დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 25.03.2021
საქმის ნომერი
ბს-689(კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.03.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-689(კ-20) 25 მარტი, 2021 წელი თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - პ. ბ-ი

მესამე პირი - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 7 აგვისტოს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - პ. ბ-ის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით 2018 წლის 4 იანვრიდან 2019 წლის 31 ოქტომბრამდე არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის - 6768 ლარის (ყოველთვიურად 309 ლარი) გადახდის დაკისრება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პ. ბ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 404 ლარისა და 2 თეთრის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება პ. ბ-ის მიერ სადავო ფართის სარგებლობის პერიოდთან და გავრცელების არეალთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც მოპასუხეს სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე განთავსებული აქვს საზაფხულო ობიექტები, დროებითი ნაგებობები, სავაჭრო და კვების ობიექტები, ფაცხები. ამასთან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ადგილზე დათვალიერების ოქმის, სიტუაციური ნახაზისა და ფოტომასალის საფუძველზე, მოახდინა ნაკვეთით სარგებლობის არეალის იდენტიფიცირება, რომელმაც შეადგინა 179.24 კვ.მ.. ასევე, კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა მიწის ნაკვეთით სარგებლობის პერიოდთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სეზონის რომელიმე პერიოდში ფართის უფუნქციობას.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს პ. ბ-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნაკვეთით არამართლზომიერად, სამეწარმეო საქმიანობისათვის სარგებლობის საფასურის დაკისრება წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. ამრიგად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, თანხის გადახდა შეიძლება დაეკისროს პირს, რომელიც სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს. ამასთანავე, ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, მის კომპეტენციას განეკუთვნება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაზე რეაგირება, მანვე უნდა უზრუნველყოს მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენა. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად კი, მოპასუხემ საწინააღმდეგო მტკიცებულებები უნდა წარადგინოს. ამდენად, სამეწარმეო მიზნებისათვის სახელმწიფო ქონებით უკანონო სარგებლობის ფაქტის დადასტურება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულების სრულყოფილი და ყოველმხრივი შეფასების შედეგად უნდა განხორციელდეს.

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადასტურებულია, რომ პ. ბ-ი არამართლზომიერად სარგებლობდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით, კერძოდ, შპს „...-ის“ 2019 წლის 20 ნოემბრის დასკვნიდან გამომდინარე, პ. ბ-ს ფაქტობრივად დაკავებული ჰქონდა სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მხოლოდ 47 კვ.მ., ხოლო მიწის ნაკვეთის დანარჩენი ფართით სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ წარმოუდგენია.

რაც შეეხება სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობის პერიოდს, დადგენილია, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 47 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე პ. ბ-ს განთავსებული ჰქონდა სავაჭრო ჯიხური, ღია ფარდული - მაყალი და დახურული ფარდული, რომელთაც კომერციული მიზნით მხოლოდ სეზონურად იყენებდა. აღნიშნული ტერიტორიით მოპასუხემ ისარგებლა ზაფხულის პერიოდში - 2018 წელს 3 თვით, ხოლო 2019 წელს - ორი თვით. საქმეში წარმოდგენილია ფოტომასალა, რომელიც 2018 წლის ივლისის თვეში, სწორედ სეზონური მუშაობის პერიოდშია გადაღებული, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც სარწმუნოდ დაადასტურებდა მოპასუხის მიერ სეზონური პერიოდის გარდა სადავო უძრავი ქონების ფლობა-სარგებლობის ფაქტს, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, მიწის ნაკვეთის ფართობისა და სარგებლობის პერიოდის გათვალისწინებით, პ. ბ-ს მართებულად დაეკისრა მხოლოდ 404 ლარისა და 2 თეთრის გადახდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს იდენტურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთებული აქვს არაერთ საქმეზე, მათ შორის, იხ. უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის №ბს-88(კ-20), 2020 წლის 16 დეკემბრის №ბს-449(კ-20) განჩინებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე