დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 25.03.2021
საქმის ნომერი
ბს-209(კ-21)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.03.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

#ბს-209(კ-21) 25 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად,ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინებაზე (მოსარჩელე - ლ. კ-ი; მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი; მესამე პირები - ზ. კ-ი, კასპის რაისამომხმარებლო კოოპერატივი).

2018 წლის 2 მაისს ლ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისისა და ზ. კ-ის მიმართ.

მოსარჩელემ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...აში მდებარე 402 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 179,37 კვ.მ შენობა-ნაგებობის მ. მ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში #... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის #... გადაწყვეტილების (...ოსთან ზედდების ნაწილში) ბათილად ცნობა მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განჩინებით მოცემულ საქმეში, სავალდებულო წესით, მესამე პირად ჩაება მ. მ-ი.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს სხდომაზე მოპასუხედ მითითებული ზ. კ-ი საქმეში ჩაება, როგორც მესამე პირი.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება კასპის რაიოკოოპერატივი.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...აში მდებარე 402 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 179,37 კვ.მ შენობა-ნაგებობის მ. მ-ის საკუთრებაში #... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის #... გადაწყვეტილება (...ოსთან ზედდების ნაწილში).

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი საქმეში მითითებულ მისამართზე კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა მ. მ-ის წარმომადგენელს - ი. მ-ს. ამასთან, თავად მ. მ-მაც განცხადების საშუალებით, ჩაიბარა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში: ა) გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება; ბ) სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული; გ) სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა; დ) თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ხოლო მესამე პირს - მ. მ-ს მითითებული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება მ. მ-ის ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაშია შესული. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ კი, საქმე განიხილა და 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინებით უცვლელად დატოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც მესამე პირს - მ. მ-ს არ უსარგებლია თავისი საპროცესო უფლებამოსილებით, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და გადაწყვეტილება მის ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ის საკასაციო საჩივრი განუხილველი დარჩეს დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე