შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 10.08.2004
საქმის ნომერი
2კ-283დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
10.08.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 283-დად 10 აგვისტო, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,ნ. გვენეტაძე

განიხილა მსჯავრდებულ მ. ხ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის განცხადება მის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადების შესახებ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მოადგილის რ. კ-ის შუამდგომლობა მსჯავრდებულ მ. ხ-ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ნოემბრის განაჩენით, მ. ხ-ძე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 ნომებრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,179-ე მუხლის II ნაწილის “ა", “გ" ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და შეეფარდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2001წ. 5 ოქტომბრიდან.

მ. ხ-ძე ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების დეპარტამანტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში.

იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, მ. ხ-ეს ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დაუდგინა შემდეგი დიაგნოზი: --- კიბო მესამე სტადია, --, II კლინიკური ჯგუფი, გართულებული ხშირი ჰემატურიით, მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია II ხარისხი. სამედიცინო დასკვნის თანახმად, პაცინეტს ესაჭიროება შარდის ბუშტის ტოტალური რეზექცია (სრული ამოკვეთა). სამედიცინო დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ოპერაცია და ოპერაციის შემდგომი პერიოდი ძალზე მძიმეა და სიცოცხლისათვის უაღრესად სარისკო. ოპერაციული ჩარევის წარმატებით დამთავრების შემთხვევაშიც პიროვნება რჩება ღრმა ინვალიდი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. პატიმარ მ. ხ-ეს ამჟამად მუდმივად აღენიშნება სისხლდენა საშარდე გზებიდან. მისი მდგომარეობა სამედიცინო დასკვნის მიხედვით მძიმეა და ხელს უშლის სასჯელის მოხდას.

მსჯავრდებულის განცხადება განაჩენის აღსრულების გადავადების თაობაზე რაიონული სასამართლოს დადგენილებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს სსსკ-ის 607-ე მუხლი არ ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების გადავადებას. ამავე დადგენილებით ასევე არ დაკმაყოფილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მოადგილის რ. კ-ის შუამდგომლობა ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების თაობაზე.

რაიონულმა სასამართლო ჩათვალა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დასკვნა არ წარმოადგენს მსჯავრდებულ მ. ხ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის დამადასტურებელ შესაბამის იმ სამედიცინო დასკვნას, რაც შეიძლება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების საფუძველი გამხდარიყო. რაიონულმა სასამართლომ განმარტება გააკეთა იმის შესახებ, თუ რა იგულისმება სამედიცინო დასკვნაში და მიუთითა, რომ სამედიცინო დასკვნა გულისხმობს სამედიცინო მეცნიერების დარგში სპეციალური ცოდნის მქონე პირის წერილობით ინფორმაციას მის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიმდინარეობისა და დადგენილი ფაქტობრივი მონაცემების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003წ. 27 მარტის ¹-/-- ბრძანების გათვალისწინებით და არა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო დეპარტმანეტის ადმინისტრაციის თანამდებობის პირების მიერ გაცემულ ერთნაირი შინაარსის მქონე სამედიცინო ცნობას ან დასკვნას, რომელსაც საფუძვლად უდევს პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის _ ზ. გ-ის 2004წ. 1 ივნისის ¹--/--/-- პატაკი და სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზი. რაიონულმა სასამართლომ შეფასება მისცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003წ. 27 მარტის ¹--/-- ბრძანების მე-2 მუხლის I და II ნაწილებს, რომლის შესაბამისადაც სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად შესაძლოა წარდგნენ ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულნი, რომელთა მდგომარეობაც შეესაბამება მე-4 კლინიკური ჯგუფით განსაზღვრულ კატეგორიას, რა დროსაც კლინიკური დიაგნოზი დადასტურებული უნდა იყოს მორფოლოგიური გამოკვლევებით და ჩათვალა, რომ ვინაიდან სასამართლოში წარმოდეგნილ სამედიცინო დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ მ. ხ-ძე დაავადებულია მე-3 სტადიის ავთვისებიანი სიმსივნით, რაც მორფოლოგიურად არ დასტურდება, გააკეთა დასკვნა იმის თაობაზე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დასკვნა არ წარმოადგენს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების საფუძველს.

მ. ხ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის კრწანისი-მთაწმინიდს რაიონული სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და მის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ იგი მძიმე ავადმყოფია, ესაჭიროება შარდის ბუშტის ესოტალური რეზექცია (სრული ამოკვეთა), აღნიშნული ოპერაცია და შემდგომი პერიოდი ძალზე მძიმეა და სიცოცხლისათვის უაღრესად სარისკო.

სასამართლო სხდომაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა რ. ღ-ემ, ამავე სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების მთავარმა ექიმმა ზ. გ-მა, ასევე აღნიშნული სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ რ. კ-ემ მხარი დაუჭირეს კერძო საკასაციო საჩივარს და განმარტეს, რომ მსჯავრდებულ მ. ხ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა უაღრესად მძიმეა, იგი დაავადებულია შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნით, საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას, ოპერაციაც და მისი შემდგომი პერიოდიც მსჯავრდებულის სიცოცხლისათვის სარისკოა. მითითებულ პირთა განმარტებით, მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის აღსრულება მისი ჯანმრთელობის ასეთი მდგომარეობის გამო შეუძლებელია.

პროკურორმა ო. რ-ამ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.

პროკურორის განმარტებით, იგი სადაოდ და საეჭვოდ არ ხდის სამედიცინო დასკვნას და არც მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაგრამ ვინაიდან მსჯავრდებული დაავადებულია კიბოს მესამე სტადიით, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003წ. 27 მარტის ¹-- ბრძანების მე-2 მუხლის I და II ნაწილების შესაბამისად კი სასეჯლის მოხდისაგან გასათავისუფლებლად შესაძლოა წარდგნენ ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულნი, რომელთა მდგომარეობაც შეესაბამება მე-4 კლინიკური ჯგუფით განსაზღვრულ კატეგორიას, ამიტომ მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა პროკურორ ო. რ-ას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს რ. ღ-ეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების მთავარ ექიმს ზ. გ-ს, პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მოადგილეს პატიმართა უფლებების დაცვის დარგში რ. კ-ს და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 608-ე მუხლი ითვალისწინებს მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან განთავისუფლებას, თუ იგი დაავადებულია განუკურნებელი სენით. მსჯავრდებული მ. ხ-ძე რომ დაავადებულია განუკურნებელი სენით, დადგენილია საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის რ. ღ-ის გაკეთებული დასკვნით, რომლის შესაბამისადაც მსჯავრდებული მ. ხ-ძე დაავადებულია --- კიბოთი (მესამე სტადია), მე-2 კლინიკური ჯგუფი, გართულებული ხშირი ჰემატურიით, განვითარებული აქვს მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია მე-2 ხარისხი. მ. ხ-ეს ესაჭიროება შარდის ბუშტის ტოტალური რეზექცია. აღნიშნული ოპერაცია და ოპერაციის შემდგომი პერიოდი ძალზე მძიმეა და სიცოცხლისათვის უაღრესად სარისკო. რ. ღ-ის განმარტებით, მიუხედავად ოპერაციული ჩარევისა, არ არის გარანტირებული, რომ მსჯავრდებული გადარჩეს, ოპერაციის წარმატებით დამთავრების შემთხვევაშიც პიროვნება რჩება ღრმა ინვალიდი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. პატიმარ მ. ხ-ეს ამჟამად მუდმივად აღენიშნება სისხლდენა საშარდე გზებიდან. მისი მდგომარეობა მძიმეა, რაც ხელს უშლის სასჯელის შემდგომ მოხდას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის ზ. გ-ის განმარტებით, სიმსივნის _ მელანომის დიაგნოზი სრულიად უეჭველია. არსებობს სიმსივნის განვითარების მესამე სტადიის ყველა ნიშანი (მეტასტაზები და სხვ.), რაც მოწმობს, რომ პროცესი შეუქცევადია, რაც მსჯავრდებულ მ. ხ-ის მიერ სასჯელის შემდგომ მოხდას შეუძლებელს ხდის.

პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მოადგილის რ. კ-ის განმარტებით, მსჯავრდებულ მ. ხ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია, რაც შეუძლებელს ხდის მის მიმართ სასჯელის აღსრულებას.

სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მოადგილის პატიმართა უფლებების დაცვის დარგში რ. კ-ის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის რ. ღ-ის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის ზ. გ-ის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული დასკვნების და განმარტებების სარწმუნოება დადგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების საექიმო კომისიის სამედიცინო დასკვნით, რომლის თანახმადაც მსჯავრდებული მ. ხ-ძე დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, კერძოდ, მას განვითარებული აქვს შარდის ბუშტის კიბო მე-3 სტადია, მე-2 კლინიკური ჯგუფი, გართულებული ხშირი ჰემატურიით, მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია II ხარისხი. ამავე დასკვნის თანახმად, პაციენტს ესაჭიროება შარდის ბუშტის ტოტალური რეზექცია. აღნიშნული ოპერაცია და ოპერაციის შემდგომი პერიოდი ძალზე მძიმეა და სიცოცხლისათვის უაღრესად სარისკო. ოპერაციული ჩარევის წარმატებით დამთავრების შემთხვევაშიც პიროვნება რჩება ღრმა ინვალიდი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. საექიმო კომისიის დასკვნის თანახმად მსჯავრდებულს ამჟამად მუდმივად აღენიშნება სისხლდენა საშარდე გზებიდან. მისი მდგომარეობა მძიმეა და, კომისიის წევრთა მოსაზრებით, ხელს უშლის სასჯელის მოხდას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 ივნისის დადგენილება უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულ მ. ხ-ის სასიკეთოდ და ავადმყოფობის გამო გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანლა რა საქართველოს სსკ-ის 74-ე მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ" ქვეპუნქტით, 568-ე და 608-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. ხ-ის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 ივნისის დადგენილება შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებული მ. ხ-ძე სსსკ-ის 608-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.