საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 11.11.2004
საქმის ნომერი
2კ-343აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.11.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 343-აპ 11 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ ა. ა-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 სექტემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2004წ. 7 ივნისის განაჩენით ა. ა-ვა ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 151-ე მუხლით _ ჯარიმა 50 დღიური ანაზღაურებით, 2 ლარის მინიმალური ოდენობით, სულ 100 ლარი. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ა. ა-ას საბოლოოდ შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 სექტემბრის განაჩენით მარტვილის რაიონული სასამართლოს 2004წ. 7 ივნისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: ა. ა-ას დანიშნული სასჯელი _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა 3 წლით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

განაჩენით ა. ა-ას მსჯავრი დაედოთ შემდეგი დანაშაულის ჩადენაში: 2002წ. ოქტომბერში შ. და ე. კ-ებმა მოჭრეს 4,5 მ3 შეშა, რაც ცნობილი გახდა ა. და გ. ა-სათვის, რომლებიც მათზე განპიროვნებულ ტერიტორიაზე დამზადებულ შეშას თავიანთ საკუთრებად თვლიდნენ. ა. და გ. ა-ებმა მოჭრილი შეშა დატვირთეს ურემზე და გაიტანეს სამანქანო გზაზე სახლში წასაღებად. იმავე დღეს, დაახლოებით დილის 10 საათზე, დარჩენილი შეშის წასაღებად ურმით დაბრუნებულმა მამა-შვილმა _ შ. და ე. კ-ებმა ვერ ნახეს მათ მიერ დატოვებული შეშა, რის გამოც შ.კორთხონჯიამ გამოხატა უკმაყოფილება ა.ა-ს მიმართ. შ.კ-ასა და ა.ა-ას შორის მოხდა შელაპარაკება, ეს უკანასკნელი წალდით მიიჭრა შ.კ-სთან და ჩაარტყა თავის არეში, რითაც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. ამის შემდეგ იგი გაეკიდა ე.კ-ას, რომელსაც შეეშინდა და გაიქცა.

მსჯავრდებული ა.ა-ვა საკასაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ იგი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და არ გააჩნდა თავდაცვის სხვა საშუალება, რაც უტყუარად დასტურდება საქმის მასალებით.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ.წ-ია მხარს უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს ა.ა-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

დაზარალებული ე.კ-ია შესაგებლით არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს ა.ა-ას მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

პროკურორი ვ.ს-ია მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს ა.ა-ას მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ა.ა-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე.

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, დაზარალებულების: შ.კ-იას, ე.კ-ასა და მოწმე რ.გ-ას ჩვენებებით დადგენილია, რომ ა.ა-სთან შელაპარაკების დროს შ.კ-ას ხელში სარი არ სჭერია, მისი მხრიდან ა.ა-ს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა და ამ უკანასკნელმა თავდაცვის მიზნის გარეშე ჩაარტყა შ.კ-ას წალდი თავის არეში.

ამდენად, საკასაციო პალატას, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დადგენილად მიაჩნია, რომ ა.ა-ს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში არ მიუყენებია დაზიანება შ.კ-ასათვის.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებაზე: სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია, რომ საქმეში არ მოიპოვება იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ ა.ა-ვა დაინტერესებული იყო შ.კ-ას სიცოცხლის აუცილებელი მოსპობით ანუ სასიკვდილო შედეგით. თუმცა სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილში დარტყმით ა.ა-ას შეგნებული ჰქონდა თავისი მოქმედების საშიში ხასიათი, ითვალისწინებდა ამ მოქმედებით შ.კ-ას სიკვდილის შესაძლებლობას და მოქმედებდა ევენტუალური (არაპირდაპირი) განზრახვით, რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება. საქმის მასალებით უტყუარად ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ ა.ა-ვა წალდის დარტყმით შესაძლებლად მიიჩნევდა შ.კ-ას სიკვდილს, შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ მოიპოვება ა.ა-ას მიერ შ.კ-ას მოკვლის არაპირდაპირი განზრახვის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, საკასაციო პალატა თვლის, რომ ა.ა-ს ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე, ე.ი. სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, ვინაიდან ა.ა-ამ შ.კ-ას წალდის თავში ერთხელ დარტყმით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე შემცირებულ სასჯელის ზომას _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთას _ დარჩეს უცვლელად.

პალატას ასევე მიაჩნია, რომ ა.ა-ას ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 151-ე მუხლით საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია და ამ ნაწილში განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, “პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ა.ა-მ დანიშნული სასჯელი უნდა მოიხადოს საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 564-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება: ა. ა-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

ა. ა-ამ შეფარდებული სასჯელი _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა _ მოიხადოს საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.