დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 25.03.2021
საქმის ნომერი
ბს-1213(კ-19)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.03.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ბს-1213(კ-19) 25 მარტი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 15.01.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 28.12.1998წ. N..., 14.08.2003წ. N... და N... უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების ჩანაწერების ბათილად ცნობა.

დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაება შპს ,,...ი“, რ. ა-ი და ლ. ი-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.02.2017წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2018წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში დაცული 28.12.1998წ. №... მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად ქ. თბილისში, ...ს რაიონში, ...ის მოედნის, ...ის ქუჩასა და ...ა ,,...ს“ შორის მდებარე 4300 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აღირიცხა შპს ,,...ის“ საკუთრების უფლება. ამ უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონი; ქ. თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 17.09.1992წ. №07.12.70 დადგენილება; ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის 23.02.1996წ. მიწის ნაკვეთის გეგმა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 05.08.1995წ. №17.15.743 დადგენილება. 14.08.2003წ. №... და №... მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათების თანახმად ...ის, ...ის, ...ისა და ...ის ქუჩებს შორის მდებარე 492 კვ.მ. და 824 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე აღირიცხა შპს ,,...ის“ საკუთრების უფლება. ამ უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონი; ქ. თბილისის სახალო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989წ. №2038.594 გადაწყვეტილება; ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 16.04.1993წ. №08.26.42 დადგენილება; ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 31.08.2001წ. მიწის ნაკვეთის გეგმა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ’’ კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, სააღრიცხვო ბარათი არის სარეგისტრაციო ფურცელი, რომელიც დგება თითოეული მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ინფორმაციას ამ ნაკვეთის და მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, აგრეთვე რეგისტრირებული უფლებების ობიექტების გეგმას, ხოლო იმავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად რეგისტრატურაში ხდება მიწის და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების რეგისტრაცია. იმავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებდა მიწის და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებას სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა იმ სხვა ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრებოდა ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა. იმავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადება ითვალისწინებდა, რომ სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ’’ კანონზე, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ეს კანონი აწესრიგებდა ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებს. იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა, რომ კერძო საკუთრების უფლება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით აქვთ გამოყოფილი. ამ მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. იმავე კანონის 4.3 მუხლით განსაზღვრული იყო განმცხადებლის მიერ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო სამსახურში წარსადგენი დოკუმენტები, ხოლო იმავე კანონის პირველი მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული იყო მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთის დეფინიცია, რომლის მიხედვით, მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი არის ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა ან სათანადო წესით მათი დამოწმებული ასლი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემიდან სასამართლოში სარჩელის შეტანამდე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სარჩელი ხანდაზმულია. სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში და ყოველმხრივ შემოწმება-შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სადავო უძრავი ქონების რეგისტრაციის კანონიერი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთები მიზნობრივი დანიშნულებით მოსარჩელისათვის გამოყოფილია 1992 წლიდან, თუმცა მშენებლობა დღემდე არ არის ნაწარმოები. თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 17.09.1992წ. N07.12.70 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში ,,...ისათვის“ დამაგრებული ტერიტორიის აუთვისებლობის შემთხვევაში დადგენილება ჩაითვლებოდა ძალადაკარგულად. ქ. თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 04.05.1995წ. N03.01.14 გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესების 4.8 პუნქტის თანახმად, სამშენებლო პასპორტის მოქმედების და მიწის ნაკვეთის ათვისების ვადა განისაზღვრებოდა 3 თვიდან 2 წლამდე, ხოლო 4.9 პუნქტის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ამ ვადაში აუთვისებლობის შემთხვევაში იურიდიულ და ფიზიკურ პირს ჩამოერთვა მიწის ნაკვეთი შემდგომში მისის სათანადო გამოყენების მიზნით წინამდებარე წესის მიხედვით. კასატორმა მიუთითა სსრკ მიწის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 აბზაცზე, რომლის შესაბამისად, მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება შეიძლება შეწყვეტილიყო მოქალაქის მიერ გამოყოფილი მიწის ზედიზედ ორი წლის განმავლობაში აუთვისებლობის შემთხვევაში. კასატორი მიუთითებს, რომ შპს ,,...ის“ მიერ არ არის შესრულებული ქ. თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 17.09.1992წ. N07.12.70 და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 05.08.1995წ. N17.15.743 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულება. დადგენილებები, რომლის საფუძველზეც განხორციელდა შპს ,,...ისათვის“ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა ითვლებოდა ძალადაკარგულად, რაც მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა გაეთვალისწინებინა და არ მოეხდინა სადავო მიწის ნაკვეთებზე შპს ,,...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია. კასატორი მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, ...ის მოედნის, ...ის ქუჩასა და ...ა ,,...ს“ შორის მდებარე უძრავი ნივთის უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 1995 წლის დადგენილება, რომელიც შეეხება სხვა მიწის ნაკვეთს. კასატორმა აღნიშნა, რომ არ არსებობდა ხანდაზმულობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 28.12.1998წ. N..., 14.08.2003წ. N... და N... ჩანაწერების კანონიერება უძრავ ნივთებზე შპს ,,...ის“ საკუთრების უფლების შესახებ, რომელიც საქმის მასალებში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესაბამისად წარმოიშვა ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონის საფუძველზე. ამ კანონის 2.1 მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებდა ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებს. იმავე კანონის 4.1 მუხლი ადგენდა, რომ საკუთრების ან სარგებლობის უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ კანონის საფუძველზე მიენიჭება ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს პირველადი რეგისტრაციის ფორმით რეგისტრირდება მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურაში ამ კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში დაცული თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 26.10.89წ. N20.38.594 გადაწყვეტილებით ინდივიდუალური ამხანაგური ბინათმშენებლობისათვის ...ის, ...ის, ...ისა და ...ის ქუჩებს შორის მოქცეული ტერიტორია დაუმაგრდა 26 კომისრის რაისაბჭოს აღმასკომს. თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 17.09.1992წ. N07.12.70 დადგენილებით ...ს რაიონის გამგეობის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ,,...ს“ დაუმაგრდა ...ის მოედანს, ...ის ქუჩას, ...ის ქუჩას და ...ა ,,...ს“ შორის არსებული ტერიტორია ...ის ასაშენებლად. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ ,,...მა“ უნდა უზრუნველყოს ...ის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილება. 17.09.1992წ. N07.12.70 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში ,,...ისათვის“ დამაგრებული ტერიტორიის აუთვისებლობის შემთხვევაში დადგენილება ჩაითვალოს ძალადაკარგულად. ამასთანავე, ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 16.04.1993წ. N08.26.42 დადგენილებით შპს ,,...ის“ 01.10.1992წ. მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 26.10.1989წ. N20.38.594 გადაწყვეტილება შეიცვალა ნაწილობრივ და კომერციული ბინათმშენებლობისათვის შპს-ს დაუმაგრდა ...ის, ...ის, ...ისა და ...ის ქუჩებს შორის არსებული ამორტიზებული და მწვავე ავარიული სახლებით დაკავებული ტერიტორია, შპს ,,...ს“ მიენიჭა მენაშენის სტატუსი. შპს-ს კომერციული ბინათმშენებლობის წესით მშენებლობის წარმოება დაევალა იმ პირობით, რომ პირველ რიგში საცხოვრებელი ფართობით დააკმაყოფილებდა ადგილზე მცხოვრებ ოჯახებს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 05.08.1995წ. N17.15.743 დადგენილებით დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამუშავების ავარიული, დრომოჭმული ნაგებობებით დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე თანამედროვე განაშენიანების განხორციელების, მათზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით შექმნილ შპს ,,...ს“ მიენიჭა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პროგრამის სტატუსი და დაუდასტურდა უპირატესი ხელშეწყობის პირობები 10 წლის განმავლობაში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიწის რესურსების სამმართველოს დაევალა შპს ,,...სა“ და მის დამფუძნებელთან შპს ,,რ...თან“, როგორც მენაშენესთან, ხელშეკრულების გაფორმება მისთვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე, პირველ რიგში ...ის, ...ას ქუჩებს, ...ოს და ...ს შორის განთავსებულ ტერიტორიაზე. ქ. თბილისის ...ს რაიონის სასამართლოს 14.12.1995წ. დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს ,,...ი“. საქმის მასალებში დაცულია ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 1996წ. გაცემული ქ. თბილისში, ...ის მოედნის, ...ის ქუჩასა და ...ა ,,...ს“ შორის შპს ,,...ისათვის“ ...ის ასაშენებლად დამაგრებული მიწის ნაკვეთის გეგმა (საფუძველი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 17.09.1992წ. N07.12.70 დადგენილება) და ქ. თბილისის მერიის თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ 2001წ. გაცემული ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ...ის, ...ის, ...ისა და ...ის ქუჩებს შორის შპს ,,...ზე“ დამაგრებული მიწის ნაკვეთის გეგმა (საფუძველი: ქ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 26.10.89წ. N20.38.594 გადაწყვეტილება და 16.04.93წ. N08.26.42 დადგენილება). საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად ქ. თბილისში, ...ის მოედნის, ...ის ქუჩასა და ...ა ,,...ს“ შორის მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4378კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია შპს ,,...ის“ (ს/ნ ...) საკუთრების უფლება (ს/კ ...). ამ უძრავი ნივთის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებად მითითებულია: ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონი; ქ. თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 17.09.1992წ. N07.12.70 დადგენილება; ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 23.02.1996წ. გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 05.08.1995წ. N17.15.743 დადგენილება. უფლების რეგისტრაციის თარიღია 28.12.1998წ., ხოლო ნომერი .... ქ. თბილისში, ...ის, ...ის, ...ისა და ...ის ქუჩებს შორის მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 492კვ.მ. და 823კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე რეგისტრირებულია შპს ,,...ის“ (ს/ნ ...) საკუთრების უფლება (ს/კ ... და ...). ამ უძრავი ნივთების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებად მითითებულია: ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონი; ქ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989წ. N20.38.594 გადაწყვეტილება; ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 16.04.1993წ. N08.26.42 დადგენილება; ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 31.08.2001წ. მიწის ნაკვეთის გეგმა. უფლების რეგისტრაციის თარიღია 14.08.2003წ., ხოლო ნომრები: ... და ....

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო ჩანაწერების დროს მოქმედ ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად რეგისტრაცია არის სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერის, შენიშვნის ან აღწერის შეტანა და უძრავი ქონების გრაფიკული ასახვა ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო 3.1 მუხლის თანახმად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის რეგისტრაციას ახდენდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. იმავე კანონის 17.1 მუხლის შესაბამისად მიწის და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრება ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა. იმავე პერიოდში მოქმედი ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონის 4.3 მუხლის თანახმად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის განმცხადებელი რეგისტრატორს წარუდგენდა შემდეგ დოკუმენტებს: ა) განცხადებას; ბ) მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ საბუთს; გ) კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებელ მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელ საბუთს; დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიწის გადასახადისა და ამ კანონით დადგენილი ერთჯერადი საზღაურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს; ე) კერძო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლს. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას, რომ შპს ,,...ის“ მიერ ქ. თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 17.09.1992წ. N07.12.70 და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 05.08.1995წ. N17.15.743 დადგენილებებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ჩანაწერების ბათილად ცნობის საფუძველია. ხსენებული დადგენილებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შპს ,,...ის" მიერ შესრულების საკითხის გარკვევა სცილდება განსახილველი დავის ფარგლებს. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შპს ,,...ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოიშვა ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონისა (ძალადაკარგულია 20.03.2006წ. N2635-რს კანონით) და ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონის (ძალადაკარგულია 20.09.2007წ. N5274-რს კანონით) შესაბამისად. სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო შეემოწმებინა იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შპს ,,...ის“ სარეგისტრაციო განცხადებებზე დართული დოკუმენტების უფლების დამდგენ დოკუმენტებად მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი. შპს ,,...ის“ მიერ მშენებლობის წარმოება ან/და ქ. თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 17.09.1992წ. N07.12.70 და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 05.08.1995წ. N17.15.743 დადგენილებებით ნასკირი ვალდებულებების შეუსრულებლობა არ წარმოადგენდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს გადასაწყვეტ საკითხს. კასატორი არ მიუთითებს რაში მდგომარეობს ზემოთ მითითებულ კანონებთან მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სადავო ჩანაწერების შეუსაბამობა. სასარჩელო მოთხოვნების უსაფუძვლობაზე მიუთითებს ისიც, რომ ქ. თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 17.09.1992წ. N07.12.70 დადგენილების მიღების შემდგომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტმა 05.08.1995წ. მიიღო N17.15.743 დადგენილება, რომელიც ითვალისწინებდა შპს ,,...ისათვის" უპირატესი ხელშეწყობის პირობების დადასტურებას 10 წლის განმავლობაში, ხოლო 17.09.1992წ. N07.12.70 დადგენილების საფუძველზე ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტმა 1996წ. გასცა ქ. თბილისში, ...ის მოედნის, ...ის ქუჩასა და ...ა ,,...ს“ შორის შპს ,,...ისათვის“ ...ის ასაშენებლად დამაგრებული მიწის ნაკვეთის გეგმა. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის კანონიერი საფუძველი. საკასაციო პალატა ასევე მიიჩნევს, რომ კასატორის მითითება მიწის კოდექსის 38-ე მუხლზე მოკლებულია საფუძველს, ვინაიდან აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია მოქალაქეთა მიწათსარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძველი, ხოლო განსახილველ დავაში მიწის ნაკვეთები გადაეცა არა მოქალაქეს, არამედ კერძო სამართლის იურიდიულ პირს - შპს ,,...ს“.

კასატორი აღნიშნავს, რომ ქ. თბილისში, ...ის მოედნის, ...ის ქუჩისა და ...ა ,,...ს“ შორის მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ ...) უფლების დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტად მითითებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 05.08.1995წ. N17.15.743 დადგენილება, რომელიც შეეხება სხვა მიწის ნაკვეთს. კასატორის აღნიშნული პრეტენზია მოკლებულია საფუძველს და არ ქმნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პირობას, ვინაიდან უპირველეს ყოვლისა, გარდა მითითებული დადგენილებისა, ამ უძრავ ნივთზე (ს/კ ...) ერთ-ერთ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 17.09.1992წ. N07.12.70 დადგენილება, რომლითაც ,,...ს“ დაუმაგრდა ...ის მოედანს, ...ის ქუჩას, ...ის ქუჩას და ...ა ,,...ს“ შორის არსებული ტერიტორია. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 05.08.1995წ. N17.15.743 დადგენილებით შპს ,,...ს“ მიენიჭა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პროგრამის სტატუსი და დაუდასტურდა უპირატესი ხელშეწყობის პირობები 10 წლის განმავლობაში. ამდენად, კასატორის აღნიშნული პრეტენზია დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლზე, რომლის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. იმავე კოდექსის 128.3 მუხლის მიხედვით ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. იმავე კოდექსის 130.1 მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყოან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ხოლო 167-ე მუხლის შესაბამისად, თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთარს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემიდან სასამართლოში სარჩელის შეტანამდე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ მიმართა 15.01.2015წ. და მოითხოვა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 28.12.1998წ. №... ჩანაწერის (ს/კ ...), 14.08.2003წ. №... ჩანაწერის (ს/კ ...) და 14.08.2003წ. №... ჩანაწერის (ს/კ ...) ბათილად ცნობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ქ. ცინცაძე