საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 275-აპ 30 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ რ. ძაძამიას საკასაციო საჩივარი აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ივლისის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი მის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 27 მაისის განაჩენით რ. ძაძამიას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მასვე 3 წლით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება.
აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ივლისის განაჩენით რ. ძაძამიას სასჯელი შეუმცირდა 1 წლით და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
განაჩენით რ. ძაძამიას მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: 2003წ. 26 დეკემბერს, დაახლოებით 01 საათსა და 45 წუთზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე იგი ნასვამი მართავდა ავტომანქანა “ვაზ-2107-ს”. რესტორან “იმერეთთან” მიახლოებისას რ. ძა-ამ ვერ უზრუნველყო ავტომანქანის სწორი მართვა, დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები და გადავიდა მოძრაობის საპირისპირო ზოლზე, რა დროსაც შეეჯახა ღერძულა ხაზიდან 1,0-1,5 მეტრის დაცილებით მდგომ დ. ბ-ლს, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული რ. ძაძამია ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას შემდეგი მოტივებით: აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, კმაყოფაზე ჰყავს ავადმყოფი მეუღლე, არის აფხაზეთიდან დევნილი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გამართული ბრძოლების მონაწილე.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ლ. ღ-ამ მოითხოვა განაჩენის გაუქმება და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება. ადვოკატი თვლის, რომ წინასწარი გამოძიება ჩატარებულია არასრულყოფილად, გამოძიებას არ შეუმოწმებია მსჯავრდებულის ვერსია იმის თაობაზე, რომ არ შეეძლო შემთხვევის თავიდან აცილება. მისი აზრით, საჭიროა ჩატარდეს ავტოტექნიკური ექსპერტიზა. სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა რ. ლ-მა საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან განაჩენი რ. ძაძამიას მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და ადვოკატის მოთხოვნის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი და ადვოკატ ლ. ღ-ას მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. პალატა არ ეთანხმება ადვოკატ ლ. ღ-ას მოთხოვნას განაჩენის გაუქმებისა და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ, უსაფუძვლობის გამო. პალატა თვლის, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიება საქმეზე ჩატარებულია სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რა დროსაც სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად იქნა გამოკვლეული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მსჯავრდებულის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებები.
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ოქმით, მოწმეთა ჩვენებებით უდავოდაა დადასტურებული, რომ მსჯავრდებული რ. ძაძამია ავტომანქანით დ. ბ-ლს შეეჯახა მოძრაობის საპირისპირო ზოლზე, ღერძულა ხაზიდან 1-1,5 მეტრის დაშორებით. დადგენილია ისიც, რომ შემთხვევის მომენტში რ. ძაძამია ავტომანქანას მართავდა ნასვამი და მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით. ავტოტექნიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ თუ მსჯავრდებული დაიცავდა “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ტექნიკური თვალსაზრისით, შეეძლო ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ რ. ძაძამიას მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც არ არის მეტისმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლო.
პალატას მიაჩნია, რომ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ივლისის განაჩენი რ. ძაძამიას მიმართ დასაბუთებული კანონიერია, და, ამდენად, არ არსებობს მისი შეცვლის ან გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი და ადვოკატ ლ. ღუ-ს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ივლისის განაჩენი რ. ძაძამიას მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.