გაუქმდა და დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბს-459(კ-19) 25 მარტი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ზ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ ქონების მართვის სააგენტო
მესამე პირი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ე. ლ-ი, მ. მ-ი, ა. ჯ-ი, ა. უ-ა, რ. უ-ა
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018 წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. მ-ემ 15.12.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ ზ. მ-ემ მოითხოვა: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 31.05.2016წ. გადაწყვეტილებით დადგენილი ზედდების ნაწილში სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 11.03.2011წ., 09.06.2011წ., 30.06.2011წ., 03.08.2011წ., 27.10.2011წ., 14.12.2011წ., 01.02.2012წ., 07.02.2012წ., 06.06.2012წ., 17.08.2012წ., 30.08.2012წ., 04.09.2012წ., 11.09.2012წ., 20.11.2012წ. მიმართვების, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 26.08.2013წ. ბრძანების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 16.11.2007წ, 19.11.2007წ., 13.09.2010წ., 03.11.2010წ., 28.12.2010წ., 11.04.2011წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 13.07.2016წ., 03.08.2016წ., 16.08.2016წ., 27.10.2016წ. ბრძანებების ბათილად ცნობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 09.08.2016წ., 22.08.2016წ., 02.11.2016წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.12.2016წ. განჩინებით ზ. მ-ის წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა სადავო უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდები: N..., N..., N... სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის საკუთრებაში ირიცხება სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება (ს.კ. ...), რომელიც წლების წინ შეიძინა თ. გ-ასგან. 2016წ. სურდა თავისი ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების დაზუსტება, თუმცა სარეგისტრაციო წარმოება ჯერ შეჩერდა, შემდგომ კი შეწყდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან (ს.კ. ...; ...; ...) ზედდების გამო. მოსარჩელე თვლის, რომ მომიჯნავე ნაკვეთების საკადასტრო საზღვრების დაზუსტება არამართლზომიერად განხორციელდა, რამაც გამოიწვია ზ. მ-ის უფლების დარღვევა. ერთ-ერთ მომიჯნავე - N... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე შემდგომშიც განხორციელდა ცვლილება და ამჟამად მინიჭებული აქვს კოდი: N ..., რომელზეც რეგისტრირებულია ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება. N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღრიცხულია ა. ჯ-ი, ხოლო N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ე. ლ-ია, აღნიშნული კოდი წარმოშობილია ორი მიწის ნაკვეთის (ს.კ. ... და ...) გაერთიანების შედეგად. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ე. ლ-მა მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია ისე დააზუსტა, რომ რადიკალურად შეუცვალა ფორმა ერთ-ერთ მიწის ნაკვეთს. გაერთიანების შედეგად წარმოქმნილი მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია არსებითად განსხვავებულია გაერთიანებამდე არსებული მიწის ნაკვეთების კონფიგურაციისაგან. ე. ლ-ის, ა. ჯ-ისა და ზ. მ-ის მიწის ნაკვეთები თავდაპირველად იყო ერთი მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...) და ეკუთვნოდა თ. გ-ას. აღნიშნული ნაკვეთი შემდგომში დაიყო და გასხვისდა სხვადასხვა პირებზე, პერიოდულად განხორციელდა ნაკვეთების საზღვრების, კონფიგურაციისა და საკადასტრო კოდების ცვლილება. გასათვალისწინებელია, რომ თვითმმართველობის სახელზე ნაკვეთის პირველადი აღრიცხვის შემდგომ თვითმმართველობის მიმართვების საფუძველზე საჯარო რეესტრმა არაერთხელ მოახდინა მისი დაყოფა, საზღვრების და კონფიგურაციის ცვლილება/დაზუსტება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ყველა აღნიშნული გადაწყვეტილება არამართლზომიერია, რადგან საჯარო რეესტრს არ ჰქონდა კერძო საკუთრებაში აღრიცხული მიწის ნავეთის თვითმმართველობის სახელზე რეგისტრაციის უფლებამოსილება.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ე. ლ-ი, მ. მ-ი, ა. ჯ-ი, ა. უ-ა და რ. უ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2018წ. გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ ,,საჯარო რეესტის შესახებ” კანონის 8.1, მე-9, მე-2 მუხლების ციტირების შემდეგ მიუთითა, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის მიზნებისათვის, დაინტერსებული პირის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ადმინისტრაციული აქტი, უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული ცნობა, სასამართლოს გადაწყვეტილება და სხვა), რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს ცვლილების რეგისტრაციას. უძრავ ნივთზე კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების შესაძენად საჯარო რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა, აღნიშნული განპირობებულია საჯარო რეესტრის დანიშნულებით, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის გარანტს და ემსახურება კერძო სამართლის სუბიექტთა ინტერესების დაცვას. კეთილსინდისიერების ზოგადსამართლებრივი პრინციპიდან გამომდინარე, საკუთრებისა და სხვა სანივთო უფლებების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს ისე, რომ სამოქალაქო ბრუნვის ყველა მონაწილის ინტერესები თანაბრად იყოს დაცული. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 15.03.2011წ. სსიპ ქონების მართვის სააგენტომ სარეგისტრაციო განაცხადით მიმართა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე - არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 1239718 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. თბილისი, ...ი, ს.კ.: N...). სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად წარდგენილი იქნა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 11.03.2011წ. N06-8/2153 მიმართვა, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მისი ელექტრონული ვერსია. 18.11.2011წ. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება და განმარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავ ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, შესაბამისად, განმცხადებელს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. 11.04.2011წ. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის გამო სარეგისტრაციო საქმის წარმოების განახლების თაობაზე და იმავე დღეს მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება რეგისტრაციის თაობაზე. 09.09.2011წ. ს.კ.N ... უძრავი ნივთი დაიყო ორ მიწის ნაკვეთად საკადასტრო კოდებით: N... (ფართი: 1 187 728 კვ.მ.) და N... (ფართი: 2938 კვ.მ). 02.09.2013წ. ს.კ. ... მიწის ნაკვეთი დაიყო ორ უძრავ ნივთად - ს.კ. N... (ფართი 1 186 530 კვ.მ.) და ს.კ. N ... (ფართ 347 კვ.მ.). 16.07.2016წ. უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით N ... დაიყო ორ მიწის ნაკვეთად სკ. N ... (ფართი 1 185 757 კვ.მ.) და ს.კ. N ... (ფართი 773 კვ.მ.), ხოლო 22.08.2016წ. უძრავი ნივთი ს.კ. N... დაიყო ორ მიწის ნაკვეთად - ს.კ. N ... (ფართი1 184 857 კვ.მ.) და ს.კ. N ... (ფართი 900 კვ.მ.)., რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა გაყოფის შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართვა.
სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ 22.02.2000წ. N... რეგისტრაციით განხორციელდა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკური საბჭოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისში, ...ში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე - არასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების 40700 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე (ს.კ. N ...). აღნიშნული რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა გარდაბნის რაიონის გამგეობის 09.02.2000 წ. N24 დადგენილება და N3 ოქმი. იმავე წლის 24 აპრილს N... გადაწყვეტილებით განხორციელდა თ. გ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე (ს.კ. N...), რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის ყიდვა-გაყიდვის ნოტარიალურად დამოწმებული 08.03.2000წ. N 2-108 ხელშეკრულება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.08.2001წ. N... რეგისტრაციით განხორციელდა ა. ჯ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისში, ...ში, სოფელ ...ში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...; წინა ს.კ. ...), რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა უძრავი ქონების ნოტარიულად დამოწმებული 20.08.2002 წ. N1-3687 ნასყიდობის ხელშეკრულება. 16.11.2007 წ. N... გადაწყვეტილებით განხორციელდა საკადასტრო გეგმის მომზადება ა. ჯ-ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ნივთზე. 19.11.2007 წ. N... გადაწყვეტილებით ა. ჯ-ის განცხადების საფუძველზე განხორციელდა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილების და დამატების შეტანა და დაზუსტდა დაინტერესებული პირის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საზღვრები.
საქმის მასალების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 06.06.2003წ. N... გადაწყვეტილებით განხორციელდა მ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისში, ...ში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე - არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 700 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე (ს.კ. N...; წინა ს.კ. N ...), რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა თ. გ-ასთან დადებული ნოტარიალურად დამოწმებული 05.06.2003წ. N1-2834 ნასყიდობის ხელშეკრულება. 13.09.2010წ. გარდაბნის სარეგისტრაციოო სამსახურმა მიიღო N... გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. მ-ის მოთხოვნა და განხორციელდა უძრავ ნივთზე რეგისტირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, ქონებას განესაზღვრა ახალი საკადასტრო კოდი: ... (წინა ს.კ. N...). 15.09.2010 წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ქონება შეიძინა ე. ლ-მა, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურმა 21.09.2010 წ. მიიღო რეგისტრაციის შესახებ N ... გადაწყვეტილება ე. ლ-ის მესაკუთრედ რეგისტრაციის შესახებ.
ადმინისტრაციული წარმოების მასალების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 06.06.2003წ. N... გადაწყვეტილებით განხორციელდა ქ. ჩ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია 700 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...), რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა 05.06.2003წ. თ. გ-ასთან დადებული, ნოტარიულად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. რეგისტრაციის შესახებ 14.04.2010წ. N ... გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის საზღვრები დაზუსტდა და მიწის ნაკვეთს მიენიჭა საკადასტრო კოდი: N.... გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის იმავე წლის 21 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით 15.09.2010წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნულ უძრავ ნივთზე განხორციელდა ე. ლ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ე. ლ-ის განცხადების საფუძველზე, უძრავი ნივთები: ს.კ. N ... და ს.კ N ... გაერთიანდა, რაზეც მიღებულ იქნა 03.11.2010წ. N... გადაწყვეტილება, გაერთიანებულ ქონებას მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი: N.... ე. ლ-მა 22.12.2010წ. მოითხოვა გაერთიანებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო რეგისტრაციის შესახებ 28.12.2010წ. N... გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 8.1, 27-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მარეგისტრირებელ ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას, დაინტერესებულმა პირმა კი თავის მხრივ უნდა წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო განცხადების წარდგენისას თანდართული იყო ყველა ის დოკუმენტი, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოუშობდა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივ საფუძველს. საკასაციო სასამართლოს 16.01.2014წ. გადაწყვეტილებაში (№ას-189-182-2013) აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლების, მათ შორის, საკუთრების უფლების და მათი მდგომარეობის სწორი ასახვა. კანონმდებლობა უშვებს საჯარო რეესტრის სისწორის პრეზუმფციას, რაც ნიშნავს იმას, რომ მესამე პირებისათვის რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სასამართლომ მიუთითა, რომ საკასაციო პალატამ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის მიუთითა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის, აქტის დასაბუთების ვალდებულება. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. სზაკ-ის აღნიშნული დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (სუსგ 23.09.2014წ. Nბს-246-243(კ-14)). ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სზაკ-ის აღნიშნული დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, დაცულია აქტების მომაზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
მოსარჩელის სხვა მოთხოვნებთან მიმართებაში, კერძოდ, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაცემული მიმართვებისა (2011-2013 წწ.) და ბრძანებების (2016 წ.) ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილშიც სარჩელი უსაფუძვლოა. სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. მოცემული დავის ფარგლებში დასადგენია სადავო აქტების გამოცემა ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული უფლებამოსილების ფარგლებში. მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2011-2013 წ.წ. მიმართვების გამოცემის დროს მოქმედი „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ კანონის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონებას განეკუთვნებოდა: ა) ქონება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა; ბ) სახელმწიფოს მიერ ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი ან შეძენილი ქონება. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ XIII თავი ეხება მუნიციპალიტეტის ქონებას და განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ქონების კატეგორიებს, შექმნის წესსა და ქონებრივ უფლებებს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. მუნიციპალიტეტი ქონებაზე საკუთრების უფლების განხორციელებისას დამოუკიდებელია და მუნიციპალიტეტის ორგანოები ქონებრივი უფლებების განხორციელებისას ვალდებული არიან დაიცვან მუნიციპალიტეტის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები (იგივე რეგულაციას ითვალისწინებდა მანამდე მოქმედი 16.12.2005წ. N2304-რ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ'' ორაგნული კანონი). ,,ადგილობრივითვი თვითმართველობის კოდექსის'' ორგანული კანონის 116-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თბილისის ქონების პრივატიზებისას, მართვის ან სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან სხვაგვარად განკარგვისას, აგრეთვე შესაბამის სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგისას მთავრობას შეუძლია იმოქმედოს თავისი წარმომადგენლის (რწმუნებულის) მეშვეობით ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22.12.2014 წ. N19-73 დადგენილებით (ძალადაკარგულია 2018 წლის 22 თებერვლიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 16.02.2018 N13-42 დადგენილებით) დამტკიცდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდება (დებულება)“, რომელიც ადგენს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქონების მართვის სააგენტო არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლი განსაზღვრავს სააგენტოს მიზნებს და ახდენს მის ფუნქციათა ჩამონათვალს, რომელთაგან ერთ-ერთია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა. საქართველოს მთავრობის 24.10.2007 წ. N233 დადგენილების 61 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვისა და საკუთრების უფლების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე წერილობითი მოთხოვნით მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვისა და საკუთრების უფლების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირებამდე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ქონების სააგენტოსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. სადავო აქტების გამოცემის პერიოდში მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ 25.03.2005წ. კანონი განსაზღვრავდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კატეგორიებს, მისი შექმნის წესსა და ქონებრივ უფლებებს, ასევე თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. ამ კანონის 81 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო წერილობითი მოთხოვნით მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს და წარუდგენს სათანადო დოკუმენტაციას, რაც აღნიშნული ქონების ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველია. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22.12.2014 წ. N19-73 დადგენილების მე-7 მუხლი სააგენტოს ერთ-ერთ უფლებად უთითებს უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღრიცხვა–რეგისტრაციას, გამიჯვნა-გაერთიანებას, უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება–კორექტირებას (ფართობის უცვლელად); ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებას და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირებას (ფართობის შემცირებით); უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციისთვის უძრავი ქონების აზომვითი, საკადასტრო და სხვა სამუშაოების წარმოებას. საქმის მასალებით დგინდება,რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგნეტომ ჯერ კიდევ 11.03.2011წ. N06-8/2153 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ'' ორგანული კანონის თანახმად, მოითხოვა დანართში ჩამოთვლილი მიწის ნაკვეთების თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტირება. აღნიშნულის შემდგომ, ეტაპობრივად, სსიპ ქონების მართვის სააგენტო მიმართავდა რა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ...ში არსებული მიწის, საკადასტრო კოდი N... (რიგ შემთხვევაში ს/კ ...) კორექტირებული საზღვრებით რეგისტრაციას, რითიც ახორციელებდა მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და წარმოდგენილი სარჩელის პირობებში მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული სსიპ ქონების მართვის სააგნეტოსათვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, კანონმდებლობის რა მოთხოვნები იქნა დარღვეული, რამაც თავის მხრივ შეზღუდა მოსარჩელის უფლებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინებით ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად მიუთითა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე და სწორად განმარტა იგი. სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს სადავო აქტები გამოცემული აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. განმცხადებლებს უფლების რეგსტრაციის მიზნით წარდგენილი ჰქონდათ კანონმდებლობით გათვალისწინებული სარეგისტრაციო დოკუმენტები, რომელთა შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ადგილი არ ჰქონდა უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელ რაიმე გარემოებას. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული აქტები შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, დაცულია აქტების მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.
სსიპ ქონების მარვის სააგენტოს მიმართვებთან დაკავშირებითაც სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებები და აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით სსიპ ქონების მართვის სააგნეტომ ჯერ კიდევ 11.03.2011წ. N06-8/2153 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ'' ორგანული კანონის თანახმად, მოითხოვა დანართში ჩამოთვლილი მიწის ნაკვეთების თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტირება. აღნიშნულის შემდგომ, ეტაპობრივად, სსიპ ქონების მართვის სააგენტო მიმართავდა რა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ითხოვდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ...ში მდებარე მიწის, საკადასტრო კოდი N ... (რიგ შემთხვევაში ს/კ ...) კორექტირებული საზღვრებით რეგისტრაციას, რითაც ახორციელებდა მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას. ამდენად განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას, გასაჩივრებულ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს, სადავო აქტები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ზ. მ-ის მიერ.
კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, არ არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, არ შეფასებულა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა აპელანტის არგუმენტებზე, არ შეაფასა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ზ. მ-ის მიწის ნაკვეთის დასავლეთით მდებარე მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ არსებითად შეცვალა მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი თავდაპირველად იყო ...ის ტერიტორია, რომელიც შემოსაზღვრული იყო მყარი ღობით. დღემდე შენარჩუნებულია ...ის ტერიტორიის ღობის მხარე, მომიჯნავედ კი არის განთავსებული ზ. მ-ის მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, აღმოსავლეთის მხრიდან - ღობის მოსაზღვრე მხარეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ნაკვეთის რეგისტრაციამ მოიცვა მუნიციპალიტეტის მიერ უკვე გასხვისებული ...ის ტერიტორია და ზ. მ-ის რეგისტრირებული ნაკვეთის ნაწილი. სასამართლომ არ გაითვალისწინა აგრეთვე, რომ ზ. მ-ის ნაკვეთის ჩრდილოეთით მდებარე ნაკვეთი რეგისტრირებულია ისე, რომ ნაკვეთის საზღვრები კვეთს ზ. მ-ის ნაკვეთზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლს. ზ. მ-ის ნაკვეთი ქრონოლოგიურად იყო პირველი ნაკვეთი, რომელიც გამოიყო ...ის ტერიტორიიდან და მისი მომიჯნავე ნაკვეთები - დასავლეთით ორი ნაკვეთი და ჩრდილოეთით ერთი ნაკვეთი გაიმიჯნა მხოლოდ ზ. მ-ის ნაკვეთის გამოყოფის შემდეგ. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ დასავლეთით მდებარე ორი ნაკვეთი თავდაპირველად გამოიყო როგორც 0,06 ჰა ნაკვეთი, თუმცა რამდენიმე დღეში რაიმე უფლებადამდგენი დოკუმენტის ცვლილების გარეშე, ნაკვეთი დარეგისტრირდა როგორც 0,07 ჰა მიწის ნაკვეთი. ზ. მ-ის ნაკვეთი შემოსაზღვრულია ღობით და მისი საკუთრების უფლება ან მდებარეობა არც ერთ მხარეს სადავოდ არ გაუხდია. სასამართლოებმა არ იმსჯელეს მოსარჩელის მითითებებზე, ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე. სარჩელის საფუძვლიანობის დამდგენი მტკიცებულებები არ შეფასებულა. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას, რომლის მიხედვით არ შეიძლება პირის საკუთრების უფლების შელახვა მხოლოდ იმიტომ, რომ მის სახელზე საკუთრება დაუზუსტებელი მონაცემებით არის აღრიცხული. ზ. მ-ეს ფაქტობრივად წაერთვა საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთის ნაწილზე მით უფრო, რომ მარეგისტრირებელი ორგანო ვერ უთითებს ნაკვეთის ალტერნატიულ მდებარეობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 377.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულება ხორციელდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების გზით, რაც გულისხმობს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებასაც. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილი შედგება მხოლოდ სადავო რეგისტრაციების, მათი საფუძვლების არასრული აღწერისა და ნორმების ციტირებისაგან, განჩინება არ შეიცავს სადავო სამართალურთიერთობების მიმართ ციტირებული ნორმების გამოყენების რაიმე არგუმენტაციას, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებას, სრულად უგულებელყოფილია მოსარჩელის სახელზე განხორციელებული ძალაში მყოფი საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტი, არ არის შეფასებული საქმეში დაცული მტკიცებულებები. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართალია ვრცლად იმსჯელეს ადმინისტრაციული წარმოების სათანადოდ ჩატარების, წარმოებაში დაინტერესებული პირის ჩართვის, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის, აქტის დასაბუთების მნიშვნელობაზე, თუმცა არ გაითვალისწინეს მათ მიერვე მითითებული მსჯელობა, არ შეამოწმეს სადავო აქტების მიმართ აღნიშნული მოთხოვნების დაცვის საკითხი. ზემოაღნიშნულ საკითხებზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების ზოგად მსჯელობას უშუალოდ მოჰყვება სასამართლოს დასკვნა სადავო აქტების კანონიერად მიჩნევის შესახებ, თუმცა გაურკვეველია აღნიშნული ზოგადი მსჯელობის დავაზე დამდგარ შედეგთან შემხებლობა, სადავო აქტების კანონიერად მიჩნევის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებაში „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ („Hirvisaari v. Finland“, §32) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების იმ დებულებაზე მითითება, რომლის მიხედვით დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოიცავს ზედა ინსტანციაში ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას, არ ადასტურებს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას, ვინაიდან თავის მხრივ არც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დასაბუთებული, შესაბამისად გაუგებარია პირველი ინსტანციის სასამართლოს რა დასკვნები გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა ანუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზ. მ-ის სახელზე 2001 წლის 28 ივნისიდან აღრიცხულია სოფ. ...ში მდებარე 0,07 ჰა მიწის ნაკვეთი (ს.კ. ...), რეგისტრაციის საფუძველია 19.06.2001წ. თ. გ-ასთან დადებული, ნოტარიალურად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. 25.04.2016წ. ზ. მ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება ჯერ შეჩერდა (28.04.2016წ.), შემდეგ კი შეწყდა (31.05.2016წ.) სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდების გამო, ზ. მ-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით საკადასტრო მონაცემები იჭრებოდა სამი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...; ს.კ. ...; ს.კ. ...) საზღვრებში. ამდენად, დაუზუსტებელი მონაცემებით განხორციელებული ძალაში მყოფი რეგისტრაციის მიუხედავად, ზ. მ-ემ ვერ განახორციელა თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების დაზუსტება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ 14.11.1996წ. კანონი (ძალადაკარგულია 28.12.2005წ. N2635 კანონით) ითვალისწინებდა საჯარო რეესტრში ფიქსირებული და მიახლოებითი საზღვრების აღრიცხვას (13.1 მუხ.). „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ 28.12.2005წ. კანონი (ძალადაკარგულია 19.12.2008წ. N820 კანონით) ასევე ითვალისწინებდა უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაზუსტებული ან დაუზუსტებელი ფართობის მითითებას (8.3. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). „საჯარო რეესტრის შესახებ“ 19.12.08წ. კანონის საფუძველზე მიღებული იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის (ძალადაკარგულია 2020 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. N87 ბრძანებით) 8.7, 31.4 მუხლები ასევე ითვალისწინებდნენ დაუზუსტებელ რეგისტრაციას. ამდენად მიწა შეიძლება ყოფილიყო საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას. ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების უპირობო ჩამორთმევას. გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას (სუსგ 28.02.2013წ. ბს-367-363(კ-12)).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება კონკრეტული სახით არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ პირს. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ ზ. მ-ეს საკუთრებაში გააჩნია მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი იმ მონაცემებით, რომელიც მითითებულია საჯარო რეესტრიდან ამონაწერში. გასათვალისწინებელია, რომ ზ. მ-ის სახელზე საჯარო რეესტრის რეგისტრაციის საფუძველი, - მიწის ყიდვა-გაყიდვის 19.06.2001წ. ხელშეკრულება, არ გაუქმებულა, ზ. მ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია მთლიანად ან ნაწილობრივ სადავო არ გამხდარა, ძალაშია და მოქმედებს. საქმეში არ მოიპოვება აგრეთვე ზ. მ-ის საკუთრების უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტის, ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობრივი, ის ერთის მხრივ არ უარყოფს მოსარჩელისადმი კონკრეტული ფართის მიწის ნაკვეთის ფორმალურ კუთვნილებას, თუმცა მეორე მხრივ მართლზომიერად მიიჩნევს სადავო აქტებს, რომლითაც მოსარჩელის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთისა და სახლის გარკვეული ნაწილი სხვა მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრებში ექცევა და ამასთანავე, საეჭვოს არ ხდის ზ. მ-ის საკუთრებაში რიცხული ქონების კონკრეტულ ადგილზე მდებარეობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. ზემოაღნიშნულთან ერთად მხედველობაშია მისაღები, რომ დაუზუსტებელი რეგისტრაცია გულისხმობს მისი დაზუსტების შესაძლებლობას, ამდენად, ზ. მ-ის სახელზე მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი რეგისტრაცია არ გამორიცხავდა შემდგომში ნაკვეთის საზღვრების კორექტირების (გარკვეულწილად შემცირების ან გაზრდის) შესაძლებლობას, თუმცა განსახილველ შემთხვევაში არ გამოკვლეულა ზ. მ-ის მიწის ნაკვეთის ფართის კონრეტული ოდენობით შემცირების საჭიროება და საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ ზ. მ-ემ თავის საკუთრებაში დაუზუსტებელი მონაცემებით რიცხული მიწის ნაკვეთის საზღვრების დაზუსტება ვერ განახორციელა მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან ზედდების გამო, რომელთა საკადასტრო კოდებია: ...; ...; .... საქმის მასალების მიხედვით, ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი, ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების მესაკუთრეა ა. ჯ-ი, ხოლო ... კოდის მქონე ქონება ეკუთვნის ე. ლ-ს.
საქმის მასალების მიხედვით, გარდაბნის რაიონის გამგეობის 09.02.2000წ. N3 დადგენილებისა და N24 ოქმის საფუძველზე სოფელ ...ში მდებარე, ...ის მიერ დაკავებული 4,07 ჰა მიწის ნაკვეთი გადაეცა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკურ საბჭოს, მიწის ნაკვეთი 22.02.2000წ. აღირიცხა საბჭოს საკუთრებად, მიენიჭა კოდი: ..., გაიცა სარეგისტრაციო მოწმობა. 08.03.2000წ. საბჭომ აღნიშნული ქონება ნოტარიალურად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიჰყიდა თ. გ-ას, რომელიც აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ. ამის შემდგომ თ. გ-ამ დაიწყო თავის საკუთრებაში რიცხული 4.07 ჰა მიწის ნაკვეთის შედარებით მცირე ფართებად დაყოფა და გასხვისება. 19.06.2001წ. თ. გ-ამ ნაკვეთის ნაწილი 0,07 ჰა მიწის ნაკვეთი მიჰყიდა მოსარჩელე ზ. მ-ეს (ს.კ. ...), რომელიც აღირიცხა მესაკუთრედ.
05.06.2003წ. ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო თ. გ-ასა და ქ. ჩ-ს შორის, ქ. ჩ-ი აღირიცხა 0,07 ჰა მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, ს.კ.: ..., მოგვიანებით ქ. ჩ-ის მოთხოვნის საფუძველზე დაზუსტდა მისი რეგისტრაცია, სარეგისტრაციო სამსახურის 14.04.2010წ. გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა, ქ. ჩ-ი აღირიცხა სოფ. ...ში დაზუსტებული 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, ნაკვეთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი: .... 15.09.2010წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება შეიძინა ე. ლ-მა და 28.12.2010წ. გადაწყვეტილების საფუძველზე აღირიცხა მესაკუთრედ.
05.06.2003წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე თ. გ-ამ მ. მ-ს მიჰყიდა 0,07 ჰა მიწის ნაკვეთი, ს.კ. ..., 06.06.2003წ. მ. მ-ი აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ. მ. მ-ის მოთხოვნის საფუძველზე 13.09.2010წ. გადაწყვეტილებით დაზუსტდა მისი რეგისტრაცია, მ. მ-ი აღირიცხა 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, ნაკვეთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი: .... 15.09.2010წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება შეიძინა ე. ლ-მა და 21.09.2010წ. აღირიცხა მესაკუთრედ.
28.10.2010წ. განცხადებით ე. ლ-მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს თავის საკუთრებაში რიცხული ორი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის: ს.კ. ... და ს.კ. ... გაერთიანების მიზნით. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 03.11.2010წ. გადაწყვეტილებით ე. ლ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, განხორციელდა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების გაერთიანება და გაიცა ამონაწერი, რომლის მიხედვით ე. ლ-ი ირიცხება სოფ. ...ში მდებარე 1400 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, გაერთიანებული ნაკვეთის საკადასტრო კოდია: .... სწორედ აღნიშნული გაერთიანებული მიწის ნაკვეთი ესაზღვრება ზ. მ-ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს დასავლეთიდან. ქ. ჩ-ისგან და მ. მ-ისგან ე. ლ-ის მიერ ნაკვეთების შეძენის შემდეგ ორივე ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები დაზუსტდა (28.12.2010წ.), დაზუსტებისას რადიკალურად შეიცვალა გაერთიანებული ნაკვეთის კონფიგურაცია, რამაც მოსარჩელის აზრით, გამოიწვია მის ნაკვეთთან გადაფარვა და ნაკვეთების ზედდება. აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მოსარჩელე ქვედა ინსტანციის სასამართლოებში უთითებდა აგრეთვე, რომ ნაკვეთის შემადგენელი ნაწილი, რომელიც თავდაპირველად თ. გ-ასგან მ.მ-მა იყიდა, საჯარო რეესტრში აღირიცხა არასწორი კონფიგურაციით, რასაც მოსარჩელის მოსაზრებით ადასტურებს მის მიერ საქალაქო სასამართლოში წარდგენილი 01.02.2016წ. ექსპერტიზის დასკვნა. საქმეში დაცული ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, ქ. ჩ-ის ნაკვეთის სარეგისტრაციო მოწმობაზე ასახული მიწის ნაკვეთის ნახაზზე არ არის დატანილი ნაკვეთის გაბარიტული ზომები, მასშტაბი და კოორდინატები, რის გამოც შეუძლებელია ნახაზის შედარება შემდგომში საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ ამავე მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებილ ზომებთან და ადგილმდებარეობასთან. 06.06.2003წ. გაცემულ მ. მ-ის მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მოწმობაზე ასახული მიწის ნაკვეთის ნახაზზე არ არის დატანილი ნაკვეთის გაბარიტული ზომები, მასშტაბი და კოორდინატები, რის გამო შეუძლებელია აღნიშნული ნახაზის შედარება შემდგომში საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ ამავე მიწის ნაკვეთის გაბარიტულ ზომებთან და ადგილმდებარეობასთან, თუმცა ვიზუალურად აღნიშნული ნაკვეთები წარმოადგენს სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებს და მათი კონფიგურაცია საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისაგან, იდენტურია მხოლოდ ნაკვეთის ფართები (ტ.1, ს.ფ.205). საქმეში დაცულია აგრეთვე N928 მ. მ-ის დაუზუსტებელი რეგისტრაციის მიწის ნაკვეთის თავდაპირველი საკადასტრო რუკა, შემდგომში წარდგენილი აზომვითი ნახაზი და ექსპერტიზის დასკვნის N2 დანართი, რომელიც მათ ურთიერთშედარებას ასახავს. მიუხედავად იმისა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებში წარდგენილი იყო ყველა აღნიშნული მტკიცებულება და მოსარჩელეც არაერთგზის მიუთითებდა მეზობელი ნაკვეთის კონფიგურაციის დაუსაბუთებელ ცვლილებაზე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა წარდგენილი მტკიცებულებები და მოსარჩელის არგუმენტაციის საფუძვლიანობა არ შეაფასეს, არ გამოიკვლიეს ამჟამად ე. ლ-ის და წინა მესაკუთრის - მ. მ-ის სახელზე კონკრეტული კონფიგურაციის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციის საკმარისობა, სათანადოობა და რეგისტრაციის განხორციელებამდე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების კანონშესაბამისობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოსთვის არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა (სსკ-ის 105-ე მუხ.), მათ შორის საექსპერტო დასკვნას, რომელიც სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და ფასდება სსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული წესით (სსკ-ის 172-ე მუხ.), თუმცა სასამართლოს მიერ უნდა დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნის გაზიარებაზე უარის თქმა (სსკ-ის 172-ე მუხ.). სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს საექსპერტო დასკნის არგუმენტირებული უარყოფის დასაბუთებას. ასეთად ვერ ჩაითვლება სააპელაციო პალატის მითითება, რომ სადავო აქტები საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად არის მიღებული. სზაკ-ის 53-ე და 96-ე მუხლების ციტირება, არ ადასტურებს სადავო აქტების გამოცემას აღნიშნული ნორმების მოთხოვნათა დაცვით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს რაიმე მოტივაციას ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული რეგისტრაციის უსწორობასთან დაკავშირებით ზ. მ-ის არგუმენტებზე.
მეორე მიწის ნაკვეთი, რომელიც ზ. მ-ის დაინტერესებაში მყოფ მიწის ნაკვეთს ფარავს ამჟამად აღრიცხულია ა. ჯ-ის სახელზე. საქმის მასალების მიხედვით, თ. გ-ამ თავისი მიწის ნაკვეთის ნაწილი - 0,06ჰა ფართის, ... საკადასტრო კოდის მქონე, 20.08.2002წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიჰყიდა ა. ჯ-ს, რომელიც სააგენტოს 23.08.2002წ. გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრში აღირიცხა მესაკუთრედ. 16.11.2007წ. რეგისტრაციით განხორციელდა საკადასტრო გეგმის მომზადება ა. ჯ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე, ხოლო 19.11.2007წ. გადაწყვეტილებით, ა. ჯ-ის განცხადების საფუძველზე, განხორციელდა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილების და დამატების შეტანა და დაზუსტდა საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საზღვრები. აღნიშნულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით ზ. მ-ე სადავოდ ხდის არა ა. ჯ-ის საკუთრების წარმოშობის საფუძვლებს, მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართს, არამედ ნაკვეთის მდებარეობას, რადგან ზ. მ-ის მითითებით ა. ჯ-ის ნაკვეთის არსებული რეგისტრაციის მიხედვით, ნაკვეთის რეგისტრირებული საზღვრები არა მარტო ცდება ნაკვეთის ფაქტობრივ საზღვრებს, არამედ კვეთს მოსარჩელის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელ სახლს და სახლის ნაწილს ა. ჯ-ის ნაკვეთის რეგისტრირებული საზღვრების შიგნით აქცევს. ქვედა ინსტანციის სასამართლოებს აღნიშნული გარემოება არ შეუფასებიათ, არ დაუდგენიათ გადაფარვის კონკრეტული ფარგლები, მისი გამომწვევი მიზეზები, საზღვრების კორექტირების საფუძვლები, არ დადგენილა ხსენებული ორი აქტიდან რომელმა გამოიწვია გადაფარვა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი რეგისტრაცია თავისთავად უშვებს და გულისხმობს შემდგომში ნაკვეთის საზღვრების კორექტირების შესაძლებლობას, თუმცა მათ შორის პირველადი რეგისტრაციის კორექტირება წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტებისა და საკადასტრო მონაცემების საფუძველზე. საკადასტრო რუკა დგება შესაბამის კოორდინატთა სისტემაში განხორციელებული აგეგმვის საფუძველზე, კორექტირებას საფუძვლად უნდა ედოს საკადასტრო მონაცემები და უფლების დამდგენი დოკუმენტი, საკადასტრო საზღვრის დაზუსტება არ უნდა მოხდეს თვითნებურად. ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ შეუმოწმებიათ აღნიშნულ საფუძველთა არსებობა, არ შეუფასებიათ საქმეში დაცული, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული სიტუაციური ნახაზი, რომლის მიხედვით ს.კ. ... ნაკვეთის რეგისტრირებული საზღვარი მართლაც კვეთს ზ. მ-ის საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთზე არსებულ ნაგებობას. საქმეში დაცულია აგრეთვე 20.01.2017წ. მომზადებული ორთო ფოტო, რომლის მიხედვით ს.კ.... ნაკვეთის საკადასტრო საზღვარი თავის ფარგლებში აქცევს ზ. მ-ის მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობის ნაწილს, ამასთანავე, ... ნაკვეთის საკადასტრო საზღვარი სრულად არ შემოსაზღვრავს აღნიშნულ ნაკვეთზევე მდებარე ნაგებობას, ორთოფოტოს მიხედვით ... ნაკვეთზე მდებარე შენობის ნაწილი ცდება ამავე ნაკვეთის საკადასტრო საზღვარს, რაც მეტად სარწმუნოს ხდის მოსარჩელის მოსაზრებას ნაკვეთის საზღვრების უსწორო რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული და საქმეში დაცული სხვა მტკიცებულებები სრულად უგულებელყოფილ იქნა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ. სასამართლომ არ გაითვალისწინა აგრეთვე, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.61 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი და ვალდებული იყო გადაემოწმებინა სააგენტოსათვის წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა. აღნიშნულს დამატებით ადასტურებს აგრეთვე ამჟამად მოქმედი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონი, რომლის თანახმად სააგენტო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა, და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა (მე-6 მუხ.).
რაც შეეხება მესამე ნაკვეთს, რომელიც ზ. მ-ის დაინტერესებაში მყოფ მიწის ნაკვეთს ფარავს, ამჟამად ნაკვეთი რეგისტრირებულია თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე. საქმეში დაცული სარეგისტრაციო მასალებით დასტურდება, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 11.03.2011წ. მიმართვით მოთხოვნილ იქნა ...ში მდებარე 1 239 718 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაც მარეგისტრირებელი ორგანოს 11.04.2011წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, თვითმმართველი ერთეულის სახელზე აღირიცხა ...ში მდებარე 1 239 718 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მიენიჭა კოდი: .... ამის შემდგომ 2011-2013 წლებში სსიპ ქონების მართვის სააგენტო პერიოდულად აგზავნიდა მიმართვებს მარეგისტრირებელ ორგანოში თვითმმართველი ერთეული სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტების, საზღვრების და კონფიგურაციის ცვლილების მოთხოვნით. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 26.08.2013წ. ბრძანების საფუძველზე 09.11.2011წ. თვითმმართველობის სახელზე ... კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი გაიყო: ... და ... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთებად. 02.09.2013წ. თვითმმართველობის სახელზე რიცხული ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი დაიყო ორ მიწის ნაკვეთად, საკადასტრო კოდებით: ... (1 187 381 კვ.მ.) და ... (347 კვ.მ.). მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ზ. მ-ის განცხადებაზე მიმდინარე წარმოების შეჩერებისა და შემდგომში შეწყვეტისას, მოსარჩელის დაინტერესებაში მყოფ მიწის ნაკვეთს ზედდება სწორედ თვითმართველი ერთეულის სახელზე რიცხულ ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან დაუფიქსირდა. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ აღნიშნულმა კოდმა მოგვიანებით -2016წ. კვლავ განიცადა მოდიფიცირება, 15.07.2016წ. ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი დაიყო ... (1 185 757 კვ.მ.) და ... (773 კვ.მ.) საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთებად, ხოლო 22.08.2016წ. თვითმმართველი ერთეულის სახელზე რიცხული ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი დაიყო ორ მიწის ნაკვეთად, საკადასტრო კოდებით: ... (1 184 857 კვ.მ.) და ... (900 კვ.მ.). ამჟამად, ზ. მ-ის დაინტერესებაში მყოფი მიწის ნაკვეთის ნაწილი ზედდებაშია თვითმმართველი ერთეულის სახელზე ... საკადასტრო კოდით რიცხულ მიწის ნაკვეთთან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თვითმმართველი ერთეულის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელი ორგანოსადმი წარდგენილ თავდაპირველ მიმართვას, ისევე როგორც შემდგომ საზღვრების, კონფიგურაციისა და ფართების კორექტირების მიზნით წარდგენილ მიმართვებს/ბრძანებებს არ ჰქონდათ დართული რაიმე უფლების დამდგენი დოკუმენტი. სადავო პერიოდში მოქმედი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის (ძალადაკარგულია (2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან) საქართველოს 02/05/2014 N 1958 ორგანული კანონით) 47-ე მუხლის, ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ კანონის (ძალადაკარგულია (2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან) საქართველოს 02/05/2014 N 1958 ორგანული კანონით) 34.1 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში შეიძლებოდა ყოფილიყო ადგილობრივი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწა, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწებისა. სხვის საკუთრებაში მყოფი ქონების თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრაციას არ ითვალისწინებდა აგრეთვე „ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ კანონი (ძალადაკარგულია (2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან) საქართველოს 02/05/2014 N 1958 ორგანული კანონით) და ამჟამად მოქმედი ადგილობრივი თვითმმრთველობის კოდექსი, რომელიც მუნიციპალიტეტს მიკუთვნებული ქონებიდან კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებს გამორიცხავს (107-ე მუხ.1-ლი პუნქტის „ბ.ა“ ქვ.პ., მე-2 პუნქტის „ა“ ქვ.პ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ თვითმმართველობის ორგანოს სახელზე სადავო პირველადი რეგისტრაციის დროს, ისევე როგორც ე. ლ-ისა და ა. ჯ-ის მიწის ნაკვეთებზე სარეგისტრაციო მონაცემების დაზუსტებისას, მიწის ნაკვეთი ზ. მ-ის სახელზე უკვე იყო აღრიცხული. საერთო წესის მიხედვით ბოლო ჩანაწერი ძალას უკარგავს ადრინდელ ჩანაწერს. მოცემულ შემთხვევაში თვითმმართველობის ორგანოს და მესამე პირების სახელზე განხორციელებული რეგისტრაციებით კონკრეტულ, გადაფარულ ნაწილზე ზ. მ-ის საკუთრების უფლება არ გაუქმებულა, ამდენად სახეზეა ერთი და იგივე ტერიტორიაზე ორი ჩანაწერის კონკურენცია, რომლის პირობებშიც ყურადღება უნდა მიექცეს უფლების რეგისტრაციის ქრონოლოგიას. საქმეში დაცულია ზ. მ-ის 21.09.2008წ. განცხადება, რომლითაც განმცხადებელი მოითხოვდა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურისგან საკუთრების რეგისტრაციას (ტ.4, ს.ფ.385), განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის მიზეზი საქმეზე არ დადგენილა. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 13.1 მუხლის შესაბამისად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ. მოცემულ შემთხვევაში ზ. მ-ის დაინტერესებაში მყოფი მიწის ნაკვეთის რეკვიზიტები აღრიცხული იყო საჯარო რეესტრში, სადავო საკარმიდამო ნაკვეთი შემორაგულია, მასზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი, უძრავი ქონება იმყოფება ზ. მ-ის მფლობელობაში, ამდენად სავსებით შესაძლებელი იყო როგორც სსიპ ქონების მართვის სააგენტოში, აგრეთვე მარეგისტრირებელ ორგანოში მიმდინარე წარმოებისას დაინტერესებული პირის დადგენა (მით უფრო, რომ გადაფარვაში მოქცეულია საცხოვრებელი სახლი), მისი წარმოებაში ჩართვა, მისთვის აზრის გამოთქმის შესაძლებლობის მიცემა, მისი ინტერესების გათვალისწინება (საქმის მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ არც ერთ საკადასტრო ნახაზს დაინტერესებული პირის სახით ხელს არ აწერს ზ. მ-ე, საკადასტრო აღწერები მისი დასწრების გარეშე ჩატარდა). მიმართვა, რომელსაც წარადგენდა საჯარო რეესტრში სსიპ ქონების მართვის სააგენტო, თავისი ბუნებით არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცემა კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიაზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. აღნიშნული ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სზაკ-ის 53-ე და 96-ე მუხლების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო უნდა მოქმედებდეს კომპეტენტურად, აღნიშნული არის მისი არა უფლება, არამედ ვალდებულება. საქართველოს მთავრობის 24.10.07წ. N233 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის“ 61 მუხლის თანახმად ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული მიწის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვისა და რეესტრში დარეგისტრირების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე, მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო წერილობითი მოთხოვნით მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს, რაც არის მიწის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება, თვითმმართველობის სახელზე ქონების აღრიცხვის თაობაზე მიმართვების წარდგენა, საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას. ადმინისტრაციულ ორგანოს, მის საკუთრებად უძრავი ქონების აღრიცხვის თაობაზე სარეგისტრაციო სამსახურისადმი მიმართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ხელთ უნდა ჰქონოდა ნაკვეთის საზღვრებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაცია, მათ შორის უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის დაუზუსტებელი რეგისტრაციის რეკვიზიტების შესახებ. იმ ფართობზე, რომელზედაც მდებარეობს დაუზუსტებელი (თუმცა იდენტიფიცირებადი) მონაცემების მქონე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ქონების მართვის სააგენტოს ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია დაინტერესებული პირის ვინაობა, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. აღნიშნული შესაძლებელი იყო არა მხოლოდ საჯარო რეესტრის მეშვეობით, რომლის მონაცემები სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს 27.04.2016წ. N 5033 კანონით) 12.6 მუხლის, ამჟამად მოქმედი ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 6.1 მუხლის თანახმად, საჯარო და ხელმისაწვდომია, არამედ მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობიდან, აგრეთვე ადგილის დათვალიერებით, მეზობლების გამოკითხვით მიღებული ინფორმაციების შესწავლით და სხვ.. გასათვალისწინებელია, რომ ამჟამად მოქმედი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მიხედვით, სწორედ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებებს შორის სახელდება საჭიროების შემთხვევაში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა (41 მუხ.).
საკასაციო პალატა არ იზიარებს ქონების მართვის სააგენტოს შესაგებელში მოყვანილ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააგენტოს არ ევალება პირის დაინტერესებაში მყოფი უძრავი ქონების თვითმმართველი ერთეულის სახელზე დარეგისტრირებამდე დამატებითი გარემოებების გამოკვლევა. აღნიშნული მოსაზრება არ ემყარება საკანონმდებლო საფუძველს, სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაცუილ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამ ვალდებულებისგან სააგენტოს არ ათავისუფლებს ის გარემოება, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციას ახორციელებს სარეგისტრაციო სამსახური.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით სსიპ ქონების მართვის სააგენტოდან რეესტრისადმი მიმართვა არ გულისხმობს საჯარო რეესტრის უპირობო ვალდებულებას გაატაროს რეგისტრაციაში მუნიციპალიტეტის სახელზე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი. მარეგისტრირებელ ორგანოს ასეთ შემთხვევაშიც, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოებისას, ეკისრება საქმის გარემოებათა გამოკვლევის ვალდებულება. მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდება წარმოადგენს. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. ამდენად, ხსენებული ნორმის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თვითმმართველობის, ისევე როგორც მესამე პირების სახელზე, დაზუსტებული რეგისტრაციების განხორციელებამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის/მისი ნაწილის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. პალატა თვლის, რომ სწრაფი რეგისტრაციის პრინციპის გატარება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს სხვა სუბიექტების საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე. არც ადმინისტრაციულ ორგანოებს და არც ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ უმსჯელიათ და არ შეუფასებიათ ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა ზ. მ-ის ნაკვეთთან დაკავშირებით სადავო აქტების გამოცემამდე, არ გაუთვალისწინებიათ აგრეთვე განხორციელებულ რეგისტრაციათა ქრონოლოგია და საფუძვლები. სააპელაციო პალატამ სრულად უგულებელყო მარეგისტრირებელი ორგანოს და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ნორმატიული ვალდებულებები წარმოების სათანადოდ ჩატარებისა და საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის საჭიროების შესახებ.
ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მითითება იმ გარემოებაზე, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ჰქონდა მსგავსი შინაარსის მიმართვების მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენის ნორმატიულად განსაზღვრული უფლებამოსილება, არ ადასტურებს თვითმმართველი ერთეულის სახელზე მიწის ნაკვეთის აღრიცხვის მიზნით საჯარო რეესტრში წარდგენილი მიმართვებისა და მათ საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციების მართლზომიერებას. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემა იმთავითვე არ ნიშნავს ამ აქტის კანონიერებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერების შეფასებისას, აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების გარდა სხვა ასპექტების შეფასება უნდა განხორციელდეს, მათ შორის უნდა შემოწმდეს წარმოების ფორმალური წესების დაცვა, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის ვალდებულების შესრულება, დაინტერესებული მხარეების ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა, დამდგარი შედეგის საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებთან და ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობა და სხვ.. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო შემოიფარგლა სადავო მიმართვების/ბრძანებების გამოცემის მიმართ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ფორმალურ უფლებამოსილებაზე მსჯელობით, სააგენტოს მიერ მიმართვის წარდგენის უფლების კონსტატაციით, რაც თავისთავად არც იყო სადავოდ გამხდარი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია აგრეთვე, რომ სადავო აქტების გამოცემის მიზნით ჩატარებული ადმინისტრაცული წარმოება შეესაბამებოდა სზაკ-ის მოთხოვნებს, თუმცა გაურკვეველია რას ეფუძნება აღნიშნული დასკვნა: პალატას არ გამოუკვლევია ზ. მ-ის, როგორც დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვის საკითხი, არ დაუდგენია ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე გარემოებების გამოკვლევა, არ უმსჯელია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ზ. მ-ის საკუთრების უფლების შესაძლო უგულებელყოფის საკითხზე. უკვე აღინიშნა, რომ კანონმდებლობა არ გამორიცხავს დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობას, შესაბამისად, რეგისტრაციის არსებობის გადამოწმება მხოლოდ ელექტრონული ნახაზის მეშვეობით არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. გასათვალისწინებელია, რომ სააპელაციო პალატას არც ზ. მ-ის მიწის ნაკვეთის რეალური საზღვრები და გადაფარული ტერიტორიის ოდენობა დაუდგენია. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს რიგი სადავო აქტებით განხორციელდა ...ში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არ დადგენილა საზღვრების კორექტირების შესახებ მრავალჯერადი მიმართვების მიზეზი, მიმართვების კავშირი მოსარჩელის ნაკვეთთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებებით კორექტირებული საზღვრებით მოსარჩელის ნაკვეთის გადაფარვაში მყოფი ფართის ოდენობა მაშინ, როდესაც სადავო აქტების გამოცემის დროს და ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა დასაშვებად თვლის გარკვეული ოდენობის ფარგლებში ნაკვეთებს შორის გადაფარვის შესაძლებლობას (საქარველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.2006წ. N800 ბრძანებით დამტკიცებული „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის 48-ე მუხ., 15.01.2010წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხ., საქართველოს მთავრობის 08.08.2016წ. N388 დადგენილებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესის“ მე-2 მუხ.). სააპელაციო პალატას, განსახილველი დავის ფარგლებში უნდა უზრუნველეყო არა მარტო დაზუსტებული, არამედ დაუზუსტებელი რეგისტრაციის მქონე პირის ინტერესთა დაცვა, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შეფასება და სასამართლო გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგის სათანადო დასაბუთება.
მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ დაუზუსტებელი რეგისტრაციების არსებობის პირობებში მოსარჩელემ და მისი მომიჯნავე ნაკვეთების მესაკუთრე ფიზიკურმა პირებმა დაიკავეს მათ მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილი მიწის ნაკვეთები და შესაბამისი ღობით მოახდინეს საზღვრების ფაქტობრივი გამიჯვნა, საქმის მასალებით არ დასტურდება საჯარო რეესტრის სადავოდ გამხდარ რეგისტრაციებამდე მათ შორის რაიმე ტერიტორიული დავის არსებობა. ამასთანავე, ერთ-ერთი მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრე - ა. ჯ-ი, წარმოდგენილ შესაგებელში თანხმობას აცხადებს მორიგებაზე, ხოლო მუნიციპალური ქონების მართვა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირების ერთ-ერთი პრინციპია, მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით („ადგილობრივი თვითმამრთველობის კოდექსის“ 110-ე მუხ.). ამასთანავე, მოსარჩელის მითითებით (ტ.2, ს.ფ. 367), ის და მისი მომიჯნვე ნაკვეთის მესაკუთრე ა. ჯ-ი ვერ ახერხებენ ნაკვეთის საზღვრების ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბმისად კორექტირებას სწორედ თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის რეგისტრირებული საკადასტრო საზღვრების მდებარეობის გამო. ამასთანავე, მართალია საკადასტრო საზღვარი დგინდება შესაბამის კოორდინატთა სისტემაში განხორციელებული აგეგმვის საფუძველზე და არა ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრის ან ღობის გათვალისწინებით, თუმცა სამეზობლო საზღვრის დადგენის მიზნებისათვის მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მეზობელთა ურთიერთშეთანხმებას, წლების განმავლობაში მათი ნაკვეთების გამმიჯნავი ფაქტობრივი მყარი ღობის მდებარეობას, არსებული ფაქტობრივი მფლობელობის ფარგლებს. მოცემულ შემთხვევაში რეგისტრირებული საზღვრები კვეთს სამეზობლო ღობეებს, ასე. მაგ., თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი კვეთს ზ. მ-ის ნაკვეთის შემომსაზღვრელ, ჯერ კიდევ ნაკვეთის გამიჯვნამდე არსებულ, ბეტონის ღობეს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ...ი შემოსაზღვრული იყო მყარი ღობით, რომელიც დღესაც შემოსაზღვრავს მოსარჩელის ზ. მ-ის ნაკვეთის აღმოსავლეთ მხარეს. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში რიცხული ნაკვეთი ფარავს ...ის ღობის შიგნით მდებარე ზ. მ-ის ნაკვეთს. ზ. მ-ის ნაკვეთი არის ყოფილი ...ის ნაკვეთის ნაწილი, რომელიც გასხვისებულია პროფკავშირის საბჭოს მიერ და არ ექცევა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. კერძოდ, 22.02.2000წ. განხორციელდა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკური საბჭოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართით 40700 კვ.მ.) მდებარე: ქ. თბილისი, ...ი, სოფ. ...ი (საკადასტრო კოდი N...), რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა გარდაბნის რაიონის გამგეობის 09.02.2000წ. N24 დადგენილება და N3 ოქმი. 24.04.2000წ. ნაკვეთი აღირიცხა თ. გ-აზე 08.03.2000წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ამდენად, თვითმმართველობის საკუთრების მომწესრიგებელ ნორმატიულ აქტებზე მითითება არ ადასტურებს გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას.
საკასაციო პალაატ აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დგება შემძენის კეთილსინდისიერების საკითხი, ვინაიდან სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს სადავო მიმართვებით და მათ საფუძველზე სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული გადაწყვეტილებებით ადგილი ჰქონდა მოსარჩელის ნაკვეთთან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფი მიმდებარე ნაკვეთის არა რეალიზაციას, არამედ მესაკუთრის შეუცვლელად საზღვრების კორექტირებას. იგივე ითქმის ა. ჯ-ის კუთვნილი ნაკვეთის მიმართ, აღნიშნულ შემთხვევაში სადავოა სარეგისტრაციო ორგანოს გადაწყვეტილებები ნაკვეთის არა რეალიზაციის, არამედ ნაკვეთის საზღვრების დაზუსტების შესახებ, რომელთა შედეგად ა. ჯ-ის კუთვნილი ნაკვეთის დაზუსტებული საზღვარი კვეთს მოსარჩელის ზ. მ-ის არათუ ნაკვეთის საზღვარს, არამედ გარკვეულ ნაწილში ფარავს ზ. მ-ის სახლს. რაც შეეხება ე. ლ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ ნაკვეთთან გადაფარვას, პრეტენზია ეხებოდა არა მხოლოდ წინარე მესაკუთრეების (ქ. ჩ-ი, მ. მ-ი) მიმართ რეგისტრაციების ცვლილებებს, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ე. ლ-ის მიერ ნაკვეთების გაერთიანებისა და დაზუსტების შესახებ გადაწყვეტილებების შედეგად ნაკვეთების კონფიგურაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც მოსარჩელის მიერ ე. ლ-ის კუთვნილ ნაკვეთთან გადაფარვის მიზეზად სახელდება. კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ე. ლ-ის განცხადების საფუძველზე სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 03.11.2010წ. N..., რომლითაც უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე, 1400 კვ.მ. ნაკვეთი აღირიცხა ე. ლ-ის საკუთრებაში (ტ.1, ს.ფ. 184, 189), შემდგომში ე. ლ-მა მოითხოვა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, რასთან დაკავშირებითაც 28.12.2010წ. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 63-66). ამასთანავე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.12.2016წ. განჩინებით ზ. მ-ის წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა სადავო უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდები: N..., N..., N... სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია,რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული თავის მხრივ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე,412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.11.2018წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ქ. ცინცაძე