დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #ბს-1206(კ-20) 25 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 8 ოქტომბერს გ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ფლობს 0.45 ჰა სათიბ და 0.90 ჰა სახნავ მიწის ნაკვეთებს, მათ შორის, 3690 კვ.მ. მიწას მასზე მდებარე საცხოვრებელ სახლთან და ბოსელთან ერთად. მან 3690 კვ.მ. მიწის ნაწილი შეიძინა 1984 წელს მ. და გ. გ-ეებისგან, მაგრამ რამდენადაც იმ პერიოდისათვის მიწის გაყიდვა აკრძალული იყო, ნაკვეთი იურიდიულად მის საკუთრებაში ვერ გაფორმდა. მხოლოდ 1993-1994 წლებში მიწის რეფორმის ფარგლებში სხვა მიწებთან ერთად გადაეცა აღნიშნული მიწა, რომელსაც მოსარჩელე 1984 წლიდან 1993 წლამდე ამუშავებდა.
მოსარჩელის მითითებით, ვინაიდან სოფელი ...ი მეწყერულ ზონაშია, 1995 წელს იგი საცხოვრებლად გადავიდა სოფელ ...ში, სადაც იცხოვრა 20 წელზე მეტი. სოფელში მისი არყოფნის გამო 3690 კვ.მ. მიწიდან 761 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მიისაკუთრა მეზობელმა თ. გ-ემ, რის შედეგადაც მასზე გაშენებული ხეხილიც აჩეხა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2013 წლის 19 მარტს თ. გ-ემ მიწა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით უკანონოდ დაირეგისტრირა, კერძოდ, სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა არასწორი ნახაზი, რომელშიც მოსარჩელის კუთვნილი მიწაცაა მოქცეული. მოსარჩელე უშედეგოდ ცდილობს 3690 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას, სარეგისტრაციო სამსახური წარმოებას წყვეტს იმ მოტივით, რომ მიწის ნაკვეთი ზედდებაშია თ. გ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან.
მოსარჩელის მითითებით, თ. გ-ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით - საარქივო ცნობით შეუძლებელია ზუსტი იდენტიფიცირება სოფელ ...ში სად, რა ადგილას, ვის მეზობლად გადაეცა მას მიწა, მხოლოდ მითითებაა, თუ რა ოდენობის მიწა დაუკანონდა მას. ამასთან, სოფლის არც ერთი მოსახლის მიწებთან დაკავშირებულ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს არ ერთვის მიწის ნაკვეთების მაშინდელი ნახაზები და თ. გ-ემაც პირველად სწორედ მიწის რეგისტრაციის დროს გააკეთა ნახაზი.
ამდენად, მოსარჩელემ თ. გ-ის სახელზე 761 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2013 წლის 19 მარტის #... გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 10 სექტემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა თ. გ-ე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინებით გ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თ. გ-ეს (პ/ნ ...) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქონების, ბორჯომის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ს.კ. #..., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ე. გ-ე და ბ. გ-ე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც თ. გ-ეს (პ/ნ ...) აკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქონების, ბორჯომის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ს.კ. #..., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, 2013 წლის 13 მარტს თ. გ-ემ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის ს. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად განმცხადებელმა წარადგინა 05.04.2012 წლის #... საარქივო ცნობა, რომლის მიხედვით, დგინდებოდა, თ. გ-ე სიითი ნომრით ... ფიქსირდება ბორჯომის რაიონის გამგეობის 1998 წლის 20 მარტის #40 დადგენილებით დამტკიცებული სოფელ ...ში მცხოვრები მოსახლეობის სარეფორმო სიაში, რომლებსაც შეევსოთ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები საკუთრებაში. რეფორმის შედეგად თ. გ-ეს საკუთრებაში გადაეცა 0.90 ჰა მიწის ფართობი. კერძოდ, მას მიწის ზონარგაყრილ წიგნში ეწერა 0.25 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო ფაქტიურად ფლობდა 0.31 ჰა მიწის ნაკვეთს, რეფორმის შედეგად კი დამატებით მიეცა 0.59 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნულის საფუძველზე თ. გ-ის განცხადებაზე მარეგისტრირებელმა ორგანომ 19.03.2013 წელს მიიღო #... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და უძრავი ქონება მდებარე ბორჯომის რაიონი, სოფელი ...ში, 3406.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს.კ. #..., დარეგისტრირდა თ. გ-ის საკუთრებად.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს განმარტება, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდებოდა, რომ დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია იყო იმის საფუძველი, რომ განხორციელებულიყო რეგისტრაცია და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 19 მარტის #... გადაწყვეტილება კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იყო. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს შეფასება, რომ სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა მოსარჩელე მხარის განმარტება იმის შესახებ, რომ თ. გ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მოქცეული იყო გ. გ-ის კუთვნილი 761 კვ.მ. მიწა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, იმ დოკუმენტებში, რომელთა საფუძველზეც, დარეგისტრირდა თ. გ-ის საკუთრება, აღნიშნულია, რომ მას ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში დაუკანონდა 0.90 ჰა მიწის ნაკვეთი, თუმცა განსაზღვრული არ არის, თუ რა ადგილას და ვის მეზობლად მდებარე ნაკვეთზე არის საუბარი. კასატორის მოსაზრებით, მის კუთვნილ მიწაზე თ. გ-ეს არ გააჩნია უფლების დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი, ხოლო მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ უკავშირდება გ. გ-ის მიწის ნაკვეთს.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მხედველობის მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ თ. გ-ის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებსა და რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს შორის არსებობს შეუსაბამობა.
კასატორის აღნიშვნით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა თ. გ-ის ურთიერთსაწინააღმდეგო მითითებაზეც, როდესაც იგი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრისა და 2020 წლის 8 იანვრის მოსამზადებელ სხდომებზე ამტკიცებდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ზეპირად გაუცვალეს, მაშინ, როდესაც საჯარო რეესტრიდან ამონაწერში მას გაცვლის ხელშეკრულება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად არ ჰქონდა მითითებული. კასატორის მითითებით, ამის შემდგომ, თ. გ-ე შეუდგა იმის მტკიცებას, რომ ზეპირად გაცვლილი მიწა კომისიამ 1998 წელს ოფიციალურად გადასცა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო აღნიშნული წინააღმდეგობა და საფუძვლიანად არ გამოიკვლია მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები.
ამასთან, კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ოქტომბრის #ბს-259-255(კ-15) გადაწყვეტილებაზე (რომელიც, კასატორის შეფასებით, წარმოადგენს იდენტური შინაარსის საქმეს), სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, მესამე პირების მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია უპირობოდ ქმნიდა თუ არა საკუთრების უფლების მათ სახელზე რეგისტრაციის საფუძველს იმ პარამეტრებითა და საზღვრებით, რაც მათ მიერ იქნა მოთხოვნილი.“ კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. გ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს თ. გ-ის სახელზე 761 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2013 წლის 19 მარტის #... გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 10 სექტემბრის #... გადაწყვეტილების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2013 წლის 13 მარტს თ. გ-ემ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის ს. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად განმცხადებელმა წარადგინა 2012 წლის 5 აპრილის #... საარქივო ცნობა, რომლის მიხედვით, დგინდებოდა, რომ თ. გ-ე (სიითი ნომრით ...) ფიქსირდებოდა ბორჯომის რაიონის გამგეობის 1998 წლის 20 მარტის #40 დადგენილებით დამტკიცებული სოფელ ...ში მცხოვრები მოსახლეობის სარეფორმო სიაში, რომლებსაც შეევსოთ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები საკუთრებაში. რეფორმის შედეგად, თ. გ-ეს საკუთრებაში გადაეცა 0.90 ჰა მიწის ფართობი. კერძოდ, მას მიწის ზონარგაყრილ წიგნში ეწერა 0.25 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო ფაქტიურად ფლობდა 0.31 ჰა მიწის ნაკვეთს, რეფორმის შედეგად კი მას დამატებით მიეცა 0.59 ჰა მიწის ნაკვეთი. ამდენად, თ. გ-ის განცხადებაზე მარეგისტრირებელმა ორგანომ 2013 წლის 19 მარტს მიიღო რეგისტრაციის შესახებ #... გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც, ბორჯომის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება - 3406.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს.კ. #..., დარეგისტრირდა თ. გ-ის საკუთრებად.
საკასაციო პალატა მიუთითებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებით დადგინდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი რეფორმამდე მ. გ-ემ გაუცვალა გ. გ-ეს, ეს უკანასკნელი კი მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, 1991 წელს, ამუშავებდა მიწის ნაკვეთს, რის შემდეგაც, უძრავი ქონება ისევ მ. გ-ემ დაიბრუნა.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს 2017 წლის 8 თებერვლის #69/14018 საარქივო ცნობაზე, რომლითაც დადგინდა, რომ ბორჯომის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს სოფელ ...ის 1986-1995 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლში, რომლის უფროსად მითითებულია ო. ლ. გ-ე, ირიცხება გ. გ. გ-ე. კომლს პირად საკუთრებაში 1986-1990 წლების ჩანაწერებით ერიცხება 0.10 ჰა მიწის ფართობი, მონაცემები საცხოვრებელი სახლის შესახებ მითითებული არ არის. სოფელ ...ის 1996-2000, 2001-2006 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია გ. გ. გ-ე. მონაცემები ქონების შესახებ მითითებული არ არის. ამავე საარქივო ცნობით დადგენილია, რომ ბორჯომის რაიონის გამგეობის დოკუმენტებში, კერძოდ, 1994 წლის 12 აგვისტოს #245 გადაწყვეტილებაზე და 1998 წლის 20 მარტის #40 დადგენილებაზე თანდართულ სოფელ ...ის მიწის სარეფორმო სიაში გ. გ. გ-ე არ ფიქსირდება, მაშინ, როდესაც 05.04.2012 წლის #... საარქივო ცნობით დადგენილია, რომ ბორჯომის რაიონის გამგეობის 1998 წლის 20 მარტის #40 დადგენილებისა და მასზე თანდართული სოფელ ...ში მცხოვრები მოსახლეობის (რომლებსაც შეევსოთ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები საკუთრებაში) სიის თანახმად, თ. გ. გ-ეს, სიითი ნომრით ..., დაუკანონდა საკუთრებაში 0.90 ჰა მიწის ფართობი. კერძოდ, მას მიწის ზონარგაყრილ წიგნში ეწერა 0.25 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო ფაქტობრივად ფლობდა 0.31 ჰა მიწის ნაკვეთს, რეფორმის შედეგად კი დამატებით მიეცა 0.59 ჰა მიწის ნაკვეთი.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მოსარჩელე გ. გ-ე გარკვეული ვადით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფაქტობრივად მართლაც ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს, თუმცა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში დავის განხილვის დროს, კასატორის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ისეთი დოკუმენტი/მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მიწის რეფორმის განხორციელების შემდგომ მის სამართლებრივ კავშირს სადავო მიწის ნაკვეთთან. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც თ. გ-ეს ზემოთმოხმობილი ბორჯომის რაიონის გამგეობის 1998 წლის 20 მარტის #40 დადგენილებისა და მასზე თანდართული სიის თანახმად, იურიდიულად, შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტის საფუძველზე, დაუკანონდა საკუთრებაში 0.90 ჰა ფართობის მქონე მიწა, კასატორთან შედარებით, თ. გ-ეს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი მდგომარეობა, რაც გამორიცხავდა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ განსახილველ საქმეზე სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
რაც შეეხება კასატორის მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ოქტომბრის #ბს-259-255(კ-15) გადაწყვეტილებაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებულ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ დავაში არსებული ფაქტობრივი მდგომარეობისაგან, რის გამოც კასატორის მიერ მითითებულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობები ვერ დაექვემდებარება მოცემულ საქმეზე ავტომატურ გაზიარებას.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენდა რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობდა თ. გ-ის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე