შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 214-აპ 27 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 თებერვლის განაჩენით ზ. ჩ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან ნაწილობრივ დაემატა 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 აპრილის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 თებერვლის განაჩენი ზ. ჩ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
განაჩენით ზ.ჩ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, არაერთგზის, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. კერძოდ:
ზ. ჩ-ლი 2003წ. 23 სექტემბერს გასამართლებულ იქნა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით 2002წ. 1 აპრილსა და 10 მაისს ჩადენილ დანაშაულთათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით 2 წლით გამოსაცდელი ვადით.
2002წ. 28 სექტემბერს ზ.ჩ-ლი და ვ.ნ-ლი შეთანხმდნენ, ქ.წნორში გაექურდათ ზ. ა-ის კუთვნილი სასურსათო მაღაზია “ბაჩის” საბითუმო ვაჭრობის საწყობი. ზ.ჩ-მა და ვ.ნ-მა, წინასწარ მომარჯვებული ძალაყინის გამოყენებით, 2002წ. 30 სექტემბერს, 02 საათზე, ჩამოანგრიეს საწყობის დასავლეთის მხარეს არსებული კედელი. ზ.ჩ-ილი გაჩერდა კედლის გარეთ, ხოლო ვ.ნ-მა უკანონოდ შეაღწია საწყობში, საიდანაც ზ.ჩალათაშვილს გამოაწოდა ზ.ა-ის კუთვნილ საცავში არსებულ სიგარეტ “ვაისროის” 105 ცალი ბლოკი, ღირებული 913 ლარად; სიგარეტ “პირველის” 7 ცალი ბლოკი, ღირებული 50 ლარად; სატელიტური ანტენა “რესივერი”, ღირებული 600 ლარად: “მოტოროლას” ფირმის მობილური ტელეფონი, ღირებული 100 ლარად; ფული 200 ლარი, 100 ლარი ქაღალდის კუპიურებით და 100 ლარი ხურდებით, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 1.863 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. ვ.ნ-მა და ზ.ჩ-მა ნივთები იმავე ღამით გადაიტანეს და დამალეს ქ.წნორის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე კინოთეატრის შენობაში, რომელიც ამჟამად არის უმოქმედოდ. იმავე დილით ზ.ჩალათაშვილი გაემგზავრა ქ.თბილისში და თან წაიღო 50 ლარის ხურდა ფული და მობილური ტელეფონი, რომლითაც რამდენჯერმე სატელეფონო კავშირი დაამყარა თავის დეიდაშვილ თ. ბ-სთან, ხოლო შემდეგ, მოცილების მიზნით, გადააგდო ქ.ზუგდიდში, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში. ადგილზე დარჩენილმა ვ.ნ-მა აღნიშნული ნივთები გადაიტანა სოფ. ---ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, ხოლო მეორე დღეს ორივე სახის სიგარეტის ბლოკები წაიღო გურჯაანის რაიონის სოფ. ---ი და 570 ლარად მიჰყიდა ელდარ ტანკაშვილს, რომლისგანაც ბლოკების ნაწილი ამოღებულ იქნა. ზ.ჩ-ლის ძმის _ ა. ჩ-ლის მოთხოვნით სატელიტური ანტენა “რესივერი” ვ.ნაცვლიშვილმა გადასცა ა.ჩ-ლს, ხოლო ამ უკანასკნელმა დაუბრუნა დაზარალებულ ზ.ა-ლს.
მსჯავრდებული ზ.ჩ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს მისთვის პირობითი მსჯავრის შეფარდებას ან სასჯელის შემსუბუქებას, ან საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას იმ მოტივებით, რომ მას ქურდობაში მონაწილეობა არ მიუღია, შემთხვევის ადგილზე მისი მისვლის დროს ვ.ნ-ლს ქურდობა უკვე დასრულებული ჰქონდა, იგი ვ.ნ-ლს მხოლოდ ნაქურდალი საქონლის წაღება-გადამალვაში დაეხმარა, რის გამოც ამ უკანასკნელმა მობილური ტელეფონი აჩუქა, ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაულის დაფარვა და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა; ამასთან, მსჯავრდებული საჩივარში მიუთითებს, რომ არის ჰეპატიტით დაავადებული, ჰყავს ინვალიდი დედ-მამა, ფეხმძიმე მეუღლე, ეკონომიკურად უკიდურესად უჭირთ, დაზარალებულისთვის მიყენებული ზარალი დაფარულია და პრეტენზია არა აქვს.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა.კ-ია მხარს უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
პროკურორი თ.ტ-ლი არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს ზ.ჩ-ის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ ზ.ჩ-ლს უშუალოდ მონაწილეობა არ მიუღია ქურდობის ჩადენაში და ის მხოლოდ ნაქურდალი საქონლის წაღება-გადამალვაში დაეხმარა ვ.ნ-ლს, რადგანაც საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული მისი მონაწილეობა ქურდობაში. აღნიშნული დადასტურებულია აგრეთვე თავად მსჯავრდებულის მიერ როგორც წინასწარი გამოძიებისთვის, ისე საქმის პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში განხილვისას მიცემული ჩვენებებით.
ამასთან, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ზ.ჩ-ი 2003წ. 23 სექტემბერს გაასამართლა სოხუმის რაიონულმა და საქალაქო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეუცვალა პირობით 2 წლით გამოსაცდელი ვადით. აღნიშნული განაჩენით ზ.ჩ-ლს მსჯავრი დაედო 2002წ. 1 აპრილსა და 10 მაისს ჩადენილ დანაშაულთათვის. ამჟამად ზ.ჩ-ლს მსჯავრი ედება 2002წ. 30 ოქტომბერს ჩადენილ ქურდობაში, ე.ი. ქმედებაში, რომელიც მას ჩადენილი აქვს მის მიმართ სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს მიერ განაჩენის დადგენამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ ზ.ჩ-ლს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით უნდა განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოო სასჯელში მთლიანად უნდა ჩაეთვალოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი. დანიშნული სასჯელი ზ.ჩ-მა რეალურად უნდა მოიხადოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 აპრილის განაჩენი ზ. ჩ-ის მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ჩ-ლს საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.