საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 272-დად 28 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე,),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ა. ი-ის დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 ივნისის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ი-ნი 1994წ. 29 ივნისს თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის (1960წ. 30 დეკემბრის რედაქცია, შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით, 238-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის, რის გამოც სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით შესაბამისი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა მას დაეწყო 1994წ. 27 მარტიდან, ხოლო სასჯელის მოხდა უმთავრდება 2009წ. 27 მარტს.
2002წ. 24 ივნისს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოკვლევის განყოფილების უფროსმა ზ. ფ-ემ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ¹-- ა. ი-ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებული ა. ი-ნი სასჯელს იხდიდა ქ. რუსთავის ¹2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რა დროსაც მას გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა მიაყენეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რის შედეგადაც იგი იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში და სამკურნალოდ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში.
2003წ. 19 თებერვალს შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტის სასჯელთა აღმასრულებელ დაწესებულებებში მომხდარ დანაშაულებათა საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელმა ი. გ-ემ ა. ი-ის ადვოკატ ი. ნ-ის მიერ წარდგენილი ცნობების საფუძველზე დაადგინა, რომ ა. ი-ნი ცნობილ იქნეს ა. ია-ად.
2003წ. 15-22 ოქტომბერს სააქციო საზოგადოების _ მ. ა-ის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის განყოფილებაში ¹-- სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა დაზარალებულ ა. ი-ის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რის შედეგადაც მიღებულ იქნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა ¹--, რომლითაც მას დაუდგინდა ფსიქიკური დაავადება.
2004წ. 1 მარტს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში შევიდა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის ა. ი-ის ადვოკატ ი. ნ-ის შუამდგომლობა სასჯელის შემდგომი მოხდისაგან მისი გათავისუფლების მიზნით ა. ი-ის მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად წარმოების დაწყებისა და სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.
სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა ი. ნ-მა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და განმარტა, რომ მსჯავრდებული ა. ი-ი რუსთავის ¹2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიღებული ტრავმის შემდეგ დაავადდა ფსიქიკურად, რის გამოც იგი ვერ აცნობიერებს თავისი ქმედების მნიშვნელობას და იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე მსჯავრდებულ ა. ი-ის მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად წარმოების დაწყებისა და სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.
2004წ. 6 აპრილის დადგენილებით სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატ ი. ნ-ის შუამდგომლობა და მსჯავრდებულ ა. ი-ს მიმართ დაინიშნა სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
2004წ. 7 ივნისს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში შევიდა მ. ა-ის სახელობის ფსიქიატრიის ინსტიტუტის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის კომისიის ¹-- დასკვნა მსჯავრდებულ ა. ი-ის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებული ა. ი-ი დაავადებულია გონებრივი ჩამორჩენილობით გამოხატული დებილობის ფარგლებში, ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით, მიდრეკილი აუტოტრავმებისადმი, გართულებული ნეიროინფექციის ნარჩენი მოვლენებით, ორგანული ჭკუასუსტობის ელემენტებით. ამას მოწმობს ანამნეზიური მონაცემები გადატანილი თავის ქალას ტრავმების, გონებრივი განვითარების შეფერხების, სასკოლო პროგრამის აუთვისებლობის, ასოციალური ქცევების ადაპტაციის უქონლობის შესახებ. შემდგომში მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში გამოკვლევისა და ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული საექსპერტო გამოკლვევის შედეგები და ამჟამინდელი სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული საექსპერტო გამოკვლევის დროს გამოვლენილი: არაპროდუქტიული, ფორმალური გაძნელებული კონტაქტი, მეტყველების დეფექტი, ლექსიკური მარაგის სიღარიბე, მოუწესრიგებელი ქცევები, დეზორიენტაცია დროსა და გარემოში, არაადეკვატური პასუხები, წყვეტილი, დაუკავშირებელი, სპონტანური ასოციაციები, დისფორიული გუნება-განწყობილების ფონი, ცოდნის ძლიერ დაბალი დონე, ადვილგამაღიზიანებლობა, პრეტენზიულობა, მანერიანობა, მიდრეკილება აუტოტრავმებისადმი, სუსტსულოვნება, ემოციური გაზერელება და უკრიტიკობა ადასტურებს, რომ ა. ი-ნი ამჟამად დაავადებულია ფსიქიკურად. ამდენად, მსჯავრდება და მისი დასჯა მასზე ვერ მოახდენს გამასწორებელ ზემოქმედებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას არ შეუძლია, სწორად აღიქვას საკუთარი ქმედების მნიშვნელობა და უხელმძღვანელოს მათ, წარმოადგენს განსაკუთრებულ სოციალურ საშიშროებას და ესაჭიროება იძულებითი მკურნალობა მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ქ. ფოთის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პირობებში.
პროცესში მონაწილე ადვოკატმა ი. ნ-მა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მსჯავრდებულ ა. ი-ის სასჯელისაგან განთავისუფლება და მის მიმართ იძულებით მკურნალობის დანიშვნა დისპანსერული მეთვალყურეობის ქვეშ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ვინაიდან მსჯავრდებულის ოჯახს აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა და ქ. ფოთში ავადმყოფის მოვლის საშუალება არ გააჩნია.
პროცესში მონაწილე პროკურორმა ს. ბ-მა და სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თ. ი-მა მხარი დაუჭირეს ადვოკატ ი. ნ-ის შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, კერძოდ, მსჯავრდებულ ა. ი-ის ფსიქიკურად დაავადების გამო სასჯელის მოხდისაგან მის განთავისუფლებას და მის მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი მკურნალობის დანიშვნას მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ქ. ფოთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ განიხილა ი. ნ-ის კერძო საკასაციო საჩივარი და, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სსსკ-ის 608-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 74-ე მუხლით და “პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის 67-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას მსჯავრდებულის მძიმე ან განუკურნებელი სენით დაავადების გამო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს სამედიცინო დასკვნა, ხოლო მსჯავრდებულის ავადმყოფობის სიმძიმე ან მისი განუკურნებელი სენით დაავადება და მსჯავრდებულის მიმართ იძულებითი მკურნალობის ხარისხი დადგინდა სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2004წ. 31 მაისის ¹-- დასკვნის საფუძველზე, 2004წ. 15 ივნისის დადგენილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი, კერძოდ, მსჯავრდებული ა. ი-ნი ფსიქიკური დაავადების გამო გაათავისუფლა სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და მას დაუნიშნა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება _ მკურნალობა მკაცრი რეჟიმის მეთვალყურეობის ქვეშ ქ. ფოთის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პირობებში.
აღნიშნული სასამართლოს დადგენილების თაობაზე ა. ი-ის დამცველმა, ადვოკატმა ი. ნ-მა კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს მასში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ ა. ი-ნს იძულებითი მკურნალობა დაენიშნოს არა ფოთის მკაცრი რეჟიმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, არამედ მკურნალობა დისპანსერული მეთვალყურეობის ქვეშ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
პალატის სხდომაზე განხილვისას ა. ი-ის დამცველმა, ადვოკატმა ი. ნაცვლიშვლიმა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
პროცესში მონაწილე პროკურორმა ო. რ-იამ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 ივნისის დადგენილება მსჯავრდებულ ა. ი-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა ადვოკატ ი. ნ-ის შუამდგომლობის სასამართლო განხილვისა და მსჯავრდებულ ა. ი-ის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი მოთხოვნა ადვოკატმა ი. ნ-მა დააყენა აგრეთვე მის მიერ შეტანილი შუამდგომლობის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში განხილვისას, მაგრამ ამ ნაწილში სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა შემდეგი მოსაზრებებიდან გამომდინარე:
სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით ა. ი-ნი შეპყრობილია მძიმე ფსიქიკური დაავადებით, რის გამოც სოციალურად იგი წარმოადგენს მომეტებულ საფრთხეს გარშემო მყოფთა და საზოგადოებისათვის. მსგავს შემთხვევაში აუცილებლობას წარმოადგენს ასეთი ავადმყოფის მოთავსება მკაცრი რეჟიმის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, რადგან დისპანსერულ პირობებში შეუძლებელია როგორც ჯეროვანი მკურნალობის, ისე უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
რაც შეეხება იმას, რომ ფოთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება ა. ი-ის ახლობლებს გაურთულებს მასთან ურთიერთობის პირობებს, ვერ იქნება მიღებული როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით საფუძვლიანი არგუმენტი ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილების შესაცვლელად, რადგან პალატას სრულიად საფუძვლიანად მიაჩნია კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ ზემოხსენებული დადგენილების დასაბუთებისათვის მოხმობილი არგუმენტები.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 ივნისის დადგენილება მსჯავრდებულ ა. ი-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. ი-ის დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 ივნისის დადგენილება მსჯავრდებულ ა. ი-ის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან განთავისუფლებისა და მის მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების სახით ფოთის მკაცრი რეჟიმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის დანიშვნის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.