საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 201-აპ 15 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის უფროსი პროკურორის, იუსტიციის უმცროსი მრჩევლის _ ჯ. ს-სა და მსჯავრდებულ ნ. ს-ის დაზარალებულ ლ. უ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 დეკემბრის განაჩენით ნ. ს-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 204-ე მუხლით, სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ", “გ", “დ" პუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; მასვე დაეკისრა 2857 ლარისა და 86 თეთრის გადახდა; ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლის ვადით.
სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი სამოქალაქო სარჩელები დარჩა ღიად.
აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 აპრილის განაჩენით შეიცვალა იმ მიმართებით, რომ ნ. ს-ეს დანიშნული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა _ საქართველოს სსსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 2 წელი.
განაჩენით ნ. ს-ს ბრალი ედება იმაში, რომ მან ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის მითვისება და გაფლანგვა, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. მანვე დაარღვია ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი საბუღალტრო წიგნისა და აღრიცხვის სხვა დოკუმენტების წარმოების წესი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, კერძოდ: ნ. ს-ძე 1995 წლიდან მუშაობდა რა სს “---ის" ხონის ფილიალის უფროსად, დარღვევით, ერთპიროვნულად ასრულებდა ფილიალის უფროსის, ბუღალტრისა და მოლარის მოვალეობებს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი საბუღალტრო წიგნებისა და ბუღალტრული დოკუმენტების წარმოების წესის დარღვევით, მათი მოუწესრიგებლობით, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული სალაროს წიგნის წარმოების წესების დაუცველად, ჯიხურებიდან მიღებული ნავაჭრი თანხის შესაბამის ბუღალტრულ საბუთებში გაუტარებლობით განზრახ, არაერთგზის, მართლსაწინააღმდეგოდ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ითვისებდა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ სს “---ის" კუთვნილ თანხებს, რომლებიც უნდა შეეტანა სს “---ში", რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სააქციო საზოგადოებას, სახელდობრ: 2000წ. 9 თებერვლიდან სს “---ის" სარევიზიო საკონტროლო ჯგუფის მიერ ჩატარებული სალაროს შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ნ. ს-ეს მითვისებული ჰქონდა მეჯიხურეების მიერ შეტანილი და სალაროს წიგნში გაუტარებელი 280 ლარი. იმავე წლის 2 მაისს ჩატარებული უწყებრივიEშემოწმებისას სალაროდან მითვისებული აღმოჩნდა 206 ლარი, ხოლო 2002წ. 10 აპრილს სამტრედიის ზონალური საგადასახადო ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმებისას მას მითვისებული აღმოაჩნდა 220 ლარი. გარდა ამისა, მან მიითვისა 2001წ. 1 იანვრისათვის სხვაობა _ სალაროს ნაშთსა და სალაროში არსებულ ნაღდი ფულის ნაშთს შორის _ 91 ლარი და 26 თეთრი. სულ აღნიშნული ხერხით ნ. ს-ძემ მიითვისა სალაროში არსებული 797 ლარი და 26 თეთრი. მანვე 2000წ. თებერვალ-აპრილში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, სალაროს წიგნში გაუტარებელი, ბეჭედდასმული, დაუწერელი და ხელმოუწერელი სალაროს შემოსავლის სამი ორდერით მიითვისა ¹2 ჯიხურში მეჯიხურე ლ. უ-ს მიერ მასზე გადაცემული ჟურნალ-გაზეთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა 70,105 და 700 ლარი, _ სულ 875 ლარის ოდენობით. მანვე 2000წ. 31 მარტს ლ. უ-საგან მიიღო რა ნავაჭრი თანხა _ 360 ლარი, ამოწერა შესაბამისი სალაროს შემოსავლის ორდერი, რის შემდეგ თვითნებურად, ორდერში მითითებული თანხა გადაასწორა 310 ლარად, თუმცა ეს ორდერი არ გაატარა სალაროს წიგნში და ამ გზით 360 ლარი მიითვისა. მანვე 2000წ. 14 აპრილს მიიღო რა ლ. უ-საგან ნავაჭრი თანხა _ 300 ლარი, ამოწერა სალაროს შემოსავლის ორდერი აღნიშნულ თანხაზე, მაგრამ არ გაატარა ეს თანხა სალაროს წიგნში და მიითვისა. ამავე ხერხით ნ. ს-ემ 2000წ. 25 აპრილს მიითვისა 300 ლარი, 15 მაისს _ 175 ლარი, ხოლო 25 ივნისს _ 25 ლარი. ამდენად, ნ. ს-ემ ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი საბუღალტრო წიგნისა და სხვა დოკუმენტების წარმოების წესის განზრახ დარღვევით, არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისა 2837 ლარი და 26 თეთრი.
პროკურორი ჯ. ს-ძე თავის საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. ს-ეს, სსსკ-ის 65-ე და 67-ე მუხლების შესაბამისად, დაეკისრა მითვისებული თანხის 6 თვის განმავლობაში დაფარვა. ასევე არასწორია მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება, მით უმეტეს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მას ისედაც სასჯელის მინიმუმი შეუფარდა. პროკურორი ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად რაიონულ სასამართლოში დაბრუნებას.
დაზარალებული ლ. უ-ძე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენს და უთითებს, რომ დანაშაულის შედეგად მას მიადგა მორალური და ქონებრივი ზიანი; საქმის წარმოება იყო მეტად გაჭიანურებული და მას, ფაქტობრივად, დღესაც არ მიუღია ის თანხა, რომელიც ეკუთვნის, როგორც დაზარალებულსა და სამოქალაქო მოსარჩელეს; იგი ითხოვს, რომ საკასაციო პალატამ აღადგინოს სამუშაოზე და აუნაზღაუროს დანაშაულის შედეგად მიღებული ზიანი _ სს “---ზე" 6325 ლარის, ხოლო ნ. ს-ზე 1650 ლარის დაკისრებით.
საკასაციო საჩივარში ნ. ს-ძე მიიჩნევს, რომ განაჩენი მის მიმართ უკანონოა, არ ემყარება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და ითხოვს მის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას. იგი მიუთითებს შემდეგ მოტივებზე: სასამართლოს განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულ ლ. უგრეხელიძის ჩვენებებს, სხვა უტყუარი მტკიცებულებები არც სასამართლოსა და არც წინასწარ გამოძიებას არ მოუპოვებიათ.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებული ნ. ს-ძე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. დ-ია მხარს უჭერენ საკასაციო საჩივარს.
დაზარალებულ ლ. უ-ის წარმომადგენელი ზ. ფ-ია ითხოვს ლ. უ-ს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.
პროკურორი ნ. კ-ნი მხარს უჭერს საკასაციო საჩივარს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე სწორია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, სახელდობრ: დაზარალებულ ლ. უ-ის, მოწმეების _ ნ. ხ-ის, გ. ლ-ის, ლ. ს-ის, ვ. კ-ისა და სხვათა ჩვენებებს, საბუღალტრო ექსპერტიზის, გრაფიკული და დამატებითი გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნებს. ამ მტკიცებულებებისა და თვითონ მსჯავრდებულ ნ. ს-ის ჩვენებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად ნ. ს-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 204-ე მუხლისა და 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ", “გ", “დ" პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამდენად, მსჯავრდებულ ნ. ს-ის საკასაციო საჩივრის მოტივს მის მიმართ განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ პალატა არ იზიარებს.
პალატა არ იზიარებს ნ. ს-ის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზეც, რომ განაჩენის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს ასევე საქმის წარმოებისას საპროცესო ნორმების უხეში დარღვევები, სახელდობრ, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ ყოფილა.
როგორც საქმეში არსებული დადგენილებით ირკვევა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ლ. უ-სა და სხვათა მიმართ. 2003წ. 15 მარტის დადგენილებით საქმე შეწყდა მხოლოდ ლ. უ-ის მიმართ. რაც შეეხება ნ. ს-ეს, მის მიმართ განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნა, იგი ცნობილ იქნა ეჭვმიტანილად, ბრალდებულად; ამდენად, მსჯავრდებულ ნ. ს-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ამ მოტივით განაჩენის გაუქმების შესახებ უსაფუძვლოა.
პალატა თვლის, რომ საკასაცო საჩივარში მითითებული საპროცესო ნორმების სხვა დარღვევები არაარსებითი ხასიათისაა და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განაჩენის გაუქმებას.
რაც შეეხება ნ. ს-სათვის განსაზღვრულ სასჯელს, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ის, რომ ქალია, ადრე ნასამართლევი არ ყოფილა და შესაძლებლად ჩათვალა მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება სსკ-ის 65-ე მუხლით გათვალისწინებული, განსაზღვრული მოვალეობის დაკისრებით, სახელდობრ: ნ. ს-ძემ 6 თვის განმავლობაში უნდა გადაიხადოს “საქპრესის" სასარგებლოდ 2857 ლარი და 26 თეთრი. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი არასამართლიანი სასჯელის დანიშვნის თაობაზე უსაფუძვლოა და იგი გაზიარებული ვერ იქნება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორისა და დაზაბულის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 აპრილის განაჩენი ნ. ს-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.