შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 28.09.2004
საქმის ნომერი
2კ-292აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.09.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 292-აპ 28 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ მ. შ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გასაჩივრებული განაჩენით მ. შ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 128-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მიესაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას მსჯავრი დაედო იმაში, რომ 2003წ. 27 ოქტომბერს, დაახლოებით 22 საათზე, მისი მართვის ქვეშ მყოფი “ნივის" მარკის ავტომანქანით ქ. ქუთაისში, --- მოძრაობისას დაარღვია “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის 28.1 და 29.1 მუხლების მოთხოვნები, გადაკვეთა ღერძულა ხაზი, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის სავალი ნაწილის პირველ ზოლში და შეეჯახა მეორე ჯგუფის ინვალიდ ზ. რ-ის მართვის ქვეშ არსებულ “მოსკვიჩის" მარკის ავტომანქანას, რის შედეგადაც დაზიანდა ორივე ავტომანქანა, ხოლო მძღოლმა ზ. რ-ემ მარცხენა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობით მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ზ. რ-ძე, რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, მ. შ-ემ მიატოვა დახმარების აღმოუჩენლად მაშინ, როცა ამ უკანასკნელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო კიდეც მისთვის დახმარების აღმოჩენა. დაზიანებული ზ. რ-ძე შემთხვევის ადგილზე მისულმა მოქალაქეებმა გადაიყვანეს ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც იგი გარდაიცვალა. ვინაიდან ზ. რ-ის ოჯახის წევრებმა გამომძიებელსა და ექსპერტს არ მისცეს გვამის სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევის უფლება, ვერ დადგინდა სიკვდილის უშუალო მიზეზი და მ. შ-ეს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 128-ე მუხლით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2004წ. 17 თებერვლის განაჩენით მ. შ-ძე დამნაშავედ ცნო შერაცხულ ბრალდებებში და მიუსაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაუთვალა პირობით, სამი წლის გამოსაცდელი ვადით. სასჯელის ლმობიერების მოტივით განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა პროკურორის საჩივარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მსჯავრდებულის საუარესოდ შეიტანა ცვლილება და მ. შ-ეს სასჯელის ღონისძიებად განუსაზღვრა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

საკასაციო პალატაში წარმოდგენილი მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შესწორებას და სასჯელის ისეთი ღონისძიების განსაზღვრას, რაც თავისუფლების აღკვეთასთან არ იქნება დაკავშირებული.

დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. რ-ძე წერილობითი განცხადებით მხარს უჭერს მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ადვოკატმა ი. ჯ-ემ, მსჯავრდებულმა მ. შ-ემ, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. რ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. დუნდუამ ითხოვეს მ. შ-ის მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენება. აღნიშნული მოთხოვნა დაასაბუთეს იმით, რომ მ. შ-ძე აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პირველადაა სამართალში, ხასიათდება დადებითად, მის კმაყოფაზე იმყოფება მეუღლე და დედა, დაზარალებულის ოჯახს გაუწია მატერიალური დახმარება და მომავლისათვის პასუხისმგებლობას კისრულობს აქტიურად დაეხმაროს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ოჯახის შენახვასა და შვილების აღზრდაში, რომელთაც შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნიათ.

პროკურორმა ითხოვა გასაჩივრებლი განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულზე შერაცხული ბრალდებები საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია და ამას სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.

საჩივრის დაკმაყოფილებისას პალატა უპირველესად მხედველობაში იღებს დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ნ. რ-ს კატეგორიულ მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრის შესახებ. დაზარალებული მხარის ასეთი მოთხოვნიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ მ. შ-ის მიმართ საპატიმრო სასჯელის ძალაში დატოვების შემთხვევაში შეილახება დაზარალებულის ოჯახის ეკონომიკური ინტერესები. ამასთან, პალატა ითვალისწინებს იმასაც, რომ მ. შ-ძე პირველადაა სამართალში, ხასიათდება დადებითად, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მის კმაყოფაზე იმყოფებიან ოჯახის წევრები, ასევე იგი პირობას დებს, რომ მატერიალურ დახმარებას გაუწევს დაზარალებულის ოჯახსაც.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ" ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 მაისის განაჩენში მსჯავრდებულის სასიკეთოდ შევიდეს ცვლილება: მსჯავრდებულ მ. შ-ეს განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა _ საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს ხუთი წელი.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

მსჯავრდებულ მ. შ-ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებების შემთხვევაში.