საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 105-კოლ 28 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ა. ე-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბალიაურის საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 23 ივლისის განაჩენზე, რომლითაც: ა. ე-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლის “ა” პუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სასჯელის მოხდა ა. ე-ლს დაეწყო 2003წ. 23 დეკემბრიდან.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი:
2003წ. 22 დეკემბერს, დაახლოებით 19.30 საათზე, გორის რაიონის სოფ. ---ში მცხოვრებ ა. ე-ს ამავე სოფელში მცხოვრებლებმა _ ნ. ჯ-მა, გ. მ-ემ, თ. ო-მა და ნ. მ-მა სახლის ეზოში გადაუყარეს და აუფეთქეს ხმოვანი მაშხალები. აღნიშნულზე განაწყენებულმა ა. ე-ლმა განიზრახა ნ. მ-ის, გ. მ-ის, თ. ო-ისა და ნ. ჯ-ის მკვლელობა, გადატენა 16 მმ კალიბრიანი სანადირო, გლუვლულიანი თოფი ვაზნებით, რომლებიც ტყვიის მასალისაგან კუსტარულად იყო დამზადებული და ფინდიხით დამუხტული. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გამოვიდა ეზოდან სასოფლო გზაზე და დაინახა დაახლოებით 25 მეტრის დაშორებით მიმავალი ზემოხსენებული პირები. განზრახული ჰქონდა რა ოთხი პირის მკვლელობა, დამიზნებით, ორჯერ, ერთმანეთის მიყოლებით ესროლა მათ. სროლის შედეგად ნ. მ-ლს თხემის არეში, ბუნებრივი ნაკერიდან გვერდით, ოდნავ მარცხნივ, ტერფიდან 164 სმ მანძილზე მიაყენა ერთი არაგამჭოლი ცეცხლნასროლი დაზიანება ჭრილობის არხით _ ზემოდან ქვემოთ, ოდნავ მარცხნიდან მარჯვნივ, თავის ტვინის უხეში დაზიანებით, რაც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და წარმოადგენს ნ. მ-ის სიკვდილის უშუალო მიზეზს. ნ. ჯ-ლს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის მოქმედებით მიაყენა ჭრილობა მარჯვნივ წელის არესა და მარცხენა მუხლის უკანა მესამედში, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. თ. ო-ლს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის მოქმედებით მიაყენა ჭრილობა წელის არეში მარჯვნივ, არშემავალი მუცლის ღრუში, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს და რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. გ. მ-ძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის მოქმედებით მიაყენა ჭრილობები წელის არეში, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს და რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. ა. ე-მა ჩათვალა, რომ ზემოაღნიშნული ოთხი პირის განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა მოიყვანა სისრულეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ამასთან, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო თ. ო-ლი, ნ. ჯ-ი და გ. მ-ძე დროულად იქნენ გადაყვანილნი გორის საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდათ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და მათ სიცოცხლე შეუნარჩუნდათ. მეორე დღეს, 2003წ. 23 დეკემბერს, ა. ე-ლი გამოცხადდა გორის შს სამმართველოს ¹1 განყოფილებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ა. ე-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ბალიაური ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ ა. ე-ის ქმედება ნ. მ-ის მკვლელობის ეპიზოდში გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამის მიხედვით განესაზღვროს სასჯელი; სხვა პირებზე სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანების მიყენების ფაქტზე კი საქმე შეწყდეს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე. საჩივარში მითითებულია, რომ ა. ე-ლს არ ჰქონია მ-ისა და სხვა პირთა მოკვლის განზრახვა, მით უმეტეს, ის არის ღრმად მოხუცი, ამასთანავე, მხედველობა იყო შეზღუდული. ა. ე-მა თოფიდან გაისროლა მათი შეშინების მიზნით, და, ამდენად, განზრახ მკვლელობა გამორიცხულია.
მსჯავრდებული ა. ე-ლი თავის საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მას მ-ისა და სხვა პირთა მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. იგი ითხოვს, პალატამ გაითვალისწინოს მისი ასაკი, რომ არის 74 წლის მოხუცი, დაზარალებულებმა დაუწვეს სახლ-კარი, არის ავადმყოფი, კმაყოფაზე ჰყავს 67 წლის უსინათლო მეუღლე, ადრე არ ყოფილა ნასამართლევი, მთელი ცხოვრება გაატარა შრომაში და რაიმე ცუდ ქმედებაში არ ყოფილა შემჩნეული.
პალატის სხდომაზე ა. ე-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ბალიაურმა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მოთხოვნას და იშუამდგომლა მათი დაკმაყოფილების შესახებ.
მსჯავრდებულმა ა. ე-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრების მოთხოვნას, მან აღნიშნა, რომ არის 74 წლის მოხუცი და იშუამდგომლა, რათა პალატამ გაითვალისწინოს ყველა შემამსუბუქებელი გარემოება და შეუმცირდეს სასჯელის ზომა.
პროკურორმა ნ. ც-ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია სასამართლო კოლეგიის მიერ ა. ე-ის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მსჯავრდებულ ა. ე-ის მიმართ დადგენილ განაჩენში სასჯელის ზომის განსაზღვრის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ა. ე-ის მიერ ჩადენილი დანაშაული საქმის ერთობლივი მასალებით, მათ შორის _ თვით ა. ე-ის, ასევე დაზარალებულების ჩვენებებით უტყუარადაა დადგენილი და ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის არავითარი საფუძველი საქმეში არ მოიპოვება. დადგენილია ის გარემოება, რომ ა. ე-მა ოთხი პირის მიმართ თოფიდან ორჯერ გაისროლა და ოთხივე პირი დაჭრა, მათგან ერთი _ მ-ლი გარდაიცვალა. ასეთ ვითარებაში არ არსებობს არავითარი საფუძველი ქმედების გაუფრთხილებლობითი მკვლელობით დაკვალიფიცირებისათვის.
პალატა თვლის, რომ საქმის ერთობლივი მასალებით უტყუარადაა დადგენილი მსჯავრდებულ ა. ე-ის მიერ ჩადენილი დანაშაული. სასამართლო კოლეგიამ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ა. ე-ის ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
ამასთან, პალატა თვლის, რომ საქმესთან დაკავშირებით არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, ამიტომ მსჯავრდებულ ა. -ის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლი და სასჯელის ზომად განესაზღვროს სასჯელის მინიმუმზე ნაკლები სასჯელი, კერძოდ: მსჯავრდებული არის 74 წლის მოხუცი და კმაყოფაზე ჰყავს ასევე მოხუცი მეუღლე. მისი წარსული არაფრით არაა შებღალული, არის ავადმყოფი _ პენსიონერი, ხასიათდება დადებითად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით (მას დაუდგინდა დიაგნოზი: ჰიპერტონული დაავადება _ II ხარისხი, ქრონიკული დისცირკულატორული ენცეფალოპათია, ცერებრული ათეროსკლეროზი, გასტრო-დეოდენიტი, კისრის მიდამოს ლიპომა), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, მას 2 წლით უნდა შეუმცირდეს შეფარდებული სასჯელის ზომა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 23 ივლისის განაჩენი ა. ე-ის მიმართ შეიცვალოს:. სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით მსჯავრდებულ ა. ე-ლს განაჩენით შეფარდებული სასჯელი _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 2 წლით და მოსახდელად დარჩეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.