაზრებით ვ. ჯ-ისა და ა. ფ-ის მიერ საკუთარი სურვილით სამინისტროსთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტასა და პირადი პატაკით მიმართვას ადასტურებს ...ის დეპარტამენტის I სამმართველოს მოსამსახურეების მიერ კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე პირადი პატაკით მიმართვის შემთხვევათა სიმრავლე, რაც კასატორის მითითებით გამოწვეულია ამ დეპარტამენტში მიმდინარე ცვლილებებით.

საკასაციო პალატა არ იზიარებს ზემოაღნიშნულ მოსაზრებას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტროს 31.12.2013წ. N995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 34.1 მუხლიდან გამომდინარე, კადრების განკარგულებაში ასაყვანად პირადი პატაკით მიმართვისგან დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს საშტატო ცვლილებები, როგორიცაა შტატების შემცირება ან რეორგანიზაცია, რასაც თან სდევს შტატების შემცირება, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაცია. ამდენად, საშტატო ცვლილებების ფონზე კადრების განაკრგულებაში აყვანის თაობაზე პირადი პატაკების სიმრავლე არ ადასტურებს მოსარჩელეების მიერ საკუთარი სურვილით სამინისტროსთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.

კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმიდან გამომდინარე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ სამართლებრივ დასკვნებს. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.02.2020წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე