განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 287-დად 17 აგვისტო, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,ნ. გაბრიჩიძე
განიხილა დაინტერესებული პირის ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 28 მაისის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა იმერეთის საოლქო პროკურატურის 2004წ. 25 თებერვლის დადგენილება ს. ხ-ის, ბ. ლ-ის, ა. ხ-ის, მ. მ-ის, ლ. რ-ის, ა. ფ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის და ს. ბ-ის კომლში ა. ფ-ის ჩაწერასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 27 მაისს საქართველოს გენერალურ პროკურატურას დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებით მიმართა ქ. თბილისში მცხოვრებმა ა. ბ-მა იმის თაობაზე, რომ იგი იყო ვანის რაიონის სოფ. ---ში მდებარე ქონების, რომელიც ეკუთვნოდა მის აწ გარდაცვლილ ბიძას _ ს. ბ-ლს და მის მეუღლეს _ მ. დ-ლს, ერთადერთი მემკვიდრე, მაგრამ ამ პირთა საკომლო წიგნში მოქალაქე ა. ფ-ის უკანონო ჩაწერის გამო სამკვიდრო ქონება ვერ მიიღო. ამასთან, განცხადებას ურთავდა აღნიშნულთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყების თანამდებობის პირთა მიერ გაცემული დოკუმენტების ასლებს, რაც, მისი აზრით, დაშვებულ სამართალდარღვევებზე მიუთითებდა.
კერძოდ, ა. ბ-ლი განცხადებაში აღნიშნავდა, რომ სოფ. ---ის საკრებულოს გამგებლის ა. ხ-ს მიერ 1996 წელს ს. ბიბილეიშვილის კომლში ა. ფ-ის ჩაწერა განხორციელებული იყო კომლის ყველა წევრის თანხმობის და შს ვანის რაიგანყოფილების საპასპორტო _ სავიზო სამსახურის გარეშე. ა. ხ-ის დაინტერესებითვე, 1998 წელს განუხილველად იყო დატოვებული ს. ბ-ის და მ. დ-ის განცხადებები ა. ფ-ის ბინიდან ამოწერაზე. განცხადების თანახმად, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა არც ქ. ვანის გამგებლის _ მ. მ-ის მიერ გაცემული ცნობა ა. ფ-ის ქ. ვანიდან 1996 წელს ამოწერის შესახებ, რადგან ამ დროისათვისაც ეს უკანასკნელი ამოწერილი არ ყოფილა ქ. ვანში, --- მდებარე ბინიდან, სადაც ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობდა და ამავე მისამართზე ჩაწერილი იყო 2000წ. 28 ივლისამდე. განცხადებით ა. ბ-ლი ითხოვდა ა. ხ-ის, მ. მ-ის და სხვა პირთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.
პროკურატურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ვანის რაიონის სოფ. ---ში მცხოვრებ ს. ბ-ლს და მის მეუღლეს მ. დ-ლს შვილი არ ჰყავდათ. საკომლო წიგნში 1948-70 წლებში შესრულებული ჩანაწერების მიხედვით, მათ ს. ბ-ის ძმისშვილი _ ა. ბ-ლი შვილად, ხოლო მეზობლად მცხოვრები ვ. ფ-ის შვილი _ რ. ფ-ძე ძმისშვილის სახით ჰყავდათ კომლში ჩაწერილი. შემდგომში, ა. ბ-ის კომლიდან ამოწერის შესახებ საკომლო წიგნში ჩანაწერი არ არის. 1980წ. მდგომარეობით კი, კომლში ს. ბ-თან და მ. დ-თან ერთად ჩაწერილია და ცხოვრობს ძმისშვილი რ. ფ-ძე, ასევე, მისი მეუღლე ს. ს-ლი და მათი შვილები _ ა. და ვ. ფ-ები. 1982 წელს რ. ფ-ძე გარდაიცვალა, ხოლო ს. ს-ლი შვილებთან _ ა. და ვ. ფ-ებთან ერთად ს. ბ-ის კომლიდან ამოეწერა და 1987 წლიდან საცხოვრებლად ქ. ვანში, --- არიან რეგისტრირებული. კომლში ჩაწერილად დარჩა თვით ს. ბ-ლი და მ. დ-ლი, მაგრამ ამ ოჯახებს შორის ურთიერთობა არ გაწყვეტილა.
მოგვიანებით ს. ბ-მა გამოთქვა სურვილი ა. ფ-ის მასთან კომლში ჩაწერის თაობაზე. აღნიშნულზე ა. ფ-ძე დათანხმდა და 1996წ. 1 აპრილს განცხადებით მიმართეს სოფ. ---ის საკრებულოს გამგებელს _ ა. ხ-ეს. ა. ფ-ემ თან წარადგინა ქ. ვანის კომუნალური საწარმოო კომბინატიდან გაცემული ცნობა მისი ქ. ვანიდან ამოწერის შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე კი, 1996წ. 3 ივლისს, სოფლის საკრებულოს გამგეობის გადაწყვეტილებით, ა. ფ-ძე ს. ბ-ის კომლში იქნა ჩაწერილი.
1996წ. ნოებმრიდან 1998წ. დეკემბრამდე, ა. ფ-ე მსახურობდა საქართველოს სამხედრო ძალებში, რა დროსაც დაავადდა. ამ პერიოდში მას, ასევე მის დედას და ძმას, ს. ბ-ის კომლთან კავშირი არ ჰქონია, მათ ხანშიშესული და ავადმყოფი ს. ბ-სა და მ. დ-დმი მზრუნველობა არ გამოუჩენიათ.
ამავე პერიოდში, ს. ბ-ლს და მ. დ-ლს მზრუნველობას უწევს ა. ბ-ლი, რომელსაც ს. ბ-მა 1998წ. 21 მაისს გადასცა ანდერძი მის სახელზე რიცხული ქონების დატოვების თაობაზე, ხოლო 1998წ. 18 ივნისს, გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე დაწერა განცხადება ა. ფ-ის მისი კომლიდან ამოწერის თაობაზე. აღნიშნული განცხადება სოფლის საკრებულოში მისი გარდაცვალების შემდეგ იქნა შეტანილი. იმავე წლის 3 აგვისტოს მ. დ-მაც მიმართა საკრებულოს განცხადებით ა. ფ-ის კომლიდან ამოწერის თაობაზე, მაგრამ ამ უკანასკნელის სამხედრო სამსახურში ყოფნის გამო განცხადება განხილვის გარეშე იქნა დატოვებული. ა. ფ-ის სამხედრო ძალებიდან განთავისუფლების შემდეგ კი, მ. დ-ლს ამ საკითხთან დაკავშირებით სოფლის საკრებულოსათვის არ მიუმართავს, ხოლო 1999წ. თებერვლის თვეში იგი გარდაიცვალა.
როგორც ს. ბ-ის, ასევე მ. დ-ის დაკრძალვის ხარჯები ა. ბ-მა გაიღო და ფიქრობდა რა იგი იყო აწ გარდაცვლილი ბიძის _ ს. ბ-ის როგორც კანონისმიერი, ასევე ანდერძისმიერი მემკვიდრე, შეეცადა ამ ქონების მიღებას, მაგრამ ა. ფ-ის ხსენებული კომლის წევრობის გამო, ქონება ვერ მიიღო. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს გამომძიებელმა მისცა სამართლებრივი შეფასება და 2002წ. 5 აგვისტოს, სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის საფუძველზე, ა. ხ-სა და მ. მ-ის მიმართ გამოიტანა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება.
აღნიშნული დადგენილება ა. ბ-ის მიერ გასაჩივრდა ვანის რაიონულ სასამართლოში. რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 მარტის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება დარჩა უცვლელად.
ა. ბ-მა რაიონული სასამართლოს დადგენილება გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003წ. 12 ივნისის განჩინებით ა. ხ-ს და მ. მ-ის მიმართ გამოტანილი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება გაუქმებულ იქნა.
2003წ. 25 ნოემბერს იმერეთის საოლქო პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის ¹-- საქმე ს. ბ-ის კომლში ა. ფ-ის ჩაწერასთან დაკავშირებით სამსაუხრებრივი სიყალბის ჩადენის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ს. ბ-ის კომლში ა. ფ-ს ჩაწერისას თვით ა. ფ-ს მიერვე სოფ. ---ის საკრებულოში წარდგენილი ცნობა მისი ქ. ვანში მდებარე კომუნალური ბინიდან ამოწერაზე გაცემულია კომუნალური სამსახურის ყოფილი დირექტორის ს. ხ-ის და არა ბ. ლ-ის მიერ. ბ. ლ-ის მიერ 1999წ. 14 ივლისს, ქ. ვანის საკრებულოში წარსადგენად გაცემული აქვს ¹-- ცნობა და ეს ცნობა ა. ფ-ის ს. ბ-ის კომლში ჩაწერასთან არანაირად დაკავშირებული არ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიებელმა გააკეთა დასკვნა იმის შესახებ, რომ მითითებული ცნობების გაცემისას როგორც ს. ხ-ის, ასევე მ. ლ-ს მიერ, ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ამავე ცნობებში განზრახ არასწორი ჩანაწერების შეტანით ყალბი დოკუმენტის შედგენა-გაცემის და, შესაბამისად, მათ მიერ სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის ფაქტს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსსკ-ის 341-ე მუხლით, ადგილი არ ჰქონია.
გამოძიებამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ბ-ის კომლში ა. ფ-ს ჩაწერა 1996 წელს განხორციელებულია სოფ. ---ის საკრებულოს ყოფილი გამგებლის ა. ხ-ს არა ერთპიროვნული, არამედ გამგეობის კოლეგიალური გადაწყვეტილების საფუძველზე (სხდომის ოქმი ¹4).
გამოძიებით ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. ვანის საკრებულოს გამგებლის მ. მ-ის მიერ განხორციელებული მოქმედებებით ასევე არ განხორციელებულა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რაიმე დანაშაული შემადგენლობა.
გამოძიებამ შეფასება მისცა “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” 1996წ. 27 ივნისის კანონით გათვალისწინებულ ნორმებს, რომელთა შესაბამისადაც, ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 10 ივნისის დადგენილება და, რომლის თანახმადაც, რეგისტრაცია ან რეგისტრაციის არქონა არ შეიძლება გახდეს კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის საკუთრების უფლების, შეზღუდვის საფუძველი და მიიჩნია, რომ აღნიშნული კანონი არ გამორიცხავს პირისათვის რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის და ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, გამოძიებამ ჩათვალა, რომ სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ ა. ფ-ის ქ. ვანში რეგისტრაცია სოფ. ---ში კომლის წევრობის დაკარგვას არ გამოიწვევდა და, ამდენად, ა. ფ-ის ვანის რაიგანყოფილების საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის სარეგისტრაციო სამსახურის ყოფილი უფროსის ლ. რ-ის მიერ სოფ. ---ში რეგისტრირება კანონიერია.
გამოძიებამ დადგენილად მიიჩნია, რომ, ს. ბ-ის კომლში ა. ფ-ს ჩაწერისას არ იყო დაცული მხოლოდ მოქალაქის რეგისტრაციის წესები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე იმერეთის საოლქო პროკურატურამ ს. ხ-ის, ბ. ლ-ის ა. ხ-ის, მადონა მესხის, ლ. რ-ის, ა. ფ-ის მიმართ გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრზე უარის თქმის შესახებ, ხოლო ს. ბ-ის კომლში ა. ფ-ის ჩაწერასთან დაკავშირებით სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყვიტა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 28 მაისის დადგენილებით უცვლელად დარჩა იმერეთის საოლქო პროკურატურის ზემოთ მითითებული დადგენილება.
საკასაციო საჩივრით დაინტერესებული პირი ა. ბ-ლი ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და საქმის მასალების გამოძიებისათვის დაბრუნებას და ს. ხ-ის, ბ. ლ-ის, ა. ხ-ის, მ. მ-ის, ლ. რ-ის, ა. ფ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, ასევე ს. ბ-ის კომლში ა. ფ-ის ჩაწერასთან დაკავშირებით სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის წარმოების განახლებას.
დაინტერესებული პირის ა. ბ-ლის ინტერესების წარმომადგენელმა ადვოკატმა მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვა სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.
პროკურორმა ვ. ჭ-ემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს – კასატორ ა. ბ-ლს, დაინტერესებული პირის ა. ფ-ის ინტერესების წარმომადგენელ ადვოკატ ნ. ა-ძეს, პროკურორ ვ. ჭ-ეს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სასამართლოს დადგენილება, რომლითაც უქმდება ან უცვლელად რჩება წინასწარი გამოძიებისას გამოტანილი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის ან სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება უნდა შედგებოდეს შესავალი, აღწერილობით-სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან. აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილში ჩამოყალიბებული უნდა იყოს დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებაში მითითებული გარემოებები, ასევე, ის გარემოებები, რომლებიც დადგინდება დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებაში მითითებული ცნობების შემოწმებისას და მათ სასამართლო სხდომაზე გამოკვლევისას, აგრეთვე ის, თუ რით არის დადასტურებული ან უარყოფილი ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ. პალატა თვლის, რომ დანაშაულის შესახებ ცნობების შემოწმებისას და მათი სასამართლოს ხდომაზე გამოკვლევის შემდეგ მოპოვებულ მასალებს სასამართლოს მიერ უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება და დადგენილების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში მითითებული უნდა იყოს იმ მასალებსა და გარემოებებზე, რომლებიც აპირობებენ სისხლის სამართლის საქმის არაღძვრას. პალატა ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლო დადგენილებაში, რომლითაც უცვლელად დარჩა ან გაუქმდა წინასწარი გამოძიებისას გამოტანილი სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება ასევე უნდა იყოს აღნიშნული საქმის აღძვრის საბაბი და საფუძველი, მოკვლევისას, გამოძიებისას და სასამართლო სხდომაზე მასალების გამოკვლევისას დადგენილი გარემოებები, რითაც იქნა განპირობებული საქმის შეწყვეტა.
საქმის მასალების მიხედვით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2004წ. 28 მაისს გამოტანილი დადგენილების აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, სასამართლომ მოკვლევისა და წინასწარი გამოძიებისას მოპოვებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მასალების საფუძველზე რა ფაქტობრივი გარემოებები სცნო დადგენილად. საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია და შეფასება არ მიუცია წინასწარ გამოძიებისას მოპოვებული რაიმე მტკიცებულებისათვის. საქალაქო სასამართლო დადგენილებაში აღნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ჩატარებულია სრულყოფილი გამოძიება, მაგრამ არაფერს ამბობს იმის თაობაზე, თუ რის საფუძველზე აკეთებს იგი ამ დასკვნას. ასევე არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ რის საფუძველზე მივიდა სასამართლო იმ დასკვნამდე, რომ იმერეთის საოლქო პროკურატურის ზემოთ მითითებული დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმისა და აღძრული საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა დარჩეს უცვლელად.
ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება, რომლითაც უცვლელად დარჩა იმერეთის საოლქო პროკურატურის 2004წ. 25 თებერვლის დადგენილება ს. ხ-ის, ბ. ლ-ის, ა. ხ-ს, მ. მ-ის, ლ. რ-ის, ა. ფ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის და ს. ბ-ის კომლში ა. ფ-ის ჩაწერასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე – შედგენილია საპროცესო ნორმების დარღვევით, რის გამოც უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება და საჩივარი ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
რაიონულმა სასამართლომ ხელახლა უნდა იმსჯელოს საჩივრის საფუძვლიანობაზე და საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად მიიღოს სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე" ქვეპუნტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 28 მაისის დადგენილება, რომლითაც უცვლელად დარჩა იმერეთის საოლქო პროკურატურის 2004წ. 25 თებერვლის დადგენილება ს. ხ-ის, ბ. ლ-ის, ა. ხ-ის, მ. მ-ს, ლ. რა-ის, ა. ფ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის და ს. ბ-ის კომლში ა. ფ-ის ჩაწერასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე და საქმის მასალები განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.