საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 344-აპ 11 ნოემბერი, 2004 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. გოგელია
განიხილა ქუთაისის საქალაქო პროკურორის თანაშემწე შ.ვ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 აგვისტოს განაჩენზე თ. ხ-სა და ა. ბ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 21 აპრილის განაჩენით თ. ხ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. თ.ხ-ეს დაზარალებულ ც. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2.608 ლარის გადახდა.
ამავე განაჩენით ა. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 აგვისტოს განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 21 აპრილის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: განაჩენიდან ამოირიცხა ა. ბ-ის მსჯავრდება სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, როგორც ზედმეტად წარდგენილი. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
განაჩენით თ.ხ-ესა და ა.ბ-ეს მსჯავრი დაედოთ შემდეგ დანაშაულთა ჩადენაში: 2002წ. 24 ივნისს თ. ხ-ემ, დაუდგენელ პირებთან ერთად, ფარულად შეაღწია ქ.ქუთაისში, --- მცხოვრებ მოქალაქე ც. ა-ის ბინაში, საიდანაც გაიტაცა ამ უკანასკნელის ოჯახის კუთვნილი, 44 დასახელების 2608 ლარის ღირებულების მატერიალური ფასეულობანი: ჭურჭელი, ელექტროხელსაწყოები და ოქროს სამკაულები, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს. მანვე 2002წ. დეკემბრის თვეში უკანონოდ შეაღწია ქ. ქუთაისში, შპს “---ის” შენობაში, საიდანაც გაიტაცა მოქალაქე ო. კ-ას კუთვნილი, 400 ლარად ღირებული უცხოური მარკის ვიდეომაგნიტოფონი, რომელიც იმავე დღეს გაყიდა 100 ლარად. აღნიშნული მაგნიტოფონი პოლიციის მუშაკებმა იმავე დღეს ამოიღეს.
2003წ. იანვარში თ.ხ-ემ, ა.ბ-სა და სხვებთან ერთად, გადაწყვიტა, გაექურდა --- ქუჩაზე განთავსებული, ვ.ქ-ის კუთვნილი სასურსათო მაღაზია და --- საცხოვრებელი ბინის ეზოში არსებულ საერთო ავტოფარეხში გაჩერებული, ბ. ს-ის კუთვნილი “ვაზ-2106” მარკის ავტომანქანა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, თან არსებული ძალაყინით შეეცადნენ მაღაზიის ფანჯრიდან გისოსის ამოღებას, მაგრამ ხმაური მეზობლებმა გაიგონეს და დანაშაულში მხილების შიშით თ.ხ-ემ და მისმა მეგობრებმა იქაურობა დატოვეს. ამის შემდეგ გადაინაცვლეს ავტოფარეხთან და იქაც შეეცადნენ გისოსის დაზიანებას, რათა საცავში შეეღწიათ და დაუფლებოდნენ ბ.ს-ის კუთვნილი ავტომანქანის აკუმულატორს, საბურავებსა და მაგნიტოფონს, მაგრამ ისინი დააკავეს პოლიციის მუშაკებმა.
პროკურორი შ.ვ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თ.ხ-ისა და ა.ბ-ის მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახალი სასამართლო განხილვისათვის იმ მოტივით, რომ განაჩენი თ.ხ-სა და ა.ბ-ის მიმართ სასჯელის დანიშვნის ნაწილში აშკარად ლმობიერია და არ შეესაბამება მათ პიროვნებებსა და ჩადენილ ქმედებათა სიმძიმეს.
მსჯავრდებული თ.ხ-ძე შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა; გაუქმდეს განაჩენი და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს.
მსჯავრდებული ა.ბ-ძე არ ეთანხმება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ თ.ხ-სა და ა.ბ-სთვის განსაზღვრული სასჯელები აშკარად ლმობიერია და არ შეესაბამება მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილ ქმედებათა სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 565-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
სასამართლომ თ.ხ-ისა და ა.ბ-ისთვის სასჯელების განსაზღვრისას გაითვალისწინა მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები: კერძოდ, ის, რომ თ.ხ-ძე და ა.ბ-ძე ნასამართლევი არ არიან; ხასიათდებიან დადებითად; ა.ბ-ძე დაავადებულია გულის თანდაყოლილი მანკით, გულისა და მაგისტრალურ სისხლძარღვთა დექსპოზოციით; მსჯავრდებულებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ თ.ხ-ეს განუსაზღვრა მის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი, ხოლო ა.ბ-ის მიმართ გამოიყენა პირობითი სასჯელი.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თ.ხ-სა და ა.ბ-სთვის განსაზღვრულ სასჯელთა სახე და ზომა არ არის აშკარად უსამართლო ლმობიერების გამო და შეესაბემება მათ მიერ ჩადენილ ქმედებათა ხასიათსა და სიმძიმეს.
ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ თ.ხ-ის შესაგებლის მოტივს იმის თაობაზე, რომ საქმეში არ არსებობს მისი ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის გამოც მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა შეწყდეს, რადგანაც საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უდავოდაა დადასტურებული, რომ თ.ხ-ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით; 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალსიწინებული დანაშაულები, ხოლო ა.ბ-ემ _ სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსჯავრდებულებს საოლქო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ.
ამდენად, პალატა თვლის, რომ თ.ხ-ისა და ა.ბ-ის მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 აგვისტოს განაჩენის გაუქმების საფუძველი არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს უცვლელად
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 აგვისტოს განაჩენი თ. ხ-სა და ა. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.