შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 19.11.2004
საქმის ნომერი
2კ-354დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.11.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 354-დად 19 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ კ. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-სა და მსჯავრდებულ ვ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. წ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 სექტემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 სექტემბრის განაჩენით: ვ. ხ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

კ. ვ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2002წ. 2 მაისს, დაახლოებით 23 საათზე, მსჯავრდებულები _ კ. ვ-ლი და ვ. ხ-ძე, მთვრალები, გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად, გ. ბ-ის კუთვნილი “ვაზ-21011” მარკის ავტომანქანით იმყოფებოდნენ გორის რაიონის სოფ. ---ში. გორი-ცხინვალის ავტომაგისტრალზე მათ შენიშნეს “გაზ-24” მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ა. ტ-ლი, მას გვერდით ეჯდა მეგობარი ზ. მათოშვილი. კ. ვ-მა და ვ. ხ-ძემ გააჩერეს ,,გაზ-24" მარკის ავტომანქანა და ა. ტ-სა და ზ. მ-ლს აუხირდნენ უმნიშვნელო მიზეზით. ა. ტურაშვილმა არ მისცა მათ კონფლიქტის გაღრმავების საშუალება და გააგრძელა გზა ქ. გორის მიმართულებით. კ. ვ-მა და ვ. ხ-ემ, მათთან მყოფ ძიებით დაუდგენელ ორ მამაკაცთან ერთად, განიზრახეს, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ა. ტ-სა და ზ. მ-ლს და მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინათ ა. ტ-ის 2000 ლარად ღირებული ავტომანქანა და სხვა ნივთები. ამ მიზნით, დანით შეიარაღებულები, გაედევნენ ა. ტ-ის მანქანას. ა. ტ-მა შენიშნა რა მათი ავტომანქანა, თავის დაღწევის მიზნით, ავტომანქანა გადაიყვანა ცენტრალური მაგისტრალიდან, ხეხილის ბაღებში, მიწიან გზაზე. ეს მანევრი შენიშნეს კ. ვ-მა, ვ. ხ-ემ და მათთან ერთად მყოფმა უცნობმა პირებმა და დაედევნენ ა. ტ-ის ავტომანქანას. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ა. ტ-ის ავტომანქანა ჩავარდა გზაზე არსებულ თხრილში და ვერ შეძლო გზის გაგრძელება. ამით ისარგებლეს კ. ვ-მა, ვ. ხ-ემ და ძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, დანით შეიარაღებულები, თავს დაესხნენ ა. ტ-სა და ზ. მ-ს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს ზ. მ-ის ტყავის ქურთუკი, ღირებული 200 აშშ დოლარად, ფული 60 ლარის ოდენობით, მაჯის საათი “ორიენტი”, ღირებული 175 ლარად, მობილური ტელეფონი “მოტოროლა სტარტის” მარკის, ღირებული 100 აშშ დოლარად, მოსამართლის თანაშემწის ორი მოწმობა, ა. ტ-ის კუთვნილი მობილური ტელეფონი “ფილიპსი”, ღირებული 50 ლარად, ფული 5 ლარის ოდენობით, ტყავის ჩანთა, ღირებული 40 ლარად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ღირებული 15 ლარად, ჟურნალი “---”, ღირებული 3 ლარად, პირადობის მოწმობა, ადვოკატის მოწმობა, ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, სადაზღვევო პოლისი, ორი ცალი ტალონი, ასევე სცადეს ა. ტ-ის ავტომანქანა “გაზ-24-ის” მისაკუთრებაც, მაგრამ ვერ შეძლეს მისი ამოყვანა თხრილიდან. თავდასხმის შედეგად დაზარალებულებმა ა. ტ-მა და ზ. მ-მა მიიღეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები. გარდა მითითებულისა, მათ ა. ტ-ის მანქანიდან ამოიღეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს ზ. გ-ის კუთვნილი, შავი ფერის ჩანთა-საქაღალდე, ღირებული 5 ლარად, შავი ფერის ტყავისყდიანი ბლოკნოტი, ღირებული 3 ლარად და სამოქალაქო სამართლის კოდექსი, ღირებული 15 ლარად, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

კასატორი _ მსჯავრდებულ კ. ვ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ქ-ია საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის მსჯავრდებულთა სასიკეთოდ შეცვლას, კერძოდ, მსჯავრდებულთა ქმედების დაკვალიფიცირებას სსკ-ის 125-ე მუხლით და ამ მუხლით მათ მსჯავრდებას.

კასატორი _ მსჯავრდებულ ვ. ხ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. წ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის მსჯავრდებულთა სასიკეთოდ შეცვლას, კერძოდ, მსჯავრდებულთა ქმედების დაკვალიფიცირებას სსკ-ის 125-ე მუხლით და ამ მუხლით მათ მსჯავრდებას.

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ კ. ვ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ა-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა განაჩენის შეცვლა მსჯავრდებულთა სასიკეთოდ იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და კ. ვ-ის მსჯავრდება ყაჩაღობის ჩადენაში უკანონოა. ადვოკატის განმარტებით, საქმის მასალებით უტყუარად არის დადგენილი, რომ მსჯავრდებულებს დაზარალებულების მიმართ სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით თავდასხმა არ განუხორციელებიათ. ადვოკატის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე მსჯავრდებულებსა და დაზარალებულებს შორის მოხდა ჩხუბი და მსჯავრდებულებმა სცემეს დაზარალებულებს. ადვოკატის განმარტებით, ნივთები, რომელთა გატაცებისათვისაც არიან კ. ვ-ლი და ვ. ხ-ძე მსჯავრდებულები, ამოღებულ იქნა შემთხვევის ადგილიდან.

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ვ. ხ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ი-ამ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა განაჩენის შეცვლა მსჯავრდებულთა სასიკეთოდ იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და კ. ვ-ს მსჯავრდება ყაჩაღობის ჩადენაში უკანონოა. ადვოკატის განმარტებით, საქმის მასალებით უტყუარად არის დადგენილი, რომ მსჯავრდებულებს დაზარალებულების მიმართ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით რაიმე ნივთი არ გაუტაციათ და ყველა ის ნივთი, მათ შორის _ პირადობის მოწმობა, კოდექსები, ჟურნალი ,,---" მობილური ტელეფონი და სხვა ნივთები ამოღებულ იქნა შემთხვევის ადგილიდან. ადვოკატის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე მსჯავრდებულებსა და დაზარალებულებს შორის მოხდა ჩხუბი და მსჯავრდებულებმა სცემეს დაზარალებულებს.

მსჯავრდებულმა ვ. ხ-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრებს და განმარტა, რომ არც მას და არც კ. ვ-ლს დაზარალებულთა მიმართ ნივთების გატაცების მიზნით სიცოცხლისათვის საშიში ძალადობა არ გამოუყენებიათ. მსჯავრდებულის განმარტებით, მათ დანა არ ჰქონიათ და არც დანით დამუქრებიან ვინმეს. მსჯავრდებულის მითითებით, მათ რომ ყაჩაღური თავდასხმა განეხორციელებინათ, ასეთ შემთხვევაში ისინი კოდექსებსა და პირადობის მოწმობებს არ გაიტაცებდნენ და დაზარალებულს არ დაუტოვებდნენ ოქროს ბეჭედსა და ოქროს სამაჯურს.

მსჯავრდებულმა კ. ვ-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრებს და განმარტა, რომ მათსა და დაზარალებულებს შორის მოხდა ჩხუბი და დაზარალებულებმა სხეულის დაზიანება ცემის შედეგად მიიღეს. მსჯავრდებულის განმარტებით, მათ შემთხვევის ადგილიდან რაიმე ნივთი არ გაუტაციათ და არც დანა ჰქონიათ.

დაზარალებულმა ზ. მ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრებს იმ საფუძვლით, რომ განაჩენი ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და კანონიერია. დაზარალებულის განმარტებით, მსჯავრდებულები მათ თავს დაესხნენ, წაართვეს პირადი ნივთები, მას პირადად გახადეს ქურთუკი, ჯიბიდან ამოაცალეს ფული და შეხსნეს მაჯის საათი, თუმცა დაადასტურა მსჯავრდებულთა განმარტება იმის თაობაზე, რომ მის მიმართ დანის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია.

დაზარალებულმა ა. ტ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრებს იმ საფუძვლით, რომ განაჩენი კანონიერია და ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს. დაზარალებულის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე მათ ძალადობის გამოყენებით წაართვეს ნივთები, მაგრამ ამ უკანასკნელმაც არ დაადასტურა მათ მიმართ დანის გამოყენების ფაქტი.

პროკურორმა რ. ს-ამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო სჩივრებს იმ მოტივით, რომ განაჩენი ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და კანონიერია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, მსჯავრდებულ კ. ვ-ლს, მისი ინტერესების წარმომადგენელს, ადვოკატ მ. ა-ნი, მსჯავრდებულ ვ. ხ-ეს, მისი ინტერესების წარმომადგენელს, ადვოკატ ნ. ი-ას, დაზარალებულ ა. ტ-ს, პროკურორ რ. ს-ას, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კ. ვ-სა და ვ. ხ-ის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით, არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ შესაბამისად არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და მსჯავრდებულთა ქმედებები არასწორად დააკვალიფიცირა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა" ქვეპუნქტით ანუ ყაჩაღობად. მართალია, საქმეში არსებობს დაზარალებულ ზ. მ-ის ჩვენებები, სადაც იგი უთითებს, რომ ცემის დროს მან იგრძნო, თუ როგორ მიადეს ყელზე რაღაც ბასრი პირის მქონე საგანი, მაგრამ პალატა თვლის, რომ მხოლოდ ამ ჩვენების საფუძველზე ვერ იქნება სამართლებრივად სწორი დასკვნის გაკეთება იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულებს თან ჰქონდათ დანა და დანის გამოყენების მუქარით დაზარალებულებს გასტაცეს სხვადასხვა სახის ნივთი. აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. საქმის მასალების მიხედვით, თვით ორივე დაზარალებულის ჩვენებების თანახმად, არც ერთი თავდამსხმელის ხელში დანა არ შეუნიშნავთ. სასამართლო _ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არც ერთ დაზარალებულს ბასრი პირის მქონე საგნის მოქმედებით რაიმე დაზიანება არ აღენიშნება. დანის ქონას უარყოფენ თვით მსჯავრდებულებიც, რომლებიც არ უარყოფენ ძალადობის გამოყენებას დაზარალებულთა მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ დაზარალებულთა კუთვნილი ნივთების გატაცებისას მსჯავრდებულებმა გამოიყენეს ძალადობა, მაგრამ არა _ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში. მითითებულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს დაზარალებულთა ნივთების აშკარა გატაცება ძალადობით, რომელიც საშიში არ იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულთა მოქმედება, დაკვალიფიცირებული სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 178-ე მუხლის “ა" და ,,დ" ქვეპუნქტებზე.

პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ ისინი პირველად არიან სამართალში, დაპატიმრებამდე მუშაობდნენ პურის მცხობლებად, არ გააჩნიათ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, კ. ვ-სა და ვ. ხ-ეს სსკ-ის 178-ე მუხლის ,,ა" და ,,დ" ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროთ სამ-სამი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნტით, 562-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულების _ კ. ვ-სა და ვ. ხ-ის სასარგებლოდ, კერძოდ: კ. ვ-ის მოქმედება, დაკვალიფიცირებული სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 178-ე მუხლის ,,ა" და ,,დ" ქვეპუნქტებზე და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;

ვ. ხ-ის მოქმედება, დაკვალიფიცირებული სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 178-ე მუხლის ,,ა" და ,,დ" ქვეპუნქტებზე და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.