შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 04.11.2004
საქმის ნომერი
2კ-338აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.11.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 338-აპ 4 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. გოგელია,თ. ლალიაშვილი

განიხილა მსჯავრდებულების _ გ. ხ-სა და კ. ა-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 აგვისტოს განაჩენზე გ. ხ-სა და კ. ა-ის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 დეკემბრის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავედ: კ. ა-ეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა", “გ" ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც შესაბამისად სსკ-ის 63-64-ე მუხლებისა, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

გ. ხ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა", “გ" ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც, შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლებისა, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 2 წელი.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 3 აგვისტოს განაჩენით დააკმაყოფილა პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და რაიონული სასამართლოს განაჩენში მსჯავრდებულების _ კ. ა-სა და გ. ხ-ს საუარესოდ შეიტანა შემდეგი ცვლილება: კ. ა-ეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა" და “გ" ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და განუსაზღვრა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ამასთან, განაჩენიდან ამოირიცხა მითითება სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლებით გათვალისწინებულ პირობით მსჯავრზე.

კ. ა-ძე და გ. ხ-რი მსჯავრდებულნი იქნენ ქურდობისათვის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებისათვის, ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში: კ. ა-ძე და გ. ხ-რი ურთიერთ და სხვა პირთან წინასწარი შეთანხმებით, 2003წ. 13 აპრილს, დილის საათებში (დაახლოებით 05 საათზე), წყალტუბოს რაიონის სოფ. ---ში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ დაზარალებულების _ მა. და მ. თ-ების პირადი საკუთრების ბენზინგასამართი სატვირთო ავტომანქანის მისაბმელ ორ, სულ 600 ლარად ღირებულ საბურავს. მოხსნეს საბურავები და მსჯავრდებულ კ. ა-ის მართვის ქვეშ მყოფი “ვაზ-21-011" მარკის მსუბუქი ავტომანქანით გადაიტანეს და გადამალეს, რის შემდეგაც კვლავ დაბრუნდნენ შემთხვევის ადგილზე და იმავე მისაბმელიდან მოხსნეს დარჩენილი ორი საბურავიც, რა დროსაც ისინი შენიშნეს დაზარალებულებმა _ მა. და მ. თ-ებმა. დაზარალებულები დაედევნენ კ. ა-ეს, გ. ხ-სა და მათ თანამზრახველს, რის გამოც მათ მიატოვეს გასატაცებლად მომზადებული საბურავები და გაიქცნენ კ. ა-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით.

მსჯავრდებულებმა _ კ. ა-ემ და გ. ხ-მა 600 ლარის ღირებულების ორი ცალი საბურავის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებით დაზარალებულებს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.

საკასაციო საჩივრებით მსჯავრდებულები _კ. ა-ძე და გ. ხ-რი ითხოვენ რა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და მათ მიმართ საქმის შეწყვეტას, უთითებენ შემდეგ მოტივებზე: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა" და “გ" ქვეპუნქტებით ბრალად შერაცხული დანაშაული მათ არ ჩაუდენიათ, საქმეში არ მოიპოვება მათი ბრალდების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება; ამასთან, კასატორები მიიჩნევენ, რომ სასამართლომ ისე შეუფარდა მათ ორ-ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, რომ არ გაითვალისწინა მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები.

მსჯავრდებული გ. ხ-რი, ადვოკატები _ ი. მ-ძე და ი. მ-ძე მხარს უჭერენ საკასაციო საჩივრების მოთხოვნას.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა შ. ვ-ემ იშუამდგომლა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზრალებულების _ მა. და მ. თ-ების, აგრეთვე მოწმეთა ჩვენებების, შემთხვევის ადგილისა და ავტომანქანების დათვალიერების ოქმებისა და საქმის სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე უდავოდაა დადგენილი მსჯავრდებულების _ კ. ა-ისა და გ. ხ-ის მიერ დაზარალებულების _ მა. და მ. თ-ების მოძრავი ნივთის ორი ცალი საბურავის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარული დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია.

ამდენად, საკასაციო საჩივრების მოთხოვნას მსჯავრდებულების _ კ. ა-ისა და გ. ხ-ის მიმართ განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ პალატა არ იზიარებს.

ამასთან ერთად პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებს _ კ. ა-ესა და გ. ხ-რს შეფარდებული სასჯელები _ 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეეცვალოთ პირობითი მსჯავრით _ 4-4 წლით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით.

პალატა მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის შემსუბუქების საფუძვლად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს: კ. ა-ძე მძიმედაა დაავადებული დიაგნოზით _ ფილტვების ფებროზულ-კავერნოზული ტუბერკულოზი. გ. ხ-რი ნასამართლევი არ არის, მის კმაყოფაზე იმყოფებიან მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, ხასიათდება დადებითად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ" ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 აგვისტოს განაჩენი შეიცვალოს: კ. ა-ესა და გ. ხ-რს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის “ა" და “ბ" ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელები _ 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალოთ პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოთ 4-4 წელი.

მსჯავრდებულების _ კ. ა-ისა და გ. ხ-ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით,სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.