დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#ბს-679(კ-20) 8 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ო. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 29 ოქტომბერს ო. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ ო. ა-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 1 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, ო. ა-ი არის სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე. იგი 2009 წლიდან დაოჯახებულია საქართველოს მოქალაქე ი. დ-ზე. მოსარჩელე არჩენს და მამობას უწევს მეუღლის ორ მცირეწლოვან შვილს. ამასთან, მეუღლესთან ერთად, ელოდება საერთო შვილს. მოსარჩელეს უსაფუძვლოდ მიაჩნია მისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ვინაიდან მან 6-წლიანი დროებითი ბინადრობის დაგროვების შემდეგ, მოითხოვა მუდმივი ბინადრობის ნებართვა, რაც კანონის თანახმად, წარმოადგენს მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის ერთ-ერთ საფუძველს. მოსარჩელის მითითებით, ამ ხნის განმავლობაში ის ღირსეულად ცხოვრობს საქართველოში და არასდროს ყოფილა სამართალდამცავი ორგანოების მიერ შემჩნეული რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ო. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლზე. კასატორის განმარტებით, არსებობდა რეალური საფუძველი და შესაბამისი მტკიცებულებები მისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემისათვის, კერძოდ, ის გარემოება, რომ იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქესთან. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ სრულად არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა შეეფასებინა ის გარემოება, რომ მასზე წარსულში არაერთხელ იქნა გაცემული ბინადრობის ნებართვა, რასთან დაკავშირებითაც არასდროს შექმნია პრობლემა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ო. ა-ის საკასაციო საჩივარი. ამავე განჩინებით, კასატორს - ო. ა-ს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის მიმართვით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს დაევალა ინფორმაციის/მასალების (მათ შორის საიდუმლო) წარმოდგენა, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 28 სექტემბრის #SSG ... წერილის გაცემას, მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის მიცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 1 ოქტომბრის #... გადაწყვეტილება და მოთხოვნილია ადმინისტრაციული ორგანოსათვის ო. ა-ისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის IV თავი არეგულირებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს, კერძოდ, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას ასევე თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები რეგულირდება აგრეთვე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის #520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი რეგლამენტირებულია ამავე წესის მე-13 მუხლით, რომლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება.
საქმის მასალების მიხედვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის #520 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეამოწმა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და მიმართა საქართველოს სახელმწიფო ორგანოს, რომლისგანაც ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ო. ა-სათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა. აღნიშნულის შედეგად სააგენტომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ უცხოელისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის მიმართვით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ არ დასტურდება „შეცდომა დისკრეციაში“ - დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილება ან/და იმ მიზნის უგულებელყოფა, რის მისაღწევადაც სააგენტოს მინიჭებული აქვს იგი. სააგენტოს სადავო გადაწყვეტილების მოტივირება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და ასევე მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს - ო. ა-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კასატორს - ო. ა-ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინება;
3. ო. ა-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 90 ლარის გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე