შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 19.10.2004
საქმის ნომერი
2კ-282აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.10.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 282-აპ 19 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გასაჩივრებული განაჩენით გ. კ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ამავე განაჩენით სამი წლის. გამოსაცდელი ვადით პირობითი სასჯელი შეეფარდა თ. კ-ლს.

განაჩენის მიხედვით, გ. კ-სა და თ. კ-ლს მსჯავრი დაედოთ შემდეგ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენაში:

2003წ. ივნისსა და აგვისტოში თ. კ-მა ველური კანაფისაგან უკანონოდ დაამზადა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა, ასეთივე ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ.

2003წ. 27 აგვისტოს თ. კ-ლი დანაშაულებრივად დაუკავშირდა გ. კ-ლს. ისინი შეთანხმდნენ საცავში უკანონო შეღწევით გაექურდათ თელავის ი. გ-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი სასადილოს შენობა, რომელიც იმ დროს საწყობის ფუნქციას ასრულებდა. შეთანხმების შესაბამისად, იმავე დღეს, დაახლოებით 18 საათზე, ორივემ აფიცრული ფანჯრიდან უკანონოდ შეაღწია საცავში, მაგრამ ნივთების ფარული დაუფლების განზრახვა ვერ მოიყვანეს სისრულეში იმის გამო, რომ პოლიციის თანამშრომლებმა შენობაში დააკავეს.

მსჯავრდებული გ. კ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს პირობითი სასჯელის გამოყენებას. თ. კ-ის მიმართ განაჩენი გასაჩივრებული არ არის. მათ აღმკვეთ ღონისძიებად შეფარდებული აქვთ პოლიციის ზედამხედველობა.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა თ. მ-მა ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირა პროკურორმა ზ. ჯ-მა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო მოთხოვნის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო ნორმების დაცვით.

საქმის მასალებით, თ. კ-სა და გ. კ-ზე განაჩენით შერაცხული ბრალდება მთლიანად დადასტურებულია და არავითარ დავას არ იწვევს.

ამასთან, წინანდელი ნასამართლობის მიუხედავად, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ. კ-ლი დანაშაულის ჩადენის ინიციატორი არ იყო, ადგილი აქვს დანაშაულის მცდელობას, რომელსაც არავითარი ზიანი არ მოჰყოლია და არც შეიძლებოდა მოჰყოლოდა იმის გამო, რომ სათავსში, რომელშიც თ. კ-ლი და გ. კ-ლი დააკავეს, არავითარი ფასეულობა არ ინახებოდა, მსჯავრდებული გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, მისი ოჯახი განიცდის ეკონომიკურ სიდუხჭირეს, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი თვითონ არის და შესაძლებლად მიიჩნევს დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 ივლისის განაჩენში მსჯავრდებულ გ. კ-ის სასიკეთოდ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

გ. კ-ლს განაჩენით დანიშნული სასჯელი _ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა _ საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, სამი წლის. გამოსაცდელი ვადით;

გ. კ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა _ გაუქმდეს;

პირობით მსჯავრდებულ გ. კ-ლს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი და არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში;

გ. კ-ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

პალატის განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.